30 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2022

ზოგადი რჩევები ფუნქციურ/ანალიტიკურ წერასთან დაკავშირებით

spot_img

პედაგოგთა სასერტიფიკაციო ტესტირების ერთ-ერთი ნაწილი ფუნქციური/ანალიტიკური წერაა. წარმოგიდგენთ ფუნქციურ წერასთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებსა და კონკრეტულ მაგალითს.

გაითვალისწინეთ: ქვემოთ მოცემული დავალება მხოლოდ ნიმუშია და არა საგამოცდო კითხვის ზუსტი ანალოგი.

ფუნქციური წერა            

(მაქსიმალური ქულა 8) 

ინსტრუქცია: სათქმელი ჩამოაყალიბეთ ნათლად და გასაგებად. მკაფიოდ წარმოაჩინეთ პრობლემის არსი და დამაჯერებლად დაასაბუთეთ საკუთარი მოთხოვნა. 

გაითვალისწინეთ, ნაშრომი 140 სიტყვაზე ნაკლები არ უნდა იყოს. 

დავალების პირობა:

თქვენი სკოლის ბიბლიოთეკას სჭირდება განახლება. სკოლის ამ წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ამგვარ ხარჯებს.

საჭირო თანხის გამოყოფის თხოვნით მიმართეთ რომელიმე ორგანიზაციას და დაასაბუთეთ, რომ წელს სკოლისათვის ბიბლიოთეკის განახლება აუცილებელია.

კრიტერიუმი 1. მოთხოვნის ჩამოყალიბება

სათქმელი ნათლად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული 2 ქულა (წინააღმდეგ შემთხვევაში 1 ან 0).

კრიტერიუმი 2. მსჯელობის დასაბუთება

მოთხოვნა დამაჯერებლადაა არგუმენტირებული 2 ქულა (წინააღმდეგ შემთხვევაში  1 ან 0).

კრიტერიუმი 3. ნაშრომის აგება

ნაწერის სტრუქტურა გამართულია, აზრები მწყობრადა და თანმიმდევრულადაა  გადმოცემული, მსჯელობის ნაწილები ლოგიკურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან 1 ქულა (სხვა შემთხვევაში 0).

კრიტერიუმი 4. სტილი, ლექსიკა

სტილი გამართულია, ლექსიკა მდიდარია, თხრობის ტონი თემასთან მიმართებაში ადეკვატურია 2 ქულა  (წინააღმდეგ შემთხვევაში 1 ან 0).

კრიტერიუმი 5. სინტაქსი, მორფოლოგია, პუქტუაცია

არ არის დაშვებული 10 შეცდომაზე მეტი 1 ქულა (სხვა შემთხვევაში 0)

კონკრეტული მაგალითი:

მოთხოვნის ჩამოყალიბება:

(ვთქვათ, გამომცემლობისადმი, ფინანსური ორგანიზაციისადმი, დონორისადმი…)

მოგახსენებთ, რომ სსიპ პლატონ იოსელიანის სახელობის   ქუთაისის №124 სკოლის ბიბლიოთეკას სჭირდება განახლება. სკოლის ამ წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ამგვარ ხარჯებს.

მსჯელობის დასაბუთება:

ფინანსების ნაკლებობის გამო, ბოლო ათწლეულებია, სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი არ შევსებულა თანამედროვე გამოცემებით, სპეციალური და მხატვრული ლიტერატურით. ბიბლიოთეკამ დაკარგა ფუნქცია მოსწავლეები, მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი თანამედროვეობისთვის შესაფერის, საჭირო ინფორმაციას ვერ ნახულობენ იდეურ-თემატურად მოძველებულ ბეჭდურ მასალებში. ასევე, მოგახსენებთ, რომ ბიბლიოთეკის რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი გაცვეთილი და ჩამოსაწერია (დაახლოებით ათასი წიგნი, ბროშურა, სქემა, დიაგრამა და რუკა). ბიბლიოთეკას არ აქვს ციფრული (კომპიუტერული) ტექნიკაც, რომლითაც შესაძლო იქნებოდა ეფექტიანი კომუნიკაცია, სასწავლო პროცესის მოდერნიზაცია, უფასო ელექტრონული რესურსების ჩამოტვირთვა, დახარისხება და შენახვა.

 ვინაიდან ბიბლიოთეკის რესურსული უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტში თანხა არ გვაქვს, გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილი ნება და გამოგვიყოთ თანხა, ჯამურად, 5 000 (ხუთი ათასი) ლარი წიგნადი ფონდის განახლებისა და ციფრული ტექნიკის შეძენისთვის. თქვენ მიერ გაწეული ფინანსური შემოწირულობით, სკოლის ბიბლიოთეკა სრულად  შეძლებს თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

წარმოგიდგენთ ანგარიშფაქტურას, დანართის სახით, 1 (ერთ) ფურცლად.

(თარიღი, ტექსტის ავტორი)

აქვე წარმოგიდგენთ ზოგად რეკომენდაციებს ფუნქციურ-ანალიტიკურ წერასთან დაკავშირებით:

ნებისმიერი წერილობითი ტექსტი უნდა იყოს ენობრივად გამართული. ტექსტის გამართულობას მეტად ექცევა ყურადღება, როცა არამხატვრული ჟანრის ტექსტზეა საუბარი.

♦ სალიტერატურო ნორმების დაცვა მეტყველებს თქვენს განათლებასა და პროფესიულ დონეზე. ეცადეთ, არ გახვიდეთ პროფესიული „ჩარჩოებიდან“, არ მოიხმოთ ემოციური ლექსიკა და მხატვრული ხერხებით არ დახუნძლოთ ნაშრომი.

♦ წერეთ მარტივი და გასაგები, არაორაზროვანი წინადადებებით.

♦ თქვენ მიერ გადმოცემული აზრი მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოყალიბებულიუნდა იყოს.

♦ თავი აარიდეთ ბუნდოვან, რომანტიზებულ, სენტიმენტურ, ზედმეტად ემოციურ, ორაზროვან და არაფრისმთქმელ ფრაზებს, რათა თქვენი გზავნილი ადრესატმა სათანადოდ და ადეკვატურად აღიქვას.

აქვე წარმოგიდგენთ ზოგად რეკომენდაციებს აკადემიურ (ანალიტიკურ) ნაშრომთან დაკავშირებით:

საკითხის დასმა, ინფორმაციის მიწოდება (შესავალი)

ტექსტის ძირითადი სათქმელის ჩამოყალიბებამდე, შეეცადეთ აღწეროთ ზოგადი ვითარება, წარმოდგენა შეუქმენით მკითხველს იმ საკითხზე/საკითხებზე, რომელთა დასმასა და განხილვას აპირებთ, მიაწოდეთ მას ძირითადი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საკითხში გარკვევისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის შესავალი ნაწილი, რომელიც, შესაძლებელია, საქმიან დოკუმენტაციაში ვრცელი არ იყოს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მისი კარგად ორგანიზება. სასურველია მცირე შესავალი ნაწილი დახასიათების, მოხსენებითი ბარათის, პრესრელიზის და ა.შ. შექმნისას. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ტიპის წერილობით ტექსტებში, მაგალითად, ესესა და სამეცნიერო ნაშრომში, შესავალს უფრო დიდი ფუნქციური დატვირთვა აქვს და, შესაბამისად, უფრო ვრცლადაცაა წარმოდგენილი.

კარგად ჩამოყალიბებული თეზისი, ანუ ძირითადი დებულება ტექსტის ძირითადი სათქმელი, როგორც წესი, კონცენტრირებულია თეზისში. თეზისი, ანუ ძირითადი დებულება, არის ორ ან მეტწინადადებიანი მონაკვეთი, რომელშიც გამოთქმულია ავტორის მთავარი სათქმელი. იმდენად, რამდენადაც შემდგომი მსჯელობა სწორედ თეზისის მიხედვით აიგება, ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი დებულების მკაფიოდ და კარგად ჩამოყალიბება და შემდგომში მისი დასაბუთება.

არგუმენტირება – საკითხის დასმის შემდეგ აუცილებელია მისი განვრცობა და სათანადო არგუმენტებით დასაბუთება. არგუმენტაციის გარეშე ნებისმიერი დებულება კარგავს ფასს. საქმიან დოკუმენტაციაში არგუმენტად გამოიყენება სტატისტიკა, ფაქტები, არსებული ვითარება, საერთაშორისო გამოცდილება, ავტორიტეტთა მოსაზრებები და ა.შ.

დასკვნა – ზოგიერთი ტიპის საქმიან წერილობით ტექსტში აუცილებელია სათქმელის შეჯამება და დასკვნის წარმოდგენა, რათა ადრესატისთვის უფრო დამაჯერებელი, კონკრეტიზებული და მოცულობითი იყოს სათქმელი. ზოგიერთ საქმიან დოკუმენტში კი დასკვნა არის სწორედ ძირითადი მოთხოვნა/თხოვნა. როდესაც თხოვნით მიმართავთ რომელიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ჯერ კარგად ახსენით არსებული ვითარება, ჩამოაყალიბეთ თქვენი სათქმელი, თხოვნის შინაარსი, რათა ადრესატისათვის ნათელი და გასაგები იყოს თქვენი კონკრეტული მოთხოვნის არსი. შემდეგ მოიყვანეთ სათანადო არგუმენტები, რომელთა საშუალებითაც დაარწმუნებთ მას, რომ თქვენი მოთხოვნა არის მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი. ბოლოს დასკვნის სახით კიდევ ერთხელ კონკრეტულად შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი თხოვნა და შეაჯამოთ სათქმელი.

როლანდ ხოჯანაშვილი – ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები