4 დეკემბერი, ორშაბათი, 2023

თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება დისკუსიის საშუალებით

spot_img

სიახლე ნამდვილად არაა ის, რომ ეფექტიანი სწავლა სოციალური ინტერაქციის, ურთიერთობის გზით მიიღწევა. შესაბამისად, მოსწავლემ რომ შეძლოს ცოდნის კონსტრუირება გაკვეთილზე, ამის საუკეთესო საშუალებაა თანამშრომლობითი სწავლების გამოყენება, მაგალითად, ჯგუფური მუშაობა, დისკუსიები, ურთიერთსწავლება და სხვ. დღევანდელ საგაკვეთილო პროცესებში, სწავლის შინაარსის გარდა, ის მეთოდები და ხერხებიცაა, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები უფრო ხალისიანად ითვისებენ შინაარსს. სწავლების პროცესი რუტინულ შრომას რომ არ დაემსგავსოს, საჭიროა, მასწავლებელმა ხშირად მიმართოს განსხვავებულ სტრატეგიებს. ამ სტრატეგიებს შორის კი განსაკუთრებული როლი სწორედ დისკუსიას ენიჭება. დისკუსია არა მხოლოდ სასწავლო პროცესის, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ დროს უმნიშვნელოვანესია საკუთარი შეხედულების დასაბუთება, არგუმენტების გამყარება შესაბამისი მაგალითებით და მსმენელის დარწმუნება.

სად უნდა განივითაროს ეს უნარები მოსწავლემ? პასუხი ცალსახაა – უპირველეს ყოვლისა, სკოლაში, ფორმალური თუ არაფორმალური განათლებისას, რადგან, ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი და პედაგოგიკის ერთ-ერთი მამამთავარი ჯონ დიუი რომ დავიმოწმოთ, სკოლის უმთავრესი მისია სწორედ ცხოვრებისთვის მომზადებაა. ცხოვრებაში კი საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი ყველგან, ყველანაირ სიტუაციაში სჭირდება ადამიანს.

სწავლის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სწავლის იმ სტრატეგიებზე, რომლებიც მოსწავლეებს შესასწავლი საკითხისადმი ინტერესს და დადებით განწყობას უქმნის. დისკუსია ასეთი თანამშრომლობითი სწავლების მაგალითია. ის არის ინტერაქტიული სწავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომელიც უმნიშვნელოვანესია მოსწავლის კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისთვის.

ამდენად, ჩვენი საუბრის თემად სწორედ ეს მიმართულება შევარჩიეთ – თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება დისკუსიის საშუალებით. დისკუსიის უმნიშვნელოვანესი ასპექტი, გარდა საკუთარი თვალსაზრისის დასაბუთებისა, მოსმენის, სხვისი აზრის გათვალისწინების, ინფორმაციის გაშიფვრის, დახარისხებისა და საკომუნიკაციო ამოცანის სწორად შერჩევის სტრატეგიების ცოდნასაც მოითხოვს. ამის გარეშე კი წარმოუდგენელია ცოცხალი საგაკვეთილო პროცესი, რომლის უმთავრესი რგოლი მოსწავლეა და, რომლის შეხედულებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია, შესაძლოა, კამათში გადაიზარდოს. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს მოსწავლეს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს, ის მოსწავლეს აჩვევს თავისუფალი და არგუმენტირებული მსჯელობის უნარს, მოსწავლეები ინტერესით ერთვებიან მასში.

დისკუსია ის მეთოდია, რომელიც მასწავლებელმა ხშირად უნდა გამოიყენოს, იმიტომ, რომ გვეხმარება სტანდარტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში და ორიენტირებულია საკითხის არა მხოლოდ შინაარსის ცოდნაზე, არამედ გაანალიზებასა და შეფასებაზე.

გაკვეთილზე დისკუსია, შესაძლოა, ორ სხვადასხვა სახის გარემოში წარიმართოს: თანამშრომლობითი ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებს შორის ან მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის (მთელი კლასის მონაწილეობით).

წარმატებული დისკუსიის გასამართავად აუცილებელია დისკუსიის ჩატარების წესების დაცვა. ასევე, დისკუსიის გამართვის  საუკეთესო ვარიანტია მოსწავლეების წრეზე განლაგება, თუმცა, წრიული განლაგების გარდა, არსებობს ოთხკუთხა განლაგებაც.

სწორად შერჩეული თემა მიზნის მიღწევის საწინდარია – ყველანაირი აზრი მისაღებია.

დისკუსიის დროს:

♦ ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს:

ა) სადისკუსიო საკითხი;

ბ) შეფასების რუბრიკის წესები;

გ) დროის ლიმიტი;

♦ ვერბალურად და არავერბალურად წავახალისოთ მოსწავლეები;

♦ დადებითი რეაქცია გამოვხატოთ ყველა პასუხზე – ამით ხელს შევუწყობთ მოსწავლეთა მოტივირებას.

დისკუსიის მსვლელობისას საჭიროა, მასწავლებელმა ისეთი რეაგირება მოახდინოს მოსწავლეთა გამონათქვამებსა და იდეებზე, რომ დაეხმაროს მათ საკუთარი ნათქვამის გააზრებასა და აღქმაში. დისკუსიის წარმატებით გასამართად მნიშვნელოვანია, რომ კლასში მოსწავლეები ერთმანეთის შეხედულებებს პატივს სცემდნენ.

დისკუსიის დასრულების შემდეგ, სასურველია, თუ მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად, კიდევ ერთხელ ჩამოთვლის ძირითად საკითხებს, შეაფასებს პროცესის წარმატებულობას და აღნიშნავს, თუ რა გაკეთდა სწორად და რა საჭიროებს გამოსწორებას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: დისკუსია არ უნდა აგვერიოს დებატებში. დებატები საპირისპირო აზრთა შეჯახებაა, დისკუსია კი ძიების ხასიათს ატარებს.

მარინა ხანდოლიშვილი

სსიპ ქ. ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

ჯილდა ლაშხი

სსიპ ქ. ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ჯანაშია ს. რატიანი მ. ბერძენიშვილი თ. საძაგლიშვილი ს. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება. მეთოდური სახელმძღვანელო. თბილისი 2007.

ლობჟანიძე ს. (2012) სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები.

http://mastsavlebeli.ge/?p=2536

ლომიძე ნ. (2016) დისკუსიის ტექნიკა

http://mastsavlebeli.ge/?p=7126

ლომაძე ი. (2017) დისკუსია, როგორც საგანმანათლებლო რესურსი

http://mastsavlebeli.ge/?p=13099

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები