XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ლიტერატურაში წამყვანია ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის ტენდენცია, რომელიც, თვალსაზრისის სახით, ჩვენმა სამოციანელებმა ჩამოაყალიბეს. ამ ნიადაგზეა შექმნილი ვაჟა-ფშაველას ზოგიერთი თხზულება, მათ შორის – „ბახტრიონიც“. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა თავის შემოქმედებაში ფართო ადგილს უთმობდა სამშობლოს აწმყოსა თუ მომავლის საკითხებს, პატრიოტული მოტივი ერთ-ერთი ძირითადი იყო მის შემოქმედებაში. მის მიმართ არაერთხელ გამოუთქვამთ საყვედური, რომ მის ნაწარმოებში არ ჩანს ქართველი ერის ბედი, რამაც ვაჟა აიძულა, გამოეთქვა აზრი ამის საწინააღმდეგოდ: „რაც შეეხება იმას, თუ მე რამდენად შევძელ საქართველოს მომავალი ბედის თუ უბედურების განსჭვრეტა… ამგვარი კითხვის პასუხი არ შეიძლება ერთმა ლექსმა, ან მოთხრობამ გამოხატოს, არამედ პოეტის მთელმა ცხოვრებამ, მის მოღვაწეობამ, მთელმა იმის ნაწერებმა.
როგორ გგონიათ? არა მაქვს მე წარმოდგენილი მომავალი ჩვენი ქვეყნისა ბრწყინვალედ? ნუთუ ეს არ ჩანს ჩემი ნაწერებიდან? რომ ეს არ მწამდეს თქვენ გგონიათ მე კალამს ავიღებდი ხელში?… ერთმა უსწავლელმა ფშაველმა მითხრა, რომელსაც „ბახტრიონი“ წაეკითხა, მოსწონებოდა ძალიან და ყელგადაგდებით, თითქოს შეკაზმულს ცხენსა მთხოვდა საჩუქრად, მეხვეწებოდა: ვაჟავ, თუ ღმერთი გწამს, ნუ დამიმალავ, სწორედა სთქვი, საქართველოს თავისუფლებას არ გულისხმობ, „ბახტრიონში“ რომ ამბობ: „ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შედგომაო“ – იქნება ვგულისხმობდე, – ვუპასუხე – სწორედ საქართველოს თავისუფლებაზეა ნათქვამიო, – დაიჟინა ფშაველმა და ხუთმეტი ათასი მჭერმეტყველი პროფესორი რომ მოგეყვანათ, იმას აზრს, რწმენას ვერ გამოუცვლიდნენ. თუ ჩემს მკითხველებს ამისთანა რამეს აგრძნობინებს ჩემი ნაწერები, საკმარისია. მაშასადამე საკმარისად წარმოდგენილი მქონია საქართველოს მომავალი სვე-ბედი“.
ვაჟა-ფშაველას ყოველი ნაწარმოები თავისი დროისა თუ ერის ბედის გამომხატველია და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ეს არის ნიშანი მაღალი რანგის ხელოვნებისა.
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებში ჩვენ წინაშეა არა უბრალოდ წარსული, არამედ ცოცხალი წარსული, რომელიც ეხმიანება დღევანდელობას. ვაჟას გმირები, თუნდაც შორეული წარსულიდან, ყოველთვის სამშობლოსთან გვაახლოებენ. „ბახტრიონი“ გვიჩვენებს ვაჟა-ფშაველას მჭიდრო კავშირს თავის ქვეყანასთან, თავის კუთხესთან.
პოემის დასაწყისშივე ჩნდება ორი მოტივი: სამართლიანი შურისძიებისა (რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა XIX საუკუნის ქართულ მწერლობაში (ი. ჭავჭავაძე, ა. ყაზბეგი) და მშობლიური მიწისადმი სათუთი სიყვარულის მოტივი. შურისძიების იდეის გააზრება ღრმა წინააღმდეგობებთანაა დაკავშირებული, რადგან ძალმომრეობის წინააღმდეგ ძალითვე პასუხი, (ბიბლიური „სისხლი სისხლის წილ“), თავისი შინაარსით, ერთგვარად ეწინააღმდეგება მიმტევებლობის იდეას – ქრისტიანული ჰუმანიზმის მთავარ ეთიკურ პრინციპს (თუმცა ქართული ქრისტიანული მსოფლმხედველობისათვის სამშობლოს მტრის მიტევება უცხოა, რაც საკუთარი ქვეყნის, როგორც ამქვეყნად უძვირფასესი საწყაულის, დაცვის ინტერესიდან გამომდინარეობს. „ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შევიბრალოთ რისადა? სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა“ – ეს არის ჩვენი ერის არსებობის უნივერსალური კანონი, რომელმაც მრავალ საუკუნეს გამოატარა საქართველო და დღემდე მოიყვანა). „ბახტრიონში“ მტრისადმი საზღაურის მიგების მოტივი საგრძნობლად შერბილებული და გაკეთილშობილებულია.
სამართლიანი შურისძიების იდეალს გამოხატავს პირველივე პერსონაჟი, რომელიც პოემაში ჩნდება: ეს არის ძაძებით შემოსილი ქართველი დედა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა („ვინც დავრჩით ცოცხალ დიაცნი, დახოცილებსა ვსტირითა…“). დედის ქრისტიანული ლოცვა ტრანსფორმირდება და მტრისადმი მიმართული წყევლის სახეს იღებს.
ხოშარელთ თავს დამტყდარი უბედურება უფრო ცნაურდება სანათას საქციელში: თემი დედაკაცის ამარაა დარჩენილი და ქალი აკეთებს წარმოუდგენელ რამეს, არღვევს ხელშეუხებ ტრადიციას, ასრულებს მიცვალებულთა საწესოს (აქ უკვე იკვეთება პერსონაჟის ხასიათის კონტურები). აქ საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როცა თემის ჩვეულებებიდან გადახვევა პიროვნების ღირსებათა სიმაღლესაც კი მოწმობს. თემში გავრცელებული წესიდან გადახვევასთან გვაქვს საქმე ლელას შემთხვევაშიც, რომლის საქციელიც საბოლოოდ არ იწვევს პიროვნების გაკიცხვას. თავიდან თემს, მეომრებს არ მიაჩნიათ დასაშვებად, რომ ქალმა, თუნდაც დაღუპულ ძმებზე შურისგების მიზნით, მონაწილეობა მიიღოს ბრძოლაში. გავიხსენოთ ამასთან დაკავშირებით ხოშარეულის სიტყვები:
„- დიაცს უყურეთ, სულელსა,
უნდა გაგვრეკოს ფონშია…
კაცჩი დედაკაცს რა უნდა,
რად არა ფიქრობს გონშია?!“
მაგრამ მოქმედების შემდგომი განვითარებიდან ჩანს, რომ ლელა მაინც ჩადის ბახტრიონის ციხეში და თავს სწირავს ქვეყანას. ამიტომ, მიუხედავად წესის დარღვევისა, მოწონებას იმსახურებს და თემის თვალშივე იმოსება უკვდავების შარავანდედით.
ნაწარმოების დასაწყისშივე ჩნდება ობოლი კვირიას პერსონაჟიც, რომელიც დაბადებით ფშაველია, მაგრამ ოცი წელი თუშებთან მწყემსობაში გაატარა.
უნდა აღინიშნოს, რომ მშობლიური კუთხის საოცარი სიყვარული, ავტორის მსგავსად, მისი გმირებისთვისაცაა დამახასიათებელი:
ოც წელს თავის მშობლიურ კუთხეს მოწყვეტილი კაცი შემთხვევით არ მოვიდა ფშაველებთან, მას მთიელებთან დანაბარები მოაქვს („მე გამომგზავნეს საჩქაროდ ფშავს და ხევსურეთს მზირადა და დამაბარეს ხვეწნითა სიტყვა, სათქმელი პირადა“). ერთი მხრივ, კვირია ეროვნული უბედურების მაუწყებელია, იგი გვიყვება თათრების მიერ ულამაზესი კახეთის აოხრების ამბავს, დიდ ეროვნულ ტკივილს გვაგრძნობინებს („არვინ გადურჩათ რჯულძაღლთა, ყველას ბეგარას ადებენ. ვისაც ჰკლვენ, გზა-გზის პირებზე, თავებს მარგილზე აგებენ“). მეორე მხრივ კი, ამაღლებული ტონით შურისსაძიებლად გამზადებული თუშების განწყობილებას გვამცნობს („დაჯავრდნენ თუშნი, რო ნახეს ქვეყანა ნაოხარია. პირი ქნეს, იმათ წინ უძღვის ზეზვაი საოცარია“). იგი ამხნევებს მოხუცს სანათას. ამ უკანასკნელს მისი ვაჟკაცური ბუნება ავიწყებს თავის უბედურებას და საზოგადო ვარამზე ჩააფიქრებს. უშნო, დაფლეთილ ტანსაცმელში გამოწყობილი კვირია ოსტატის ხელით მკითხველისათვის ტრანსფორმირდება მთლიანი ხასიათის, მორალური სიმაღლის, ღრმა პატრიოტიზმის მატარებელ გმირად, რომლის გმირობა გვახსენებს ჩვენს სახელოვან წინაპრებს.
ვაჟა-ფშაველა ცდილობს, შერიგების იდეა ქრისტიანულ ლმობიერებასთან შეათავსოს ლუხუმის სახეში. ეს პერსონაჟი, თავისი ხასიათით, კაცთმოყვარეობის განსახიერებაა. ლუხუმს ებრალება თავისი მტრები, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მას თავგანწირვით იბრძოლოს მშობლიური ხალხის ინტერესებისათვის. ეს არის თავისი ერის საუკეთესო სულიერი თვისებების მატარებელი გმირი (ის წმინდანის ერთგვარი შარავანდედითაა მოსილი ნაწარმოებში). ლუხუმისნაირი რაინდული სულის ადამიანების არსებობაა გარანტი ერის სიძლიერისა. ეს გმირი, თავისი სულიერი სიფაქიზით, თითქოს ყველაფერს აკეთილშობილებს თავის გარშემო. გავიხსენოთ ადგილი ნაწარმოებებიდან, როცა კვირიას ჯარიდან გაპარვის შემდეგ მეომრებს ეჭვი შეაქვთ მის მოქმედებაში, ხოშარეული მას ღალატს სწამებს, სუმელჯი კი სიმხდალეს აბრალებს. მხოლოდ ბერი ლუხუმი არ ირწმუნებს კვირიას ღალატს და ამშვიდებს მოლაშქრეებს:
„კაცს მაგის მეტად ვერ იცნობთ,
მაგის მეტ არ გაქვთ შნოება?
თავის ფიქრიდგან შემკრთალთა
ეხლავ მოგკიდათ ცხროება?
ღალატს რა უნდა ჩვენშია,
როგორი გვადგა დროება?!“
„ბახტრიონში“ ბუნებაც გმირების ხასიათთანაა დაკავშირებული. გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას მიერ გასულიერებული კავკასიონის მთები, ალაზნის ნაპირთან აღმართულნი, რომელნიც მეომრებში გმირობისადმი მისწრაფების სურვილს აღძრავს.
„ბახტრიონში“ საყურადღებოა წიწოლას სახე. სახე ბრძოლის ველიდან შიშით გაქცეული ჯარისკაცისა, მოღალატისა („წიწოლამ ლაფით გაგვთხიფა, გაგვექცა სირბილიანი“). ეს შინაგანი კონფლიქტის მატარებელი გმირია. იგი თავს მუხის ხეზე ჩამოიხრჩობს. ბუნება მისდამი გულგრილია („იორი ყურსაც არ უგდებს, ნელად აქანებს ტალღებსა…“), მეომრები მის უკეთურ ქცევას გმობენ („ვინღა გაივლის ახლოსა, ჩააქვავებენ დედანი… მიწამ შეჭამოს ცოცხალი ემაგისთანა მხედარი!“). რაც შეეხება ავტორს, მისი აზრით, წიწოლას საქციელი, რაღა თქმა უნდა, გაკიცხვის ღირსია, თუმცა აქ იგი ერთგვარ თავშეკავებას იჩენს და გმირის სილაჩრის „ახსნას“ ცდილობს. მწერლის აზრით, ასეთი გმირი უფრო შებრალების ღირსია („უკვლოს, უკეთურს, ბეჩავსა სად დაეკარგა გონება?“). მკითხველშიც სიბრალულს იწვევს წიწოლას სიკვდილი, რითაც იგი ერთგვარად გამოისყიდის თავის დანაშაულს, თვითონვე გამოდის საკუთარი თავის მსაჯული („მუხაზე ჩამოკიდული კაცი სჩანს სამკლავიანი; თავი დაურჩვავ მხედარსა, თუ იყო გულჯავრიანი?!“).
ამ საქციელით ვაჟა აკეთილშობილებს თავის გმირს. ეს მწერლის საოცარ გულმოწყალეობაზე, სხვადასხვა მიზეზის გამო უბედური, თუნდაც უარყოფითი ადამიანის, გმირის გაგების უნარზე მეტყველებს (რადგან არაფერია იმაზე ადვილი, გაკიცხო და სასტიკად მოექცე მოღალატეს). ეს დიდი ადამიანების თვისებაა. ეს არის ობიექტურობა მწერლისა, რომელიც წონასწორობიდან არ გამოჰყავს უარყოფითი გმირის ხასიათის, ქცევის უკიდურესობას, უფრო მეტიც, საქციელი გმირისა მასში ს ე ვ დ ა ს აღძრავს.
პატრიოტიზმი წარმართავს „ბახტრიონის“ გმირების ქცევას. პატრიოტული მიზნითაა მოხმობილი პოემაში მითოლოგიაც და ასაზრდოებს ასახულ ისტორიულ სინამდვილეს. ამ მხრივ აღსანიშნავია კვირიას სიზმარი, რომელიც ლუხუმს ააცრემლებს, ყველას ჩააფიქრებს. ამ სიზმარში კვირია მზის ღვთაებასთანაა გაიგივებული. იგი ყვავილით მოფენილ მინდორზე შავ რაშზე ამხედრებული მიჰქრის, მის ფრანგულზე „სამი სანთელი ანთია“, ხოლო ფარზე „ჯვარად გამოსახული ციური შუქია“. მასაც მითიური ამირანის მსგავსად შავი ვეშაპი უპირებს შთანთქმას, მაგრამ გმირი სძლევს ბოროტებას, თუმცა ცხენი წაექცევა, გონი მისდის.
ამ პასაჟში ბევრი მითოსური სახეა, „დიდი ჭანდარი“ — იგივე ცხოვრების ხეა, რომელზეც წმინდა გიორგი ან თეთრხმლიანი ლაშქარი დაივანებს ხოლმე. „ბერი ქედანი“ სამზეოზე ამომყვანი ფასკუნჯის სახეა. ეს არის მითოსური სამყაროს სამოთხე, მზის საუფლო, ზესკნელი, მაგრამ მზე მხოლოდ წამით დახედავს სიზმრის ღვთაებრივ გმირს და გაბრუნდება. ეს წითელი, მკვდართა მზეა, გმირი კი გარდაცვლილია, თუმცა მან უკვე იხილა მომავალი აღორძინების საუფლო.
მითოლოგიური ეპიზოდით, ლეგენდით მთავრდება პოემა. ეს ხერხი მრავლისმეტყველია ნაწარმოებში. ქვესკნელის პირას წევს ბერი ლუხუმი. მას „ნატყვიარი სჭირს მკერდშია“, სწორედ იქ, სადაც ლუხუმი წევს, ჯაგრიანი ვეება გველის საბუდარია. ადამიანის მტერი ივიწყებს ჩვეულ ბოროტებას, ებრალება ლუხუმი, ენით წყლულებს ულოკავს, ცრემლებით ნაჭრილობევ მკერდს უსველებს. ეს არის უცნაური მეტამორფოზა ბოროტისა, რასაც სამშობლოსათვის თავდადებულის დიდი ადამიანური სიკეთე იწვევს.
„სფეროთა ბრუნვის მეოხებით, მკვდართა მზე კვლავ ცოცხალთა მზედ მოიქცევა, ვეშაპის მძლევარი, ღვთაებასთან გაიგივებული კვირია აღსდgeბა ძილისაგან, ხოლო მთის წვერზე („ლაშარის გორზე“)… კვლავ შედგება უკვდავების ვეშაწყაროთი (ანუ მისი მცველი უძველესი ღვთაების-გველის მიერ) განკურნებული ლუხუმი“. ასეთი იყო, ალბათ, ამ მითოლოგიური ნაწყვეტების ქვეტექსტი და მწერლის სულის განწყობილება პოემის დასასრულს.
კახაბერ გაბუჩია
თბილისის №53 და №54 საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი