27 ივლისი, შაბათი, 2024

თანამშრომლობითი სწავლება, სეგმენტური მეთოდი – ჯგუფური მუშაობის უებარი წამალი

spot_img
რუსუდან გაჩეჩილაძე
სსიპ თბილისის №186 და №221 საჯარო სკოლების მასწავლებელი

 

 

გაკვეთილის ორგანიზების ფორმებს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოტივაციის, მათი სასწავლო პროცესში ჩართულობისა და მიღწევების დონის ამაღლებისათვის.  მთავარია, მასწავლებლმა შეძლოს საკლასო ორგანიზაციის ფორმების  ეფექტიანი გამოყენება პრაქტიკაში.

მინდა შევჩერდე ჯგუფურ მუშაობაზე. ასეთი მუშაობისას დროს მოსწავლეები ეჭიდებიან და წყვეტენ უფრო რთულ ამოცანას, რადგან ჯგუფში არსებული ცოდნა და უნარები აღემატება იმ ცოდნას დაუნარებს, რომელიც ცალკეულ მოსწავლეს გააჩნია.

ადა რიგაჩი სტატიაში „რა არის თანამშრომლობითი სწავლება? ხუთი სტრატეგია თქვენი კლასისთვის“ რომელიც გამოქვეყნებულია „europass Teacher Academi”  -ში (1 სექტემბერი, 2020) წერს: „თანამშრომლობითი სწავლება არის სასწავლო მეთოდი, რომლის დროსაც მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებში მასწავლებლის ხელმძღვანელობით საერთო სასწავლო მიზნის მისაღწევად PIES პრინციპების გათვალისწინებით: პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება, ინდივიდუალური ანგარიშვალდებულება, თანაბარი მონაწილეობა და ერთდროული ურთიერთქმედება“. https://www.teacheracademy.eu/blog/cooperative-learning-strategies/#_ftn4

ასევე, „Pedagogy in Action” მრავალი  გვერდია შექმნილი კიმმარი მაკგოლდრიკის, ჯიმ კუპერის, დენ მარბურგერის, ჯენიფერ როუდსის, და კარლ სმიტის ავტორობით. ეს გერდები  სრულად მოიცავს თანამშრომლობითი სწავლების შინაარსს,  ფორმებს, ტექნიკას, რესურსებს: ბიბლიოგრაფიებს, სტატიებს, კვლევებს, ვებ-რესურსებს,  კლასში გამოყენების მაგალითებს საგნების მიხედვით.  https://serc.carleton.edu/sp/library/cooperative/index.html

თანამშრომლობითი სწავლების შეთავაზება დამოკიდებულია შესასწავლ საგანზე,  ცნებაზე, მასალის თემატიკაზე, განსამტკიცებელი უნარების  არჩევანზე; ასევე, მასწავლებლის პროფესიონალიზმზე, „თანამშრომლობითი სწავლება მიმართულია პარტნიორული და ჯგუფური მუშაობისკენ, რომელიც მოითხოვს მონაწილეთა სინქრონულ და ასინქრონულ, კოორდინირებულ და კონსტრუქციულ აქტივობას პრობლემის ერთობლივად გადასაჭრელად და საერთო მიზნის მისაღწევად.“ („თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები. სეგმენტური მეთოდი“ სოფიკო ლობჟანიძე ინტერნეტგაზეთი Maswavlebeli.ge 16 ნოემბერი, 2012) http://mastsavlebeli.ge/?p=2457

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია  მოსწავლეთა მოტივაცია და  ჩართულობა. მნიშვნელოვანია,  სწავლის არა მარტო შედეგი, არამედ – პროცესიც. ეს განსაკუთრებით კარგად ხერხდება, როცა  მოსწავლე  თანატოლის  სწავლის პროცესში მონაწილეობს. სწავლა-სწავლების ეს თანამშრომლობითი მეთოდი ხიბლავს ჯგუფური მუშაობის მონაწილეებს.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცით თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები  და გვჯერა მათი ეფექტურობისა,  პრაქტიკაში ხშირად მაინც არ ვიყენებთ. რატომ არ იყენებენ მასწავლებლები მეთოდებს, რომლებიც თავად მიაჩნიათ სასარგებლოდ?

მიზეზთა შორის ასახელებენ საკლასო მენეჯმენტს: ა) როცა მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობენ და ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ხშირად ეს იწვევს ხმაურს, მასწავლებელს დიდი ძალისხმევა ესაჭიროეება, რომ შემოქმედებითი ხმაური ქაოსში არ გადაიზარდოს. ბ)  მოსწავლეების ჩართულობა ნაკლებია, სამუშაოს შესრულება რამდენიმე ჯგუფის რამდენიმე წევრის მხრებზე გადადის და უმეტესობა არ ერთვება.  გ) ამ მეთოდით მუშაობას მასწავლებლის მხრივაც სჭირდება გარკვეული მომზადება, მაგალითად, განსახილველი საკითხის ღრმა ცოდნა, მუდმივი მზადყოფნა გაკვეთილის მსვლელობისას მომხდარი ცვლილებების საპასუხოდ  და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის დასახელება შეიძლება.

ჩემს დღევანდელ პრაქტიკაში ჯგუფური მუშაობის დროს აღწერითი დაკვირვებისას   ნათლად გამოიკვეთა რომ:

ა) ერთი და იგივე მოსწავლეები მიუხედავად სხვადასხვა ჯგუფში მოხვედრისა, მაინც არ/ვერ ახერხებდნენ პროცესებში ჩართვას;

ბ) ერთსა და იმავე მოსწავლეებს გამძაფრებული სურვილი ჰქონდათ ლიდერობისა და სამუშაოს ინდივიდუალურად შესრულებისა.

ფოკუსირებულმა დაკვირვებამ კი მაჩვენა, მოსწავლეთა ჯგუფურ მუშაობაში ჩაურთველობის  სამი მიზეზი :

  1. კომუნიკაციის უნარის ნაკლებობა;
  2. სოციალური სიზარმაცის ფენომენი;
  3. საკითხის არასაკმარისი ცოდნა.

არსებითი აღმოჩნდა  ორი მიზეზი  კომუნიკაციის უნარის ნაკლებობა და  სოციალური სიზარმაცის ფენომენი, ანუ  სხვის ხარჯზე ფონს გასვლა და დაუმსახურებლად ჯილდოს მიიღების სურვილი.

სწორედ, ამ უკანასკნელზე უნდა მოგახსენოთ: „სოციალური სიზარმაცის ფენომენი ჯგუფური მუშაობის ერთ-ერთი თავისებურებაა. ის მაშინ იჩენს თავს, როდესაც ერთობლივი მოქმედებისას ჯგუფის წევრები იმაზე ნაკლებ ძალისხმევას იჩენენ, ვიდრე ინდივიდუალური მუშაობის დროს გამოიჩენდნენ“. („სოციალური სიზარმაცის ფენომენი“ თეო ჭყოიძე, 5 ოქტომბერი, 2012) http://mastsavlebeli.ge/?p=2477

სტატიის ატორი აღნიშნავს, რომ სოციალური სიზარმაცის ფენომენის გამოვლენას ხელს უწყობს:

  • ანონიმურობა, როდესაც საქმიანობის დასასრულს ჯგუფის წევრების წვლილი შეუმჩნეველი რჩება და საბოლოო მიღწევასთან ერთად არ იზომება თითოეულის ინდივიდუალური ძალისხმევა.
  • სტანდარტების არქონა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჯგუფმა წინასწარ არ იცის, რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს მისი საქმიანობა, ბუნდოვანია დავალების მიზანი და გაურკვეველია შედეგი.
  • დავალების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, როდესაც ჯგუფის წევრებსთვის დავალება უინტერესოა და მისი შესრულება მნიშვნელოვნად არ მიაჩნიათ; ან თვლიან, რომ არ აქვთ სათანადო კომპეტენცია და შესაძლებლობები დასახული ამოცანის შესასრულებლად.

ყოველი ასეთი შემთხვევის დროს მოსწავლეები კარგავენ მოტივაციას.

სოციალური სიზარმაცის ფენომენი ჩემს კლასში დაამარცხა სეგმენტურმა მეთოდმა. ეს არის თანამშრომლობითი სწავლების ისეთი მეთოდი, როცა ჯგუფის ყოველი წევრი ერთანირი ინტერესით, ხალისითა და ენთუზიაზმით  მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში. ის საშუალებას იძლევა, „ჯგუფის ყველა წევრის ინდივიდუალური მუშაობის შედეგების შერწყმით მომზადდეს და კლასს წარედგინოს ჯგუფის საერთო პროდუქტი“.(„თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები. სეგმენტური მეთოდი“ სოფიკო ლობჟანიძე ინტერნეტგაზეთი Maswavlebeli.ge 16 ნოემბერი, 2012) http://mastsavlebeli.ge/?p=2457

გაგაცნობთ მეთოდის მოკლე აღწერასა და მიმდინარეობას სტატიის მიხედვით: სეგმენტური მეთოდი არის გრაფიკულად სტრუქტურირებული თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი. კლასი ნაწილდება ოთხწევრიან, ხუთწევრიან, ან ექვსწევრიან ჯგუფებად. ფორმატი იყოფა სეგმენტებად – ერთ ცენტრალურ და რამდენიმე გარე სეგმენტად (გარე სეგმენტების რაოდენობა ჯგუფის წევრთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ ჯგუფი ოთხი წევრისგან შედგება, გარე სეგმენტიც ოთხია და ა.შ.) თითო სეგმენტი თითო წევრის საკუთრებაა, ცენტრალური სეგმენტი კი – მთელი ჯგუფის.

  • მასწავლებლისგან მითებული დავალებაზე (დავალებას შეიძლება იყოს ერთი და იგივე, ან სხვადასხვა) თითოეულმა წევრმა უნდა იმუშაოს თავის სექტორში, ჯგუფის წევრებთან  კომუნიკაციის გარეშე.
  • მოსწავლეებმა თავიანთი იდეები და ნააზრევი უნდა დაადასტურონ ხელის მოწერით (ეს მნიშვნელოვანია).
  • როცა საკუთარ სეგმენტში მუშაობას დაასრულებენ, ეცნობიან ერთმანეთის ნააზრევს და თუ საჭიროდ მიიჩნიეს, ურთავენ წერილობით კომენტარს.
  • შემდეგ საფეხურზე იმართება დისკუსია, ერთიანდება ყველა წევრის ნამუშევარი, გამოიყოფა ყველასათვის მისაღები იდეები, იბადება ახალიც. საბოლოოდ, ყველა იდეა ჯამდება და ფიქსირდება ცენტრალურ სეგმენტში, სადაც ჯგუფის ყველა წევრი აწერს ხელს.
  • უკანასკნელ ეტაპზე ჯგუფი წარმოადგენს თავის შესრულებულ სამუშაოს.

ამ მეთოდით მუშაობისას მოსწავლე გრძნობს ორმაგ პასუხისმგებლობას – ინდივიდუალურს და ჯგუფურს. თითოეულ მოსწავლეს გაცნობიერებული აქვს, რომ ჯგუფის წარმატება მისი წარმატებაზეა დამოკიდებული.

სეგმენტური მეთოდი გამოვიყენე სხვადასხვა სასწავლო ჯგუფთან სხვადასხვა საგანში: ქართული ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ბუნებისმეტველებაში. მეთოდი იმითაც არის უნივერსალური, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც თემის შესწავლის დაწყებისას – მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურებისათვის, ასევე შესწავლის პროცესშიც და  შეჯამების დროსაც.

მათემატიკასა და ქართულ ენაში მეთოდი გამოვიყენე მასალის  შესწავლის პროცესში, ხოლო ბუნებისმეტყველებაში – შეჯამებისას. მეთოდმა საშუალებას მომცა, დამედგინა, როგორც თითოეული მოსწავლის, ასევე ჯგუფის მიღწევა განსაზღვრულ ეტაპზე.

დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში:  მოსწავლეებს დაურიგდათ სურთები სათაურით „ჩვენი სკვერი“;  (6 წევრი – 6 სურათი).  თავიანთ სეგმენტში პერსონალურად შეადგინეს ამბავი, დაასათაურეს, ხელი მოაწერეს; შემდეგ აზრები ერთმანეთს გაუზიარეს, პატარ-პატარა ამბები გააერთიანეს საერთო სეგმენტში და ახალი სათაურიც მოუძებნეს  –  „ნიკას ერთი დღე“.  ეს არ იყო მხოლოდ სტრუქტურული გაერთიანება, ეს იყო სინთეზიც, რადგან მიიღეს ახალი შემოქმედებითი პროდუქტი. პრეზენტაციისას  კი იმსჯელეს, რა არსებითი ცვლილებით შევიდა მათი ნაწერ-ნაფიქრი საერთო სამუშაოში.

დავალება მათემატიკაში: თავიანთ სეგმენტში განავრცეს სხვადასხვა წევრების  შემცველი რამდენიმე მიმდევრობა. აღმოაჩინეს კანონზომიერებანი და ჩაწერეს საერთო სეგმენტში.

დავალება ბუნებისმეტყველებაში:  თავიანთ სეგმენტში ჩამოეწერეს 15 ცოცხალი ორგანიზმის სახელი, ხოლო საერთო სეგმენტში მოახდინეს მათი კლასიფიკაცია (ფრინველები, ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები, თევზები, მწერები).

შესაძლებელია, მეთოდი გამოგვადგეს დიფერენცირებული სწავლებისთვისაც, თუ ერთსა და იმავე საკითხზე  სახვადასხვა დონის დავალების მიცემას გადავწყვეტთ. ყველა მოსწავლე თავისი ცოდნისა და უნარების შესაბამის წვლილს შეიტანს საერთო პროდუქტის შექმნაში.

მიზანს მივაღწიე, მეთოდმა აამაღლა  მოტივაცია და ჯგუფში მუშაობის ხარისხი. ეს არ იყო მხოლოდ ცოდნის რეპროდუქციის პროცესი – ეს გახლდათ აქტიური ათვისება, მოდიფიცირდება, კონსტრუირება, ახალი გამოცდილება.

მეთოდმა განავითარა კომუნიკაციურ-თანამშრომლობითი უნარები და უზრუნველყო მრავალფეროვანი სოციალური ინტერაქცია – საუბრები, დისკუსიები, კონსენსუსი, დროის ლიმიტის დაცვა. მეთოდმა გააუმჯობესა წერის, მოსმენის, როგორც დამოუკიდებელი აზროვნების განვითარების, ისე სხვისი ნააზრევის გაგების, პრობლემის გადაჭრის, ანალიზის, შეფასებისა და ერთიანი დასკვნის გამოტანის უნარები.

სეგმენტურმა მეთოდმა უზრუნველყო მოსწავლეთა მუშაობის დაყოფა ინდივიდუალურ და ერთობლივ ფაზებად და მინიმუმადე დაიყვანა ჯგუფური მუშაობის  ის რისკები, რომლებმაც კლასში იჩინა თავი.

სცადეთ სეგმენტური მეთოდი, ის  ჯგუფურ მუშაობას  სახალისოს, საინტერესოსა და შემოქმედებითს გახდის!

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სოფიკო ლობჟანიძე „თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები. სეგმენტური მეთოდი“ ინტერნეტგაზეთი Maswavlebeli.ge 16 ნოემბერი, 2012

http://mastsavlebeli.ge/?p=2457

  1. თეო ჭყოიძე „სოციალური სიზარმაცის ფენომენი“ 5 ოქტომბერი, 2012

http://mastsavlebeli.ge/?p=2477

  1. ადა რიგაჩი სტატიაში „რა არის თანამშრომლობითი სწავლება? ხუთი სტრატეგია თქვენი კლასისთვის“ „europass Teacher Academi”  -ში (1 სექტემბერი, 2020)

https://www.teacheracademy.eu/blog/cooperative-learning-strategies/#_ftn4

  1. „Pedagogy in Action”

https://serc.carleton.edu/sp/library/cooperative/index.html

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები