20 მაისი, ორშაბათი, 2024

ზაქარია ჭიჭინაძე – აჭარის მოჭირნახულე

spot_img

ნოდარ ბასილაძე

პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემიის ლაურეატი

 

თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ერთი საფლავის ქვას აწერია – ზაქარია ჭიჭინაძე. ვინ იყო და რა დამსახურებისთვის დაკრძალეს იგი მთაწმინდის პანთეონში?

ზაქარია ჭიჭინაძე იყო ჩვენი ერისა და ქვეყნის სასიქადულო მამულიშვილი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1854 წლის 8 თებერვალს, თბილისში, მთაწმინდაზე, ღარიბი ხელოსნის – ეგნატე ჭიჭინაძის ოჯახში. ის მშობლების მეთხუთმეტე შვილი ყოფილა. დაწყებითი განათლება თბილისში მიუღია, ჯერ ქაშვეთის, ხოლო შემდეგ მთაწმინდის სამრევლო სკოლაში. მცირე ხნით, ერეკლე ბატონიშვილის სკოლაშიც დადიოდა. კარგად სწავლობდა, მაგრამ 13 წლის ასაკში სკოლის მიტოვება მოუხდა. შემდეგ იწყებს მუშაობას სხვადასხვა ადგილას, ამასთან, გატაცებით ეუფლება ცოდნას, თვითგანათლებას. განსაკუთრებით იტაცებდა ისტორია და გეოგრაფია, აგროვებდა ძველ ხელნაწერებსა და წიგნებს.

1869 წელს ზაქარია დაუახლოვდა ცნობილ ქართველ პუბლიცისტს, ჟურნალისტს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწე სერგეი მესხს, რომელმაც იგი გაზეთ „დროების“ თანამშრომლად მიიწვია. 1872 წლიდან ზაქარია ჯერ ამ გაზეთში, ხოლო შემდეგ სხვა გაზეთებშიც აქვეყნებდა წერილებს, „მთაწმინდელის“ ფსევდონიმით, ძირითადად, საქართველოს კულტურის ისტორიისა და განათლების საკითხებზე. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქართულ ხელნაწერთა შეგროვებასა და წიგნების გამოცემა-გავრცელებაში, განსაკუთრებით აჭარასა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.

ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა რობერტ ოუენის, შარლ ფურიეს, სენ-სიმონის, პრუდონის, ლასალის, ლუი ბლანისა და სხვათა ბიოგრაფიები.

წიგნების გამოცემა ზაქარიას 1875 წელს დაუწყია, საკუთარ სტამბაში. მის მიერ გამოცემულ წიგნთა შორისაა დიმიტრი ბაქრაძისა და მოსე ჯანაშვილის ცალკეული შრომები, მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი“, იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“, პლატონ იოსელიანის „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“, თეიმურაზ პირველის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა ლექსები.

ზაქარია თვითონაც ნაყოფიერი ავტორი იყო, 250-მდე წიგნი ჰქონია დაწერილი, რომელთაგან ნახევარიც არაა გამოცემული. იგი თანამშრომლობდა თითქმის ყველა იმდროინდელ ბეჭდვით ორგანოში.

იოსებ იმედაშვილი ზაქარია ჭიჭინაძის განსაკუთრებულ დამსახურებად მიიჩნევს ქართველ მუსლიმანთა დედასამშობლოსთან დაახლოების საქმეს.  იგი არა მარტო ხშირად დადიოდა აჭარაში და წიგნებს ავრცელებდა, არამედ გაზეთ „ივერიაში“ საინტერესო კორესპონდენციებსაც აქვეყნებდა აჭარის შესახებ, პარალელურად, თავადაც გამოსცემდა სამუსლიმანო საქართველოს შესახებ წიგნებს. მუსლიმანებთან დაახლოებისა და მათი გულის მოგების მიზნით, მეჩეთშიც დადიოდა და მუხლებზე დაჩოქილი არაბულ ლოცვებს წარმოთქვამდა. ამასთან, არაბულ ლოცვებს ქართულად ბეჭდავდა, აქვე ურთავდა ანბანს, ქართველ მუსლიმანთა ფოლკლორულ მასალებს და უფასოდ ავრცელებდა სოფლებში.

ზაქარია ჭიჭინაძემ 10-მდე წიგნი მიუძღვნა აჭარას, მუსლიმან ქართველებს, რომელთა შორის განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობდა და სარგებლობს „მუსლიმანი ქართველობა და მათი სოფლები აჭარაში“, რომელიც პირველად 1913 წელს გამოიცა თბილისში, იაკობ მანსვეტაშვილის სტამბაში, ხოლო ასი წლის შემდეგ, 2013 წელს, ფილოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა, ეთერ ბერიძემ ხელმეორედ გამოსცა. წიგნში საუბარია აჭარის თითოეულ სოფელზე, მათში მოღვაწე ხოჯა-მოლებზე, ჯამეებსა და მედრესეებზე, მოსახლეობის რაოდენობასა და აღმსარებლობაზე, მათ მიერ ქართული ენის ცოდნაზე, ცნობილ ადამიანებსა და ისტორიულ მოვლენებზე, ხალხურ მთქმელებზე, რომლებსაც იგი მელექსეებს უწოდებს და სხვ.

აჭარის სოფლების შესწავლას ზაქარია ჭიჭინაძე ჩურუქსუს, ანუ ქობულეთის შესწავლით იწყებს და აღნიშნავს, რომ ყველა ქართველი აქ სარწმუნოებით მაჰმადიანია, შთამომავლობით, ენით, ზნეჩვეულებებით კი ქართველნი, საყოველთაოდკი შინა თუ გარეთ ქართულ ენას ხმარობენ“.

ზაქარია აჭარის ხშირი სტუმარი იყო, ფეხით შემოიარა ზემო და ქვემო აჭარა, მაჭახელი, ქობულეთი, ლაზეთი, არტანუჯი და ფოცხოვ-ერუშეთი. მას აჭარის ყველა სოფელში ჰყავდა ახლობელი კაცი. მუდამ ზურგზე აკიდული, წიგნებით სავსე, ხურჯინით დადიოდა სოფლიდან სოფელში და უფასოდ არიგებდა წიგნებს. ასე გაეცნო იგი აჭარის იმდროინდელ საზოგადო მოღვაწეებს – დედე აღა ნიჟარაძეს, გულო კაიკაციშვილს, აბდულ ეფენდი მიქელაძეს და სხვებს. თბილისში მისი სახლის კარი მუდამ ღია იყო უბინაო აჭარელი სტუდენტებისთვის.

წიგნების გამოცემაში ზაქარიას დახმარებას უწევდნენ ისეთი ქველმოქმედნი, როგორიც იყვნენ დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, იაკობ მანსვეტაშვილი და სხვები.

როგორც ცნობილია, ბერლინის ხელშკრულებით, 1878 წლის 25 აგვისტოს, აჭარა სამუდამოდ დაუბრუნდა დედასამშობლოს – საქართველოს, მაგრამ მუსლიმანი ქართველები, განათლებით, კულტურითა და ეროვნული თვითშეგნებით, დიდად ჩამორჩებოდნენ საქართველოს სხვა კუთხის მცხოვრებლებს. ქართულ ენაზე წერა-კითხვის მცოდნენი აქ თითებზე ჩამოითვლებოდნენ. რუს და თურქ მოხელეთაგან ქართული ენის დევნას თან ერთვოდა რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი სირთულეები. იყვნენ ისეთი ქართველებიც, რომლებსაც საეჭვოდ მიაჩნდათ მუსლიმან ქართველებთან ერთიან ძმურ ოჯახში ცხოვრება. ამიტომ, დიდი ილია წერილში „ოსმალოს საქართველო“ წერდა: არ გვაშინებს მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენს ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კვლავ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისს, და დიდი ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თავის პატიოსანს და ლმობიერს გულზედ, ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლმორეული ქართველი“.

1881 წლის 12 მარტს, აჭარაში (ბათუმში), საზეიმო ვითარებაში გაიხსნა პირველი ქართული სკოლა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ადგილობრივ მკვიდრთა – მუსლიმან ქართველთა ეროვნულ გათვითცნობიერებაში. ამ საქმეში, ბათუმის სკოლის მასწავლებლებთან ერთად, დიდია ზაქარია ჭიჭინაძის წვლილი. წიგნების გავრცელებასთან ერთად, იგი წერა-კითხვას ასწავლიდა მუსლიმან ქართველთა შვილებს. ამ მხრივ, ერთ-ერთი პირველი მოღვაწე, პიონერი იყო, ვინც წარმატებით ახორციელებდა დიდი ილიას ეროვნულ პროგრამას. 1878 წლიდან მოყოლებული ზაქარია, ათი წლის განმავლობაში, დროის უმეტეს ნაწილს აჭარაში ატარებდა და ადგილობრივ ქართველებს წერა-კითხვას ასწავლიდა. იგი დაუფარავად ამხელდა იმ სასულიერო პირებს, რომლებიც აჭარლებს მუჰაჯირობისკენ, ოსმალეთში გადასახლებისკენ მოუწოდებდნენ. მათ წინააღმდეგ მებრძოლთა შორის ზაქარია ქებით მოიხსენიებს ქედის მაზრის უფროსს – თუფან-ბეგ შერვაშიძეს, რომელიც, მისი თქმით, მუჰაჯირობის წინააღმდეგ თავგამოდებული მებრძოლი იყო.

ზაქარია ჭიჭინაძის აჭარაში მოგზაურობის შესახებ ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი) ასე გადმოგვცემს: აი, სწორედ ამ უდაბურ და ჩვენგან მივიწყებულ მხარეს მოგზაურობს, აგერ ეს მეორე ზაფხულია ნი . ჭიჭინაძე მოგზაურობს მარტო, ერთ ხელში ჯოხი უჭირავს და იღლიაში ქართული წიგნები, ანბანი, დედაენა, ლოცვები და სხვ. არ ერიდება არავითარ დაბრკოლებასსადაც კი მივა, ყველგან ხალხს ესაუბრება, უკითხავს წიგნებს, ასწავლის ანბანს, ასაჩუქრებს ყრმათა წიგნებით…“

იმ დროისათვის ზაქარიას ასეთი მოქმედება გმირობის ტოლფასი იყო. რამდენჯერ გამხადარა იგი ლანძღვა-გინების ობიექტი, რამდენჯერ ჩაუხედავს სიკვდილს მისთვის თვალებში, მაგრამ იგი არავის და არაფერს ეპუებოდა და თავის საქმეს განაგრძობდა.

1882 წელს ზაქარია ქედას ეწვია და, ამავე წელს, გაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა წერილი, როგორც მაშინ უწოდებდნენ, ქვემო აჭარის შესახებ. იგი წერს: ეს ამოდენა ქართველი ხალხი, ეს ამდენი სოფლები (მისი გადმოცემით, ქედაში იმ დროს 72 სოფელი ყოფილა . .) ჩვენგან სრულიად უყურადღებოდ არის დატოვებული და ამათთვის ცისა და დედამიწის მეტი პატრონი არავინ არის“. ქედაში, ჩვეულებრივ, დაურიგებია მის მიერ ქართულ ენაზე გამოცემული წიგნები და ბროშურები, პარასკევ (ჯუმა) დღეს კი ჯამეშიც მისულა და გაოცებულა, რომ ყველა ქართულ ენაზე საუბრობდა.

გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ზაქარია ჭიჭინაძე იმაზეც ამახვილებს ყურადღება, თუ როგორ ნატრობდნენ ქედელები ქართული სკოლის გახსნას, რომელსაც ისინი მხოლოდ 11 წლის შემდეგ, 1903 წელს, ეღირსნენ. ამ წელს გაიხსნა პირველი ქართული სკოლა „ქვედა აჭარაში“ – დაბა ქედაში.

1897 წელს აჭარაში იმოგზაურა თედო სახოკიამ და დაწერა წიგნი ?ოგზაურობანი, რომელშიც, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ზაქარიასა და აჭარლების ურთიერთობაზეც საუბრობს. მისი გადმოცემით, აჭარლებმა ქებით მოიხსენიეს ზაქარია ჭიჭინაძე, რომ იგი მათი ხშირი სტუმარი იყო და ქართულ (გურჯულ) წიგნებს ურიგებდა, მათთან ერთად ჯამეშიც ლოცულობდა. ამიტომ იყო, რომ ისინი სიყვარულით მას „ზექერია ეფენდის“ უწოდებდნენ და ერთმანეთს ეცილებოდნენ მის სტუმრობასა და პატივისცემაში. ზაქარიას არაერთი ღამე აქვს გათეული აჭარელთა ოჯახებში, განსაკუთრებით ხშირი სტუმარი იყო გაზეთ „ივერიის“ ქვემო აჭარელი კორესპონდენტის, აბდულ მიქელაძისა და აჭარის ყადის, ხასან ვერძაძის ოჯახებში.

ზაქარია ჭიჭინაძის წყალობით, აჭარელთა გარკვეულმა ნაწილმა პირველად შეიტყო, რომ ისინი ეროვნებით ქართველები იყვნენ. ამაზე მიუთითებს, აგრეთვე, ცნობილი ქართველი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ჰაიდარ აბაშიძე, მაგრამ ამას იგი ბათუმის პირველ ქართულ სკოლას უმადლის.

ზაქარია აჭარაში მოღვაწე სასულიერო პირებსაც გასცნობია. მათ შორის იგი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენიებს ქედის რაიონის მკვიდრებს * ახმედ ხალიფაშვილსა და ხასან ვერძაძეს. აჭარიდან რომ ცოტა ხალხი გადაასახლეს თურქეთში, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მუფტ ახმედ ხალიფაშვილსო, ხასან ვერძაძის შესახებ კი დასძენს: იგი ყველგან და ყოველთვის მშობლიურ ქართულ ენაზე მეტყველებდა და სხვებსაც აქითკენ მოუწოდებდა. აქვე, ზაქარია იშველიებს ხასან ვერძაძის მიერ, 1889 წელს, ბათუმის ჯამეში წარმოთქმულ სიტყვებს: ჩვენ გურჯები ვართ, ჩვენი ენაც გურჯი არისჩვენი ძველების ენა ეს არის, იმათ ამ ენით ულაპარაკნიათ, ამიტომ ჩვენც უნდა ვიცოდეთ ეს ენახოჯები და მოლებიც ამ ენით ლაპარაკს ნუ ერიდებიანჩვენ რუსები არ გაგვაქრისტიანებენმათ ჩვენს გარდა თათრები სხვებიც ბევრი ჰყავთ“. ასეთი ქადაგებანი ამ მუფტს ხშირად წარმოუთქვამს. ამიტომ იყო, ალბათ, რომ 1907 წელს იგი ვერაგულად მოკლეს.

ზაქარია ჭიჭინაძე არ ივიწყებს სოფელ ფურტიოს მკვიდრ ხოჯა ნური-ეფენდი ბერიძეს, რომელიც ზაქარიას მეგზური ყოფილა ხულოს რაიონში და ახასიათებს, როგორც „დიდად პატივცემულ და გონიერ პირს“.

ასევე დიდი მოწიწებით საუბრობს ზაქარია ლომან-ეფენდი ქარცივაძის შესახებ, იგი რუსეთშიც დიდი პატივით სარგებლობდა და მისთვის პენსიაც დაუნიშნავთ, თვეში 100 მანეთი. ის პეტერბურგშიც ყოფილა მიწვეული ალექსანდრე მესამის მეფედ კურთხევაზე. უმაღლესი განათლება კონსტანტინეპოლში მიუღია, კარგად სცოდნია არაბული, ოსმალური ენები და ქართული ენაც. იგი ილაშქრებდა იმათ წინააღმდეგ, ვინც ქართლ ენას ავი თვალით უყურებდა, თვითონ კი თანამედროვე ხოჯებსა და მოლებს აუწყებდა, რომ ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენი სამშობლო საქართველოა, ქართული ენა ჩვენი მშობლიური ენაა და კარგად უნდა დავეუფლოთ მას.

აჭარა არასოდეს დაივიწყებს ზაქარია ჭიჭინაძეს. ამის დასტურია წინამდებარე წერილი და ეთერ ბერიძის მიერ გამოცემული ზემოთ ხსენებული წიგნი. 2001 წელს გამოვიდა, ასევე, მკვლევრისა და საზოგადო მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ თეიმურაზ კომახიძის ვრცელი ნაშრომი „ზაქარია ჭიჭინაძე“, ხოლო ჟურნალ „ჭოროხის“ 1980 წლის მეხუთე ნომერში, რუბრიკით – „არდავიწყება მოყვრისა“ დაიბეჭდა ექიმის, მწერლისა და ცნობილი მეცნიერის, პროფ. რამაზ სურმანიძის წერილი „ზაქარია ჭიჭინაძის უკანასკნელი დღეები“. ზაქარია ჭიჭინაძის არდავიწყებას მიეძღვნა, ასევე, 2014 წელს, აჭარის საარქივო სამმართველოს თანამშრომელთა მიერ, ხულოს არქივის მუშაკებთან ერთად, ჩატარებული ზაქარია ჭიჭინაძის დაბადების 160 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელზეც მოხსენებებით – „ზაქარია ჭიჭინაძე – ცხოვრება და მოღვაწეობა“, „ზაქარია ჭიჭინაძე – აჭარის გულშემატკივარი“, „ზაქარია და მთიანი აჭარა“ – გამოვიდნენ აჭარის საარქივო სამმართველოს მუშაკები – თამაზ ფუტკარაძე, ქეთევან იაკობაძე და ხულოს არქივის მთავარი სპეციალისტი ლევან ბოლქვაძე.

ზაქარია ჭიჭინაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი წლები გაიხსენეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯამბულ ხოზრევანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ოთარ ცეცხლაძემ და ჟურნალისტმა, ოთარ ცინარიძემ. ფრიდონ ხალვაშის ლექსი „ზაქარია ჭიჭინაძე“ წაიკითხა ხულოს აბუსერისძე ტბელის სახელობის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე ქეთი ბოლქვაძემ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზაქარია ჭიჭინაძის ღვაწლი აჭარის წინაშე იმდენად დიდია, რომ მისი სახელი აჭარის ისტორიაში ოქროს ასოებით უნდა ჩაიწეროს და ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ სახელის უკვდავსაყოფად.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები