27 ივლისი, შაბათი, 2024

ესეების კონკურსის გამარჯვებულებმა თავიანთი პრიზები სხვა ბავშვებს დაუთმეს

spot_img

დასრულდა „ახალი განათლების“ მიერ ორგანიზებული პირადი მოსაზრების გამომხატველი ესეების კონკურსი ახალგაზრდების აღიარების პრობლემა ჩვენს რეალობაში“.

ჟიურის რჩეული ესეს ავტორმა მარიამ ჩაჩანიძე, რომელიც სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა, გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

როდესაც კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე, არ მქონია იმის იმედი, რომ გამარჯვებულებს შორის აუცილებლად ვიქნებოდი. ჩემი გამარჯვება სრულიად მოულოდნელი იყო. ვიცი, ახლა ყველა ბედნიერია – ჩემი ოჯახი, სკოლა, ჩემზე მოამაგე, მოსიყვარულე მასწავლებლები და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ჩემი მეგობარი, მასწავლებელი, ოჯახის წევრი, ჩემი როკო.

ჟიურის ამ გადაწყვეტილებას მივესალმები და ძალიან მიხარია. ვთვლი, რომ ყველაზე დიდი ნიჭი ადამიანობაა. ვისაც ეს ნიჭი გააჩნია უხვად, ერთერთი მათგანია გურამ ფედოროვი * საუკეთესო მეგობარი, ადამიანი და უნიჭიერესი ბიჭი. მჯერა გურამის ლამაზი, ნათელი მომავლის და მინდა ვიყო ის ადამიანი, ვინც მისი ბედნიერი მომავლისა და მოტივაციის კედელზე ერთ აგურს დადებს.

გურამი იმსახურებს ამას. მინდა ვთხოვო, რომ სჯეროდეს თავისი შესაძლებლობების, რომელიც უზღვავია და ჩემი პრიზი გადავცე. ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ, არის თუ არა ეს სწორი. ვიცი, რომ არის.

დარწმუნებული ვარ გურამში, მჯერა მისი და ისიც ვიცი, რომ ყველას დაუმტკიცებს, რა საოცარი ბიჭია.

ეს არ არის მოწყალება. როგორ ვაკადრებ! ეს არის ჩემი გახარების შესაძლებლობა. გურამი არ იტყვის უარს ერთი პატარა გოგოს ჟესტზე, რომელიც სიხარულის გარდა აღარაფერს შეაგროვებს. სიხარულის შემგროვებლად უნდა ვიქცე. მეყო ტკივილები, წამალი, ექიმი, ოპერაცია. ახლა მე დიდი სიხარულის ნაკადს ამით ვიწყებ მინდა ასე და ასეც ვაკეთებ.

ჰო, გამარჯვება პირობითი სიტყვაა. ეს კონკურსი იქნება თუ სხვა.

კარგია, რომახალი განათლებაამის შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს. კიდევ ბევრჯერ მივიღებ მონაწილეობას კონკურსებში, ბევრჯერ გავიმარჯვებ (რახან მინდა, ესე იგი, შევძლებ კიდეც!) და მზის სხივებივით ჩამოვარიგებ პრიზებს ისევ ჩემივე სიხარულისთვის.

გადაწყვეტით ვიცი, წარმატებისა და სიხარულისთვის დავიბადე. მადლობა, გურამ, რომ ჩემი სიხარულის დიდი მიზეზი ხარ შენ და ბევრი ჩვენი თანატოლი. ჩვენ, როგორც როკო მასწავლებელი გვეტყვის ხოლმე, წინა თაობის ბედნიერი სიბერის გარანტორები ვართ. შენ, როკო მასწავლებლის შოკოლადისფერი ბავშვი, ამას როცა წაიკითხავ, ალბათ გაიღიმებ დიდი კაცივით და იტყვი: მადლობა, მარიამ! სამადლობელი კი არაფერი გაქვს. ეს ჩემი სიხარულია!

ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ინტელექტის რჩეულმა, ხატია ხოჯანაშვილმა, სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ. მან თავისი პრიზი დაუთმო ლუკა მერებაშვილს, რომელიც სსიპ გორის №12 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა და ამავე კონკურსში „აგორას“ მიერ იქნა შერჩეული.

„ლუკას ნაწერი წავიკითხე, ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, მარიამ ჩაჩანიძის მსგავსად, ჩემი პრიზი იმ ფინალისტს გადავცე, რომელიც, ჩემი აზრით, საუცხოოა. ძალიან მიხარია, რომ მარიამმა ასეთი ნაბიჯი გადადგა და მეც მიბიძგა ასეთი ქმედებისკენ. ჩვენ ვაღიარებთ ერთმანეთს და ეს უკვე ცოტა არ არის. სტერეოტიპები უნდა დავამსხვრიოთ. ახალგაზრდების აღიარება დავიწყეთ ისევ ახალგაზრდებმა და მოზარდებმა!“  – განაცხადა ხატია ხოჯანაშვილმა.

„ახალი განათლება“ მოუწოდებს პედაგოგებსა და მშობლებს მსგავსი აქციების ხელშეწყობისკენ. რედაქციის აზრია, რომ მეტი კოორდინაცია იყოს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის არაფორმალური განათლების კუთხით. სავარაუდოდ, ბატონ კახაბერ გაბუჩიას ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდება და საგნობრივ კონკურსებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები