26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

ვინ რა ინტენსივობით და მიზნით მოიხმარს ინტერნეტს  – საქსტატის კვლევა

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა  2020 წლის ივლისში შეგროვებული მონაცემები შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლებისა და ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილის შესახებ. შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2020 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 83.8 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 4.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა როგორც საქალაქო, ისე სასოფლო დასახლებებში და, შესაბამისად, 90.7 და 74.5 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა, რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა, შესაბამისად, 93.5 და 91.9 პროცენტი შეადგინა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში, ინტერნეტით 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 74.0 პროცენტმა ისარგებლა, რაც 3.4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 82.4 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 61.6 პროცენტით. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 73.2 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცების შემთხვევაში – 74.9 პროცენტს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 97.2 პროცენტს შეადგენს.

15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 89.2 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 9.4 პროცენტი – კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1.4 პროცენტი კი – უფრო იშვიათად.

რაც შეეხება ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს, მონაცემების მიხედვით, ასაკობრივად, ასე გადანაწილდა: 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში, ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში ინტერნეტით სარგებლობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (95.2%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (86.1%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (54.9%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (51.4%), ელფოსტის მიღება/გაგზავნა (47.6%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (38.5%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (34.7%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (17.9%) და სამუშაოს ძიება/ სამუშაოსთვის აპლიკაციების დაგზავნა (14.2%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა, რომ 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 86.5 პროცენტი ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.8 პროცენტული პუნქტით და, შესაბამისად, 91.1 და 79.7 პროცენტი შეადგინა. ამ ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებული მაჩვენებელი დაფიქსირდა დასახლების ტიპის მიხედვით – საერთო ჯამში, ბოლო 3 თვის განმავლობაში, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 60.7 პროცენტმა ისარგებლა კომპიუტერით, მათ შორის  საქალაქო დასახლებებში მათი პროცენტული წილი  72.8-ს შეადგენს, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 42.6 პროცენტს.

განსხავავებული მაჩვენებელი დაფიქსირდა გენდერული მიმართულებითაც – ქალების შემთხვევაში 59.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო კაცების შემთხვევაში – 61.8 პროცენტი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, საქართველოში, კომპიუტერის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი წილი 6-14 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა და 85.9 პროცენტი შეადგინა.

მოამზადა ლალი ჯელაძემ

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები