27 ივლისი, შაბათი, 2024

ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მარ­თ­ვის პრო­ცეს­ში სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი

spot_img

თამარ აბრამიშვილი
გა­ნათ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის მა­გის­ტ­რი, სსიპ ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ბო­ლა­ჯუ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და ამა­ვე სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

სასკოლო საზოგადოების ჩართულობა

ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მარ­თ­ვის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­დე­ლი გა­ნა­პი­რო­ბებს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წევ­რის ჩარ­თუ­ლო­ბას და უბიძ­გებს თი­თო­ე­ულ მათ­განს, და­ი­ნა­ხოს სა­კუ­თა­რი რო­ლი, ფუნ­ქ­ცი­ე­ბი, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და წვლი­ლი სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. თე­მის ჩარ­თუ­ლო­ბის სა­კითხი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რე­გი­ო­ნებ­ში, რად­გან ხში­რად, მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­სა და და­სახ­ლე­ბებ­ში, სკო­ლა ერ­თა­დერ­თი კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ად­გი­ლია, სა­დაც ფორ­მირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის დღის წეს­რი­გი.

იმი­სათ­ვის, რომ სკო­ლას მე­ტი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა ჰქონ­დეს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა იყოს მზად გა­აზ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის, მოქ­ნი­ლი სა­მოქ­მე­დო სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის. დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით, სის­ტე­მა სკო­ლებს მე­ტი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის მი­სა­ღე­ბად ამ­ზა­დებს, მაგ­რამ იკ­ვე­თე­ბა რი­გი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­მა კი­დევ უფ­რო თვალ­სა­ჩი­ნო გა­ხა­და. სკო­ლის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია თუ სკო­ლას არ ჰყავს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ხედ­ვი­თა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, ვი­ნა­ი­დან მას აქვს ბერ­კე­ტი, მის­ცეს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი ფორ­მა სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბას.

ახა­ლი თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტის პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ტა­ნა და დამ­კ­ვიდ­რე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ცე­სია. ახა­ლი თა­ო­ბის ესგ-ის და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სი და­ემ­თხ­ვა პან­დე­მი­ას და ტრე­ნინ­გე­ბის ციკ­ლი, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლე­ბელ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ელ­და, არ აღ­მოჩ­ნ­და საკ­მა­რი­სი სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად და მის პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ტა­ნის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად; გა­მო­იკ­ვე­თა არა­ერ­თი ხარ­ვე­ზი, მათ შო­რის გა­მოვ­ყოფ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრაქ­ტი­კის და­ნერ­გ­ვას. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, ეს მე­თო­დი დღემ­დე არ არის დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა. არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა კვლე­ვა, კონ­კ­რე­ტუ­ლად, რა შე­დეგ­ზე გაგ­ვიყ­ვა­ნა ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბამ და რამ­დე­ნად შე­უწყო ხე­ლი დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი ცოდ­ნის პი­რო­ბი­სე­ულ ცოდ­ნად გარ­დაქ­მ­ნას. ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გე­ბი სა­ჭი­რო­ებს კვლე­ვას და, ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, სა­მოქ­მე­დო სტრა­ტე­გი­ის შექ­მ­ნას, ამას­თა­ნა­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ზრდა და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში და რე­გი­ო­ნებ­ში სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წევ­რი იც­ნობს ერ­თ­მა­ნეთს და აქვთ არა­ფორ­მა­ლუ­რი შემ­ხებ­ლო­ბა სკო­ლის მიღ­მა, შე­საძ­ლოა, მათ შო­რის ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი, სა­ახ­ლობ­ლო/სა­მე­ზობ­ლო წრე და კავ­ში­რე­ბი უფ­რო ფარ­თო იყოს. სკო­ლის დი­რექ­ცი­ი­სა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მხრი­დან არ არის სრულ­ფა­სოვ­ნად გა­აზ­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის არ­სი, რა­საც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის საბ­ჭო­თა გა­მოც­დი­ლე­ბაც გა­ნა­პი­რო­ბებს. ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სკო­ლის მი­მართ არ არის სრულ­ფა­სოვ­ნად გა­აზ­რე­ბუ­ლი და ამის მი­ზე­ზი და­ბა­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბაა. ზოგ­ჯერ ჩნდე­ბა გან­ც­და, რომ სკო­ლა­სა და მშობ­ლებს შო­რის ხი­დია ჩა­ტე­ხი­ლი და მი­სი გამ­თე­ლე­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სკო­ლას ეკის­რე­ბა, მა­შინ, რო­დე­საც სკო­ლე­ბის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა ჯერ კი­დევ და­ბა­ლია.

სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი ბუ­ტა­ფო­რი­უ­ლია, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს, სხდო­მის ოქ­მე­ბის შედ­გე­ნა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც, ცხა­დია, ვერ მოგ­ვ­ცემს ვე­რა­ნა­ირ შე­დეგს, თუ პრო­ცე­სი უფ­რო ღია, ეფექ­ტუ­რი და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ გახ­დე­ბა. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს რე­ა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­როა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის მკა­ფი­ოდ გან­საზღ­ვ­რა, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა და ანაზღა­უ­რე­ბა­დი სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბა. პრაქ­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ მხო­ლოდ ში­ნა­გან მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ იძ­ლე­ვა ხელ­შე­სა­ხებ შე­დეგს და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მაც და­ბა­ლე­ფექ­ტუ­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა მოს­წავ­ლე­თა თვთმმარ­თ­ვე­ლო­ბის როლს, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბო­ლო წლებ­ში არის გარ­კ­ვე­უ­ლი პროგ­რე­სი, იზ­რ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის აქ­ტი­ვიზ­მი და ჩარ­თუ­ლო­ბა სას­კო­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რო­მელ­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყ­ვე­ბა. აუცი­ლე­ბე­ლია მშობ­ლე­ბის რო­ლის მკა­ფი­ოდ გან­საზღ­ვ­რა -— მათ­თ­ვის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა­თა მშო­ბელს ჰქონ­დეს მე­ტი მო­ტი­ვა­ცია გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად.

იმი­სათ­ვის, რომ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა შეძ­ლოს მო­ზარ­დ­მა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სის­ტე­მა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ დო­ნე­ზე იყოს გა­მარ­თუ­ლი და მე­ტი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დეს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბა­სა და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა­ზე, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი სის­ტე­მის შექ­მ­ნა ამ პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღე­ის­თ­ვის მოქ­მე­დი დი­რექ­ტო­რის სტან­დარ­ტი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­დე­ლის სკო­ლის მარ­თ­ვის პო­ლი­ტი­კას, თუმ­ცა სტა­ტის­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს და, ამ მხრივ, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შეა.

ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ, ამავ­დ­რო­უ­ლად, ცალ­სა­ხად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის სა­კითხი ჯერ კი­დევ პრობ­ლე­მად რჩე­ბა, ამის მი­ზე­ზე­ბია: კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის სიმ­წი­რე, კვლე­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, და­ბა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და ა.შ. ცალ­კე გან­ხილ­ვის სა­გა­ნია არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში ენის ბა­რი­ე­რის პრობ­ლე­მა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან სა­ხელ­მ­წი­ფო ენის და­უფ­ლე­ბის­თ­ვის და­ბა­ლი მზა­ო­ბა.

ვი­ნა­ი­დან გან­ხი­ლუ­ლი სა­კითხე­ბი კომ­პ­ლექ­სუ­რია, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ფუნ­ქ­ცი­ე­ბის მკა­ფი­ოდ გან­საზღ­ვ­რა და ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბა, რის­თ­ვი­საც გვაქვს ორი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა:

  1. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ შე­ი­მუ­შა­ოს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თან­მიმ­დევ­რუ­ლი, სტრა­ტე­გი­უ­ლი და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად და მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით;
  2. ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს გა­ე­ზარ­დოთ ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა და სკო­ლამ და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ი­მუ­შა­ოს სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რ­დი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის და­სამ­კ­ვიდ­რებ­ლად (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რის კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი).

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები