30 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2022

ეროვნული სასწავლო გეგმის საკვანძო ტერმინთა განმარტება

spot_img
სოფიო სულაბერიძე
ქუთაისის №9 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი

 

თვალნათლივ ჩანს, რომ ძალიან ბევრი პედაგოგისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა ის ტერმინოლოგია, რომელიც მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაშია გამოყენებული. ნაწილობრივი გაურკვევლობა, ბუნდოვანი წარმოდგენა ან სრულიად შეუსაბამო მოსაზრებები პროფესიულ-დარგობრივ ლექსიკასთან დაკავშირებით, არასასურველია. მოცემული სტატია მთლიანად ეყრდნობა იმ გზამკვლევებს, რომლებიც შემოთავაზებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე. პუბლიკაცია, ვფიქრობთ, უმეტესად, გამოადგებათ იმ სკოლის პედაგოგებს, რომლებიც გვიან შეუერთდნენ ზოგადი განათლების რეფორმას.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა – ეროვნული სასწავლო გეგმა არის მთავარი დოკუმენტ-ინსტრუმენტი განათლების რეფორმის მიზნების მისაღწევად. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა 2019-2021 წლებში.

გზამკვლევი – მასწავლებლებისთვის განკუთვნილი მეთოდური ხასიათის მითითებანი (მითითებების კრებული), რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს სახელმძღვანელოს სახე. გზამკვლევის დანიშნულებაა, მიაწოდოს ინფორმაცია პედაგოგებს, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ამა თუ იმ პედაგოგიური რესურსით.

საფეხურის შედეგი – საფეხურის შედეგები არის ზოგადი ორიენტირები, რომლებიც სასკოლო საზოგადოებისთვის საგნის სწავლების მიზნებს განსაზღვრავს. პასუხს სცემს შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს საფეხურის/ქვესაფეხურის (და არა კონკრეტული სასწავლო წლის) ბოლოს?

შედეგი მოიცავს როგორც უნარებსა და ფაქტობრივ მასალას, ისე მიზანს/დანიშნულებას, რისთვისაც მოსწავლეს შეძენილი ცოდნა სჭირდება

საგნობრივი სამიზნე ცნებები (მოკლედ: ცნებები) – ეროვნული სასწავლო გეგმის თითოეული შედეგი უკავშირდება საგნობრივ სამიზნე ცნებას. ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყველა საგნისთვის განსაზღვრულია რამდენიმე სამიზნე ცნება. საფეხურის დონეზე მათი (შედეგები/სამიზნე ცნებები) დაუფლება, შედეგებთან ერთად, საგნის სწავლა-სწავლების გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს.

გრძელვადიან მიზნებს (შედეგებსა და სამიზნე ცნებებს) აზუსტებს და უფრო მკაფიოს ხდის ცნებასთან დაკავშირებული (ა) ქვეცნებები, (ბ) მკვიდრი წარმოდგენები და (გ) საფეხურის საკვანძო შეკითხვები.

♦ ქვეცნებები გამომდინარეობს სამიზნე ცნებიდან. მათი საშუალებით სასკოლო კურიკულუმში განისაზღვრება კონკრეტული საკითხები და ქვესაკითხები.

♦ მკვიდრი წარმოდგენები შემოფარგლავს ცნების მოცულობას და განსაზღვრავს, რა უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მოსწავლეს ამ ცნებასთან მიმართებით საფეხურის ბოლოს. მათი საშუალებით წარმოჩნდება განზოგადებები, რომლებამდეც მოსწავლე უნდა მივიდეს ნებისმიერი თემის სწავლა-სწავლების პროცესში. მკვიდრი წარმოდგენები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს (არ შეიძლება მათი იზოლირებულად დამუშავება). ისინი განისაზღვრება სასკოლო კურიკულუმის და არა ეროვნული სასწავლო გეგმის დონეზე.

♦ საფეხურის საკვანძო შეკითხვების საშუალებით გამოიკვეთება აქცენტები, რომლებზე ორიენტირებითაც უნდა წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი. საფეხურის საკვანძო შეკითხვის საფუძველზე ყალიბდება საკითხთან/თემასთან მიმართებით საკვანძო შეკითხვა, რომელიც კომპლექსური დავალებისა და ცნების/ცნებების ურთიერთკავშირს უზრუნველყოფს.

შედეგების მიღწევის ინდიკატორები – აკავშირებს თემას საფეხურის შედეგებთან.

თემატური მკვიდრი წარმოდგენები – აკავშირებს თემას სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებთან.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით შუალედური მიზანი (კომპლექსური დავალება), რომელიც თემის ფარგლებში გამოიყოფა, გულისხმობს შემეცნებით-შემოქმედებით პროდუქტს, რომელსაც ქმნის მოსწავლე.

ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევის ტაქსონომია (სოლოს სახელწოდებით იცნობენ მას ძირითადად) ხუთ დონეს გულისხმობს: პრესტრუქტურულს, უნისტრუქტურულს, მულტისტრუქტურულს, მიმართებით და აბსტრაქტულ დონეებს. თითოეული მათგანი წარმოაჩენს სამიზნე ცნების ფლობის დონეს/სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული საკითხის/საკითხების გააზრების ხარისხს. პირველ სამ დონეზე სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული საკითხების გააზრების ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი. ცნების დაუფლება/შედეგის მიღწევა იგივდება მიმართებით და აბსტრაქტულ დონეებთან.

♦ რესტრუქტურული დონე – მოსწავლეს, საკითხთან დაკავშირებით, არ აქვს რელევანტური ინფორმაცია.

♦ უნისტრუქტურული დონე – მოსწავლეს აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

♦ მულტისტრუქტურული დონე – მოსწავლეს აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

♦ მიმართებითი დონე – მოსწავლეს შეუძლია:

  • სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების კრიტიკულად და ურთიერთდაკავშირებულად გააზრება და გაანალიზება;
  • სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენების ურთიერთდაკავშირებულად გაანალიზება;
  • კონკრეტულ სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონტექსტუალიზება (საგნის სხვა სამიზნე ცნებებთან დაკავშირება).
  • მიმართებითი დონეზე საკითხის/სამიზნე ცნების გააზრებანიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგის მიღწევას. თუმცა, შესაძლებელია მოსწავლე უფრო შორსაც წავიდეს, ანუ იმ განზოგადებებისკენ, რომელიც აბსტრაქტული დონისთვისაა განსაზღვრული.

♦ აბსტრაქტული დონე – მოსწავლეს შეუძლია სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების ეროვნული სასწავლო გეგმის ზესაგნობრივ(მაკრო) ცნებებთან.

XXI საკუნის საკვანძო (ევროსაბჭოს) კომპეტენციებ – წიგნიერება, ციფრული წიგნიერება, მულტილინგვური წიგნიერება, კულტურული ცნობიერება და თვითგამოხატვა, რაოდენობრივი წიგნიერება, პერსონალური, სოციალური და სწავლის სწავლის კომპეტენცია, სამოქალაქო კომპეტენცია, მეწარმეობა.

ზესაგნობრივი (მაკრო) ცნებები – კონსტრუქტი (მნიშვნელობის მინიჭება,) ნარატივი (ინფორმაციის კონსტრუირება), კულტურული მრავალფეროვნება, მოდელი, კვლევა, სტრატეგია, მოქალაქე, ნოვაციური პროექტი. მაკროცნებები არასოდეს მუშავდება დამოუკიდებელი ცნებების სახით. მათი გააზრება ხდება საგნობრივ სამიზნე ცნებებზე მუშაობის პროცესში. ზესაგნობრივი (მაკრო) ცნებები არ უკავშირდება რომელიმე ერთ საგანს ან სამიზნე ცნებას.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

განმავითარებელი შეფასება მასწავლებლის პოზიციიდან: ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი უკუკავშირი, წამახალისებელი მითითებები, ცოდნის/გაგების შემამოწმებელი კითხვები, რუბრიკები, ქვიზები და ა.შ. მოსწავლეების პოზიციიდან: თვითშეფასება, თვითრეგულირებული სწავლა (მეტაკოგნიცია და თვითრეგულაცია), ურთიერთშეფასება.

♦ განმსაზღვრელი შეფასება მასწავლებლის პოზიციიდან: ქულით ან/და კომენტარით შეფასებული შემაჯამებელი შეფასებები (ქულას შეიძლება ახლდეს კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზების გამოსასწორებელი მითითებებით).

განმსაზღვრელი შეფასებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ორი მოდელი გამოიყენება: მოდელი 1 – ნიშანი იწერება მიმდინარე საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალების კომპონენტებში, ხოლო სემესტრული ქულა გამოითვლება ამ სამი კომპონენტის საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; მოდელი 2 – ნიშანი იწერება მხოლოდ შემაჯამებელ დავალებებში. მათ რაოდენობას თავად სკოლა განსაზღვრავს სასკოლო სასწავლო გეგმის პრიორიტეტებიდან გამომდინარე.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოთხოვნები, მეთოდოლოგიურ ორიენტირებთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებულია 5 საგანმანათლებლო პრინციპის სახით:

1) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას;

2) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით;

3) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას;

4) სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლას);

5) სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.

მეტაკოგნიცია არის აზროვნების პროცესების მონიტორინგი და მართვა (კონტროლი).

პრიორიტეტული თემები ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე – ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს პრიორიტეტულ თემებს, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სამოქალაქო ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად:

ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

ბ) გარემოს დაცვა;

გ) ჯანსაღი ცხოვრება;

დ) სამოქალაქო უსაფრთხოება;

ე) კონფლიქტების მართვა;

ვ) ფინანსური წიგნიერება;

ზ) კულტურული მრავალფეროვნება;

თ) ადამიანის უფლებები.

ავტორიზაციის სტანდარტი აქცენტს აკეთებეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • კურიკულუმის შემუშავებაში სასკოლო საზოგადოების ჩართულობა;
  • შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტების მოთხოვნებთან;
  • სასწავლო პროცესის კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნება;
  • პოზიტიური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება;
  • სასწავლო პროცესის შეფასება და მონიტორინგი;
  • კურიკულუმის განვითარება.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები