ზვიად გაბისონია ცვლილებების შესახებ

0
265

3+1 მოდელი – რას გულისხმობს, რა იცვლება და რა მიზანს ემსახურება

მოგეხსენებათ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი გახლდათ 3+1-ზე გადასვლა, ანუ ეს ნიშნავს 4+2 იცვლება 3+1 მოდელად, ანუ 3 წელი ბაკალავრიატი და პლუს 1 წელი მაგისტრატურა, მაგრამ იმის გამო, რომ მაგისტრატურას ბოლონიის პროცესი გარკვეული რაოდენობის კრედიტების ოდენობას უკავშირებს და ასეთი კრედიტი გახლავთ 300 კრედიტი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ მაგისტრებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ დოქტურანტურაში გააგრძელონ სწავლა და მეცნიერებას დაუთმონ შემდგომი წლები, მათთვის იქნება დამატებული კიდევ ერთი წელი, ანუ 1+1 მოდელი სწორედ ამას გულისხმობს. შესაბამისად, მოდელი 3+1+1 გულისხმობს : 3 წელი ბაკალავრიატს, 1 წელი მაგისტრატურას და პლუს 1 წელი იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრს უნდა დოქტურანტურაში, ანუ სამეცნიერო საქმიანობა გააგრძელოს.

რომელ მიმართულებებს არ შეეხება ეს ცვლილება და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს გარდამავალი პერიოდი, როდესაც ახალ სისტემაზე გადავალთ?

იმავე ევროპული სტანდარტების მიხედვით, არსებობს ე.წ. რეგულირებადი პროფესიები, რომლებიც, ვთქვათ, 3+1-ს აღემატება, ანუ მაგალითად, 3 წელი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მედიცინის ან არქიტექტურის მიმართულებით იქნას გარკვეული ტიპის პროფესიამდე მისვლა. არის, ასევე, ჩვენი კანონმდებლობით რეგულირებადი პროფესიები, მაგალითად, სამართალი, ჩვენი კანონმდებლობით, რეგულირებად პროფესიებს განეკუთვნება, ხოლო ევროკავშირის სტანდარტში, ბევრგან, არ არის რეგულირებადი. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი კანონმდებლობა რეგულირებადს განმარტავს, როგორც ისეთ პროფესიას, რომელსაც, პროფესიაში შესასვლელად, ცალკე გამოცდა სჭირდება. მაგალითად, თქვენ იცით, რომ მოსამართლე ან ნოტარიუსი რომ გახდეთ, ამისათვის სპეციალიზებული გამოცდები უნდა ჩააბაროთ. აი, ამ ლოგიკაზეა აგებული. შესაბამისად, 3+1 იქნება კლასიკური მოდელი ყველა პროფესიისთვის, ხოლო გამონაკლისი იქნება მედიცინა ან მსგავსი სხვა რეგულირებადი მიმართულებები, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეს, 3-ის ნაცვლად, 4, 5 ან 6 წელიც კი (ბაკალავრიატს ვგულისხმობ).

მაგისტრატურის მოდელს რაც შეეხება, 1+1 სტანდარტულად დარჩება. იმ შემთხვევაში, თუ დოქტურანტურაშია, მაშინ 2 წელს ისწავლის, ხოლო დოქტურანტურასი, კლასიკურად, 3-წლიანი პროგრამა იქნება. თუმცა, იქაც ვამუშავებთ ერთ ძალიან საინტერესო მოდელს, როდესაც დოქტურანტურა შეიძლება 2 კატეგორიად გავყოთ. ორივე 3-წლიანი მიმართულება იქნება, მაგრამ ერთი იქნება (ესეც ძალიან ცნობილია ევროკავშირში) ე.წ. პრაქტიკული, ანუ ინდუსტრიული დოქტურანტურა და კლასიკური PhD, ანუ ფილოსოფიის დოქტორი, რომლის საფუძველი არის ახალი ცოდნის აღმოჩენა და უშუალოდ მეცნიერებაში გაყოლა.

11-წლიანი განათლებით შესაძლებს თუ არა ახალგაზრდა ევროპაში სწავლის გაგრძელებას

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ 11, 12 ან 13 წელს განსაზღვრავს კონკრეტული შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნისა, ამიტომ არანაირ ბოლონიის პროცესთან ან რაიმე ტიპის კონვენციასთან ეს კავშირში არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს თავისი საფუძველი იმისათვის, რომ განსხვავებული მოთხოვნა დააყენოს. ასეთი 12 წელი, ვადასტურებთ, რომ არის ევროკავშირის უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის, ესპანეთს 13 წელი აქვს. ამ ლოგიკით, კონკრეტული ქვეყნიდან გამომდინარე, ვერ ვიზამთ ამას, თუმცა, იმის გამო, რომ არც ერთი პოტენციური სტუდენტის ინტერესი არ დარჩეს გაუთვალისწინებელი და არ ჩავთვალოთ ის, რომ შესაძლებელია რომელიღაც სტუდენტს გარკვეული ტიპის ტექნიკური ბარიერები შეექმნას, განათლების სამინისტრო ამუშავებს მოდელს, რომელიც დეკემბრის დასაწყისში იქნება ერთიან კონცეფციაში წარმოდგენილი და რომელსაც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი წარმოადგენს. ეს იქნება ზოგადი განათლების რეფორმის მიმართულებით პრეზენტაცია, სადაც ძალიან ნათლად ვაჩვენებთ რა ტიპის მოდელს ვთავაზობთ, სადაც პრაქტიკულად ასეთი ბავშვების ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული. სტატისტიკურად, თქვენ იცით, რომ საკმაოდ მცირეა მათი რაოდენობა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბავშვის ინტერესი იყოს დაცული და არ იყოს გარკვეული ბარიერები. ამიტომ, ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, რომ 12 კლასი, ოფციის სახით, იქნება შენარჩუნებული როგორც კერძო სკოლებში, ასევე, შესაძლებელია,  საჯარო სკოლებშიც, გარკვეული ტიპის კლასების დამატებით. ეს დამოკიდებულია რაოდენობაზე. ვფიქრობთ, რომ ამაზე, დეტალურად მინისტრი ისაუბრებს. ვფიქრობთ, რომ შეიძლება გარკვეული ტიპის წინასწარი რეგისტრაციები დავიწყოთ, რომ ვნახოთ, რა რაოდენობის მოსწავლეებზეა ლაპარაკი, რომ ამის მიხედვით დავამატოთ იმავე საჯარო სკოლებში სპეციალიზებული მე-12 კლასის ნაწილი. ეს, რაც შეეხება საჯარო სკოლებს და კერძო სკოლებში გადაწყვეტილია, რომ იქნება მე-12 კლასი? დიდი ალბათობით, ამ ოფციას დავუშვებთ.

იმ შემთხვევაში, თუ 11 კლასზე გადავეწყობით, როგორ განისაზღვრება მე-12 კლასის პროგრამა

არ მინდა, რომ გავასწრო მოვლენებს, მირჩევნია, მინისტრმა დააანონსოს. ძალიან დეტალებში იქნება ეს გაწერილი. რა თქმა უნდა, არსებობს მოდელები, რომლებსაც ვამუშავებთ. ამაზე მუშაობენ დარგის პროფესიონალები და არც ერთი შეკითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი.

რეპეტიტორები – შეუძლიათ თუ არა პედაგოგებს, სკოლის პარალელურად, მოამზადონ ბავშვები გამოცდებისთვის

პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, არის ის, რომ საუბარია არა განათლების კანონმდებლობაზე, არამედ კორუფციის და ინტერესთა შეუთავსებლობის კანონზე, რომელიც საერთოდ კავშირში არ არის უშუალოდ განათლების სისტემასთან. ეს ეხება მთელ საჯარო სექტორს, მათ შორის განათლების სისტემას. ამ სისტემაში შემავალ პედაგოგებს ეზღუდებათ ისევე, როგორც სხვა მიმართულებით არსებულ პროფესიებს, გარკვეული ტიპის საქმიანობა ან სამეცნიერო-პედაგოგიური მიმართულებით, აქვთ უფლება, თუ დამსაქმებლის წერილობითი თანხმობა მიიღო. ამას ამბობს კორუფციის წინააღმდეგ კანონი და არა განათლების კანონმდებლობა.

საქმე ის გახლავთ, რომ რეპეტიტორის ცნება არ არის განმარტებული ქართული საგანმანათლებლო კანონმდებლობით. განათლების შესახებ არც ერთ კანონში ცნება “რეპეტიტორი” განმარტებული არ არის, შესაბამისად, ამ საქმიანობას ვერ გავუთანაბრებთ, სამართლებრივად, ვერც ერთ შემთხვევაში, პედაგოგიურ საქმიანობას. ამიტომ ასე შეიძლება განვმარტოთ: იმ შმთხვევაში, თუ საუბარია ისეთი ტიპის რეპეტიტორ ფირმებზე, რომლებზეც მუშაობენ ტრენინგის მოდელით, იურიდიული პირის, მეწარმის სახით არიან რეგისტრირებული, ესი განიხილება პედაგოგიურ, შესაბამისად, ანაზღაურებად საქმიანობად. ამიტომ, მათ სჭირდებათ შესაბამისი ხელმძღვანელისგან წერილობითი თანხმობა. ეს თანხმობა მინისტრმა ძალიან ნათლად განმარტა გუშინდელ ინტერვიუში, რომ ეს არის ფორმალური და მოწმდება მხოლოდ ის ნაწილი, ხომ არ იკვეთება საათობრივი დატვირთვა, მაგალითად, როდესაც სკოლაში უნდა ჩაატაროს პედაგოგმა გაკვეთილი და ამ დროს, პარალელურად, სადღაც, ტრენინგცენტრში ატარებს. მხოლოდ ამ ნაწილში მოწმდება.

თუ მასწავლებელს გაუჩნდა განცდა, რომ მას უსამართლოდ შეუზღუდეს გარკვეული საქმიანობა, ამ შემთხვევაში, განათლების სამინისტროს უნდა მიმართოს?

ამაზეც გუშინ მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენი რეკომენდაციაა და ჩვენი მითითებაა სკოლების ხელმძღვანელებისადმი, რომ არანაირი დამატებითი ბარიერი, გარდა იმ კრიტერიუმისა, რაც კანონით არის დადგენილი, არ შეუქმნან არც ერთ პედაგოგს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ზედამხედველი სამინისტრო ვართ და ამის ბერკეტები გვაქვს.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