27 ივლისი, შაბათი, 2024

ზეპირმეტყველების განვითარება ინგლისურ ენაში –  პრაქტიკული რჩევები

spot_img

თამარ ჯიქია

თბილისის N214 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

ზეპირმეტყველება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მოსწავლეებში. მხოლოდ უცხო სიტყვებისა თუ ფრაზების დაზეპირება შედეგს ვერ მოგვცემს. თუ მოსწავლე ეცდება მითითებულ სიტყვაზე მოიფიქროს წინადადება და შეეცადოს მის წარმოთქმას, ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამ შემთხვევაში, მოსწავლე სიტყვას შეისწავლის გააზრებულად, ყურადღებას ამახვილებს წინადადების წყობაზე, გრამატიკულ დროზე, წინდებულსა თუ არტიკლზე; ცოდნის რეალიზება ხდება არა ერთი კუთხით, არამედ ის ამჟღავნებს მიღებულ ცოდნას წინარე გაკვეთილებიდან, რომელიც არის საყრდენი ახალი ცოდნისთვის.

სწავლების პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს. რასაკვირველია, თუ მოსწავლეს მარტივი ზმნის ფორმებს არ შევასწავლით, ის ვერ შეძლებს გრამატიკული დროის გააზრებას. აგრეთვე, თუ მარტივი სიტყვებით და ფრაზებით არ დავიწყებთ შესწავლას, რთული წინადადებები მისთვის გაუგებარი იქნება. სწავლებისას აუცილებელია მოსწავლის დონის განსაზღვრა და შესასწავლ საკითხებს შორის სწორი თანმიმდევრობის დაცვა.

როდესაც მოსწავლეს ეძლევა დავალება შესასრულებლად (ტექსტთან ახლოს დიალოგი ან მოთხრობა), აუცილებელია მოსწავლისგან მოვითხოვოთ საკუთარი სიტყვებით გადმოცემა. მართალია, მან უნდა გამოიყენოს შესწავლილი გრამატიკული მასალა თუ ლექსიკური ერთეული, მაგრამ მისი წარმოთქმული სიტყვები უნდა იყოს გააზრებული და არა დაზეპირებული. აუცილებელი არ არის, მოსწავლემ ყველა სიტყვა თუ წინადადება გადმოსცეს მოყოლისას. ასეთ შემთხვევაში, ისინი ზეპირმეტყველებას ვერ მიეჩვევიან, რადგან ვერც დროში გადაყვანას მოახერხებენ და ვერც სინონიმების გამოყენებას. ჩვენ ვასწავლით მოსწავლეს არა იმისთვის, რომ კონკრეტული ზღაპარი მოუყვეს ვინმეს, არამედ მოახდინოს ცოდნის ტრანსფერი, მსგავსი სიტყვებით თავად შეადგინოს წინადადებები და გადმოსცეს სრულიად სხვა ამბავი ან იმსჯელოს სხვა თემაზე, გამოიყენოს საკომუნიკაციოდ.

ბევრი კითხვა მეტყველების უნარს ავითარებს. ინგლისურენოვანი ტექსტები, რომლებსაც მასწავლებლები აწვდიან მოსწავლეებს, ისეთივე ტიპის უნდა იყოს, როგორსაც მოსწავლეები სიამოვნებით წაიკითხავდნენ მშობლიურ ენაზე.

კითხვას აქვს სტრატეგიები, როგორიცაა:

♦ ტექსტის კითხვა არსის სწრაფად გასაგებად და არა კონკრეტულ დეტალებზე ყურადღების გასამახვილებლად (Skimming);

♦ სწრაფად კითხვა კონკრეტული ინფორმაციის მოსაძებნად (Scanning);

♦ მეტი დროის დათმობა ტექსტის ყურადღებით წასაკითხად (Reading intensively);

♦ ტექსტის წაკითხვამდე სათაურის და სურათების გადახედვა, წინასწარ შინაარსის ვარაუდისთვის (Predicting);

♦ თემის განხილვა სხვადასხვა პერსპექტივიდან, მაკავშირებელი გამონათქვამების გამოყენებით (როგორიცაა: To start with; By the same taken; On the other hand; In a similar manner; As opposed to; In another case of and so on) და ტექსტის გაგებაში დასახმარებლად (Looking for cohesive devices );

♦ უცნობი სიტყვების მნიშვნელობის ვარაუდი კონტექსტიდან გამომდინარე, ტექსტის აზრის გასაგებად (guessing the meaning of vocabulary from context).

უფრო კონკრეტულად შევეხები კითხვის უნარის გაუმჯობესების პირდაპირ კავშირს მეტყველების უნართან. კითხვის პროცესში მოსწავლე აღიქვამს:

♦ როგორ აკავშირებს სიტყვები და გამოთქმები ტექსტის სხვადასხვა აზრს ერთმანეთთან (Reference  words);

♦ სიტყვებს რომლებიც ასახავს ტექსტის მონაკვეთებს შორის ურთიერთობას (Conjunctions);

♦ გრამატიკულ სტრუქტურას, რომელიც გამოხატავს მოვლენის პროცესს და მოქმედებას (Tense and aspect);

♦ გამოყენებულ სხვადასხვა სინონიმურ სიტყვებს, სიტყვათშეთანხმებას და ლექსიკურ სიმრავლეს (lexis).

ნიმუშად მოვიყვან რამოდენიმე კონკრეტულ აქტივობას. მასწავლებელმა შეიძლება ტექსტი სახელმძღვანელოდან აირჩიოს ან სხვა, დამატებითი, რესურსი გამოიყენოს, რასაც მისცემს მოსწავლეებს წასაკითხად და მათ დამოუკიდებლად ტექსტის გარჩევას შესთავაზებს; ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეებს მოუწევთ უცხო სიტყვების მნიშვნელობის ვარაუდი კონტექსტიდან გამომდინარე; მუშაობის ტიპი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური; მოსწავლეების აზრი, ტექსტის თემიდან გამომდინარე, მასწავლებელმა დაფაზე უნდა დაწეროს და მოსთხოვოს მათ, თავიანთი აზრი ტექსტის ავტორის დამოკიდებულებას და მთავარ სათქმელს შეადარონ ( We give our learners the text and ask them to predict the words they will find in the story. We ask them to do activity in groups or as a whole class; Then write their ideas on the board and later in the lesson, we ask learners to compare their ideas with the text ).

ასევე შესაძლებელია მოსწავლეს, სანამ ტექსტის აზრს გავაცნობთ, დავუსვათ შეკითხვები, სათაურიდან და სურათებიდან გამომდინარე, რის შესახებ შეიძლება იყოს ტექსტი. ტექსტის წაკითხვის შემდეგ, მივცეთ მისი თავდაპირველი აზრის ტექსტიდან მიღებულ ცოდნასთან შედარების უფლება. თავად გადმოსცენ რომელი ვარაუდი დაემთხვა წინასწარ გამოთქმულ მოსაზრებას.

ასევე შეიძლება მოსწავლეებს წინასწარ გავაცნოთ ტექსტის უცხო სიტყვების მნიშვნელობა და შემდეგ წავაკითხოთ ტექსტი, ვთხოვოთ საკვანძო სიტყვების შემოთავაზება, რასაც დაფაზე მივაწერთ, დაბოლოს, ამ სიტყვებიდან შექმნან მოთხრობა, ამბავი (Inviting our learners to create a story using the words on the board. This activity focuses the learners on the idea of a personal story. This can require more time , but it also supports learners by giving the more time to think of different ideas together).

მოსწავლის მიერ მოთხრობის გადმოცემისას დაშვებული შეცდომები მასწავლებელმა უნდა ჩაინიშნოს. ამბის თხრობის დასრულების შემდეგ კი, მასთან ერთად გაარჩიოს და თავად მიიყვანოს მოსწავლე სწორად, გამართულად აგებულ წინადადებამდე. თუ მოსწავლე არასწორად წარმოსთქვამს სიტყვას, აუცილებელია, მოსასმენი დავალების მეშვეობით, აღმოვფხვრათ პრობლემა. იმ შემთხვევაში, თუ მეტყველებისას შესაბამის სიტყვას ვერ იხსენებს, სინონიმური სიტყვა უნდა შევთავაზოთ ან იმ სიტყვის გამოყენებით მოვიყვანოთ მაგალითი, რომ მივახვედროთ რომელი სიტყვაა მისი წინადადების მოსარგი.

