27 ივლისი, შაბათი, 2024

თამაშის როლი უცხოური ენის ინტენსიური სწავლების პროცესში დაწყებით საფეხურზე

spot_img

ნათია ვეკუა 

სსიპ წალენჯიხის №1 საჯარო სკოლა ინგლისური ენის მასწავლებელი

დღეისათვის თანამედროვე სკოლებში მწვავედ დგას პედაგოგიური პროცესის ეფექტიანობის პრობლემა,რომელმაც წამოაყენა ახალი მოთხოვნები უცხოური ენის სწავლების მეთოდებსა და ტექნოლოგიებში.ყველა სასკოლო სივრცეში ჩამოყალიბდა  მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის ახალი მიდგომები, რომლებიც, თავის მხრივ, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების განხორციელების საშუალებას იძლევა. რადგანაც დაწყებით საფეხური წარმოადგენს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების (წერა, კითხვა, მოსმენა, ლაპარაკი) ჩამოყალიბების საწყის ეტაპს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ უნარების განვითარების სტრატეგიებისა და შესაბამისი აქტივობების ძიება.

დღესდღეობით თამაშით სწავლება ერთ-ერთ თანამედროვე სწავლების მეთოდად განიხილება. ახალი არ არის, ის რომ თამაშით სწავლება უცხოური ენის ერთ-ერთ ხელშემწყობ მეთოდად არის აღიარებული.

დაწყებით კლასებში მოსწავლეებთან მუშაობა პედაგოგებისგან დიდ ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს. მან კარგად უნდა გააცნობიეროს, ერთი მხრივ, რა მოთხოვნები შეიძლება წაუყენოს დაწყებითი კლასის მოსწავლეებს,სწავლების რა მეთოდები შესთავაზოს ენის უკეთ ათვისების მიზნით და მეორე მხრივ,რა მოთხოვნები წაუყენოს საკუთარ თავს და როგორ ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას. სასწავლო მასალა და გაკვეთილზე გამოყენებული სწავლების მეთოდები, აქტივობები აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლის ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს, დასწავლის სტილს და ინტერესებს, რათა ვუპასუხოთ იმ სირთულეებსა და გამოწვევებს რაც უცხო ენის შესწავლას ახლავს თან.

უცხო ენის შემსწავლელები უკეთ ითვისებენ ქმედებით.არსებობს სხვადასხვა ფაქტორები,რომლებიც გასათვალისწინებელია ენის უკეთ შესწავლის მიზნით;ბავშვების მიერ ნასწავლი ენობრივი საშუალებების შემოქმედებითად გამოყენება და კომუნიკაციის დამყარებისა და საუბრის სურვილის გაღვიძება; სწავლა-სწავლების პროცესში თამაშისა და გართობის ელემენტების ჩართვა და გამოყენება(მაგ:ლექსები, სკეტჩი, რიტმული სიმღერები(chants); ენის, როგორც ადამიანის თვითგამოხტვისა და კომუნიკაციის საშუალების ჩვენება მოსწავლეებისათვის, რაც მთავარია უსაფრთხო ფსიქოლოგიური გარემოს შექმნა მათთვის (შეცდომების გასწორების დროს). ამასთანავე, მნიშვნელოვანია არავერბალური ელემენტების ჩართვა(ინტონაცია, ჟესტიკულაცია, სახის გამომეტყველება, მოქმედებები,გარემოება) უცხო სიტყვების თუ ფრაზების ახსნისას,რათა მოხდეს ბავშვებში ინტერპრეტაციის უნარის განვითარება, რომელიც მათ ეხმარებათ ახალი სიტყვის გააზრებულად ათვისებაში.

ინგლისური ენის მასწავლებელს დღეს საკმაოდ საინტერესო და სახალისო გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობა ეძლევა.ამას განაპირობებს კლასის მართვის დემოკრატიული სტილი,როდესაც მასწავლებელი და მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში ერთნაირად არიან ჩართულნი,განსხვავებით ავტორიტარული მართვის სტილისაგან. მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს უამრავი სახალისო აქტივობა და თანამედროვე სწავლების მეთოდი, სტრატეგია, რომელიც ძალზე ეფექტურია.

5-6 წლის ბავშვის წამყვანი ქცევაა თამაში. ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება თამაშებიც: ადრეული ასაკის ბავშვები თამაშის დროს არ ისახავენ მიზანს, ხოლო 5-6 წლიდან მათ აქვთ მიზანი, თამაშის წესებს ადგენენ და ეხმარებიან ერთმანეთს.

თამაშის ქცევაში ჩამოყალიბებას იწყებს სასწავლო მოქმედებაც რომელიც შემდგომში ქცევის წამყვანი ფორმა ხდება.მოსწავლე თამაშს ეკიდება,როგორც გარკვეული წესების მქონე თავისებურ როლურ თამაშს. ამ წესების შესრულების დროს იგი ეუფლება ელემენტარულ სასწავლო მოქმედებას და უყალიბდება სწავლის უნარი და სურვილი.

თამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტყველების განვითარებაში, თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი კი სტიმულს აძლევს გამართული მეტყველების განვითარებას.

თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოსწავლის განსაკუთრებულ ჩართულობას მოითხოვს,იგულისხმება მონაწილეობა არა მხოლოდ საკუთარ,არამედ თანატოლების სწავლის პროცესში. ჯგუფურ მუშაობაში, პროექტებში მონაწილეობა,იდეების დაგეგმვასა თუ განხორციელებაში მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან და ეუფლებიან საჭირო უნარ-ჩვევებს.

ბავშვის თამაში კომპლექსური პროცესია და მისი ზუსტი განმარტებაც არ არსებობს.შეგვიძლია დავასახელოთ და განვიხილოთ თამაშის კონკრეტული მახასიათებლები თამაშის კონკრეტული ფორმების საფუძველზე. გამოიყოფა ბავშვებთან თამაშის ორი ფორმა: თავისუფალი და სტრუქტურული თამაში, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისათვის. თავისუფალი თამაში არის შემოქმედებითი ხასიათის, ბავშვის მიერ წარმართული, სახალისო, სადაც პროცესი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შედეგი, მაგალითად, ხატვა, ეზოში სირბილი, ბურთის თამაში და ა.შ. სტრუქტურული თამაში გულისხმობს ლოგიკის გამოყენებას პრობლემის გადასაჭრელად, ანუ მიზანზე ორიენტირებულია განსხვავებით თავისუფალი თამაშისა, გულისხმობს წესებისა და ინსტრუქციების დაცვას მიზნის მისაღწევად, მაგალითად, სამაგიდო თამაშები დ ა.შ.

თამაშის პროცესში, უპირველესად ბავშვები შეისწავლიან გარემოს. თამაშის დროს ვითარდება ისეთი სფეროები, როგორიცაა ემოციური (საკუთარი თავის გახარების უნარი,შფოთვის შემცირება, თვითპატივისცემა, თვითკმაყოფილება – თვითრწმენა, თვითგამოხატვა), სოციალური (თანამშრომლობა, რიგის დაცვა, კონფლიქტების გადაჭრა, ემპათია), კოგნიტური( პრობლემების გადაჭრა, აბსტრაქტული აზროვნება, წარმოსახვა), ენა (კომუნუკაციური უნარები,ლექსიკური მარაგი) და ფიზიკური ( ნატიფი და მსხვილი მოტორიკა). თამაში ასევე ერთგვარი წინაპირობაა ბავშის სასკოლო გარემოსთან წარმატებული ადაპტაციისათვის, ის ზრდის სწავლისადმი მზაობას.

ენის გაკვთილი წარმოადგენს ერთგვარ აქტივობების ერთობლიობას,რომელთაც გაკვეთილის მთავარ მიზნამდე მივყავართ. ეფექტური გაკვეთილის ჩატარება დამოკიდებულია გაკვეთილის სამ მნიშვნელოვან ეტაპზე (დასაწყისი, აქტივობების თანამიმდევრულობა და დასასრული), რომელსაც მასწავლებელმა წარმატებულად უნდა გაართვას თავი, ამასთანავე ჩვენ რამდენიმეჯერ აღვნიშნეთ, რომ წარმატებული გაკვეთილის მნიშვნელოვანი ასპექტია პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა. ე.წ. „საკლასო ოთახის მენეჯმენტი“ მოიცავს როგორც ფიზიკურ,ასევე სოციალურ ფაქტორებს,რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ქცევას და ინტერაქციას სასწავლო პროცესის მსვლელობისას.

აქტივობებით სწავლება გულისხმობს გაკვეთილზე გართობის ელემენტების ჩართვას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კომუნიკაციის სურვილის აღძვრას და არაპროგნოზირებადი გარემოს შექმნას.მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობის წახალისება და მათთვის სათანადო აქტივობების სწორად მიწოდება,რადგან აქტივობებში ჩართული მოსწავლე იყენებს ისეთ ენობრივ ერთეულებს, რომლებიც წინასწარ არ არის მომზადებული და დაზეპირებული მოსწავლის მიერ, არამედ არაპროგნოზირებადია, რაც მათ თავისუფალი კომუნიკაციის საშუალებას აძლევთ.

სახალისო აქტივობების გამოყენება და თამაშით სწავლება არაპირდაპირი სწავლების ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. თამაში არ არის დროის ფუჭი ხარჯვა – ის რეალური მუშაობის პროცესია.

სასწავლო პროცესში თითოეული თამაში სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. ფიზიკური თამაშები მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისათვის. ისინი ხელს უწყობს როგორც ჯანსაღი და ძლიერი სხეულის ფორმირებას,ამავე დროს ნერვული სისტემის ჩამოყალიბებასა და ტვინის ფუნქციონირების სწორ მიმოქცევას.უცხო ენის გაკვეთილებზე შესაძლებელია ახალი სიტყვების სწავლება და გამოკითხვა სხვადასხვა მრავალფეროვანი თამაშის გამოყენებით.მაგალითისათვის შესაძლებელია განვიხილოთ შემდეგი სახის აქტივობა: „თემა: თვეები და თარიღები. ერთმანეთის თანმიმდევრობით ვასწავლით ჯერ თვეების სახელებს: January, February, March, April, May, June, July, August, September, October, November, December; შემდეგ – რიგობით რიცხვით სახელებს – first, second, third, fourth, fifth და ა.შ; ბოლოს კი ვასსწავლით თარიღების სწორად დასახელებას, მაგ: The first of January, The second of March, The third of May და ა.შ.“

შემდეგ მოსწავლეები გამოდიან დაფასთან და ვთხოვთ განლაგდნენ დაბადების თვეების თანმიმდევრობით, იანვარში დაბადებულები იქნებიან პირველები და დეკემბერში დაბადებულები – ბოლოს. დაფასთან გამოსულ მოსწავლეებს კი სათითაოდ ვთხოვთ დაასახელონ თავიანთი დაბადების სწორი რიცხვი და თვე. ეს აქტივობა თვების დასახელების, რიგობითი რიცხვითი სახელებისა და თარიღების გავარჯიშების შესაძლებლობას.

„თემა: ოჯახის წევრები. დავყოფ მოსწავლეებს წყვილებად ან მცირე ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ვურიგებ დასურათებულ ბარათებს,რომლებზეც გამოსახულია ოჯახისნწევრებისსურათები. მოსწავლეები ქმნიან Family Tee-ს. თითოეული სურათის გასწვრივ სიტყვიერად წერენ ოჯახის წევრების გამომხატველ სიტყვებს: grandfather, gransmother, father, mother, brother, sister, son, daughter, uncle, aunt და ა.შ.“

შემდეგი დავალებაა, მოიძიონ ინფორმაცია რამდენიმე მათ მიერ არჩეულ თანაკლასელებზე, ვის რამდენი ოჯახის წევრი ჰყავს. მოსწავლეებმა უნდა გაგვიზიარონ მოპოვებული ინფორმაცია. მოცემული აქტივობა ახალი სიტყვების დაუფლებასა და გრამატიკული კონსტრუქციის „Have got“-ის გავარჯიშების შესაძლებლობას იძლევა.

სოციალური თამაში – თამაშის მეშვეობით ბავშვები უნებლიედ სწავლობენ სოციალურ წესებს, მორალს და, ინგლისურ ენაზე, ერთმანეთისათვის აზრებისა და იდეების გაზიარებას; კომუნიკაციიდან გამომდინარე, უყალიბდებათ მთავარი სოციალური ღირებულებები: მეგობრობა, სიყვარული, თანაგრძნობა, ურთიერთპატივისცემა, ამავე დროს, ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვი ახერხებს სოციუმთან ადაპტაციას.

სიუჟეტურ-როლური თამაში არის ერთგვარი თეატრალური წარმოდგენა, სპექტაკლი, რომელიც სწავლების ისეთი ფორმაა, როდესაც მოსწავლე ეცნობა შესასწავლ ინფორმაციას, იკვლევს და ითვისებს გასათამაშებელ როლს, მისი მომზადებისა და შესრულების დროს. როლური თამაშების ჩართვა საგაკვეთილო პროცესს ამრავალფეროვნებს, იძლევა ახალი, უცხო სიტყვების სწავლისა და მათი გამოყენების საშუალებას, ასევე ქმნის პოზიტიურ გარემოს კლასში. როლური თამაშები, შესაძლებელია საგაკვეთილო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდეს,თუ კი მასწავლებელი სწორად დაგეგმავს მას და დარწმუნებული იქნება მის საჭიროებაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ღირებული როლური თამაშების გამოყენება კლასში.

რა არის როლური თამაში? როლური თამაში წარმოადგენს მოსწავლის ასალაპარაკებლად გამოყენებულ და დაგეგმილ აქტივობას, რომელიც წარმოსახვით სიტუაციებს მოიცავს.როლური თამაშების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეს შეუძლია მოირგოს ნებიმიერი როლი მოკლე დროით და რამდენიმე წუთით გახდეს:პრეზიდენტი, დედოფალი, მილიონერი, პოპვარსკვლავი და ა.შ. მოსწავლეებს შეუძლიათ ასევე გამოხატონ საკუთარი აზრი და ჩაერთონ დებატებში, გაიყონ ორ ჯგუფად, მოწინააღმდეგებაად და მომხრეებად, რაც თავისთავად, გულისხმობს ჯანსაღი მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.წარმოსახვით როლურ თამაშებში იგულისხმება აქტუალური თემატიკის ამსახველი კონკრეტული სიტუაციების გათამაშება, მაგ:სიტუაცია რესტორანში, აეროპორტში და სხვა.

დაწყებითი კლასის გაკვეთილზე ინგლისურის მასწავლებლებს შეუძლიათ ასევე,გამოიყენონ სიმღერები და რიტმული ტექსტები,რადგან ისინი თითქმის ყოველთვის შეიცავს ავთენტურ, ბუნებრივ ენას, მარტივია მისაღებად და აღსაქმელად. „მუსიკა და მისი ტექსტები ხშირად აძლევს მოსწავლეს ფრთების გაშლის, საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას. ეს პროცესი ხშირად იმდენად შორს მიდის, რომ სიმღეარა, ტექსტის წერა ან მისი მოსმენა არა თუ ჰობი, არამედ ცხოვრების წესიც ხდება“.

დაწყებითი კლასის ბავშვებთან გამოიყენება ასევე ე.წ. კონსტრუქტიული თამაშები. „construct“- ნიშნავს აგებას, აშენებას. კონსტრუქტიული თამაშები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გამოსცადონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები არქიტექტურასა და დიზაინის სფეროში და გააკეთონ სიტყვიერი კომენტარი ინგლისურ ენაზე, მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად, მათი სურვილისამებრ, შექმნან საგნები, მაგალითად, ააგონ ცათამბჯენები, ქალაქები, კოშკები, მაგისტრალები და ა.შ.საყურადღებოა, ამ მიზნით, როგორ, რა ლოგიკით შეარჩევენ და დაუკავშირებენ ერთმანეთს სათამაშო ფიგურებსა და კომბინაციებს, რა ფუნქციას მიანიჭებენ მათ იმისათვის, რომ შექმნან ერთი მთლიანი საგანი. ყოველივე ეს ბავშვს აძლევს საწყის ცოდნას თუ რას ნიშნავს ააშენო ან შექმნა რაღაც, ან დახატო რამე.ბავშვები, რომლებიც ინტერესდებიან მსგავსი თამაშებით, სიტყვებს, აზრებს და შინაარს მარტივად უკავშირებენ ერთმანეთს და მაღალია მათი განვითარების დონეც. პირველ-მეორე კლასელებთან,უკეთესია გამოვიყენოთ სხვადასხვა სახის ფიგურები, სქემები და ნახატები, მზე, ობობა, რვაფეხა, მრავაალფეროვანი „სიცილაკი“ და ა.შ.

აღსანიშნავია დღესასწაულებთან დაკავშირებული აქტივობები,რომელიც ხელს უწყობს, როგორც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, ისე კულტურათშორისი ცნობიერების განვითარებასაც; მოსწავლეებს შეუძლიათ ეს აქტივობები კოსტუმირებულიც გახადონ, ჩართონ ფანტაზიის უნარი და შექმნან, გამოიგონონ საკუთარი გმირები, მოიტანონ სხვადასხვა ფოტოსურათები, კოლაჟები, ნიღბები, თოჯინები.

დღესასწაულებთან დაკავშირებული ლექსიკური მასალის შესწავლა ადვილი და სახალისოა მაშინ, როდესაც მოსწავლეები ერთვებიან მსგავს აქტივობებში: პატარა წარმოდგენა, დიალოგები, როლური თამაშები, ლექსები, სიმღერები. რაც მთავარია, ამ პროცესში მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება პრაქტიკაში, ცოცხალ გარემოში. გამოიყენონ ახალი სიტყვები.

როგორც ვიცით, დაბადების დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი და სახალისო დღესასწაულია.ეს კონკრეტული თამაში გვაძლევს საშუალებას ვასწავლოთ მოსწავლეებს დაბადების დღესთან დაკავშირებული ლექსიკური მასალა, სიტყვები, თვეები, რიცხვები, წლები, ემოციის გამომხატველი და შეგრძნებებთან ასოცირებული სიტყვები და ა.შ. რადგანაც ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ საჩუქრები, უმჯობესია დავუსვათ კითხვები საჩუქრების აღწერასთან დაკავშირებით. შესაძლებელია მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვოს მოსაწვევი ბარათების დამზადებაც, სადაც მიუთითებენ როგორც დაბადების დღე, მისი აღნიშვნის დროსა და ადგილს. „მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს დაბადების დღის მოსაწვევების ინსცენირებაც შესთავაზოს, სადაც თავად იუბილარი აირჩევს ფოსტალიონს, რომელიც მოსაწვევებს დაურიგებს მოწვეულ სტუმრებს“.(15, 82).

ამრიგად, აქტუალური თემატიკის თამაშების სახით გამოყენება საგაკვეთილო პროცესში შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, თავისუფლად გამოიყენონ ენა და თავიანთი ასაკის ინტერესების ამსახველ თემებთან დაკავშირებით ისაუბრონ.

თამაში შეჯიბრის სახეს ატარებს და ითვალისწინებს გარკვეული წესებისა და პირობების დაცვას, რათა მოზარდმა გაითავისოს საზოგადოებაში არსებული გარკვეული წესები და ნორმები,რომელიც მას სოციალური ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაში დაეხმარება.

თამაშის შერჩევისას მნიშვნელოვანია შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინება: თამაშს კონკრეტული მიზანი და დანიშნულება უნდა ჰქონდეს; უნდა გააჩნდეს ლინგვისტური ღირებულება; თამაშში უნდა მოხდეს ყველა მოსწავლის ჩართვა, აქტივობა მარტივად განსახორციელებელი და სახალისო უნდა იყოს.თამაშების გამოყენება შეიძლება როგორც მთელი კლასის, ისე თითოეული ბავშვის ენობრივი მონაცემების შეფასებისათვის.

ზოგიერთი სახის აქტივობა ითხოვს მოსწავლეების ფიზიკურ მონაწილეობას, რაც ხმაურს იწვევს გაკვეთილზე. უმჯობესია, ასეთი თამაშებისათვის გამოიყოს შესაფერისი გარემო – სათამაშო მოედანი ან სკოლის სპორტული დარბაზი ან შეირჩეს ისეთი საკლასო ოთახი,საიდანაც გამოსული ხმაური ხელს არ შეუშლის სხვა კლასებში საგაკვეთილო პროცესის მსვლელობას.

როგორც აღვნიშნეთ თამაში ხშირად გამოიყენება სკოლამდელ და უმცროს სასკოლო ასაკში. თამაშის სწავლების მეთოდად გამოყენებისას, მასწავლებელმა უნდა ისარგებლოს შემდეგი რეკომენდაციებით: მასწავლებელმა უნდა დაუსვას კითხვა საკუთარ თავს „რა უნდა ასწავლოს ამ თამაშმა ჩემს მოსწავლეს?“ ეს კონკრეტული შეკითხვა ეხმარება მასწავლებელს თემის, თამაშის სიუჟეტისა და მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრაში. როცა საქმე პერსონაჟების არჩევას ეხება, მათი რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს კლასში მოსწავლეთა რაოდენობას. წინასწარ უნდა იყოს მოფიქრებული პერსონაჟებისათვის სახელი, პროფესია, ასაკი, დრო, მოქმედების ადგილი, პრობლემა. კვანძის გახსნა კი შესაძლებელია თვითონ მოსწავლეებს მივანდოთ.

თამაშის არჩევისას, რისკის მინიმუმამდე დასაყვანად, უნდა განისაზღვროს სამიზნე ჯგუფი.მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს მას და ითვალისწინებდეს მის ინტერესებსა და შესაძლებლობებს.

როგორც ყველა პედაგოგიურ აქტივობას, თამაშსაც უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი, უნდა ვიცოდეთ თუ რისთვის ვიყენებთ ამ მეთოდს: წერითი თუ ზეპირი უნარების განსავითარებლად, გრამატიკული ერთეულების დასასწავლად თუ ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მიზანი მარადიული კითხვაა, რომელსაც მასწავლებელი მუდმივად უნდა უსვამდეს საკუთარ თავს.

მნიშვნელოვანია წინასწარ განისაზღვროს თამაში ინდივიდუალურია თუ ჯგუფური, რადგან მონაწილეთა რაოდენობა ზოგიერთ თამაშში შეზღუდულია ან პირიქით. აუცილებელია მოსწავლეთა აკადემიური დონისა და სოციალური უნარების გათვალისწინება და მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა. მაგალითად, დაბალი აკადემიოური მოსწრების მქონე მოსწავლე შესაძლებელია იყოს ღია, დინამიკური და სიამოვნებით ღებულობდეს მონაწილეობას ჯგუფურ თამაშში, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეს, შესაძლოა არ აქვს განვითარებული ზემოთ აღნიშნული ინტერპერსონალური უნარები, პირიქით, უარი თქვას თამაშზე, ამიტომაც საჭიროა თამაშის ისეთი წესების შერჩევა,რომელიც თითოეულ მოსწავლეს მოერგება.

ზოგიერთი თამაშის წესების ახსნას მეტი დრო სჭირდება, ზოგისას – ნაკლები, ამტომაც აუცილებელია თამაშის დროისა და ხანგრძლივობის გათვალისწინება.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, დიდაქტიკური თამაშების შედეგად, ბევრად უადვილდებათ ახალი ინფორმაციის აღქმა-გაგება და რაც მთავარია უკვე არსებული ცოდნის საჭიროებისამებრ გამოყენება.მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, უმჯობესია მასწავლებელმა ხშირად ცვალოს თამაშები ან გაუკეთოს მოდიფიცირება.

ამრიგად, გაკვეთილზე დიდაქტიკური თამაშების სისტემატური და ინტენსიური გამოყენება მოსწავლეებს ხალისს მატებს და ხელს უწყობს სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული ცოდნის შეძენასა და უნარ-ჩვევების განვითარებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Halliwell Susan (1992), „Teaching English in the primary classroom“, Longman. https://kupdf.net/download/susan-halliwell-teaching-english-in-the-primary-classroom-longman-handbooks-for-language-teachers-1992_5b0c8f9be2b6f51557096539_pdf

file:///C:/Users/dzimt/Downloads/kupdf.net_susan-halliwell-teaching-english-in-the-primary-classroom-longman-handbooks-for-language-teachers-1992.pdf.

  1. Role-play.Jo Budden, British Council, Spain.

https://www.teachingenglish.org.uk/article/role-play

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები