14 დეკემბერი, შაბათი, 2024

თბილისის რეპრეზენტაცია 21-ე საუკუნის ქართულ რომანში

spot_img

ნანა აფრიდონიძე

 

თბილისის რეპრეზენტაცია 21-ე საუკუნის ქართულ რომანში
არჩილ ქიქოძის სამხრეთული სპილოს“ მაგალითზე

 

ქალაქი და, კერძოდ, თბილისი არაერთი მწერლის შთაგონების წყარო გამხდარა, განსაკუთრებით კი მე-20 საუკუნეში, თბილისზე წერდნენ, მღეროდნენ… თუ მე-19 საუკუნეში ლიტერატურაში წინა პლანზე სოფლის ყოფა იდგა, მე-20 საუკუნიდან უკვე ურბანული სივრცე იჭრება მწერალთა ცნობიერებაში, ეს ნაკადი მე-20 საუკუნიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება, ქალაქი თბილისი არაერთი შემოქმედის შთაგონების წყაროა, თანამედროვე ქართული რომანების ძირითად სივრცედ სწორედ თბილისი განისაზღვრება.

სტატიის მიზანია, წარმოვადგინოთ ქალაქი თბილისი 21-ე საუკუნის ქართული რომანის მიხედვით, კერძოდ, განიხილება არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“. ნაშრომს წარმოვადგენთ შემდეგი საკვლევი კითხვების მიხედვით: როგორ რეპრეზენტირდება თბილისი რომანში? როგორია გმირის სულიერი მდგომარეობა ურბანულ სივრცეში? უკავშირდება თუ არა ნაციონალურ იდენტობას პროტაგონისტისთვის ნაცნობი ადგილები?

თუ რეალისტურ ლიტერატურაში ძირითად მოქმედ ადგილად ჩვენ ვხვდებით სოფელს (ილია ჭავჭავაძესთან, ხალხოსანთა შემოქმედებაში, დავით კლდიაშვილთან), ქართველ მოდერნისტებთან უკვე ურბანული სამყაროსკენ, კერძოდ თბილისისაკენ, სვლა იწყება. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ქართველი მოდერნისტი მწერლების ქუთაისიდან თბილისში გადასვლამ, 1918 წელს, ამ პერიოდის შესახებ გრიგოლ რობაქიძე წერს: „თბილისი გახდა პოეტების ქალაქი. კაფე „ინტერნაციონალში“ იგი კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად. კიდევ მეტი: გაიძახოდნენ – პოეზია მარტო თბილისშიაო. პაოლო იაშვილი სწორედ ამ ხანებში თავს დაეცა ტფილისს, როგორც არტურ რემბო პარიზს“. მართალია, ცისფერყანწელთა შემოქმედებაში, 20-იანი წლების შემდეგ, მძაფრად შემოიჭრა თბილისი, თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, რომ ცისფერყანწელებს გაუცხოება ჰქონდათ ურბანული გარემოს მიმართ, რასაც ადასტურებს პაოლო იაშვილის ლექსი „წერილი დედას“ – „იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ! მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ“.

ქართველი მოდერნისტებიდან დაწყებული დღემდე თბილისის სახე არაერთ ტექსტში წარმოჩნდება სხვადასხვა ფორმით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ქართულ მწერლობაში, თბილისის სივრცეს იყენებენ ისეთი მწერლები, როგორებიც არიან: აკა მორჩილაძე, არჩილ ქიქოძე, ზურა ჯიშკარიანი, ზურა მაცხონაშვილი და სხვ. მათთვის სივრცე ის ფენომენია, რომელიც უკავშირდება მათი მოგონებების რეპრეზენტაციის ადგილს, თბილისში გადიან გმირები ცვლილებას, ტრანსფორმირდებიან და წარმოგვიდგებიან, უძღები ძის მსგავსად, სახეშეცვლილი პიროვნებები, რომლებსაც უკვე გააზრებული აქვთ საზრისი. მე-20 საუკუნეში თბილისის სივრცე უფრო მეტად დაკავშირებული იყო სოციალურ-პოლიტიკურ ატმოსფეროსთან, 21-ე საუკუნის რომანებში გმირის სუბიექტურ განცდებს, ნანახსა და ნაფიქრს უკავშირდება.

მეთოდოლოგია, რომელსაც ნაშრომი დაეყრდნობა, არის სივრცის თეორიები. სივრცის თეორიების განსაზღვრება ლიტერატურაში პირველად ლოტმანმა  წამოჭრა. იგი გამოყოფს მხატვრულ და რეალურ სივრცეებს. მისი აზრით, როგორც მხატვრულ, ისე რეალურ სივრცეს საზოგადოებაში მართავს სტერეოტიპები და ტრადიციები, თუმცა, ამ სივრცეებში იმპლიციტურად და ექსპლიციტურად შეიძლება იყოს ჩადებული კოდები, რომლის დეკოდირებაც უნდა მოახდინოს სწორედ მკითხველმა, ლიტერატურულ ნაშრომებში.

არჩილ ქიქოძე თანამედროვე ქართველი მწერალია, რომელიც მე-20 საუკუნეში დაიბადა, იგი მომსწრე იყო იმ წლებისა, რომელსაც ჩვენ 90-იანებს ვუწოდებთ, შესაბამისად, მან თავად ნახა ის დიდი საფრთხე და ოკუპაცია, რომელიც იმ დროისათვის იყო გამეფებული, დროის გასვლის შემდეგ კი თავი მოუყარა თავის წიგნში ყოველივეს. მწერლისათვის ეს არის პირველი რომანი, მანამდე მას ჰქონდა მოთხრობები, როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა რომანზე, ზუსტად იცოდა, რომ სამოქმედო ცენტრი ქალაქი თბილისი უნდა გამხდარიყო. ერთ-ერთ ვიდეოლექციაში ინსპირაციის წყაროდ აკა მორჩილაძეს ასახელებს და ამბობს, რომ სწორედ აკა მორჩილაძის შემოქმედების გაცნობამ უბიძგა, შეექმნა ურბანული რომანი.

ნაწარმოებში მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ხდება, ამ მხრივაც საინტერესო და უცხოა რომანი. თუმცა, ამ ერთ დღეში სინემატოგრაფიული კადრივით ჩაივლის ყველა ის სივრცე, რომელთანაც მას შეხება ჰქონია. ეს ის ადგილებია, რომელთანაც ნაწარმოების პროტაგონისტს შეხება ჰქონია, მისი სუბიექტური განცდებით მნიშვნელოვანია მისთვის თითოეული ადგილი, რომელთანაც მწერალს არაერთი მოგონება აკავშირებს, სწორედ ამ ადგილების ფონზე იშლება საქართველოს წარსული და აწმყო. რომანი საინტერესოა იმით, რომ ის არ გვიყვება მხოლოდ 90-იანი წლების ამბებს, მასში ისეთივე მნიშვნელობას იძენს თანამედროვე სამყარო, როგორც 90-იანი წლები, ვსაუბრობთ თანამედროვე სამყაროზე და მაინც ზუსტად რა დროის თბილისია წარმოდგენილი? ამ კითხვაზე ავტორი ერთ-ერთ ინტერვიუში წერს, რომ მოქმედება 2016 წლის თბილისში ვითარდება, წიგნში შევხვდებით 2015 წლის თბილისის წყალდიდობის ამბავსაც, საინტერესოა, რომ მთავარი პერსონაჟი არ საუბრობს მეხსიერების ადგილებზე, ფუკოს აზრით, მეხსიერების ადგილები შეიძლება იყოს სასაფლაო, თეატრი, მუზეუმი, თითქმის არც ერთი მოგონება არ ფიქსირდება ამ ადგილთან, გარდა ამისა, კოლექტიურ სივრცეებზე, რომელიც ჩვენს ტრავმებთან ასოცირდება. ტექსტში გამოყოფილი არ არის, მაგალითად, ისეთი მნიშვნელოვანი ადგილი, როგორიცაა რუსთაველის გამზირი, გმირთა მოედანი, თავისუფლების მოედანი მოცემულ ტექსტში არ გვხვდება, სამაგიეროდ, ტექსტში წარმოდგენილია ის ქუჩები, რომლებიც მწერლის ასოციაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

ახლა უშუალოდ განვიხილოთ მწერლის მიერ წარმოდგენილი თბილისი და გმირის სვლა ამ რთულ გზაზე. ნაწარმოებში თავიდანვე ჩანს თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი, ორთაჭალჰესი, თუმცა მისი რეპრეზენტირება ხდება აწმყოში და წარმოდგენილია 90-იანი წლების თბილისი. პერსონაჟისთვის, რომელსაც სახელი არ აქვს და თაზოსთვის ეს საერთო მოგონებაა, რომელიც ბნელ წარსულთან ასოცირდება, აღნიშნულ მონაკვეთში კარგად ჩანს, თუ როგორი ბნელია სამართალდამცავი უწყებები და როგორი განუკითხაობაა ქალაქში: „ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ ორთაჭალჰესი თბილისელი გვამების ნავსაყუდელია – მტკვარში საკუთარი სურვილით ჩამხტარიც და გადაგდებულიც, ყველა აქ იყრის თავს“ (ქიქოძე 2016, 5). აღნიშნულ მონაკვეთში მწერალი ცდილობს, 90-იანი წლების თბილისის რეპრეზენტაცია მოახდინოს, მომდევნო მონაკვეთებშიც ბევრჯერ შევხვდებით ამგვარ მცდელობებს.

მას შემდეგ, რაც პერსონაჟი თავის მეგობარ თაზოს უთმობს კუთვნილ ბინას, იწყება თბილისური ოდისეა. ჯერ კიდევ ჰომეროსთან ვხვდებით სახლიდან გასვლის მოტივს, როდესაც გმირი ტოვებს საკუთარ საცხოვრისს და სხვა სივრცეებში იწყებს გადაადგილებას. თითქმის ყველა ნაწარმოებში პერსონაჟი სახეშეცვლილი ბრუნდება შინ, ჩვენ შემთხვევაში ასეთი ტრანსფორმაცია განიცადა პერსონაჟმა. შინ დაბრუნების მოტივი ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტში. თბილისი გახდება სწორედ ის ურბანული სივრცე, რომელიც მთავარ გმირს სწორედ ამგვარ მეტამორფოზას განაცდევინებს.

შინიდან გასვლას ქიაჩელის ქუჩიდან იწყებს, ქიაჩელის ქუჩა ტექსტში მრავალჯერ წარმოჩნდება, უპირველესად ყურადღებას იქცევს ის მონაკვეთი, სადაც ქიაჩელის ქუჩა დაკავშირებულია ორ დიდ ადამიანთან, ესაა ლავრენტი ბერია და მიხეილ ჯავახიშვილი – „ბერია აივნიდან ხედავდა ელბაქიძეზე ავლილ-ჩავლილ, მხრებში მოხრილ ხელჯოხიან მწერალს და მისი იერი მოსვენებას უკარგავდა, აღიზიანებდა, აინტერესებდა. ცეკას პირველი მდივანი მწერალს მეზობლად ეპატიჟებოდა სახლში, სადილად, სალაპარაკოდ“ (ქიქოძე 2016, 143). მართალია, ტექსტში სახელდებით არც ცეკას თავმჯდომარეა მოხსენიებული და არც ქართველი მწერალი, თუმცა ინტელექტუალური მკითხველი, კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით, მარტივად ამოიცნობს ვისზეა საუბარი. მწერლისთვის ეს ქუჩა მხოლოდ ბერიასა და ჯავახიშვილს არ უკავშირდება, მისთვის ეს უპირველესად მისი საცხოვრებელია, რომელიც მრავალ მოგონებას ინახავს, მაგალითად, ეს ქუჩა უკავშირდება მედიკოს და მის მანქანას. ავტორი ამ ნაწილში 90-იანი წლების თბილისს წარმოგვიდგენს, სადაც საზოგადოების ნაწილი გარკვეულ პრივილეგიებს ფლობდა და შესაძლებლობა ჰქონდა იმ ადამიანისათვის, რომელიც მოსწონდა, ნებისმიერი სურვილი შეესრულებინა. ამ მხრივ, შეგვიძლია გავიხსენოთ ლეო, რომელმაც მედიკოს, სიყვარულის დასამტკიცებლად, მანქანა დაუყენა ქიაჩელის ქუჩაზე, ეს მანქანაც ერთ-ერთი საშუალებაა 90-იანი თბილისის წარმოსადგენად. „ნაყაჩაღარი თუ ნაყაჩაღარი ფულით შეყვარებულისათვის ნაყიდი საჩუქარი თბილისის ომიდან სულ მალე გამოჩნდა ჩვენს ქუჩაზე, – ახლა ჰყავდა მანქანა, რომელშიც არასდროს ჩაჯდება და მამა, რომელიც უკვე აღარასოდეს გავიდოდა სახლიდან, მთელ უბანში ძია როსტომი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც არ იცოდა, რომ მისი ფანჯრის წინ დაყენებული „ბე-ემ-ვე“ მის შვილს ეკუთვნოდა“ (ქიქოძე 2016, 20). ტექსტში ლეოს ბინალური სახით ვხედავთ, 90-იანების დროს და ახლა, მისი სულიერი ტრანსფორმაცია თითქმის არ ხდება, თუმცა, გარემოებები ლეოს გარშემო ნამდვილად იცვლება. „მიმდინარეობს გავრცელება და განგრძობითი რეპროდუცირება ფასეულობების, სიმბოლოების, მოგონებების, მითებისა და ტრადიციების მოდელებისა, რომლებიც ქმნიან ერთა გამორჩეულ მემკვიდრეობას, რის ფარგლებშიც ხდება ინდივიდთა იდენტიფიკაცია – მათი განსაკუთრებული მემკვიდრეობით, ამ ფასეულობებით, სიმბოლოებით, მოგონებებით, მითებითა და ტრადიციებით“ (Smith, National Identity, 30).

იდენტობის განცდა უკვე შინ დაბრუნებულ გმირს აქვს, რომელსაც თბილისი შემდეგნაირად აქვს წარმოდგენილი: „აი როგორ გითხრა?! შეიძლება მეშლებოდეს, მაგრამ მგონი, არ არის ეს ადგილი ცუდი, ჩვენ საცხოვრებელ ადგილზე გეუბნები – ამ ქალაქზე“ (ქიქოძე 2016, 263). მიუხედავად იმისა, ამ ქალაქში ბევრი რამ გამოიარა მთავარმა გმირმა, მისთვის თბილისი მაინც საკუთარ იდენტობასთანაა დაკავშირებული, მისი ქალაქია თავისი ბედნიერებითა და უბედურებით.

მწერლისთვის თბილისი ის ურბანული სივრცეა, რომელშიც თავს მელანქოლიურად გრძნობს, ქალაქი ამ ნაწარმოებში სუბიექტის როლს თამაშობს, თბილისი მწერლისთვის სხვადასხვა ადგილია, მაგალითად სიყვარულის, იქ, სადაც ნელი და პროტაგონისტი ერთმანეთს ხვდებოდნენ.

მწერლის მიერ გაცოცხლებული თბილისი მრავალწახნაგოვანია, მრავალი შრით არის დანახული თბილისის ცენტრალური ადგილები, მას წარმოდგენილი აქვს როგორც ნოსტალგიური ადგილები, მაგალითად, უნივერსიტეტი, ისე ტრავმული ადგილები, მაგალითად, მწერალი გვესაუბრება 2015 წლის წყალდიდობაზე, მაშინ როდესაც იგი მზიურის პარკს უახლოვდება, ერთგვარად, ამ პერიოდის ჟამთააღმწერელი ხდება. მას ასევე ჩავყავართ საბჭოთა 30-იანებში, გვახსენებს ქიაჩელის ქუჩას, გოლოვინის პროსპექტს.

„ერთადერთი საფესტივალო წლის მანძილზე მე ბევრი დიდი და პატარა ქალაქი ვნახე, უფრო მეტი, ვიდრე მანამდე მენახა და მეტი, ვიდრე ამის შემდეგ ვნახავ. კიდევ ვნახე ლამაზად ჩაცმულდახურული ადამიანების ილუზორული ერთობა. ილუზიები და ცდუნებები, რომლებსაც მე არასოდეს გავძალიანებივარ. არც გაცნობილი ადამიანები და არც ადგილები არ გამხდარან ჩემი. ძნელია, შენი გახდეს ქალაქი, სადაც ფესტივალზე ხარ ჩასული. ფესტივალი თავისთავადაა ილუზია“ (ქიქოძე 2016, 89). პროტაგონისტი გაუცხოებულია უცხო გარემოს, მისთვის ავთენტური მხოლოდ თბილისია, რადგან იქ განიცდის იდენტობას ყველაზე კარგად. მართალია უშუალოდ ცენტრალური ადგილი, კერძოდ, რუსთაველის მოედანი ტექსტში არ ჩანს, თუმცა თბილისი, პერსონაჟის გონებაში, დაკავშირებულია ასევე მიტინგებთან, რომელიც ორ ნაწილად იყოფოდა – ზვიადისტები და მისი მოწინააღმდეგეები, სწორედ ამ ჭრილში ჩანს პოლიტიკური ატმოსფერო ტექსტში.

ტექსტში შემოდის ჰიეროტოპიული მოდელი, უნივერსიტეტი, რომელიც მრავალი ფიქრის საშუალებას იძლევა მთხრობელის თვალთახედვაში. რამდენადაც ძველი სივრცეები იჭრება ტექსტში, იმდენად თანამედროვეობაც წარმოჩნდება, მაგალითად, სოციალური ქსელები, როგორც ზემოთ ვახსენე, ავტორი 21-ე საუკუნის თბილისშია, კერძოდ, 2016 წელში, როდესაც ფეისბუქი ახალი შემოტანილია ჩვენში, ამიტომაც უსვამს ხაზს, რომ მის მეგობარს, თაზოს არ აქვს და ვერ ნახავს თავისი შვილის მუშტს, რომელიც ფინალური ეპიზოდის ნაწილი გახდება.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მწერლისთვის თბილისი იდენტობასთან ასოცირდება, მისთვის ძვირფასია თითოეული ადგილი, ეს ის სივრცეა, რომელშიც თავს დაკარგულად თვლის, თუმცა გაუცხოება ქალაქთან ნაკლებად შეიმჩნევა. მწერალს, მიუხედავად ნეგატიური მოგონებისა, მაინც უყვარს თავისი ქალაქი, რომელიც მის ახლობლებს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს უკავშირდება, თუმცა, მას სულიერი კრიზისი აქვს, თავს მაინც ვერ თვლის ბედნიერ ადამიანად, მაგრამ თბილისი ყველაფერს ურჩევნია, სწორედ თბილისმა განაცდევინა მეტამორფოზა. საგანგებოდ უნდა ვისაუბროთ, როგორ წარმოჩნდება გმირი ურბანულ გარემოში, პროტაგონისტი, თბილისის ფონზე, განიცდის მრავალ ცვლილებას – თავდაპირველად, უმიზნოდ გამოდის სახლიდან, ხოლო მომდევნო პერიოდში უკვე სულიერი ძიების გზას ადგება, სწორედ თბილისის ფონზე ეძებს გმირი საკუთარ იდენტობას. იდენტობის ძიება პიროვნული მედან იწყება და სამშობლოს ორიენტირის გარკვევაში გადადის: „ჩვენ ისევ მონურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ხან რუსეთს ვემონებით, ხან ამერიკას, იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ, ერად ვიქცეთ, ახალგაზრდების სისხლია საჭირო, რომელიც, იმ თუთის ახალგაზრდა ნაყოფის მსგავსად მონობის ლაქებს ჩამოგვრეცხავს (ქიქოძე 2016, 157). გმირი სულიერ კრიზისს განიცდის, უამრავ მოგონებაშია ჩაკარგული, სულიერ კრიზისს კი თბილისში გადამხდარი უამრავი ისტორია აღუძრავს, სწორედ თბილისში უყალიბდება გმირს ნაციონალური იდენტობის გრძნობა.

 

გამოყენებული ლიტერატურა

ბრეგაძე, კ. 2018. მოდერნი და მოდერნულობა. თბილისი; შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურული ინსტიტუტი;

ქიქოძე, ა. 2016. სამხრეთული სპილო. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;

ლოტმანი, 1990: Lotman Yuri, The Structure of the artistic text; Indiana University Press, 1990;

https://www.madatovi.com.ge/2019/10/Grigol-Robaqidze-Fantastikuri-Qalaqi.html( გრიგოლ რობაქიძე);

პაოლო იაშვილი https://poetry.ge/poets/paolo-iashvili/poems/921.tserili-dedas.htm;

https://www.youtube.com/watch?v=PeMUdqBgnGw&t=1236s  (სამხრეთული სპილო“ ილიაუნის ლიტერატურული პრემია).

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები