მაკა თოლორდავა
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის ქიმიის წამყვანი მასწავლებელი
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს პრიორიტეტულ თემებს, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სამოქალაქო ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად. თითოეული მათგანი ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ მოქალაქეობრივი მოვალეობებისა და უფლებების გააზრებას.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიერ გამოყოფილი პრიორიტეტული თემებია:
♦ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
♦ გარემოს დაცვა;
♦ ჯანსაღი ცხოვრება;
♦ სამოქალაქო უსაფრთხოება;
♦ კონფლიქტების მართვა;
♦ ფინანსური წიგნიერება;
♦ კულტურული მრავალფეროვნება;
♦ ადამიანის უფლებები.
კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს ხალხის ან საზოგადოების ხელშესახებ და არამატერიალურ მემკვიდრეობას, რომელიც იქნა შენახული და შემდგომი თაობებისთვის გადაცემული. იგი მოიცავს რწმენებს, ცოდნას, მხატვრულ გამოხატულებებს, ნორმებსა და ღირებულებებს, სოციალურ პრაქტიკას, ტრადიციებსა და ჩვეულებებს, ადგილებს, საგნებსა და კულტურის ნებისმიერ სხვა გამოხატვას.
გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. ამ პროცესში მოსწავლეთა გათვითცნობიერება და შემდგომი ჩართულობა, მათი მოქალაქეობრივი მოვალეობაა.
ჯანსაღი ცხოვრება საკმაოდ ფართო ცნებაა, გულისხმობს შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმს, სწორ კვებას, მოძრაობით აქტივობას, პირად ჰიგიენას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ადამიანების სიყვარულს, ცხოვრების პოზიტიურ აღქმას. ამ საკითხში მოსწავლეთა გათვითცნობიერების აუცილებლობის საფუძველზე, იგი ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად გამოიყო ესგ-ის მიერ.
სამოქალაქო უსაფრთხოება – დაცვითი და უსაფრთხოების ღონისძიებების კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს:
ა) საგანგებო სიტუაციის პრევენციას და საგანგებო სიტუაციის შედეგების მიტიგაციას;
ბ) სახანძრო უსაფრთხოებას, მათ შორის, ხანძრის პროფილაქტიკის ორგანიზებას, მის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას;
გ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მზადყოფნას მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი ან მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციისათვის, მასზე რეაგირებასა და მოსახლეობის დაცვას;
დ) სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტის უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
კონფლიქტი ლათინური სიტყვაა და შეჯახებას ნიშნავს. კონფლიქტის მართვისთვის საჭიროა:
⇒ ამოიცნო, თუ რას შეიძლება გრძნობდეს და ფიქრობდეს ადამიანი;
⇒ მოუსმინე, რას გთავაზობს;
⇒ ეცადე, აკონტროლო შენი გრძნობები;
⇒ თუ ფიქრობ, რომ ბრაზდები, მართე ბრაზი;
⇒ დაფიქრდი, იქნებ შემოთავაზებული წინადადება შენთვისაც საინტერესოა.
აღნიშნული უნარი მოსწავლისთვის უმნიშვნელოვანესი და ყოფა-ცხოვრებაში საჭიროა. მისი ჩამოყალიბება კი სწორედ სკოლის პერიოდში ხდება.
ფინანსური წიგნიერება წარმოადგენს ფულთან (ფინანსი — იტალიურად ნაღდ ფულს ნიშნავს) ან, უფრო ზუსტად, საკუთარ ფინანსებთან ურთიერთობის ხელოვნებას. ამ „ხელოვნების“ დაუფლება საკმაოდ რთული, მაგრამ მიღწევადია. ეს უნარი ხელს უწყობს მოსწავლეს, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ პიროვნებად.
კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენს კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობას, რომლის დაცვა და ხელშეწყობა აუცილებელია ყოველი ადამიანის საკეთილდღეოდ.
ადამიანის უფლებები ყველასთვის ერთნაირია, განურჩევლად რასისა, სქესისა, ეროვნებისა, ეთნიკურობისა, ენისა, რელიგიისა ან სხვა ნებისმიერი სტატუსისა. ამ უფლებების სწორად გაცნობიერება და გათავისება სასკოლო ცხოვრების პროცესში უნდა მოხდეს.
პრიორიტეტულ სასწავლო თემებზე აქცენტირებული მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს სასკოლო პროექტების განხორციელებით. სასკოლო პროექტების განსახორციელებლად სკოლები სწავლობენ საკუთარ საჭიროებებს და გეგმავენ აქტივობებს გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად/სკოლის განსავითარებლად.
სასკოლო პროექტებზე მუშაობის კრიტერიუმები მოიცავს შემდეგს:
⇒ რამდენად ორიენტირებულია სასკოლო პროექტი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებაზე;
⇒ რამდენად ორიენტირებულია პროექტი ეროვნული სასწავლო გეგმის სამიზნე ცნებასთან/ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებზე;
⇒ უწყობს თუ არა პროექტი ხელს ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემაზე/თემებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას;
⇒ რამდენად გამოკვეთს პროექტი ინტერდისციპლინურ კავშირებს, ასევე კლასებს/საფეხურებს შორის კავშირებს;
⇒ რამდენად ითვალისწინებს პროექტი სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან (კათედრები, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა და სხვა) თანამშრომლობას და სასკოლო საზოგადოების/თემის ჩართულობას;
⇒ რამდენად ავითარებს პროექტი თემთან/გარე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს;
⇒ რამდენად ითვალისწინებს სასკოლო პროექტი ფორმალური და არაფორმალური განათლების კომპონენტს;
⇒ რამდენად აქვს ყველა მოსწავლეს თანაბრად ჩართვის შესაძლებლობა;
⇒ რამდენად მოიაზრებს პროექტის იდეა და შედეგები კავშირს სკოლის განვითარებასთან.
თითოეული ზემოაღნიშნული პრიორიტეტული თემის განხილვა და შესაბამისი აქცენტირება სწავლა-სწავლების პროცესში, უზრუნველყოფს მოსწავლის პასუხისმგებლიან და ინფორმირებულ მოქალაქედ ჩამოყალიბებას.