20 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2021

„ზემოქმედება მნიშვნელოვანია და ეს აისბერგის მხოლოდ წვერია“ – ჰენრიეტა ფორე 

spot_img
♦ კოვიდ-19-ის გავლენა ბავშვებისა და ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე

ბავშვებისა და ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე კოვიდ-19-მა შეიძლება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქონიოს ზეგავლენა, აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდი თავის წამყვან ანგარიშში.

21-ე საუკუნეში, ჯერ კიდევ კოვიდ-19-მდე, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული, ბავშვების, მოზარდების და აღმზრდელების მენტალური ჯანმრთელობის ყველაზე სიღრმისეული ანალიზის – მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2021: ჩემს გონებაში: ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის დაცვა, ზრუნვა და ხელშეწყობა – თანახმად, ბავშვები და ახალგაზრდები თავად უმკლავდებოდნენ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს, ყოველგვარი დახმარების გარეშე.

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, 10-19 წლის ყოველი 7 მოზარდიდან ერთზე მეტს აქვს მენტალური აშლილობის დიაგნოზი. ყოველწლიურად, თითქმის, 46 000 მოზარდი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილის ხუთ წამყვან მიზეზს შორისაა. ამ დროს კი, მენტალური ჯანმრთელობის საჭიროებებსა და მენტალური ჯანმრთელობის დაფინანსებას შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი არსებობს. ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, ჯანდაცვის სამთავრობო ბიუჯეტების, დაახლოებით, 2%-ია გამოყოფილი მენტალური ჯანმრთელობის ხარჯებისათვის.

ეს 18 თვე ძალიან გრძელი გამოდგა ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისათვის. ლოქდაუნების და პანდემიით გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვების გამო, ბავშვებმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები ოჯახისგან, მეგობრებისგან, საკლასო ოთახებისგან, თამაშისგან შორს გაატარეს, რაც თავად ბავშვობის განუყოფელი ელემენტებია, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰენრიეტა ფორემ, – ზემოქმედება მნიშვნელოვანია და ეს აისბერგის მხოლოდ წვერია. პანდემიის დაწყებამდეც ძალიან ბევრი ბავშვი იმყოფებოდა მენტალური ჯანმრთელობის უგულვებელყოფილი პრობლემების წინაშე. ზედმეტად მცირეა მთავრობების მიერ ამ კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გაწეული ინვესტიციები. არასათანადო მნიშვნელობა ენიჭება მენტალურ ჯანმრთელობასა და სამომავლო ცხოვრებისეულ მიღწევებს შორის ურთიერთკავშირს.“

ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობა კოვიდ-19-ის დროს

პანდემიამ მართლაც თავისი დაღი დაასვა ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობას. გაეროს ბავშვთა ფონდის და გელაპის ინსტიტუტის მიერ, მსოფლიოს 21 ქვეყანაში, ბავშვებისა და ზრდასრულების საერთაშორისო კვლევის საწყისი მიგნებების თანახმად, რომელიც განხილულია ანგარიშში „მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2021“, 15-24 წლის ასაკის გამოკითხული ყოველი 5 ახალგაზრდიდან ერთი აღნიშნავდა, რომ ხშირად განიცდის დეპრესიას ან არ აქვს რამის კეთების ხალისი.

კოვიდ-19 მესამე წელს ითვლის და მისი ზემოქმედება ბავშვებისა და ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე კვლავ დიდია. გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, ყოველი 7 ბავშვიდან, სულ მცირე, ერთ ბავშვზე ლოქდაუნებმა პირდაპირი ზეგავლენა იქონია, ხოლო 1.6 მილიარდზე მეტმა გარკვეული სახის საგანმანათლებლო დანაკარგი განიცადა. ყოველდღიური რუტინების, განათლების, რეკრეაციული აქტივობების რღვევა და ოჯახის შემოსავალსა და ჯანმრთელობაზე ნერვიულობა ბევრ ახალგაზრდას მომავლისადმი შიშის, სიბრაზის და მღელვარების შეგრძნებას უჩენს. მაგალითად, , 2020 წელს ჩინეთში ჩატარებულმა ონლაინ კვლევამ, რომელიც მოხსენიებულია ანგარიშში „მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა“, აღნიშნულია, რომ რესპონდენტთა თითქმის მესამედი განიცდიდა შიშსა და შფოთვას.

რა დაუჯდება ეს საზოგადოებას

დიაგნოსტირებულ მენტალურ დაავადებებს, მათ შორის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს, შფოთვას, აუტიზმს, ბიპოლარულ აშლილობას, ქცევის აშლილობას, დეპრესიას, კვებით აშლილობას, გონებრივ ჩამორჩენილობას და შიზოფრენიას შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობას და უარყოფითი გავლენა იქონიოს მათ განათლებაზე, ცხოვრებასა და შრომისუნარიანობაზე.

ამ ანგარიშში მოხსენიებული ლონდონის ეკონომიკის სკოლის ახალი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდების მენტალური აშლილობებით ან სიკვდილიანობით გამოწვეული დანაკარგი მსოფლიო ეკონომიკაში, წელიწადში, 390 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

დამცავი ფაქტორები

ანგარიშის თანახმად, ადრეული ასაკიდან, გენეტიკის, გამოცდილებისა და გარემო ფაქტორების ერთობლიობა, მათ შორის აღზრდა, სკოლა, ურთიერთობათა ხარისხი, ძალადობა და სასტიკი მოპყრობა, დისკრიმინაცია, სიღარიბე, ჰუმანიტარული კრიზისი და ისეთი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ექსტრემალური სიტუაციები, როგორიცაა კოვიდ-19, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე მთელი მათი ცხოვრების მანძილზე.

მართალია, ისეთი დამცავი ფაქტორები, როგორიცაა მოსიყვარულე აღმზრდელები, უსაფრთხო გარემო სკოლაში და დადებითი ურთიერთობები თანატოლებთან, ხელს უწყობს მენტალური აშლილობის რისკის შემცირებას. ანგარიში გვაფრთხილებს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ბარიერები, მათ შორის სტიგმა და დაფინანსების ნაკლებობა, რაც აფერხებს ბევრ ბავშვის მენტალური ჯანმრთელობის განვითარებასა და საჭირო მხარდაჭერის მიღებას.

„მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2021“ მოუწოდებს მთავრობებს და საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, აიღონ ვალდებულება, რომ ექნებათ კომუნიკაცია და იმოქმედებენ ყველა ბავშვის, მოზარდისა და აღმზრდელის მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის, დაიცავე მათ, ვისაც დახმარება ესაჭიროება და იზრუნებენ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. ამისათვის აუცილებელია:

♦ სექტორთა შორის ბავშვებისა და მოზარდების მენტალურ ჯანმრთელობაში სასწრაფო ინვესტიცია, რათა მოხდეს პრევენციის, წახალისების და მკურნალობის მთლიანად საზოგადოებრივი მიდგომის დანერგვა;

♦ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სექტორებს შორის მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინტერვენციების ინტეგრირება და გაფართოება, მათ შორის, ისეთი აღმზრდელობითი პროგრამები, რომლებიც მხარს უჭერს გულისხმიერ, ყურადღებიან გარემოს და ხელს უწყობს მშობლისა და აღმზრდელის მენტალურ ჯანმრთელობას; აგრეთვე უზრუნველყოფს მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერას სკოლებში, ხარისხიანი მომსახურების და პოზიტიური ურთიერთობების გზით;

♦ მენტალური ჯანმრთელობის გარშემო სიჩუმის დარღვევა, არსებული სტიგმის დაძლევითა და მენტალური ჯანმრთელობის უკეთ გაგების ხელშეწყობით და ბავშვებისა და ახალგაზრდების გამოცდილებისადმი მეტი ყურადღების გამოჩენით.

ჰენრიეტა ფორე:,„მენტალური ჯანმრთელობა ფიზიკური ჯანმრთელობის ნაწილია. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, გავაგრძელოთ მისი სხვა ჭრილში აღქმა, ძალიან დიდხანს, განურჩევლად, მდიდარ თუ ღარიბ ქვეყნებში, ჩვენ ვხედავდით ბავშვების მენტალური ჯანმრთელობისადმი მიდგომის დაბალ კომპეტენციასა და უმნიშვნელო ინვესტიციებს. ეს უნდა შეიცვალოს.“

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები