მარინე ბიგვავა
სსიპ ზუგდიდის №6 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
„სჯობს ერთხელ ნახო, ვიდრე ასჯერ მოისმინო.“
ცნობილია, რომ ადამიანი გარე სამყაროს შესახებ ინფორმაციის, დაახლოებით, 80%-ს იღებს ხედვით. მრავალი სამეცნიერო კვლევის თანახმად, როდესაც სასწავლო მასალას ილუსტრაციები ახლავს, აღქმის ეფექტურობა და ათვისების დონე მნიშვნელოვნად იზრდება.
გარე სამყაროდან მიღებული შეგრძნებები ადამიანის ცოდნის პირველი საფეხურია. იმისათვის, რომ მოსწავლეთა ცოდნა იყოს ცნობიერი და არსებულ რეალობას ობიექტურად ასახავდეს, სასწავლო პროცესი უნდა უზრუნველყოფდეს მათ შეგრძნებებზე დაფუძნებას, საგანმანათლებლო მასალა კი, მეტწილად, ვიზუალური სახით უნდა იყოს წარმოდგენილი.
რა არის ვიზუალური სწავლება? ეს ისეთი სწავლებაა, რომელიც აგებულია არა აბსტრაქტულ იდეებსა და სიტყვებზე, არამედ კონკრეტულ სურათებზე. „მასწავლებელმა, რომელსაც სურს მტკიცედ ჩაწეროს რაღაც მოსწავლეთა მეხსიერებაში, უნდა იზრუნოს, რომ რაც შეიძლება მეტი გრძნობის ორგანო მონაწილეობდეს დამახსოვრების პროცესში. ბავშვი ფიქრობს სურათებით, შთაბეჭდილებებით. ეს არის ზუსტად ის, რაც განსაზღვრავს ვიზუალიზაციის გამოყენების ძირითად მნიშვნელობას უმცროსკლასელთა სწავლების დროს, რადგან ვიზუალიზაცია მათ განათლებაში ემყარება არა წარმოდგენებს ან ლექსიკას, არამედ თვალსაჩინოებას“ (კონსტანტინე უშინსკი).
სასწავლო პროცესის ორგანიზება ეფუძნება მთელ რიგ დებულებებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ვიზუალური თვალსაჩინოების პრინციპი. მისი ფუძემდებლის, იან ამოს კომენსკის დიდი დიდაქტიკის „ოქროს წესის“ მიხედვით, სწავლის აუცილებელი პირობაა ადამიანის ყველა გრძნობის გამოყენება. „თუ ჩვენ განზრახული გვაქვს მოსწავლეებში ჭეშმარიტი, სანდო ცოდნის ჩანერგვა, მაშინ ზოგადად უნდა ვეცადოთ ვასწავლოთ ყველაფერი პირადი დაკვირვებისა და ვიზუალიზაციის დახმარებით“.
„ვიზუალიზაცია ცოდნის საფუძველია. სწავლებაში მისი გამოყენების გარეშე შეუძლებელია ბავშვებში გარემომცველი რეალობის შესახებ სწორი იდეების ჩამოყალიბება; აზროვნების და მეტყველების განვითარება. ვიზუალური სწავლება საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ცოდნის მარაგი, განავითაროთ მოსწავლეთა გონებრივი და მეტყველების შესაძლებლობები“ (იოჰან ჰაინრიხ პესტალოცი).
ვიზუალიზაცია, როგორც შეუცვლელი „თანამშრომელი“, განსაკუთრებულ როლს ასრულებს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა სწავლების პროცესში. ის მეტყველების განვითარების მნიშვნელოვანი საშუალებაა, რადგან ინფორმაციის აღქმა ხდება ვიზუალური ანალიზატორის მიერ და ხელს უწყობს აღქმის ეფექტურობის ზრდას.
ვიზუალური სასწავლო საშუალებები უზრუნველყოფს გაგების კომპლექსურობას და ამით ხელს უწყობს: ცოდნის უფრო ძლიერ ასიმილაციას; ცნებების, მოვლენების მიზანმიმართულად აღქმას, მათ გააზრებას, შემოქმედებითად გადამუშავებასა და გამოყენებას; სასწავლო მასალის ოპტიმალურ ათვისებას და მეხსიერებაში კონსოლიდაციას.
ვიზუალური საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს სასწავლო პროცესის გარკვეული საფეხურის საჭიროებებსა და მოთხოვნებს, მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს.
განსაკუთრებით სსსმ მოსწავლეებში აბსტრაქტული ცნებების, განზოგადებების, შესაძლებლობების ფორმირებისთვის უფრო დიდხანს უნდა გამოიყენებოდეს საგნის ვიზუალიზაცია. ეს განპირობებულია იმით, რომ გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებში აბსტრაქციისა და განზოგადების პროცესები მკვეთრად დარღვეულია, მათთვის რთულია დაშორდნენ კონკრეტულ ობიექტებზე დაკვირვებას და გამოიტანონ აბსტრაქტული დასკვნა. მათ აღქმას, თავდაპირველად, არადიფერენცირებული ხასიათი აქვს, უჭირთ ობიექტის ძირითადი, არსებითი ნიშნების ამოცნობა; საგნების გამოსახულებები, რომლებიც წარმოიქმნება მათ გონებაში, ბუნდოვანი, არასრული და ხშირად დამახინჯებულია; მეტყველებას, ხშირად, აკლია შესაბამისი ენობრივი საშუალებები, რომლებიც აუცილებელია დაკვირვების ობიექტების თვისებების სწორად ასახვისთვის. ამიტომ, ასეთ ბავშვებთან ვიზუალიზაციის ფორმების გამოყენება აღქმის თავისებურებების გათვალისწინებით უნდა იყოს ორგანიზებული.
ვიზუალური საშუალებების ეფექტურობისათვის აუცილებელია მათი გამოყენების მეთოდების თავისებურებების გაცნობა და ზოგადი წესების დაცვა.
თვალსაჩინოების მომზადებისას, მასწავლებელმა უნდა:
♦ გაითვალისწინოს ბავშვების ინდივიდუალური შესაძლებლობა-თავისებურებები, მეტყველების განვითარების ასაკი და დონე;
♦ მკაფიოდ განსაზღვროს ვიზუალური საშუალებების გამოყენების მიზანი;
♦ კომპლექსურად გამოიყენოს ვიზუალიზაციის ის სახეობები, რომლებიც სასწავლო მიზნისთვის ეფექტურია;
♦ გამოიყენოს ვიზუალიზაცია სასწავლო პროცესის ყველა ეტაპზე;
♦ მოახდინოს თვალსაჩინო საშუალებების თანმიმდევრული დემონსტრირება;
♦ მიაქციოს ყურადღება თვალსაჩინოების დიზაინის შინაარსს და ესთეტიკას;
♦ დარწმუნდეს, რომ მოსწავლეთა დაკვირვებები სისტემატიზებულია და დაკავშირებულია მიზეზთან და შედეგთან;
♦ გამოიყენოს ვიზუალიზაცია, როგორც ცოდნის დამოუკიდებელი წყარო და არა როგორც თვითმიზანი!
ჩემი პრაქტიკა – წლებია, სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, აქტიურად ვიყენებ ჩემ მიერ შექმნილ როგორც დიდ, ასევე ელექტრონულ წიგნებს, ვიზუალურ ელექტრონულ პრეზენტაციებსა და სავარჯიშოებს. თუმცა ვითვალისწინებ იმასაც, რომ ერთი და იმავე მეთოდ-აქტივობის სისტემატური გამოყენება, როგორი საინტერესოც უნდა იყოს, მოსწავლისთვის მომაბეზრებელი ხდება.
მრავალწლიანი დაკვირვების შედეგებით შემიძლია განვაცხადო, რომ ილუსტრირებული სასწავლო რესურსების გამოყენებამ ჩემს მოსწავლეებში ხელი შეუწყო:
⇒ მოტივაციის ამაღლებას – სიხარულით ელიან ილუსტრირებული მასალის წარდგენა-გაცნობას;
⇒ ტექსტის აღქმა-გაგებას – პატარებს ძალიან უჭირთ ტექსტის გაგება, წაკითხულის შინაარსის/ამბის გონებაში წარმოდგენა-გაცოცხლება. ილუსტრირებული ტექსტი კი ეხმარება თითოეული პერსონაჟის/მოვლენის ნიუანსების სრულად აღქმაში;
⇒ დაკვირვების, ფანტაზიის, ანალიზის, მსჯელობის, მეტყველების, თხრობის უნარის განვითარებას – ტექსტის გაცნობამდე, აანალიზებენ ილუსტრაციას, აკვირდებიან პერსონაჟების სახეებს და გადმოსცემენ/ვარაუდობენ მათ განწყობა-ემოციებს, გამომწვევ მიზეზებს; აღწერენ სიუჟეტებს და ამყარებენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს სათაურსა და ილუსტრაციას, წინა და მომდევნო ილუსტრაციებს შორის; ქმნიან და გადმოსცემენ მცირე ზომის ამბავს, მოცემული ილუსტრაციის საფუძველზე; ქრონოლოგიურად აღადგენენ და ალაგებენ წაკითხულის შინაარსს. ეს ყველაფერი კი უმნიშვნელოვანესია ეფექტური და წარმატებული სწავლა-სწავლების პროცეს-შედეგისთვის.