თანამედროვე განათლება ორიენტირებულია მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე, მათთვის ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რაც დაეხმარება, მიღებული ცოდნა არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებაში გამოიყენონ. ამიტომ სწავლების პროცესში უნდა დაიგეგმოს ისეთი აქტივობები და მეთოდები, რომლებიც ასეთი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსწავლეთა ინტერესი და შესაძლებლობები.
დაწყებითი მათემატიკის სწავლების პროცესში, მოსწავლეთა ზეპირი მეტყველების განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა ზეპირგამოანგარიშებათა უნარ-ჩვევების ფლობა. ზეპირ ანგარიშს დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს დაწყებითი მათემატიკის ყოველ გაკვეთილზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა წინარე ცოდნის გააქტიურება, ახალ მასალაზე გადასვლა და ა.შ. ზეპირი ანგარიშის გზით ხდება. ზეპირი ანგარიშის დროს მოსწავლე მექანიკურად კი არ აწარმოებს რიცხვებზე მოქმედებას, არამედ იგი რიცხვს წარმოადგენს მისი შემადგენელი ნაწილების გათვალისწინებით. აქ მოსწავლე გრძნობს, რომ მას „მკვდარ“ ციფრთან კი არა აქვს შეხება, არამედ — „ცოცხალ რიცხვებთან“, რომლებზედაც გააზრებულად აწარმოებს ამა თუ იმ მოქმედებას და ცდილობს მიიღოს პასუხი. ზეპირი ანგარიში დროის დიდ ეკონომიას გვაძლევს, ასე შეგვიძლია გამოვავლინოთ ის მოსწავლეები, რომლებსაც დახმარება სჭირდება. ცნობილია, რომ ყოველ მოსწავლეს სხვადასხვა აზროვნების ტემპი აქვს, ზოგი სწრაფია, ზოგი ნელა აზროვნებს. ამიტომ, ზეპირი ანგარიშის დროს, მეტად მომგებიანია შესაბამისი თემატური თამაშის შემუშავება, თამაშის წყალობით მტკიცე, შეგნებულ ცოდნას მიიღებენ მოსწავლეები. დაწყებით საფეხურზე ბავშვის ყურადღება მიჯაჭვულია თამაშთან, თამაში ააქტიურებს ზეპირი ანგარიშის უნარ-ჩვევებს, უხდებათ ადრე მიღებული ცოდნის გადატანა მათთვის სასურველ გარემოში. თამაშის დროს მოსწავლეებში წარმოიქმნება დადებითი ემოციები, რაც, თავის მხრივ, სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს, ეს კი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მაქსიმალურად განივითარონ მაღალი სააზროვნო უნარები. აქვე დავძენთ, რომ არაა საჭირო ცნებების, განმარტებების, ზეპირი ანგარიშის ყველა წესისა და ხერხის დაზეპირება. მაგრამ სწავლება ისე უნდა წარიმართოს, რომ მოსწავლეები კარგად ერკვეოდნენ არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებებში და, ამ თვისებების ყოველ შესაძლო შემთხვევაში გამოყენებით, თვითონ ქმნიდნენ ამა თუ იმ მაგალითს ზეპირად და მოკლე გზით გადაჭრის ხერხებსაც თვითონვე შეიმუშავებდნენ.
ერთი რამ კი უდავოდ ცხადია,ზეპირი ანგარიშის პროცესი აზროვნების მეტად რთული პროცესია და მეხსიერებისა და ყურადღების დიდ დაძაბულობას მოითხოვს. ამიტომ, ყოველ გაკვეთილზე, მცირე დრო უნდა დაეთმოს, რომ მოსწავლეები არ გადაიღალონ! საჭიროა შესწავლილი ხერხების ხშირი გამეორება სახალისო ფორმით!
დაწყებით კლასებშივე ეყრება საფუძველი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას. პატარები ყოველ ნაბიჯზე ხედავენ, რომ ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს მათემატიკურ ცნებათა ანალოგიები. ამიტომ, დაწყებითი მათემატიკის კურსში, არც ერთი საკითხის სწავლება არ შეიძლება რეალობისაგან მოწყვეტით. სწორედ ეს არის თანამედროვე განათლების უპირველესი მოთხოვნა.
თამარ ბერიძე, სსიპ ბათუმის №17 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი