16 მაისი, ორშაბათი, 2022

ვუძღვნი ბებოს, დიდებულ ადამიანს – თამუნა ესიტაშვილი

spot_img
ჩანახატი
„დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან“. ნიკო ლორთქიფანიძე.

 

მამა ომამდე დააპატიმრეს, თუმცა დედას, ბეღურასავით პატარასა და მობუზულ ქალს, ყოველთვის სჯეროდა, რომ მისი ქმარი უდანაშაულო იყო: – ოჯახი უყვარდაო, დღე და ღამ ოფლით ვრწყავდით მიწას, ასე მარტო დასარჩენად როგორ გაგვიმეტებდაო… დაიწყო ომი და, სხვა პატიმრების მსგავსად, მამაც ციხიდან ისე წაიყვანეს, ცოლ-შვილს ვერც დაემშვიდობა. არც მისი ომში წაყვანა უცნობებია ოჯახისთვის ვინმეს, არც მისი სიკვდილი. ისე გაქრა, ვითომ არც ყოფილა…

დარჩა დედა ოთხ შვილთან ერთად შიმშილის, შიშის, დარდის, მარტოობის, დაუცველობის პირისპირ. ბეღურა ნამდვილი ბეღურას სიჯიუტით შეუდგა ბარტყების რჩენას. უფროსმა, თორმეტიოდე წლის, შვლის ნუკრივით დიდთვალება გოგონამ მიბაძა დედას – მამის ძველი ფეხსაცმელი მოძებნა, თოხს მოჰკიდა ხელი და მთელი ზაფხული დედის გვერდით ვაჟკაცივით იშრომა. ფეხით მიდიოდნენ ვენახში, გზადაგზა მწიფე მაყვალს შეავლებდნენ ხელს, გულმოდგინედ გადაინახავდნენ ჩნათაში, – ეს ბავშვებსო, ყველაფერი რომ ენატრებათო. არც გოგონას და მით უფრო დედას, ერთხელაც არ გაექცეოდათ ხელი და პირი მწიფე ხილისკენ, სამი წყვილი მშიერი თვალი წამით არ ავიწყდებოდათ. იმუშავებდნენ მთელ დღეს და ფეხითვე გადიოდნენ კილომეტრებს უკან, სახლისკენ, სადაც მშიერი ბავშვები პირდაღებული ბარტყებივით აჟივჟივებულნი ელოდნენ. დააპურებდნენ პატარებს, სახლს მიალაგებდნენ, დარეცხავდნენ, დახეხავდნენ და ხშირად მშივრები იძინებდნენ. გოგონას მძიმე შრომისგან ხელები და ფეხები დაუსკდა, გახდა, დასერიოზულდა, თვალებში კი, შვლის ნუკრის თვალებივით დიდსა და მფრთხალ თვალებში დედამიწისხელა სევდა ჩაიგუბა და ჩაისახლა.

შემოდგომა დადგა და, ომისა და გაჭირვების მიუხედავად, სწავლა დაიწყო. საქმე ახლა უფრო მეტი იყო, თუმცა ნუკრისთვალება გოგოს თავისი თანატოლებივით უნდოდა სკოლაში წასვლა. დედა მიუხვდა, გვერდით მოისვა და უთხრა: – წადი სკოლაში შვილო, სანამ მოხვალ, მე სახლსა და ბავშვებს მივხედავ, მერე ვენახში წავალ, ცოტას ვიმუშავებ და შენც ჩამომეშველები. გოგოს გაუხარდა, სულ პაწია, მხიარული ეშმაკუნებით აევსო შვლის ნუკრის სევდიანი თვალები. გაიქცა, სკივრიდან საგულდაგულოდ შენახული ჩითის კაბა ამოიღო, ჩაიცვა და ააფრიალა. ცოტა დამოკლებოდა, დიდი ამბავი… უცებ გაშეშდა, ხელები ჩამოუცვივდა, ეშმაკუნები გაუქრა ნუკრის თვალებიდან და უმწეოდ მიმოიხედა: ფეხსაცმელი… მთელი ზაფხული მამის ძველი ფეხსაცმლით იარა ვენახში, სკოლაში რით უნდა წასულიყო. დაღლილი, დაქანცული დედა-ბეღურა ჩუმად ადგა და სადღაც წავიდა. რამდენიმე საათი ეძებდა ნაგავსაყრელზე და ტყავის პატარ-პატარა ნაკუწები მოაგროვა, მერე მთელი ღამე იჯდა და ბუხრის შუქზე ამ ნაკუწებს ერთმანეთზე აკერებდა, აწყობდა. დილისთვის ფეხსაცმელი მზად იყო. მერე რა, რომ საერთოდ არ ჰგავდა ერთმანეთს, ფეხსაცმელი ხო ერქვა.

გოგომ თმა დაიწნა, ნაწნავები მაღლა აიწია და თეთრი ბაფთით დაიმაგრა, ჩანთა აიღო და ჩითის კაბის ფრიალით გაიქცა სკოლისკენ. სადღაც გაქრა ომი, ობლობა, შიმშილი – სადღაც დაკარგული თუ გადამალული ბავშვობა დაუბრუნდა, მირბოდა და ღიღინებდა, ბედნიერი იყო, თითქოს სევდაც სამუდამოდ გაჰქრობოდა ნუკრის თვალებიდან. კართანვე გააშეშა ხმამაღალმა სიცილმა, – ნახე ერთი რა აცვია – ციგნის მკვდარს გახადე? – ვაიმე ორივე მარცხენაა? ცხელმა ცრემლებმა მზისგან დამწვარი ლოყები დაუსერა, ჯერ გოგონებს შეხედა, მერე მზერა თავისი ფეხსაცმლისკენ გადაიტანა. იცოდა, მისი ფეხსაცმელი იყო ყველაზე ძვირფასიც, ლამაზიც, კარგიც, თუმცა, ისიც იცოდა, რომ ეს მხოლოდ მას სჯეროდა ასე. სირბილით დაბრუნდა სახლში, ჩანთა საწოლზე დააგდო, „ფეხსაცმელები“ ბუხარში შეყარა, პატარა მხიარული ეშმაკუნები და თავისი მოკლე და უსახური ბავშვობაც იმ ცეცხლს შეატოვა და თოხი მოძებნა. ცხელი ქარი ცხელ მტვერს ლოკავდა მიწიდან და შეუბრალებლად აყრიდა გოგონას ცრემლებით დასველებულ სახეზე, ცხელი მიწა უწვავდა ფეხებს, გული სტკიოდა, ვერაფერს უხერხებდა სურვილს, ხმამაღლა ეყვირა, როგორ სძულდა ეს სასტიკი სამყარო… ვენახში დედა მარტო იყო და ელოდებოდა…

ბებო ორი წლის წინ წავიდა… წავიდა წუთისოფლისგან დაღლილი, საკუთარი ცხოვრების არმქონე. ჯერ დებისთვის იცხოვრა, შემდეგ ქმრისთვის, შემდეგ შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის… მას თავისი ბავშვობის ამბების მოყოლა არ უყვარდა, ეს კი მიამბო და დამარიგა: სიღარიბისთვის არავის დასცინოო, არც სხვისი დაცინვა მოიხვედრო გულზე, ისწავლე შვილოო, მე რომ მაშინ სახლში არ გამოვქცეულიყავი, იქნებ უფრო მარტივი ცხოვრებით მეცხოვრაო. ახლა, როცა შემთხვევით გადავაწყდები, როგორ ჩაგრავს ერთი მოსწავლე მეორეს, მაშინვე ის პატარა, შვლის ნუკრისთვალება ნაწნავებიანი გოგონა წარმომიდგება ხოლმე თვალწინ, სხვადასხვანაირი ფეხსაცმლით, ძველი, დამოკლებული კაბითა და უდიდესი სევდით თვალებში და შენიშვნის მიცემის ნაცვლად ჩემი ბებოს ამბავს ვყვები, მერე ვაკვირდები მათ გაფართოებულ თვალებს და ვიცი, ისინი აღარასოდეს დაჩაგრავენ სხვას.

(ომი ანადგურებს ყველაფერ ადამიანურს. დაე, დედამიწაზე მუდამ იყოს მშვიდობა!)

თამუნა ესიტაშვილი

წმინდა ბარბარეს სახელობის სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლი

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გამოცდაზე  პროფესიულ უნარებში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება: ♦ არჩევითპასუხებიანი ♦ შესაბამისობის ♦...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები