თამარ ჯაყელი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და სასკოლო განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტი: „ჩვენ ვმუშაობთ პროგრამაზე, რომელსაც „ახალი სკოლის მოდელი“ ჰქვია და რომელიც დღეს უმთავრესი პროგრამაა ზოგადი განათლების ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ შედეგებზე გავალთ გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ეს საზოგადოებას ჰგონია. ამ პროგრამის ირგვლივ გაერთიანდა სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეული, რომელიც აქამდე ძირითადად, დაშლილი და დაქსაქსული იყო. განათლების სისტემა უფრო ურჩ საფეოდალოებს ჰგავდა, სადაც ყველა სტრუქტურული ერთეული თავის კორპორაციულ ინტერესებს უფრო ემსახურებოდა, ვიდრე საერთო საქმეს. ერთიანობა იყო სრულიად ფორმალური. შესაბამისად, პროგრამის ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში დაგეგმილი ინტერვენციებიც ჰარმონიზებულია და სისტემური. ამჟამად, თანადროულად და ურთიერთდაკავშირებულად ვმუშაობთ ხუთ მიმართულებაზე. რა მიმართულებებია ეს? პირველი — სასკოლო კურიკულუმის განვითარება. სასკოლო კურიკულუმი არის მოსწავლის განვითარების გზის გეგმა. აქ დიდი ცვლილებები მოხდა. რატომ? მოგეხსენებათ, რომ ფსიქოპედაგოგიკაში — მეცნიერებაში, რომელიც გარკვეულ კანონზომიერებებს ექვემდებარება, შეიძლება გამოვყოთ 4-5 ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპი. ეს პრინციპები სკოლაში არ ინერგებოდა, რის გამოც ვერ ხორციელდებოდა ცოდნის სტრუქტურების განვითარება. ინფორმაცია მართლაც რომ იქცეს ცოდნად, მისი კოგნიტურ სტრუქტურებში ინტეგრირება უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, იყო სრულიად ზედაპირული სწავლება — ისევე გადადიოდა ეს ზედაპირული, ზერელე ცოდნა ბავშვის თავზე, როგორც წყალი გადადის იხვის ბუმბულოვან საფარზე, ამ ცოდნის შეღწევა არ ხდებოდა ცნობიერების ღრმა შრეებში. როდესაც ცოდნა არ არის ორგანული, მას ძალა არ აქვს, ამ ცოდნას ჩვენ ვერ ვიყენებთ. სწორედ ამ პრინციპებს დავაფუძნეთ სასკოლო კურიკულუმი და ეს პრინციპები შეითვისეს მასწავლებლებმა. შესაბამისად, გვაქვს გარანტია, რომ საკლასო ოთახში ბავშვების „გონებრივი საამქროები“ ამოქმედდება ისევე, როგორც 150-ე სკოლაში ამოქმედდა (იგივე უნდა მოხდეს ახლა 50 სკოლაში). ის შესაძლებლობები, რომლებიც ბუნებრივად დევს ჩვენს კოგნიტურ სისტემაში, უსაზღვროა და თუ ამოქმედდება, გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ჩვენ გვგონია.
მეორე მიმართულებაა წინსვლაზე და განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების სისტემის შექმნა. ეს კონცეფცია და სისტემა შექმნილია და 50 სკოლაში მოქმედებს. ეს იქნება არა კონტროლი და შეფასება განაჩენის გამოსატანად, არამედ კონტროლი და შეფასება დახმარებისათვის, წინვლისა და განვითარების ხელშესაწყობად — სკოლა ნახავს მეოთხე, მეექვსე, მეცხრე კლასებში რა პრობლემებია თითოეულ საგანში, რომელ ბავშვს რა უჭირს და შესაბამისად შევძლებთ მიზანმიმართული ინტერვენციების განხორციელებას. სკოლებს შევაფასებთ, როგორც ერთიან გუნდს და არა ცალკეულ მასწავლებელს. სკოლის წინსვლის კოეფიციენტის მიხედვით გავზომავთ როგორია კონრეტული სკოლის წინსვლა წინა წლის მონაცემებთან შედარებით. წინსვლის დანახვა შიგნიდან გაააქტიურებს თვითონ სკოლას, როგორც გუნდს, გაზრდის შინაგან მოტივაციას და გასაქანს მისცემს დათრგუნულ შესაძლებლობებს. ჩვენ გვქონდა მიდგომები, რომლებმაც ჩაკეტა ადამიანებში — მოზრდილებსა და მოზარდებში — შინაგანი შესაძლებლობები. ახლა შევქმენით სისტემა, რომელიც ამ შესაძლებლობებს გახსნის, მოქმედებაში მოიყვანს, რაც წარმატების მომტანი იქნება.