მეტყველების გაუმჯობესებისთვის ეფექტურია სხვადასხვა მეთოდის გამოყენება:

⇒ Brainstorming – როდესაც მოსწავლეები მცირე ჯგუფებში მუშაობენ და აზრს უზიარებენ ერთმანეთს, შემდეგ – მთლიან კლასს. მათ შეუძლიათ იფიქრონ თავისუფლად და შემოქმედებითად;

⇒ Mind map – გონების რუკა უფრო სტრუქტურირებული აქტივობაა და მოსწავლეებს იდეებს შორის ურთიერთობის ჩვენებაში ეხმარება, ასევე აზრების დაჯგუფებაში, რის შედეგადაც წარმოიშობა დისკუსია და დავალება უფრო საინტერესო ხდება;

⇒ Questioning – მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად, რათა შექმნან შეკითხვები კონკრეტულ თემაზე. ეს მათ ეხმარება აუდიტორიაზე ფოკუსირებაში, რადგან ისინი, შეკითხვებით, ხაზს უსვამენ იმ ძირითად თემას, რაც მკითხველმა უნდა იცოდეს;

⇒ Storyboard – სურათების გამოყენებით მოთხრობის აზრის გაგება და გადმოცემა;

⇒ Chain – მოვლენათა თანმიმდევრობის დიაგრამა. მაგალითად, როდესაც აღწერ რა თანმიმდევრობით ხდება ამბავში მოქმედებები;

⇒ Role play – როლური თამაში მოსწავლეს ეხმარება შეასრულოს სხვადასხვა როლი, მოერგოს განსხვავებულ კონტექსტს. ამ შემთხვევაში, მასწავლებელი აძლევს ინფორმაციას მოსწავლეს თუ ვისი როლის შესრულება უწევს;

⇒ Story completion – ამ აქტივობისას, მოსწავლეები სხედან წრეში. მასწავლებელი იწყებს ამბის მოყოლას, რამდენიმე წინადადების შემდეგ წყევტს თხრობას, შემდეგ თითოეული მოსწავლე იწყებს თხრობას იმ ადგილიდან, სადაც წინა მთხრობელი გაჩერდა. ამ აქტივობაში ყველა მოსწავლე უშუალოდაა ჩართული, რადგან ყველამ უნდა დაამატოს რამდენიმე წინადადება. მოსწავლეებს შეუძლიათ დაამატონ ახალი პერსონაჟები ან მოვლენები;

⇒ Information gap – ამ აქტივობისას, მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ წყვილებში. ერთ მოსწავლეს ექნება ინფორმაცია იმაზე, რაზეც მეორეს არ აქვს და ერთმანეთს უნდა გაუზიარონ ეს ინფორმაცია, შეაგროვონ სრული ინფორმაცია, სხვანაირად ისინი თავდაპირველ ინფორმაციას ვერ შეავსებენ.

⇒ Discussions – როდესაც გაკვეთილის მიზანია დასკვნის გამოტანა, იდეის გაზიარება. მასწავლებელმა, აქტივობის დაწყებამდე, მოსწავლეებს სადისკუსიო თემა უნდა გააცნოს, რომ მათი დასკვნა მიზნის შესაბამისი იყოს. შეუძლია მოსწავლეები მათ მიერ გამოხატული აზრის მიხედვით დააჯგუფოს და აზრის არგუმენტირებულად გამოხატვის საშუალება მისცეს.

მსგავსი აქტივობების გამოყენება აუმჯობესებს და ხელს უწყობს ზეპირმტყველების თანდათანობით დახვეწასა და განვითარებას. აქტივობების მრავალფეროვნება მოსწავლეს ააქტიურებს სასწავლო პროცესში და, ამავდროულად, სწავლას უფრო შინაარსიანსა და სახალისოს ხდის.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები