ქართველმა ხალხმა, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, რთული გზა განვლო. ეს იყო დიდი შრომისა და ბრძოლის გზა. მთელმა ერმა წარმოაჩინა უშრეტი ნიჭი და შემოქმედებითი ენერგია, გამოავლინა სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. ქართველებს დიდი წვლილი მიუძღვით მსოფლიო ცივილიზაციის საქმეში, ყოველთვის თავის სიტყვას ამბობდნენ. ათასი რჯულის დამპყრობლებისგან თავდადებული ბრძოლით იცავდნენ ეროვნულობასა და სახელმწიფოებრიობას.
ქართველმა ერმა ყველაფერი ფოლკლორში შემოგვინახა. ფოლკლორი არის ხალხური შემოქმედება, რომელსაც ხალხი ქმნის და თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემა. ხალხის წიაღში წარმოქმნილი ლექსი, ზღაპარი, ანდაზა, ლეგენდა, რომელშიც, ძირითადად, აღწერილია ის პრობლემა თუ სიხარული, რაც მათი შექმნის პერიოდში ჰქონდა მოსახლეობას.
ჩვენი სოფლის ლეგენდამ შემოგვინახა ვაზის სიმღერა, რომელიც მოგვითხრობს აჭარის მძიმე წარსულზე, თურქეთის სამასწლიანი ბატონობის ტკივილზე.
„ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“ – ამ სიმღერას მძიმე ისტორია აქვს. მაშინ, როცა აჭარა მძიმე ვითარებაში იყო ჩავარდნილი, ვინც რწმენას არ შეიცვლიდა, ყველას ხოცავდნენ. გამოუვალ ვითარებაში ჩავარდნილმა უფროსებმა სთხოვეს შვილებს, მოჩვენებით მაინც შეეცვალათ სარწმუნოება. მოსახლეობის შემდეგ, მტერმა ვაზის აჩეხვა დაიწყო. კარგად იცოდა რა ძვირფასი იყო ქართველი კაცისთვის ვაზი. „ვაზო შვილივით ნაზარდოო“ უთქვამს ქართველ კაცს. ჩვენში გავრცელებული იყო მაღლარი ჯიშის ვაზი, რომელიც ძალიან კარგად ხარობდა.
განსაცდელში ჩავარდნილმა მოსახლეობამ გამოსავლის ძიება დაიწყო, ვაზის გადასარჩენად, ვაზი მიუვალ ადგილებსა და უღრან ტყეებში წაიღო და იქ გაახარა, სადაც მტრის ხელი ვერ მისწვდებოდა. სამასწლიანი ბატინობის შემდეგ, მოძებნეს და კვლავ გააშენეს მამა-პაპური ვაზი, რომელიც ასე ძალიან ენატრებოდათ.
ყოველივე ამას ადასტურებს სოფლის ტოპონიმები: ვენახი, ლაბაშური, ოშანახევი.
ვენახი – ეს ადგილი სოფლის ბოლოს მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, ვენახში რომ ვაზის ლერწს შეარხევდნენ, სოფლის თავში ირხეოდა მისი ბოლო, იმდენად კარგად ხარობდა ვაზი ჩვენში.
ლაბაშური – გადმოცემის თანახმად, ვაზის ჯიში ყოფილა. ლეგენდის მიხედვით, ამ ტოპონიმს სხვა განმარტებაც აქვს.
ოშანახევი – ეს ტოპონიმი შემოგვრჩა ყურძნის ჯიშის სახელისგან – ოშანური. გადმოცემის მიხედვით, მეოცე საუკუნის 40-იან წლებამდე ხარობდა ეს ჯიში, რომლისგანაც საუკეთესო ღვინოს წურავდნენ. აქედან შემორჩა ამ ადგილსაც ეს სახელი.
„ჩაღმა ჩაყრილო ვენახო, აბა რერო ნანინავ და
სად წადი და სად მოგნახო, აბა რერო ნანინავ და
შენს ძირ ფესვებს ვენაცვალე, აბა რერო ნანინავ და
მამა-პაპურო ვენახო, აბა რერო ნანინავ და
სად წადი და რომელ მხარეს, აბა რერო ნანინავ და
მოგნახე და აღგადგინე, აბა რერო ნანინავ და
დილავ და დილავ დელაო, აბა რერო ნანინავ და
დილავ და დილავ დელო, აბა დელო ნანინავ და.“
კვლავ აღვადგინეთ ვენახი, მარანი, ქვევრი. გაცოცხლდა ვაზის კულტი ზემო აჭარაში, მათ შორის ჩემს მრავალჭირგამოვლილ და ულამაზეს სოფელში. ეს სიმღერა ამ მძიმე ისტორიას გვიყვება. ჩვენი სოფლის ფოლკლორული ანსამბლისთვის ეს არის ჰიმნი, პირველად ყოველთვის ამ სიმღერას ასრულებენ. ანსამბლის ხელმძღვანელმა, ომარ სურმანიძემ გვითხრა: „ვაზი ქართველი კაცის სული და სხეულია, რომ გაგვიჭირდა მთაში მიუვალ ადგილებში გადავმალეთ, ჩუმად ვუვლიდით. საშუალება რომ მოგვეცა ისევ ჩამოვიტანეთ, ვახარეთ, ვამრავლეთ. ვაზთან ერთად ჩვენი ქართველობაც გადავარჩინეთ, ქართველი კაცი და ვაზი ხომ განუყოფელია“.
ჩვენ ვალდებულნი ვართ გავუფრთხილდეთ, ფაქიზად შევუნახოთ და შთამომავლობას გადავცეთ ის განძი, რაშიც ჩვენი წარსულის სიხარული და სატკივარია ჩაქსოვილი. ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა რუდუნებით, უბეში მალვით, სისხლის ფასად მოიტანეს ჩვენამდე.
მადონა სურმანიძე
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი