გენდერული უთანასწორობის პრობლემა თანამედროვე დროშიც არ კარგავს აქტუალობას. პრობლემა თავს ხშირად სამუშაო ბაზარზე ქალთა დასაქმებისა და კარიერული წინსვლის კონტექსტში იჩენს. გენდერულად დაბალანსებული სამუშაო ბაზრის შექმნა განსაკუთრებით რთულია განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა უფლებების დაცვის მხრივ ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება, მსოფლიოში არსებული გენდერული სტერეოტიპები, ქალთა დასაქმების გზაზე, უხილავ ბარიერადაა აღმართული, რის გამოც მათ ჯერ კიდევ უჭირთ სამუშაო ბაზარზე თავის დამკვიდრება. შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის ამსახველი ფაქტები მრავლად მოიძებნება საქართველოში. სხვადასხვა კვლევით ანგარიშებში ასახულია არაერთი საქმე ქალთა სექსუალური შევიწროების შესახებ სამუშაო ადგილებზე და დისკრიმინაციის ფაქტები წინასახელშეკრულებო პერიოდში.
რა არის სამუშაო ბაზარზე არსებული გენდერული დისბალანსის გამომწვევი მიზეზები, რა პრობლემებს აწყდებიან ქალები დასაქმებისას, წინასახელშეკრულებო ეტაპზე, კერძოდ, გასაუბრების დროს ან დასაქმების შემთხვევაში — ანაზღაურების მხრივ… სწორედ ამ თემატიკაზე მომზადდა, პროექტის „ერთხელ მინის მიღმა“ ფარგლებში, ამავე სახელწოდების ქართულ-ინგლისურენოვანი კომიქსი, რომელშიც რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, ერთი შეხედვით უჩინარი, ქალთა პრობლემები, დაბრკოლებები და სტერეოტიპებია ასახული.
„ეს არ არის მოგონილი ამბები, ეს ნამდვილი ისტორიებია, რომლებსაც ქალები აწყდებიან უხილავი მინის მიღმა და არ იციან, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები. წამოგვყევით მინის მიღმა, სადაც გაჩვენებთ იმ პრობლემებს, გამოწვევებსა და დაბრკოლებებს, რომელთაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან და რომლებიც მინის მეორე მხრიდან არ ჩანს“.
ყველაფერი კი ასე დაიწყო. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, გოგონები — მარიამ ჩიქოვანი, ნინო ჯღარკავა, მარიამ მხეიძე და ქეთი მურღულია ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ. იმუშავეს პროექტზე „ერთხელ მინის მიღმა“ და მოამზადეს კომიქსი, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა დასაქმების პროცესში შექმნილი პრობლემების იდენტიფიცირებას.
2019 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში, ქალთა უფლებების შესახებ შექმნილი კომიქსის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოების წინაშე ქალთა მიმართ ძალადობაზე საინტერესო მოხსენებით — „გონება იგებს ყველა ომს“ წარდგა ფსიქოლოგი და პერსონალური ქოუჩი გვანცა გადელია. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა, სოფო მენაბდიშვილმა ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების საკითხებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის აქტივობების ფარგლებში, ჯერ კიდევ პროექტის პრეზენტაციამდე, თბილისსა და მინსკში, გაიმართა სამუშაო შეხვედრები (18-30 წლამდე მონაწილეებისთვის), რომლის მიზანი იყო ქალების შესახებ იმ სტერეოტიპების შეგროვება, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში დღემდე არსებობს. სამუშაო შეხვედრებზე შეგროვებული მასალით გრაფიკულმა დიზაინერმა, სოფია (ბერიძე) სტავროგინამ, რეალურ ამბებზე დაფუძნებულ ისტორიებზე შექმნა ილუსტრაციები და ეს ყველაფერი კომიქსში გააერთიანა: „კომიქსის იდეამ თავში ავტომატურად გააჩინა პერსონაჟები და ხატვის პროცესში თავისით დალაგდა მათი ხასიათი. სანამ უშუალოდ დიალოგზე გადავიდოდი, ხუთივე გმირს უკვე თავისი ნიშა ჰქონდა. ჩემ გარშემო ბევრ ადამიანს ვკითხე, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის თვალსაზრისით, რა ხდებოდა მათ სამსახურეობრივ გარემოში. გამოიკვეთა რამდენიმე პროფესია, რომელიც მაღალი სტატისტიკით გამოირჩევა. ამიტომ, ისეთი პროფესიები ავირჩიე, რომლებიც ჩვენთან „კაცურ“ პროფესიებად ითვლება, ან მამაკაცები მოცემულ ვაკანსიებში უფრო მეტი პრივილეგიით სარგებლობენ. რაც შეეხება თავად პერსონაჟებს, ისინი არ არიან მშიშარა ქალები და დისკრიმინაციულ კითხვებსა და ქცევაზე სათანადო რეაგირებას ახდენენ. კომიქსის გმირები პირდაპირები არიან და კორექტულობაზე მიუთითებენ დამსაქმებელს. მინდა ყველა დისკრიმინებულმა ქალმა იცოდეს, რომ აქვს უფლება საკუთარი პოზიცია დაიცვას — გამოხატვის თავისუფლება ნორმაა“.
ხშირად დამსაქმებლები არ ფიქრობენ იმაზე, რომ არ შეიძლება ქალთა მიმართ დისკრიმინაცია შვილების რაოდენობის ან სხვა მიზეზის გამო. არის შემთხვევები, როდესაც გასაუბრებაზე ასეთ კითხვებს სვამენ: დაოჯახებული ხართ? ხომ არ აპირებთ დაოჯახებას? შვილი ხომ არ გყავთ?… როგორც ქალს (ქალი მძღოლი), არ გაგიჭირდებათ ნებისმიერი „ტიპის“ მომხმარებლის მომსახურება? მაინტერესებს, ბავშვი რამდენად შედის თქვენს გეგმებში? ხომ არ შეგიშლით ის ხელს? ჩვენ უნდა ვიცოდეთ წინასწარ რისკების შესახებ… თქვენს პროფესიაში ეჭვი არ შემაქვს, უბრალოდ, ხომ გესმით, თქვენ მომავალი დედა ხართ, მალე ჩვილის მოვლა მოგიწევთ… გასათვალისწინებელია, რომ დეკრეტული შვებულების აღებაც დაგჭირდებათ. ეს დეტალები გარკვეულ რისკებს შეუქმნის კომპანიას… რატომ გადაწყვიტეთ ამ მდგომარეობაში (ორსულობა) სამსახურის დაწყება? ყველაფერი რომ ჩაივლიდა, უფრო მოსახერხებელი არ იქნებოდა თქვენთვის? …მზად ხართ დამატებითი დრო დაუთმოთ სამსახურს, თუ ამას თქვენი პოზიცია და საქმე მოითხოვს? ორი პატარა ბავშვის ფონზე, როგორ აპირებთ ამას?.. ორი მცირეწლოვანი ბავშვი საკმაოდ რთული თემაა. რამდენად შეძლებთ, მათი მოვლის პარალელურად, სამსახურში დროულად გამოცხადებას? და ა.შ. — ამონარიდი პუბლიკაციიდან „ერთხელ მინის მიღმა“. არის შემთხვევები, როცა დამსაქმებელი, კვალიფიკაციის ნაცვლად, ქალის ოჯახური მდგომარეობით ინტერესდება. ხშირად ქალებს სამსახურში მხოლოდ იმ მიზეზით არ იღებენ, რომ საზოგადოებისთვის კონკრეტული სამსახური არ არის ფემინური და მამაკაცურ ძალას მოითხოვს, რაც რეალურად მიუღებელია. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ცნობიერების ნაკლებობიდან გამომდინარეობს. დისკრიმინაციის მსხვერპლი, გენდერული ნიშნით, შესაძლოა ყველა ქალი ყოფილა, თუმცა, ბევრმა თავადაც არ იცის ამის შესახებ, რადგან დამსაქმებლები ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ.
ნინო ჯღარკავა, სოციალური მუშაკი: „ჩემთვის, როგორც სოციალური მუშაკისთვის, მნიშვნელოვანია მუდმივად ვიყო ადამიანების უფლებების სადარაჯოზე. პროექტის იდეა და ჩვენი გუნდის შექმნა რეგიონული ლიდერობის აკადემიას უკავშირდება, რომელიც უკრაინაში ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან პარტნიორობით. სწორედ ამ პროექტში მონაწილეობისას გავიცანი ჩემი მეგობრები — ქეთი და ორი მარიამი. პროექტში, ასევე, მონაწილეობდნენ მოლდოვას, რუსეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი უფლებადამცველი ქალები. პროექტის დასასრულს, მონაწილეებისთვის გამოცხადდა საგრანტო კონკურსი. მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეწერა საერთაშორისო პროექტი ქალთა უფლებების თემატიკაზე. ბევრი ვიფიქრეთ, რა თემა იქნებოდა აქტუალური საქართველოსთვის, რამდენიმე საინტერესო იდეა იყო. ბოლოს ჩვენი მეგობრის, ქეთი მურღულიას იდეის გარშემო გავერთიანდით — კომიქსის შექმნის იდეამ ყველა აღგვაფრთოვანა. მუშაობის პროცესში გადავწყვიტეთ, რომელიმე კონკრეტულ პრობლემაზე ვყოფილიყავით ფოკუსირებული, ამიტომ ქალთა დასაქმების პროცესში არსებული პრობლემები ავირჩიეთ. პროექტის ფარგლებში, დავუკავშირდით რეგიონაული აკადემიის მონაწილეს, ალექსანდრა ჰარიტონოვას ბელარუსიდან, რომელიც სიამოვნებით დაგვთანხმდა თანამშრომლობაზე“.
მარიამ ჩიქოვანი, მარკეტინგის მენეჯერი, ჟურნალისტი: „პროექტის მიზანია, ქალებმა და დამსაქმებლებმა გააანალიზონ, რომ პროფესიას და სამსახურს სქესი არ აქვს. მიუღებელია გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია.
ჩვენი მიზანია, იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებსაც ქალები სამსახურის ძიების პროცესში აწყდებიან. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ქალთა პრობლემები უხილავია. ხშირად ამბობენ, რომ ეს გამოგონილი პრობლემებია და ქალები თავად იქმნიან „შუშის ჭერს“. ჩვენი მიზანია, კომიქსის მკითხველს მივცეთ შესაძლებლობა, შემოიხედოს მინის მიღმა და დაინახოს რეალური პრობლემები, რომლებსაც ქალები დასაქმების პროცესში აწყდებიან“.
მარიამ მხეიძე, იურისტი: „ის სირთულეები, რომელთა წინაშეც ქალები დღეს დგანან, ვფიქრობ, ისტორიულად მოგვდევს. დასაქმების პროცესში არსებული პრობლემების მიზეზი, როგორც ყველა სხვა პრობლემისა, რის წინაშეც დღეს ქალები დგანან, არის ჩვენი ცნობიერება და სტერეოტიპებით სავსე გარემო. ჩვენ საბჭოთა კავშირ გამოვლილი ქვეყანა ვართ, მუდმივად ჩაგრული და ოკუპირებული, ოდესღაც იმ სისტემის ნაწილი, რომელშიც ქალის ფუნქცია ბავშვების გაჩენით და ოჯახის მოვლით შემოიფარგლებოდა. ქალები იძულებული იყვნენ, ძირითადად, ისეთი პროფესიები აერჩიათ, ქალისთვის კარგი პროფესიააო რომ იტყოდნენ. თითქოს მათ არ ჰქონდათ ოცნებები, მისწრაფებები ან უნარი იმისა, რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანის ნაწილი ყოფილიყვნენ. ჩვენ ამ წარსულიდან მოვდივართ და რა გასაკვირია, რომ თანამედროვე ქალებს, რომლებიც კარიერული განვითარებისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, შეხვდეთ სირთულეები ცხოვრების ყველა ეტაპზე. დღეს ქალად ყოფნა, რომელსაც ჰყავს ოჯახი, უვლის შვილებს, არის წარმატებული და დამოუკიდებელი, იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, გმირობის ტოლფასია. ჩვენს ქვეყანაში, ყოველი 7 ქალიდან 1 ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. მამები, რომლებიც მთელ თავის ქონებას გვარის გამგრძელებელ ბიჭებს უტოვებენ, ქალებს ხშირად უსახლკაროდ ტოვებენ, შემდეგი ლოგიკით — „გათხოვდება და ქმარი მიხედავს“. ბევრ ქალს, რომელიც შემდგომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხდება, ხშირად წასასვლელიც კი არ აქვს, რომ ძალადობას თავი მოარიდოს. ამ სტატისტიკის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ქალების გაძლიერებაა. ქალების გაძლიერება კი, ვფიქრობ, მათი ეკონომიკური გაძლიერებით იწყება, რისთვისაც, პირველ რიგში, სჭირდებათ სამსახური, მათი კვალიფიკაციის, ცოდნისა და უნარების შესაბამისად, და თავიანთი შრომის პროპორციული ანაზღაურება“.
ქეთი მურღულია, სოციოლოგი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მედიამკვლევარი: „საქართველოში არსებული ტრადიციები და შეხედულებები, ქალისა და მამაკაცის როლისადმი, უარყოფითად აისახება ქალის მდგომარეობასა თუ სტატუსზე. ეს იწვევს ქალების მცირე ჩართულობას ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და, განსაკუთრებით, პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქართველოს კანონმა გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც 2010 წელს იქნა მიღებული, ქალთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით, ეფექტური შედეგები ვერ გამოიღო, რასაც არსებული სტატისტიკა მოწმობს. „The Global Gender Gap“-ის წლიური ანგარიშის მონაცემებით, 2015 წელს, საქართველო, 145 ქვეყანას შორის, გენდერული თანასწორობის ხარისხის მიხედვით, 82-ე ადგილზე იყო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში აღნიშნული საკითხი პრობლემატურია და საერთო სურათის შესაცვლელად საზოგადოების, პირველ რიგში კი, ქალების ფართო ჩართულობას საჭიროებს. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია ქალთა მოტივაციის, ცნობიერების ამაღლება საკუთარი უფლებების, როლის, შესაძლებლობების გამოყენების კუთხით, რათა მათი ხმა ისმოდეს და მათი პრობლემები ღია დისკუსიის საგანი იყოს“.
მაკა ყიფიანი