14 დეკემბერი, შაბათი, 2024

ერ­თი წე­ლი გას­რულ­და, ომი კი გრძელ­დე­ბა და გრძელ­დე­ბა… უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯ­ვე­ბამ­დე…

spot_img

ომის დაწყე­ბის თა­რიღს არა­ვინ და­ი­მახ­სოვ­რებ­და, მი­სი და­ვიწყე­ბა რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს. უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ასე­თი თა­რი­ღე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, თით­ქ­მის ყვე­ლა ყო­ფილ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კას აქვს – სულ ახა­ლი, მათ შო­რის, 24 თე­ბერ­ვა­ლია, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­საწყი­სი. ერ­თი წე­ლი გას­რულ­და, ომი კი გრძელ­დე­ბა და გრძელ­დე­ბა… უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯ­ვე­ბამ­დე…

ომის სი­სას­ტი­კის შე­საც­ნო­ბად აუცი­ლე­ბე­ლი სუ­ლაც არაა ბრძო­ლის ველ­ზე ყოფ­ნა ან შო­რი­ახ­ლო­დან იმის ყუ­რე­ბა, რო­გორ ნად­გურ­დე­ბა სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ან­თა სი­ცოცხ­ლე, ინ­გ­რე­ვა შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი, გა­უ­თა­ვებ­ლად ცვი­ვა ბომ­ბე­ბი და ცეცხ­ლის ალ­ში ეხ­ვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი, რაც ადა­მი­ა­ნებ­მა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნეს… საკ­მა­რი­სია ამ სა­ში­ნე­ლე­ბის­გან გა­დარ­ჩე­ნი­ლებს შეხ­ვ­დე, ესა­უბ­რო, მით უმე­ტეს, ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან თბი­ლად მი­ი­ღო სა­ქარ­თ­ვე­ლომ. ისი­ნი აქ უკ­რა­ი­ნის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პროგ­რა­მით აგ­რ­ძე­ლე­ბენ სწავ­ლას და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ მას­პინ­ძე­ლი სკო­ლის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ქარ­თ­ვე­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბის მი­მართ, სევ­და მა­თი ყო­ფის თან­მ­დე­ვი შე­მად­გე­ნე­ლია და ეს მათ გა­მო­ხედ­ვა­ში, სა­უ­ბარ­ში, სიტყ­ვა­ძუნ­წო­ბა­შიც ად­ვი­ლი შე­სამ­ჩ­ნე­ვია.

თბი­ლი­სის გრუ­შევ­ს­კის სა­ხე­ლო­ბის 41-ე სა­ჯა­რო სკო­ლამ (დი­რექ­ტო­რი – რე­ვაზ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი) უკ­რა­ი­ნი­დან დევ­ნი­ლი 550 მოს­წავ­ლე მი­ი­ღო. მას შემ­დეგ ხან ემა­ტე­ბათ ომს გა­მო­რი­დე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბი, ხან – აკ­ლ­დე­ბათ. ზო­გი­ერ­თი რო­მე­ლი­მე ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში მი­ემ­გ­ზავ­რე­ბა, ზო­გი­ერ­თი – ამე­რი­კა-კა­ნა­და­ში, ზო­გი კი­დევ სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბა…

ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ეკა­ტე­რი­ნე და­ნე­ლია თა­ვის მე­ა­თეკ­ლა­სელ უკ­რა­ი­ნელ მოს­წავ­ლე­ებს გვაც­ნობს. ქარ­თუ­ლად მე­სალ­მე­ბი­ან და უხა­ლი­სოდ (ასე მო­მეჩ­ვე­ნა) ერ­თ­ვე­ბი­ან სა­უ­ბარ­ში. ან კი რა არის სა­ხა­ლი­სო, 15-16 წლი­სა­ნებ­მა იმ­დე­ნი რამ ნა­ხეს და გა­ნი­ცა­დეს… კლას­ში სულ 19-ნი არი­ან, თუმ­ცა, ჩვენ მხო­ლოდ ნა­წილს შევ­ხ­ვ­დით და მათ­გან 3 მა­რი­უ­პო­ლი­და­ნაა – შო­რე­ნას მა­მა უკ­რა­ი­ნა­ში აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლო­ბის გა­მო მოხ­ვ­და, ბე­ბია დაკ­რ­ძა­ლეს და თა­ვად რო­გორ­ღაც ჩა­მო­აღ­წი­ეს თბი­ლი­სამ­დე; ადე­ლი­ნას ბე­ბია-ბა­ბუა ნა­ხევ­რად დან­გ­რე­ულ სახ­ლ­ში დარ­ჩ­ნენ, თა­ვად დედ-მა­მას­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და; და­შას დე­და და ბე­ბია მძი­მედ დაჭ­რი­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ თბი­ლის­ში, დე­და დღემ­დე მკურ­ნა­ლობს… „აქ ძა­ლი­ან თბი­ლად მიგ­ვი­ღეს, არც წიგ­ნე­ბი გვაკ­ლია და არც ყო­ველ­მ­ხ­რი­ვი, ყო­ველ­დღი­უ­რი ყუ­რადღე­ბა, მაგ­რამ ის სა­ში­ნე­ლი 8-თვი­ა­ნი პე­რი­ო­დი არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა,“ – ამ­ბობს ყი­რი­მე­ლი მა­რია; ვლა­დი­მე­რი ხერ­სო­ნი­და­ნაა, აქ დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობს, მა­მა გა­მარ­ჯ­ვე­ბის­თ­ვის იბ­რ­ძ­ვის; კი­ე­ვე­ლი ანა­დეა დე­და­ქა­ლა­ქის და­ბომ­ბ­ვი­დან ხუ­თი თვის მე­რე წა­მო­ვი­და, მშობ­ლებ­თან ერ­თად… ეს მოკ­ლედ, უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შ­ვე­ბის შე­სა­ხებ, ბევ­რი სა­უ­ბა­რი არც სურთ, გა­სა­გე­ბია, მძი­მე მო­გო­ნე­ბებ­ზე სა­სა­უბ­როდ ჯერ მზად არ არი­ან.

ქალ­ბა­ტო­ნი ეკა­ტე­რი­ნე ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, მშვი­დე­ბი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნე­ბი, თუმ­ცა, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი­თო… „მეც 16 წლი­სას მო­მიხ­და სო­ხუ­მის და­ტო­ვე­ბა, მა­შინ უკ­რა­ი­ნულ­მა სამ­ხედ­რო გემ­მა ასო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე იხ­ს­ნა და მათ შო­რის, ჩე­მიც. 7 წე­ლი ვიცხოვ­რე უკ­რა­ი­ნა­ში, კარ­გის მე­ტი არა­ფე­რი მახ­სოვს ამ ხალ­ხის­გან და ახ­ლა ბედ­მა ისევ მათ­თან შე­მახ­ვედ­რა. ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის  ამ ბავ­შ­ვე­ბის, მეც ოჯა­ხის­გან შორს გა­ვა­ტა­რე, მარ­ტომ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი, ვი­ცი რა გან­ც­დაა ეს, რა მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლი, მაგ­რამ უნ­და შევ­ძ­ლოთ მას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა. ამა­ში, ყვე­ლა­ზე მე­ტად, გა­მარ­ჯ­ვე­ბა და­ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლებს,“ – მიყ­ვე­ბა ეკა­ტე­რი­ნე მას­წავ­ლე­ბე­ლი და, უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში ვიკ­რი­ბე­ბით.

პირ­ვე­ლი ნა­ტა­ლია ჩუ­ბი­ნი­ძე გაგ­ვეც­ნო, მე­უღ­ლე ჰყავს ქარ­თ­ვე­ლი, უკ­რა­ი­ნი­დან პირ­ველ აპ­რილს ჩა­მო­ვი­და, ოჯახ­თან ერ­თად. იხ­სე­ნებს, რა ოპე­რა­ტი­უ­ლად მოგ­ვარ­და, სულ რა­ღაც ორ კვი­რა­ში, ამ ბავ­შ­ვე­ბის და­ბი­ნა­ვე­ბა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი­თა და ნო­უთ­ბუ­ქე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. „ომის სა­ში­ნე­ლე­ბა, პირ­ვე­ლი დარ­ტყ­მა, ში­ში და სა­სო­წარ­კ­ვე­თა… ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­ა­რეთ, ვნა­ხე რა არის ოკუ­პა­ცია, ცივ სარ­დაფ­ში ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბა, ავად­მ­ყოფ შვილ­თან ერ­თად, რომ­ლის­თ­ვი­საც წა­მალ­საც ვერ შო­უ­ლობ. შემ­დეგ ლვო­ვამ­დე მი­ვაღ­წი­ეთ, იქი­დან პო­ლო­ნე­თის საზღ­ვ­რამ­დე და ბო­ლოს – თბი­ლი­სი. ძა­ლი­ან მძი­მე იყო პირ­ვე­ლი თვე­ე­ბი, ახ­ლა, შე­და­რე­ბით, უკე­თე­სად არი­ან ბავ­შ­ვე­ბი, ემო­ცი­უ­რად. ამის გა­მო მთე­ლი სკო­ლის მად­ლი­ე­რი ვარ“.

ერ­თი სან­დო­მი­ა­ნი, ლა­მა­ზი გო­გო­ნა მოს­წავ­ლე მე­გო­ნა, მას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და, 23 წლის. იგი ხერ­სო­ნის ოლ­ქი­და­ნაა. ის იყო ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა, რომ ომიც და­იწყო, მხო­ლოდ პრაქ­ტი­კის გავ­ლა მო­ას­წ­რო… მშობ­ლე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ჩ­ნენ, „მე მე­გო­ბარ ბიჭ­თან ერ­თად წა­მო­ვე­დი მარ­ტო, ჯერ ბა­თუმ­ში ჩა­ვე­დით, მე­რე – რუს­თავ­ში, ბო­ლოს თბი­ლის­ში და 41-ე სკო­ლა­ში მოვ­ხ­ვ­დი, სა­დაც ჩე­მი პრო­ფე­სი­ით და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა – V-XI კლა­სებს ვას­წავ­ლი ის­ტო­რი­ას. ეს ჩე­მი ოც­ნე­ბა იყო, პე­და­გო­გო­ბა ბავ­შ­ვო­ბი­დან მინ­დო­და, მაგ­რამ მა­ინც ვერ ვარ ბედ­ნი­ე­რი, მშობ­ლე­ბი მე­ნატ­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოკუ­პა­ცი­ის სიმ­ძი­მე­სა და სი­სას­ტი­კეს ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ნიც­დი­ან, სახლ-კა­რის და­ტო­ვე­ბა მა­ინც არ უნ­დათ. ჩე­მი უმ­ც­რო­სი დაც იქაა“… ვე­რო­ნი­კას ნერ­ვებ­მა უმ­ტყუ­ნა, ცრემ­ლე­ბი ვე­ღარ შე­ი­კა­ვა და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რიც აქ შეწყ­და.

სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში 5 მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად ვარ და მათ­გან 4 დევ­ნი­ლია…

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები