ირმა გიკაშვილი
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი,
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის №178 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
გაკვეთილზე მოსწავლეთა დაჯგუფების პრაქტიკა სათავეს 1867 წლიდან იღებს. მისი ავტორი საგანმანათლებლო რეფორმატორი უ.თ. ჰარისი (აშშ) გახლავთ. მან ეს პრაქტიკა პირველად დანერგა მისურის შტატში. თუმცა, დიდი ხანი დასჭირდა, რომ ეს სიახლე დღევანდელი სასკოლო პრაქტიკის მსგავსი გამხდარიყო. თანამშრომლობითი დაჯგუფება (ე.წ. ჯგუფური მუშაობა) თანამედროვე სკოლებში ძალზე გავრცელებული აქტივობაა.
თანამშრომლობითი სწავლების სფეროში აღიარებული სპეციალისტები, დევიდ და როჯერ ჯონსონები, თანამშრომლობითი დაჯგუფების განმსაზღვრელ ხუთ პოზიტიურ მახასიათებელს გამოყოფენ:
♦ პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება;
♦ ურთიერთგამხნევება (ერთმანეთის დახმარება სწავლაში, წახალისება);
♦ ინდივიდუალური და ჯგუფური ანგარიშვალდებულება;
♦ ინტერპერსონალური და პატარა ჯგუფში მუშაობის უნარები, კომუნიკაცია, ნდობა, ლიდერობა, განსხვავებული აზრის მოსმენა, კონფლიქტების მოგვარება.
დამეთანხმებით, 21-ე საუკუნის უნარები, როგორიცაა თვითრეგულირება და თვითრეფლექსია, კომუნიკაცია და დროის მენეჯმენტი, ანგარიშვალდებულება და ინკლუზიურობის გრძნობა, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარებია, რომელსაც თანამშრომლობითი დაჯგუფება უყალიბებს მოსწავლეს. თანამედროვე პედაგოგი, რომელიც თვალყურს ადევნებს ჯგუფებში მომუშავე მოსწავლეებს, მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, აღიაროს ყველა მოსწავლის მიერ შეტანილი ღირებული წვლილი, თუნდაც უმნიშვნელო იდეაც კი. ასევე, მაქსიმალურად უნდა შეამციროს ნეგატიური შენიშვნები.
დამეთანხმებით, როგორ ზრდის მოტივაციას, როცა ჯგუფი პოზიტიურ ურთიერთდამოკიდებულებაშია ერთმანეთთან და, ამავე დროს, საკითხი, რომელიც ჯგუფმა უნდა დაამუშაოს, ყველა მონაწილის სურვილითაა შერჩეული.
მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, თუ როგორ განვახორციელე, სასკოლო კონფერენციის მზადების პროცესში, საშუალო საფეხურის მოსწავლეების ჩართულობა და თანამშრომლობითი დაჯგუფება სკოლის გარეთ, არაფორმალურ გარემოში.
სკოლაში ტრადიციად ვაქციეთ სასკოლო კონფერენციის ჩატარება, რომელიც, უკვე მეორე წელია, მაისის თვეში იმართება.კონფერენციაში მონაწილეობენ X-XI კლასების მოსწავლეები. წელს საკონფერენციო თემად შეირჩა: ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – დამოუკიდებლობიდან გასაბჭოებამდე“. თემის შერჩევა საშუალო საფეხურის მოსწავლეების ინიციატივით მოხდა, რასაც დიდი სიამოვნებით დავეთანხმე, რადგან ეს პერიოდი ჩემი, როგორც მკვლევარი პედაგოგის, სამეცნიერო ინტერესების სფეროცაა.
მუშაობის პროცესი უფრო საინტერესო და განსხვავებული რომ გამეხადა, მოსწავლეებს შევთავაზე, საკონფერენციო თემების დასამუშავებლად, ერთად ვწვეოდით ეროვნულ ბიბლიოთეკას. აღმოჩნდა, რომ ეს მათთვის პირველი ვიზიტი იქნებოდა (მით უფრო ემოციებით დატვირთული დღე გველოდა). ასევე შევთავაზე, საკონფერენციო თემების დასამუშავებლად არ გამოგვეყენებინა სამეცნიერო ნაშრომები, მზა კვლევები და სხვადასხვა გამოცემები, არამედ იმ პერიოდის პრესის შესწავლა დაგვეწყო, პირველადი წყაროების – პირველი რესპუბლიკის პერიოდში გამოცემული, ასევე, პარიზში დაბეჭდილი ემიგრანტული პრესის ნიმუშების საშუალებით, რომელიც ასე მრავლადაა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ბავშვები სიამოვნებით დამთანხმდნენ ამ ინიციატივაზე.
საჯარო ბიბლიოთეკაში ვიზიტამდე, საჭირო გახდა მოსწავლეთა დაჯგუფება ინტერესთა მიხედვით. ასევე მუშაობის სპეციფიკიდან, გამომდინარე, აუცილებელი გახდა სპეციალური დღიურის წარმოება, რომელსაც, პირობითად, დავარქვით ,,ჩემი კვლევა“, სადაც კონკრეტული მოსწავლის კვლევის ინდივიდუალური მიზანი იქნებოდა ჩამოყალიბებული. დღიურში მოსწავლე, ასევე, შექმნიდა თვითშეფასების რუბრიკასაც. ჩემი აზრით, ჩანაწერების კეთებითა და საკითხის დროდადრო შეჯამებით, მოსწავლე გამოიმუშავებს უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევებს, რომელიც მას შესასწავლი მასალის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების განსაზღვრასა და გააზრებაში დაეხმარება. ჩემთვის აღმოჩენა იყო, როცა მოსწავლეები შემდეგში გამომიტყდნენ, რომ, როგორც კი, მუშაობის დროს კონცენტრაციას კარგავდნენ, მაშინვე თვალწინ თვითშეფასების რუბრიკა უდგებოდათ და მომენტალურად ერთვებოდნენ საქმეში.
ყველა შევთანხმდით, რომ ჯგუფებს აკადემიური დავალების შესრულების პროცესი თანამშრომლობითი დაჯგუფების ყველა ძირითადი კომპონენტის დაცვით უნდა წარემართათ:
- პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება;
- სოციალური უნარების სათანადო გამოყენება;
- ურთიერთგამხნევება, ურთიერთგაცვლა;
- ინდივიდუალური და ჯგუფური ვალდებულება;
- პასუხისმგებლობის აღება;
- დაპირისპირების კონსტრუქციულად მართვა.
ჯგუფებს ასევე ვთხოვე, მუშაობის პროცესში, წერილობით განესაზღვრათ საკუთარი მოლოდინები, მიზნები, როლები და პასუხისმგებლობები.
ეფექტური ჯგუფური სტრუქტურების ჩამოყალიბების შემდეგ კომუნიკაციაც ეფექტური რომ გაგვეხადა, დასაწყისისთვის, მესენჯერჯგუფიც შევქმენით.
მოგეხსენებათ, არაფორმალური განათლების ამოცანაა მოზარდისათვის ისეთი ცოდნის მიწოდება, რისი მიღებაც ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში ვერ ხერხდება ან ვერ ხორციელდება იმ მოცულობით, რაც მოსწავლეს წაადგება. არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნა, დამეთანხმებით, უფრო მყარად იბეჭდება მოზარდის მეხსიერებაში, ზრუნავს მისი სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე, უფართოებს პოტენციალს, ხშირად სწორედ არაფორმალურ გარემოში ხდება ხოლმე მოზარდის მიერ საკუთარი შესაძლებლობებისა და აქამდე უცხო საკომუნიკაციო უნარების აღმოჩენა. დაკვირვებამ მაჩვენა, რომ არაფორმალურ გარემოში დაკავშირებული მოზარდები სკოლაში უფრო უკეთესად ინტეგრირდებიან ერთმანეთთან. მასწავლებლებსაც საკუთარი მოსწავლეები, რომლებსაც წლებია ვიცნობთ საკლასო სივრცეში, არაფორმალურ გარემოში, ხელახლა აღმოგვიჩენია, გასაოცარი თვისებებით.
ჩემთვის, როგორც მკვლევარი პედაგოგისათვის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო იყო ის ფაქტი, რომ მეგზურობა უნდა გამეწია ჩემი მოსწავლეებისათვის განსაკუთრებულ სივრცეში, სადაც ისინი, როგორც დამწყები მკვლევრები, დამოუკიდებლად შეეჭიდებოდნენ ისტორიული პირველწყაროების დამუშავებას.
მესამე თაობის ეროვნული გეგმა თანამედროვე მასწავლებლისგან სწორედ ამას მოითხოვს, რომ ,,პედაგოგმა მაქსიმალურად მდიდარი და შინაარსიანი საგანმანათლებლო გარემო შექმნას, რათა მოსწავლეს მიეცეს იმ ტიპის აქტივობების შერჩევის საშუალება, რომლებიც მის მიდრეკილებებსა და ინტერესებს შეეფერება“.
ეროვნულმა სასწავლო გეგმამ ასევე მკაფიოდ განსაზღვრა სწავლა-სწავლების 5 პრინციპი. იმ პრინციპთაგან ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანია – ,,სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. მიღებული ინფორმაცია ცოდნად გარდაიქმნება მოსწავლის მიერ მისი აქტიური დამუშავების შედეგად. მიწოდებული ინფორმაციიდან მოსწავლე გამოარჩევს ცოდნის შენებისთვის მნიშვნელოვან ელემენტებს და ცოდნად გარდაქმნის შერჩეულ ინფორმაციას სხვადასხვა სააზროვნო ოპერაციის განხორციელების საფუძველზე“.
იმედს ვიტოვებ, ჩემი და ჩემი მოსწავლეების ძალისხმევა – პირველწყაროებზე დაყრდნობით შექმნილი საკონფერენციო თემები „ცოდნის შენებისა“ და ,,ცოდნად გარდაქმნის“ გულწრფელი მცდელობა – შედეგიანი აღმოჩნდება.
- ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური გზამკვლევი https://mes.gov.ge/content.php?id=12327&lang=geo
- რობერტ ჯ. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი, ჯეინ ი. ფოლოქი. ,,ეფექტური სწავლება სკოლაში“. თბილისი, 2009
- დ. ჯონსონი და რ. ჯონსონი. ,,სხვებთან ერთად და მარტო სწავლა: თანამშრომლობითი, კონკურენტული დ ინდივიდუალისტური სწავლა“. 1999
- https://www.letterato.ge/araformaluri-ganatleba~
- https://www.edutopia.org/article/step-step-guide-teaching-students-work-groups/
- https://www.buffalo.edu/catt/develop/teach/group-work.html