21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ერნესტო საბატოს „გვირაბი“ – არგენტინული უარყოფა და მსოფლიო აღიარება (რომანის ისტორია და რეზიუმე)

spot_img

ქეთევან გარაყანიძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

რომანის ისტორია

1948 წელს, არგენტინაში, ერთ-ერთ ლიტერატურულ ჟურნალში, „გვირაბის“ ფრაგმენტის დაბეჭდვას არნახული ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც ბუენოს-აირესის ყველა გამომცემლობამ უარი თქვა რომანის გამოცემაზე. ავტორი მოგვითხრობს: „გვირაბი“ იყო ნაწარმოები, რომლის გამოქვეყნებაც გულით მსურდა, მაგრამ მომიწია, გამომევლო ტანჯვა, გამოწვეული საშინელი შეურაცხყოფით“.

ერნესტო საბატოს ბრალს სდებდნენ უხამსობაში და რომანს უგემოვნო პორნოგრაფიულ ტექსტად მოიხსენიებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც „გვირაბმა“ ევროპელი მწერლების – ალბერ კამიუსა და ჰენრი გრაამ გრინის – ყურადღება მიიპყრო, მისი ისტორია სხვაგვარად განვითარდა: საფრანგეთში ჟურნალმა „გალიმარმა“ რომანის თარგმნა და გამოცემა ითავა.

ასე დაიწყო „გვირაბის“ დიდი მოგზაურობა მსოფლიო ლიტერატურაში, ქართულ ენაზე კი 2019 წელს გამოიცა.

 

რომანის შინაარსი

მთავარი პერსონაჟი, მხატვარი ხუან პაბლო კასტელი, დიდი ხელოვანი, მაგრამ მძიმე ბუნების კაცია. ხუან პაბლო ერთ დღეს, თავის გამოფენაზე, შემთხვევით დაინახავს და შეიყვარებს ქალს, მარია ირიბარნეს, რომელიც დაქორწინებულია. მარია უცხო, მაგრამ მისთვის საინტერესო და მიმზიდველი კაცის საყვარლობას თანხმდება, თუმცა გათხოვილი რომ არის, ამას არ ამხელს.

ქალი მალევე ხვდება, რომ ეს ურთიერთობა მარტივი არ იქნება, რადგან ხუან-პაბლოს ეგოისტური და მესაკუთრული განწყობა მისდამი ნორმალური არ არის.

ერთი შეხედვით ლოგიკური კითხვები, რომლებსაც კასტელი თავის საყვარელს უსვამს, უპასუხოდ რჩება, რის გამოც საშინლად გაღიზიანებული ხუან პაბლო თვლის, რომ ის, ვინც ატყუებს, უნდა მოკვდეს.

საინტერესო ისაა, რომ ხუან პაბლომ დაზუსტებით არ იცის, მარია ატყუებს, თუ მის დამამცირებელ კითხვებს არ პასუხობს. ეჭვიანობის შეურაცხმყოფელი სცენები, საბოლოოდ, მარია ირიბარნეს საშინელი მკვლელობით სრულდება.

ასეთია რომანის მოკლე შინაარსი.

უსამართლო კრიტიკა და მწერალი

კრიტიკოსთა ბრალდება „გვირაბის“ მიმართ უხამსობა და ფაბულის აბსურდულობა იყო, თუმცა რომანის კითხვის პროცესში მკითხველი ვერსად შეხვდება იმგვარ თხრობას, უხერხულობა რომ იგრძნოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მკითხველზე შთაბეჭდილებას მთავარი პერსონაჟის შემაძრწუნებელი სულიერი მდგომარეობის შეულამაზებელი აღწერა ახდენს – ეგზისტენციალური ეჭვებით შეპყრობილი ხელოვანის უმძიმესი სულიერი კრიზისი, რომელსაც ის საშინელ დაუნდობლობამდე მიჰყავს.

გულწრფელობის მიმართ შიში ადმიანური მოვლენაა.

ერნესტო საბატოს რომანისადმი კრიტიკოსთა გულისწყრომის მიზეზად, შესაძლოა, სწორედ გულწრფელობის მიმართ შიში დასახელდეს, რადგან ეს შიში უსაფუძვლო არ არის.

ის ფაქტი, რომ სიყვარულს ეჭვები ანადგურებს, უცხო არავისთვისაა, მაგრამ ეჭვიანობის საფუძველზე საშინელი დანაშაულის ჩადენა რომ ნებისმიერს შეუძლია, მკითხველი მწერლობისგან მარტივად ვერ იღებს, რადგან უდანაშაულობის პრეზუმფციის ხელყოფად აღიქვამს.

შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ მკითხველი მწერალს ბრალმდებლად თვლის, ასე ცდილობს, სინდისი ქენჯნის მძიმე ტვირთისგან გაითავისუფლოს.

სწორედ ამ შიშის ფონზე იბადებოდა და იბადება ლიტერატურაზე შურისძიების დაუოკებელი სურვილი, რომელსაც სხვადასხვა დროს უამრავი შედევრი ემსხვერპლა.

ერნესტო საბატოს „გვირაბის“ გადარჩენა ალბერ კამიუსა და ჰენრი გრაამ გრინის წყალობა და დამსახურებაა.

რომანი შემეცნების ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმის, საკუთარი თავის შეცნობის, ღირებული საშუალებაა, რომელიც მკითხველს სულის ყველაზე მიუვალ კუნჭულებში ამოგზაურებს.

„გვირაბი“ არის ლიტერატურული სიახლე, რომლის ქართულ ენაზე არსებობა მთარგმნელისა და გამომცემლობის დასაფასებელი გარჯაა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები