27 ივლისი, შაბათი, 2024

ვინ აგებს პასუხს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც 13 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა

spot_img

დღეს მომხდარი უბედური შემთხვევა ვაკის პარკში, სამწუხაროდ, 13 წლის გოგონას გარდაცვალებით დასრულდა. თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ და ამოსაღებად ჩასულ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. მისი დახმარება ორმა მეგობარმა სცადა, რომლებიც ასევე დაშავდნენ.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი ჯერ ისევ ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება.

როგორც დავით ციბაძემ განაცხადა, მოზარდის სასიცოცხლო ფუნქციები, ამ ეტაპზე, ნორმის ფარგლებშია: ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით კვლევა. ვიმედოვნებთ, რომ კარგად იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ვიცით და ველოდებით. მზად ვართ ამ გართულებებისთვის. ბავშვი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ანუ ხელოვნურ სუნთქვაზე, გონება დაბინდულია. იყო ელექტროტრავმა, შოკი. მიიყვანეს ხეჩინაშვილში, სადაც ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს, შემდეგ ჩვენთან გადმოიყვანეს“. რაც შეეხება მეორე მოზარდს, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და სახლში გაუშვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება მოჰყვა.

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი გოგონა 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილია.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოსწავლეები კლინიკებში მოინახულა, მან  მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მედიასთან:

„უდიდესი ტრაგედია მოხდა და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. ყველა სიტყვა არის უძლური იმ ტრაგედიის გამოსახატავად, რაც ახლა ტრიალებს. 55-ე საჯარო სკოლაში ეს ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე და რეგულაციის მიხედვით, დამრიგებელმა დროულად მოახდინა მშობლების ინფორმირება და აცნობა მათ, რომ მოსწავლეები სკოლაში არ იყვნენ. როდესაც ბავშვი არ ცხადდება სკოლაში, რეგულაციის მიხედვით დამრიგებელს ევალება აცნობოს მშობელს, ან მეურვეს – შესაბამისად ეს პროცედურა სკოლის მხრიდან განხორციელდა. ჩვენ დილიდან ხაზზე ვართ ექიმებთან, კლინიკებთან და ვადევნებთ თვალს ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას. როგორც ცნობილია, მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა პროცედურის შესაბამისად დაწყებული აქვს გამოძიება.“ – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის სამძიმარი გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებისა და ოჯახის წევრების მიმართ, სადაც წერს, რომ „დღევანდელი შემთხვევა სკოლისა და სამინისტროსთვის, ისევე როგორც სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ძნელია სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განვიცდით.

კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს, მხნეობასა და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ უმძიმეს წუთებში“.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დატესტილი. აქედან გამომდინარე, მისივე განცხადებით, ამ დრომდე, შადრევანთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ ყოფილა. შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ. ექსპერტიზა აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა. დატესტილი იყო, ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული. შესაბამისად, რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. არავინ იცის, რამ გამოიწვია. ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, რეაბილიტაციაშიც ვერ ჩაეშვებოდა. ხარვეზი არ გამოვლენილა, რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებდნენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც, აქამდე არანაირი პრობლემა არ ყოფილა,“ – განაცხადა თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა მომხდარ ტრაგედაზე გაკეთებული პირველი კომენტარის გამო, მოგვიანებით, ბოდიში მოიხადა.

„ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ბავშვები თამაშობენ, ჩაუვარდათ ბურთი, ეს ბავშვი ალბათ არასრულწლოვანი იყო და არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, მისი ჩასვლა არ მოხდეს. ბუნებრივია, შეიძლება მსგავსი ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს – არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის. ამაზე ახლა რაიმე პასუხისმგებლობას თხოვთ, ვის?! ამას სერიოზულად მეკითხებით?! ცხადია, უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს! იქ სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, არ შეიძლება საერთოდ ბავშვები თამაშობდნენ ბურთს, ასეთი ფაქტი თუ მოხდა, ეს, ბუნებრივია, ძალიან ცუდია, საწყენია, არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ის, რომ ბურთი ჩაუვარდა და თვითონ ჩავიდა იმის ამოსაღებად, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ამაზე განმარტება მგონი ზედმეტია.“ (პირველი კომენტარი) 

გიორგი ამილახვარმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გამოსვლისას, განმარტა, რომ, როდესაც ჟურნალისტმა კითხვით მიმართა, მას ინფორმაცია არ ჰქონდა არც რეკონსტრუქციის სტატუსის და არც მომხდარი ტრაგედიის შესახებ.

მისივე თქმით, როდესაც განცხადებას აკეთებდა, ფიქრობდა, რომ ვაკის პარკში რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ მიმდინარეობდა: „ალბათ, ახლა არავინ არ განიცდის ამას ჩემზე მეტად, მაგრამ საზოგადოებისთვის მინდა ერთი რამ განვმარტო. თუ რაიმე ფორმით ჩემი განცხადება არასწორად გამოვიდა, ბოდიში მინდა მოვიხადო ამისთვის, პირველ რიგში, ჭირისუფალი ოჯახის წინაშე და მთლიანად საზოგადოების წინაშე. ჩემი განმარტება ეხებოდა აბსოლუტურად სხვა საკითხს. ჩემდა სამწუხაროდ, საერთოდ არ მქონდა ინფორმაცია არც ამ რეკონსტრუქციაზე და არც ამ ტრაგედიაზე დილას, როდესაც ჟურნალისტი ამას მეკითხებოდა და მეკითხებოდა იმ კონტექსტში, რომ ახლაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და იქ მოხდა ეს ფაქტი, რომელიც არ ვიცოდი თუ ასეთი სიმძიმის იყო. უბრალოდ ჩემი განმარტება იყო იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებრივია, სამშენებლო მოედანზე, შესაძლოა, იყოს რაღაც ასეთი რისკები და მეთვალყურეობის გარეშე რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი. ბუნებრივია, ეს ამბავი ხდება უკვე გახსნილ შადრევანზე და აქ კომენტარი ზედმეტია.“

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელში ეხმაურება: „…განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ მძიმე დროს, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდეს მკაფიო განცხადებები, გაეცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და გაზიარებული იყოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. შემზარავი და თავზარდამცემია, რომ ქალაქში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას და სრულფასოვან განვითარებას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება. წარმოუდგენელია, რომ ბავშვები მსგავსი ტრაგედიის მსხვერპლნი ხდებიან.

აუცილებელია, მოხდეს ამ ფაქტის დროული და ეფექტიანი გამოძიება და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ უმძიმეს ტრაგედიაში.“- წერს სახალხო დამცველი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები