ვრცელი ლიტერატურული ტექსტების სწავლება ქართულის მასწავლებლისთვის უდიდესი გამოწვევაა. ასეთი სირთულის ტექსტებში რომ „ვეფხისტყაოსანი“ პირველ ადგილზე დგას, ამაზეც ყველა ვთანხმდებით. თუ მეათე კლასში შესასვლელად ვემზადები, ჩემი ზაფხულის მთავარი საფიქრალი ისაა, როგორ შევაყვარო ბავშვებს ეს ტექსტი, როგორ ვაგრძნობინო, რომ ხელთ ნამდვილად საგანძური უჭირავთ და არა დიდი „სატანჯველი“, როგორც ეს წინასწარ აქვთ ხოლმე გადაწყვეტილი. ვფიქრობ, როგორ წარვმართო ტექსტის შესწავლის პროცესი, როგორ გავხადო მოსწავლეები ამ პროცესის აქტიური წევრები, როგორ დავუკავშირო ტექსტი მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, როგორ მივაღწიო იმას, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გახსენებაზე გრძელი, მოსაწყენი, „საზეპიროებით“ გაჯერებული, მათი ცხოვრებისეული კონტექსტიდან ამოვარდნილი, ტვირთად ქცეული გაკვეთილები არ ახსენდებოდეთ.
წელს ამისთვის რამდენიმე საინტერესო კომპლექსური დავალება ავარჩიე და ერთ-ერთი მათგანია გაზეთების დამზადება „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტზე დაყრდნობით. ვფიქრობ, გაზეთის შექმნა საინტერესო, სახალისო, შემოქმედებითი და ჯგუფური საქმეა. წარმოიდგინეთ, როგორ კითხულობთ არაბეთის ეკონომიკის რუბრიკას, ხატაეთის ახალი ამბების სვეტს, სადაც შემზარავი მკვლელობის ამბავს გატყობინებენ, ანდაც გულანშაროს ყვითელ პრესას, რომელიც ვაჭართა უხუცესის მეუღლის სასიყვარულო თავგადასავლებზე გიყვებათ, იქნებ ინდოეთის სამეფო კარის პოლიტიკური ავანტიურები გაინტერესებთ? ქაჯეთის ტახტისთვის ბრძოლის ამბები როსანსა და როდიას შორის? მულღაზანზარის სამეფო კარის თამაშები?… მოსწავლის ფანტაზიასა და შემოქმედებით უნარს რომ საზღვარი არ აქვს, თუ მას შესაბამის კალაპოტს მისცემ, ამ დავალებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა.
დავალების ფარგლებში სამი სამიზნე ცნება გვქონდა აღებული: ჟანრი (საგაზეთო სტატია), კომპოზიცია (თემა, იდეა, პრობლემა და მისი გადაჭრის გზები, მთავარი/ძირითადი, პერსონაჟი და მისი შეხედულებები, დამოკიდებულებები, ხედვის კუთხე; ტექსტის სტრუქტურული ელემენტები), ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები ( ფუნქციური სტილი – პუბლიცისტური; თეზისი; არგუმენტი. საკომუნიკაციო სიტუაცია – თემა, მიზანი;) ჩვენი საკითხი იყო: „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტზე დაყრდნობით გაზეთის შექმნა. ჩვენი ფიქრი ამ დავალებაზე მუშაობისას სამ საკვანძო შეკითხვას უტრიალებდა:
1.როგორ ავაგო გაზეთის რუბრიკები?
- როგორ გამოვიყენო პუბლიცისტური სტილი?
3.როგორ გამოვიყენო ტექსტში მოცემული მინიშნებები სხვადასხვა რუბრიკაზე სამუშაოდ?
დავალების შესასრულებლად ბავშვები ჯგუფებად დავყავი, გადაინაწილეს რუბრიკები და დაგეგმეს სამუშაო. რუბრიკები შევთავაზე , თუმცა თავიანთი მოსაზრების მიხედვით ზოგი ამოაკლეს, ზოგიც ჩაამატეს. გაზეთებში წარმოდგენილია: ახალი ამბები, ეკონომიკის, კულტურის, სპორტის რუბრიკები, ასევე კრიმინალური ქრონიკა და ნომრის სტუმრის რუბრიკა. რადგან კომპლექსური დავალებები ჯგუფურად იშვიათად სრულდება, შეფასება რომ ყველა მოსწავლის შემძლებოდა, რუბრიკებს საკუთარი პირობები და შეფასების კრიტერიუმები ჰქონდა. მაგ. ახალი ამბებისრუბრიკის შეფასების კრიტერიუმები იყო:
♦ შეარჩიეთ შესაბამისი ენობრივი სტილი;
♦ დაარქვით მყვირალა, თვალშისაცემი სათაური;
♦ გამოავლინეთ ტექსტის ცოდნა.
რუბრიკის „ნომრის სტუმარი“ შეფასების კრიტერიუმები კი ასე გამოიყურებოდა:
♦ გაითვალისწინეთ პერსონაჟის ხასიათი, შეხედულებები,დამოკიდებულებები;
♦ გამოკვეთეთ პრობლემა, მისი წარმოქმნის მიზეზები და შედეგები;
♦ წარმოაჩინეთ პრობლემის გადაჭრის გზა პერსონაჟის მსოფლმხედველობის გათვალისწინებით;
♦ წარმოაჩინეთ ნაწარმოების შინაარსობრივი მხარის ცოდნა;
შეარჩიეთ შესაბამისი მეტყველების სტილი.
მოსწავლეები ჯგუფებში მართავდნენ შეხვედრებს. პირველივე შეხვედრაზე შეარჩიეს გაზეთების სახელწოდებები („ინდოეთის ქრონიკები“, „არაბეთის პალიტრა“, „ხატაეთი და ხატაელები“, „ქაჯეთის სამეფოს ამბები“, „სამეფო კარის თამაშები მულღაზანზარში“ და ა.შ.). პირველივე შეხვედრაზე შეთანხმდნენ გაზეთის ფორმატზე და შეთანხმდნენ გადაწყვიტა მატერიალური, დაძველებული ფორმატის გაზეთები შექმნილიყო.
დავალებაზე მუშაობის მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა მონიშნეს კონკრეტული ადგილები და პერსონაჟები ტექსტში, რომლების სტატიებად ქცევასაც აპირებდნენ. დავიწყეთ ამ მონაკვეთებზე მუშაობა, განვიხილეთ მოვლენები და პერსონაჟები სხვადასხვა ხედვის კუთხიდან. მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ დეტალებზე, რომლებსაც სტატიის აწყობისას უნდა ჩასჭიდებოდნენ. პერიოდულად მომზადებულ მასალას მაცნობდნენ და გავცემდი რეკომენდაციებს. ამ პროცესში ჩემი როლი ფასილიტატორობით შემოიფარგლებოდა, ვაკვირდებოდი მუშაობის პროცესს, ვამუშავებდი ტექსტზე, პერსონაჟებზე, ჟანრის მახასიათებლებზე; ინფორმაციის ძიების, კვლევისა და დახარისხების პროცესში მოსწავლეებს ვაძლევდი მიმართულებას.
საბოლოოდ, ვფიქრობ, დავალებამ გაამართლა. კლასი აქტიურად, ხალისით და მაღალი მოტივაციით ასრულებდა დავალებას, ტრანსფერი აშკარა იყო პრეზენტაციების ეტაპზე. მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ ჩემ მიერ დასმულ სარეფლექსიო კითხვებზე პასუხების გაცემა. გთავაზობთ რამდენიმე კითხვას, რომელიც პრეზენტაციების ეტაპზე დაისვა:
♦ აღწერეთ, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგით, რა თანმიმდევრობით?
♦ რა დაბრკოლებებს გადააწყდით დავალებაზე მუშაობისას? როგორ გადაჭერით? თუ ვერ გადაჭერით რა გახდა ამის მიზეზი?
♦ რა ძლიერი და სუსტი მხარეები გაქვთ დავალების კრიტერიუმებთან მიმართებით?
♦ რას გააკეთებდით განსხვავებულად ახლა რომ იწყებდეთ დავალების შესრულებას?
ვფიქრობ, ეს დავალება მრავალმხრივაა საყურადღებო. მოსწავლეები ჩაუღრმავდნენ პუბლიცისტურ ჟანრს, ტექსტი განიხილეს სხვადასხვა ხედვის კუთხიდან, განივითარეს მნიშვნელოვანი დეტალების ძიების უნარი, ნაცნობი ინფორმაციებით შექმნეს ახალი ტექსტები ისე, რომ ნაწარმოების შინაარსობრივ, ლოგიკურ მიმდინარეობას არ დასცილებიან.
გარდა ტექსტზე მუშაობის უნარებისა, მსგავსი დავალებები ავითარებს შემოქმედებით, კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნების უნარებს; კვლევა-ძიების, ინფორმაციის დიდ ნაკადში საჭირო ინფორმაციის გამორჩევისა და დახარისხების უნარს.
მირანდა მანჩხაშვილი
სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი