ვერასოდეს დავუჯერებ კოლეგებს, რომლებსაც ყველაფერზე აქვთ პასუხი

2740

რუბრიკის „პროფესია პედაგოგი“ სტუმარია გოჩა გოჭოშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი

 

როდის გადაწყვიტეთ თქვენი პროფესიული ცხოვრების სკოლასთან დაკავშირება, რას ნიშნავს თქვენთვის პროფესია მასწავლებელი და რა არის იმისთვის საჭირო, რომ გახდე წარმატებული პედაგოგი, ავტორიტეტი მოიპოვო და შეინარჩუნო.
სკოლაში, როგორც ოჯახში, ბავშვების სრულფასოვნად აღზრდისათვის, მათი ბუნებრივად განპიროვნებული ფსიქონევროლოგიური, ინტელექტუალური, ფიზიკური ძალების ბალანსის შესანარჩუნებლად და პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად გარდაუვლად აუცილებელია მამაკაცური ძალის, საწყისის არსებობა. ჩემი მასწავლებლობა თავისთავად მოხდა. ალბათ, ეს დიდწილად განაპირობა პედაგოგთა ოჯახში დაბადებამ და შვილობამ.
მხოლოდ ერთ სასაცილო ეპიზოდს გავიხსენებ: რაკი მშობლებს ხშირად მოსწავლეთა რვეულები გასასწორებლად სახლში მოჰქონდათ, მათი შემყურე თავს მასწავლებლად წარმოვიდგენდი ხოლმე, მაგიდასთან მიმჯდარი რვეულს რვეულზე ვადებდი, „გასწორების“ შემდეგ და სერიოზული სახით ვიმეორებდი სიტყვებს: „ქოლები ჩაფჩე“ (ბავშვურ ენაზე).
 ასე „ვიწყებოდი“, როგორც პედაგოგი!
ძნელია ამის საყოველთაო ფორმულის წარმოდგენა. ბევრი რამაა ამისთვის საჭირო უთუოდ, მაგრამ მათგან უმთავრესი მაინც ერთია – გიყვარდეს ბავშვები. შეიძლება ეს მაღალფარდოვნად ჟღერდეს, მაგრამ ეს ფრაზა არ არის თქმული უბრალოდ ფრაზისთვის. ყველაზე კარგად ამას თავად ბავშვები გრძნობენ და მერე, ადრე თუ გვიან, სათანადოდ პასუხობენ კიდეც შეძლებისდაგვარად. მათ ვერ მოატყუებს ვერავინ. ავტორიტეტიც მეტი არც არაფერია…
რას ითხოვენ თანამედროვე მოსწავლეები მასწავლებლისგან, რა პრობლემებს აწყდებით მათთან ურთიერთობისას?
სიყვარულის გარდა მოსწავლეები მასწავლებლებისგან ითხოვენ გულახდილობას, ცოდნას თავისთავად, ნდობის გამოცხადებას და პატივისცემას მათდამი. ურთიერთთანამშრომლობითი ელემენტებით მოქმედებას სასწავლო პროცესში და, უკეთეს შემთხვევაშიც კი, ვერც ერთი პედაგოგი „გადაურჩება“ პრობლემებს მათთან ურთიერთობაში, რომელთა გაჩენის შემთხვევაში, მთავარია, მასწავლებელმა შეძლოს მათი შეულამაზებლად წარმოდგენა, შეფასება, სწორი დასკვნების გაკეთება. გამოსავლის ძიებისას, მაშინაც კი, როცა შეიძლება ცამდე მართალი იყოს, პედაგოგმა უნდა მოახერხოს ბავშვის პოზიციაში თავის ჩაყენება და მერე საკუთარი „სიმართლის“ მასთან ისე მიტანა, რომ არავითარი კითხვა აღარ დარჩეს. ზოგჯერ ეს უნდა მოახერხოს სწორედაც „საუბრების“, გაუთავებელი ნოტაციების კითხვის გარეშე… ამაშია პედაგოგიკის ხელოვნება…
რამდენად აქტიურია ქართველი მასწავლებელი სასწავლო პროცესის დახვეწის ან გამრავალფეროვნების თვალსაზრისით. ჩაგიტარებიათ „არასატანდარტული გაკვეთილი“?
სულ ვცდილობ მსგავს სიტუაციებში არაორდინარული სვლების მოფიქრებას და მაინც ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვახერხებ ამას. სხვადასხვა მიზეზთა გამო, იმის გამოც, რომ ვგრძნობ საკუთარი არასრულყოფილების გამოძახილს და ვერასოდეს დავუჯერებ იმ კოლეგებს, რომლებსაც ყველაფერზე აქვთ პასუხი, ყოველთვის ყველაფერი „აჟურში“ აქვთ ამ მხრივ. ეს პროფესია, რომელიც ჩვენც გვზრდის, გვაყალიბებს, შეცდომებით აღსავსე, საინტერესო და შემოქმედებითია.
რას ნიშნავს არასტანდარტული?
სტანდარტულობა მუდამ ახასიათებს მეტწილად მექანიკური  ხასიათის საქმიანობას. მასწავლებლობა, სასწავლო პროცესი შემოქმედებითი პროცესია და მისი  სტანდარტიზაციის მცდელობა დღეს, მავანთა მიერ, უდიდესი შეცდომაა, უფრო მეტიც, მე ვიტყოდი – სისულელე. სწორედ ამ სისულელის დეტალია, მაგალითად, გაკვეთილის მონაკვეთებად დაყოფა და მერე მათი ქრონომეტრაჟი. ამ დეტალით მოწმდება „დასაკვირვებელი“ მასწავლებლის  პროფესიონალიზმის  ხარისხი. ხშირად ვიხსენებ ყოფილი მოსწავლეების  მოგონებებს ქართული ლიტერატურის მასწავლებლებზე, რომლებიც, შედიოდნენ რა გაკვეთილზე თავიანთი საუბრებით ამა თუ იმ ავტორზე, მის შემოქმედებაზე, ნაწარმოებზე, ზოგადად ლიტერატურაზე, აზიარებდნენ ზღაპრულ სამყაროს, ლიტერატურის სიტყვიერების ხიბლს, სიცხოველეს, როგორც სულიერად ადამიანთმცოდნეობის არსს და აყვარებდნენ კითხვას, წიგნს. რა სიყვარული, სითბო, მადლიერება იგრძნობა ამ მოგონებებში… და განა ასეთი გაკვეთილების ჩამტარებლები მოიპოვებდნენ, დღეს არსებული კრიტერიუმებით, გაკვეთილების შემფასებლების კეთილგანწყობას, ეღირსებოდნენ წამყვანის, მენტორის სტატუსებს? არა მგონია…
ჩემი სკოლაში მუშაობის გარიჟრაჟზე, გაგანია საბჭოური ეპოქის ჟამს, ოთხმოციანების შუა წლებში, ერთ-ერთ კლასში, გადავწყვიტე, ასე არასტანდარტულად მემოქმედა და  შემოვიღე ათბალიანი შეფასება, რადგან მაშინდელი ხუთბალიანი დაყვანილი იყო, ფაქტობრივად, სამბალიანამდე და კიდევ, რიგი მიზეზების გამო, აზრი ჰქონდა დაკარგული.
კლასს შევუთანხმდი და ჩამოვაყალიბეთ ყოველი ქულის დასამსახურებელი კრიტერიუმები. მაგალითად, მასწავლებლის კითხვის (მარცვლის) პასუხი – 1 ქულა; ვრცელი პასუხი – 3 ან 5 (ზუსტად აღარ მახსოვს დეტალები), საშინაო დავალება (სირთულის მიხედვით) ასევე გარკვეული ქულებით ფასდებოდა და ა.შ. თან იქვე იყო პირობა: ეს მიღებული ქულები ჯამდებოდა და პირველ სამ ადგილზე გასულს  დაეწერებოდა ხუთიანი, შემდეგ ოთხეულს – ოთხიანი ყოველ მეოთხედში, მაშინ მეოთხედებად იყოფოდა სასწავლო წელი. უნდა გენახათ მათი ენთუზიაზმი და მონდომება, იმათი აღტაცებული სახეები, ვინც, ვთქვათ, სამოსანთა ჯგუფიდან ოთხოსნებში გადახტებოდა და იმათი დაღონებული სახეებიც, ვინც, პირიქით, უკან დაიწევდა. როგორ ცდილობდნენ, თვით ზარმაცებიც კი, 2-სთვის თავის არიდებას და იქ დამკვიდრების პერსპექტივის არქონას. ახლანდელი ათბალიანი სისტემა კი კვლავ ხუთბალიანამდე დაიყვანეს – დირექტიულად. ესეც თქვენი წინსვლა და არასტანდარტულობა „თანამედროვე რაკურსით“.
რა ვითარებაა თქვენს რეგიონში, განსაკუთრებით – დაცლის პირას მყოფ სოფლებში? რა კეთდება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის და განიხილავთ თუ არა დაბალ ხელფასს, როგორც კარგი კადრების ამ პროფესიაში მოსვლის შემაფერხებელ გარემოებას?
სოფლისთვის სკოლა ისეთივე სასიცოცხლო აუცილებლობაა, როგორც ცოცხალი ორგანიზმისთვის ჟანგბადი. სახელმწიფო მისი დამკვიდრება-შენარჩუნებისთვის, განვითარებისთვის კი არ უნდა ზრუნავდეს მხოლოდ, არამედ უნდა იბრძოდეს. ყველაზე დიდი შეცდომა, ამ მხრივ, სკოლის და დემოგრაფიული პრობლემატიკის ურთიერთგანპირობებულობის თვალსაზრისით მოსდით ხოლმე. კერძოდ, ხშირად გაიგონებთ ახალი სკოლის გახსნით აჟიტირებულთაგან – ახლა აქ დემოგრაფიული ვითარებაც გაუმჯობესდებაო. დაკვირვებული გონების თვალის მქონე პირიქით, უკუღმა კავშირს დაინახავს და მართალიც იქნება. სკოლის არსებობა კი არ ცვლის დემოგრაფიულ ვითარებას, არამედ ეს უკანასკნელი ცვლის ყველაფერს უკეთესობისაკენ.
განათლების სისტემა რომ გამართული არ არის, ეს უდავოა, მიზეზი ბევრია, თქვენ რას მიიჩნევთ უმთავრესად? რა შეიძლება ჩაითვალოს უკანასკნელ წლებში სკოლაში გატარებული რეფორმების მთავარ მიღწევად და რა მიგაჩნიათ სასკოლო განათლების მთავარ პრობლემად?
ბოლო ოცდაათი წელი გაუთავებელი რეფორმების ხანად იქცა. სიმართლე გითხრათ, ყოველი ციკლის სტარტი ყოველთვის დამაიმედებლად გამოიყურებოდა, იდეის დონეზე ფრიად მიმზიდველი ჩანდა დებულებების, თეზისების სახით წარმოდგენილი, მაგრამ პრაქტიკაში აბსოლუტურად საპირისპირო მოცემულობად რეალიზდებოდა. ამ თემაზე დაუსრულებლად შეიძლება ვისაუბროთ. მგონია, რომ განათლების სისტემის რეფორმირება იდეოლოგიური ბაზის შექმნით უნდა დაიწყოს. უნდა განისაზღვროს ეროვნული პლატფორმა, რაზედაც დაფუძნდება მთელი ზედნაშენი განათლების სისტემა. შემდეგ, აუცილებელია სკოლისთვის, პედაგოგებისთვის ნდობის გამოცხადება. თუ მასწავლებელს არ ვენდობით, ის თავად ვერ გამოზრდის მოაზროვნე, განსჯის უნარის მქონე თაობებს, რომელთა გარეშეც კი ქვეყანა ვერ განვითარდება. ნდობა შობს თავისთავად უდიდეს პასუხისმგებლობას. ინტელექტი თავის თავში გულისხმობს არა თვითკმარობას, ნარცისიზმს, არამედ მეტი ცოდნის დაუფლებას, რაც თავისთავად დაუსრულებელი პროცესია. კიდევ უფრო მეტის ცოდნის და შინაგანი მოთხოვნილების განცდას, რომ ინტელექტუალური შიმშილი დაიოკო. ასეთი პედაგოგის თანდაყოლილი თვისებაა ამ შიმშილის გრძნობის აღძრა შეგირდშიც და მისი მიღწევის მერე კი, დაკმაყოფილების ერთობლივი გზების, ხერხების ძიება.
სკოლისთვის და პედაგოგებისთვის სრული ნდობის გამოცხადება სარკესავით გამოაჩენს პედაგოგთა კორპუსში ძლიერ, საშუალო და სუსტ კადრებს. ეს თავისთავად, ბუნებრივად, ძალდაუტანებლად მოხდება.
დღეს კი, სისტემა მკაცრი ადმინისტრირების მეთოდებით იმართება, რაც გადმოღებულია, ამ ვითომ რეფორმატორების მიერ გმობილი, საბჭოური სისტემიდან. იღებენ დირექტიული ტონის გადაწყვეტილებებს, ქაღალდომანია შეცვალა ელექტრონული ფორმის ბიუროკრატიულმა ფაილომანიამ. ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის დებულებებით გაჯერებული მართვის სტილი აბსურდის თეატრს ემსგავსება. ყბადაღებული სქემა და მასწავლებელთა გამოცდები არის თუნდაც ამის დასტური.
რა ტიპის გადამზადება სჭირდებათ მასწავლებლებს, სთავაზობს თუ არა მათ სახელმწიფო სათანადო პირობებსა და პროგრამებს?
ნებისმიერი ჭეშმარიტი პედაგოგი მუდმივი ძიების პროცესშია, გაუთავებლად ზრუნავს საკუთარი პროფესიული განვითარების გზების მოძიებაზე. სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს გადასამზადებელი კურსები, ტრენინგები და არჩევანი კი თავად  უნდა გააკეთოს. განა მან უკეთ არ იცის საკუთარი საჭიროებები? განვითარებულ ქვეყნებში ეს აპრობირებულიც აქვთ და დამკვიდრებულიც. მაგალითად, ფინეთში მასწავლებელთა ორი მესამედი პროფესორის დონეზეა და ეს მათ მოახერხეს  ყოველგვარი გამოცდების დანიშვნის, სტატუსების მინიჭების, საგაკვეთილო პროცესზე გარე თუ  შიდა  დაკვირვებების, ე.წ. შემოწმებების გარეშე. დაინტერესდა ვინმე მათი გამოცდილებით? არა, რადგან აქ მხოლოდ  ადმინისტრირებით არიან გატაცებულნი, როგორმე საკუთარი ჩინოვნიკური „არსებობის“ დიდმნიშვნელობა რომ აჩვენონ ყველას. აქ, ჩვენებური ტრენინგების დიდი ნაწილი ფაქტობრივად არაფრის მომცემია და ამას ნებისმიერი პედაგოგი დაადასტურებს. ტრენინგომანიის წყალობით შეიქმნა კასტა ე.წ. ტრენერ-კონსულტანტებისა, რომლებსაც ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად. საკუთარი გამორჩეულობის განსაკუთრებულობის სინდრომშეყრილები საკუთარი ცხვირის იქით ვეღარას ხედავენ. მე ამით სულაც არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ერთეულებს, რომლებიც მართლაც უმაღლესი პროფესიონალები არიან და მართლა თავდახრილი იღვწიან. დიდ როლს თამაშობს მასწავლებელთა თვითორგანიზებადი ვირტუალური ჯგუფები, რომლებშიც  გაერთიანებულნი დაუზარლად უზიარებენ  ერთმანეთს გამოცდილებას. ასეთთა რიგს განეკუთვნება, მაგალითად, სოციალურ ქსელში არსებული „მოტივირებულ მასწავლებელთა ჯგუფი“, რომლის ადმინები,  ქალბატონები – მზია კახაძე, ნატალია თურქაძე, მათი ერთგული მექომაგეთაგანი გალინა ქასოშვილი გასაოცარი ფორმის და შინაარსის ძალისხმევას არ იშურებენ ყველასთვის, უშურველად იხარჯებიან და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა მათ. ახლაც, ამ ჯგუფში, სრულიად უანგაროდ, მსურველთათვის, საკუთარი ენთუზიაზმით უთანხმდებიან ტრენერებს და უფასოდ ახდენენ ტრენინგების ორგანიზებას ვირტუარულად.
ტრენინგს მაშინ აქვს ფასი, როდესაც მისი მონაწილე სკოლაში მოსწავლეებთან გამოიყენებს რაღაც ახალს.
ბევრი პედაგოგი აღიარებს და მათ შორის თქვენც, რომ გამოცდები სათანადოდ ვერ ადგენს პედაგოგის ცოდნის დონეს და რომ ეს ბუტაფორიული წარმატებებია, ლოგიკური მოქმედებებიც არარელევანტურია,  რომლებიც დიდი და ძირეული სახეცვლილებებისთვის მიზერულია, მაშინ რა საჭიროა ამდენი სტატუსიანი მასწავლებელი, თუკი  სასკოლო განათლებას  აბსოლუტურად არაფერს რგებს, ნუთუ მათი სტატუსის უპირატესობა მხოლოდ ხელფასზე უნდა აისახოს?
მასწავლებელთა გამოცდები ეს ცალკე თემაა. ათასჯერ მითქვამს და ახლაც ცალსახად ვაცხადებ: მასწავლებელი, რომელიც თავის საგანს ათიანზე ვერ ჩააბარებს, სამი ცდით, სკოლაში არც უნდა გაჩერდეს, მაგრამ თავისთავად მასწავლებლისთვის გამოცდის დანიშვნა სრულიად დამამცირებელია. მე, რიგით პედაგოგს, 60-80% სიზუსტით, სრულიად რეალურად შემიძლია დავადგინო, მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების საგნის ცოდნის პედაგოგიური უნარების დონე გასაუბრებით და მცირე ფორმატის ფსიქოლოგიური ტესტების დახმარებით. დღეს ჩვენს სკოლაში სტატუსომანია მძვინვარებს. გამოცდების ჩატარების  პირობების დიამეტრულად განსხვავებულმა ცვლამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი და ცხადყო, რომ გამოცდების დამნიშნავმა კლასტერმა ეს შემოიღო სრულიად  გაუაზრებლად, მოუმზადებლად და მხოლოდ შემდეგი მიზნით:
  1. მასწავლებლებისათვის ლაგამის ამოსადებად;
  2. პედაგოგთა კორპუსის დანაწევრების, მათი მართვის გასაადვილებლად.
დღეს ამ ყველაფრის „რადარიზება“ შეიძლება იმ სამი სიცრუის გამოყოფითაც, რაც ცხადყოფს, რომ განათლების სისტემა უზარმაზარი ჩინოვნიკური აპარატია, რომელიც ვერაფრით ელევა მართვის მკაცრად ცენტრალიზებულ ვერტიკალს და ყველაფერს აკეთებს მისი შენარჩუნებისთვის და მასში მოხვედრილი ადამიანებს, რომლებსაც მართლა სურთ რეალური რეფორმების ჩატარება, ან იშორებს თავიდან, ან აიძულებს, რომ გახდეს მისი ნაწილი. ამის  არაერთი მაგალითია, სამწუხაროდ, ადამიანები, რომელთა შეხედულებები თანამდებობაზე მისვლამდე  განათლების სისტემის რეორგანიზების შესახებ ფრიად მიმზიდველად და ჭეშმარიტად  პროგრესულად  გამოიყურებოდა, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ლამის სრულად ივიწყებენ ან ამ მიმდინარე ფსევდორეფორმატორულ ტალღაზე გადაეწყობიან და თავადაც  ამ პროცესის „შემომქმედებს“ უერთდებიან ფაქტობრივად.
ახლა იმ სიცრუეთა შესახებ: პირველი – მასწავლებლებს ხელფასი ეძლევათ  კვირეული დატვირთვის მიხედვით და საღდება ყოველთვიურად; მეორე – ყველგან ხელფასი ანაზღაურების ძირითადი ფორმაა, ჩვენთან კი ხელფასის დანამატად წოდებული აღემატება თავად ხელფასს. თვით სიტყვა „დანამატი“, შინაარსობრივად,  განმარტავს საკუთარ თავს; მესამე – დანამატი მასწავლებელს ეძლევა მოპოვებული სატატუსის შესაბამისად, ჩვენთან კი ის ისე მიაბეს ჩატარებულ საგაკვეთილო  საათებს, როგორც თავად ხელფასი.
ეს ყველაფერი აბსოლუტური სისულელეა ან  შეგნებული უგუნურება. დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან კი ჩინოვნიკები თავს იკავებენ. გამოდის, რომ  სტატუსი არანაირად არ განსაზღვრავს მისთვის გამიზნულ ფულად გამოხატულებას  სრულად, რადგან ისევე დამოკიდებული გახადეს საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე, როგორც განაკვეთებრივი ხელფასი.
თავად  სტატუსების არსი მდგომარეობს შემდეგში (მხოლოდ ორი მიმართულებით ვიტყვი, ამ მხრივ, მრავალთაგან): როგორ შეიძლება ერთი და იმავე რანგის სტატუსით სარგებლობდეს საგნის გამოცდაში ათ ქულა მიღებული და 1, 5, 7 ქულა დამსახურებული? განა ეს თავისთავად  არ არის სიტუაციის აბსურდულობის  ინდიკატორი?
რამდენად იყენებენ სტატუს მინიჭებული მასწავლებლები შეძენილ უნარებს მიზნობრივად და რაში გამოიხატება ეს? დამეთანხმებით, ალბათ, რომ არიან  სტატუს ამაღლებული პედაგოგები, რომლებიც გამოცდის შემდეგ აღარ ცდილობენ პროფესიულ ზრდას. ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ  მოზარდი თაობების სასკოლო განათლების დონე ქვეყანაში ძალიან დაბალია, უფრო და უფრო დაბლა ეშევება კლებადი პროგრესიით… ცხადია, ცენტრალიზებული განათლების სისტემა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად აისახება მასწავლებლების სერტიფიცირება მოსწავლეების განათლებაზე? 
ხშირად, კამათისას, მითქვამს, რომ სკოლაში  ბევრ ე.წ. სტატუს ამაღლებულ მასწავლებელსაც არ გაგაჩერებდით-მეთქი, რადგან უამრავი მასწავლებელია, რომლებსაც თავიანთ საქმიანობაში არც რა შეუცვლიათ სტატუსის მიღების შემდეგ – რანიც იყვნენ, იმადვე დარჩნენ. ფაქტობრივად, სერტიფიცირებამ არაფერი არგო თავად მის უდიდებულესობას – მოსწავლეს, რადგან ეს პროცესი წარიმართა მხოლოდ მკაცრი ადმინისტრირების ფორმატით და მისი ერთადერთი დანიშნულება, გავმეორდები, ჩინოვნიკური აპარატის მმართველობის ყველა ხერხით შენარჩუნება-განმტკიცება იყო.
თვით მასწავლებელთა სახლიც, რომლის ერთადერთი დანიშნულება უნდა ყოფილიყო იდეების გენერატორობა, მასწავლებელთა ერთგული მრჩევლობა, დახმარება, მეგობრობა, იქცა მონსტრად, რომელმაც თავის თავზე აიღო მენტორული, ქედმაღლური ტონით და იერით პედაგოგთა დამოძღვრა, ჭკუის სწავლება. მისი თანამშრომლების, ტრენერ-კონსულტანტების უმეტესობა მხოლოდ საკუთარი  საქმიანობის, „მოვალეობის“ მნიშვნელოვნების დემონსტრირებითაა დაკავებული.
ღრმად მწამს, რომ პედაგოგიკაში პანაცეა არ არსებობს, ვერც იარსებებს, არ შეიძლება ერთი რომელიმე მეთოდი იყოს უნივერსალური, რომელსაც ყველა გამოიყენებს, ყველას გამოადგება, ყველგან ერთსა და იმავე შედეგს მოგვიტანს. ეს უნდა ესმოდეთ სწორედ ამ სახლის თანამშრომლებს. ისინი სხვათა დასახმარებლად თეორიულ ტრენინგებს კი არ უნდა ატარებდნენ მხოლოდ  თვითკმაყოფილი სახეებით, არამედ გაკვეთილებს საჯაროდ, თანაც სერიული ხასიათისას, მინიმუმ, ხუთის მიყოლებით და ამით აჩვენებდნენ კოლეგებს ამა თუ იმ თეორიული მასალის სარგებლობიანობის პრაქტიკულ მაგალითს. ძალზე საგულისხმოდ და უარყოფითად ვუყურებ პედაგოგთა პროფესიული უნარების გამოცდების შინაარსის მხოლოდ ჰუმანისტ პედაგოგთა ნაშრომებზე დაფუძნებასაც. მოზარდთა ცხოვრებაში მასწავლებლის როლი განუზომელია. თანამედროვე ქართულ სკოლაში მასწავლებლის როლიც, ავტორიტეტიც ფრიად დაკნინებულია და ამაში ლომის წილი აქვს განათლების სამინისტროში დამკვიდრებულ მუშაობის სტილს, რომელიც ფუნდამენტურად არ იცვლება და კოსმეტიკური  ხასიათის ცვლილებები კი არსებითად ვერაფერ ხეირიანს ვერ რგებს. თუნდაც იმიტომ, რომ აქცენტი კეთდება  მოსწავლეთა უფლებების დაცვაზე, როცა სრულად ავიწყდებათ მათთვის მოვალეობების შეხსენება, ურომლისოდაც ჩვენს შვილებს, ისედაც მოზღვავებული თავსდამტყდარი ინფორმაციის მქონეთ, უყალიბდებათ სრულიად უარყოფითად  ტრანსფორმირებული ფსიქიკა, ცნობიერება, რასაც სკოლა, მასწავლებელი ვერაფრით შველის და ვერც უშველის თუ ასე გაგრძელდა და, ჯერჯერობით კი,  გვირაბის ბოლოში სინათლე არ ჩანს… თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. სასკოლო განათლების საკადრო პოლიტიკა სპეციფიკურია და, ამ მხრივ, არც ჩვენი რეგიონია გამონაკლისი.
ამ კუთხით, მხოლოდ ერთს შევნიშნავ: სოფლის სკოლებში  სასკოლო დისციპლინების სპეციალისტების დეფიციტი, ხშირად, ცხოვრებისადმი ჩვენეული მიდგომების  სარკისებური ასახვაა, ანუ ბევრისთვის, რომელსაც დასაქმების პრობლემა აქვს, სოფელში წასვლა, მით უმეტეს ოჯახით, წარმოუდგენელია.
მე კი მგონია, რომ თუ ადამიანს საქმე უყვარს და იდეების განხორციელება სურს, სიძნელეებს არ უნდა შეუშინდეს, სოფელში მასწავლებლობა, ოჯახით დამკვიდრება არც ისეთი „უბედურებაა“, როგორც ბევრს წარმოუდგენია. სოფლად მასწავლებელთა  ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამასაც ვერ დაემდურება კაცი.
ესაუბრა მაკა ყიფიანი

დატოვეთ კომენტარი