3 დეკემბერი, შაბათი, 2022

ერთი სახალისო აქტივობა მათემატიკაში

spot_img

ლენა ბიწაძე

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

 

 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის არატრადიციულ გარემოში გაკვეთილის სტრატეგიულად გათვლილი ნაბიჯებით ჩატარებას განსაკუთრებული ეფექტიანობა ახასიათებს. სწავლების ლოკაციის მიუხედავად, ყველა სკოლას აქვს ეზო თავისი „მათემატიკებით“.

პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღია სივრცეების გონივრულ გამოყენებას. გთავაზობთ ერთ საინტერესო აქტივობას, რომელიც მათემატიკის სწავლებაში სახალისოცაა და ეფექტიანიც. პირობითად, ავიღოთ ინტერნეტსივრციდან ერთი ფოტო და დავაკვირდეთ, რამდენად მეტი რამ არის ჩვენსავე სკოლის ეზოში იმისთვის, რომ მათემატიკის სწავლებაში გამოვიყენოთ.

იმისათვის, რომ მოსწავლემ კარგად გააცნობიეროს მათემატიკის იდეები, უნდა ხედავდეს მათემატიკას, როგორც მთლიან საგანს. დაწყებითი კლასებიდანვე უნდა მოვახერხოთ, რომ ბავშვმა გაიაზროს მათემატიკის მიმართულებები:

♦ რიცხვები

♦ ალგებრა

♦ გეომეტრია და გაზომვები

♦ სტატისტიკა.

მათემატიკური სამუშაოს შესრულების დროს, მოსწავლემ უნდა გამოავლინოს ან განივითაროს შემდეგი უნარები და პროცედურული ცოდნა:

♦ რიცხვითი გამოთვლები

♦ ალგებრული გამარტივებები

♦ გაზომვები

♦ პრობლემის გადაჭრა

♦ მათემატიკური კომუნიკაცია

♦ მსჯელობა-დასაბუთება

♦ მოდელის შექმნა

♦ კვლევის დაგეგმვა

♦გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია

♦ ინფორმაციის მოძიება

მასწავლებელმა ნებისმიერი გაკვეთილი მოსწავლის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის უნდა გამოიყენოს, კერძოდ: ტრანსფერირებისთვის, ნასწავლის განზოგადებისთვის, სიღრმისეული ფიქრისთვის.

ზემოთ ნახსენები უნარების გამოვლენა-განვითარებისთვის აქტივობა „სკოლის ეზოს მათემატიკა“ ზედმიწევნით ეფექტიანია. ამისთვის ბევრი რესურსიც არ არის საჭირო და შემოიფარგლება ფურცლებით, ფანქრებით, პატარა დაფითა და ცარცით. ზოგიერთ შემთხვევაში, დაფის ჩანაცვლება შეიძლება ასფალტიანი გზის მონაკვეთით (ეს ის შემთხვევაა, როცა მონაცემების „გამოქვეყნება“ უფრო მასშტაბურად შეგვიძლია).

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც კონკრეტული უნარების განვითარებისთვის გამოდგება:

⇒ რიცხვითი გამოთვლები, ალგებრული გამარტივებები და გაზომვები

შევთავაზოთ მოსწავლეებს ასეთი ამოცანა: ეზოში არის საყვავილე ნაკვეთი. ნაკვეთის სიგრძე 10 მეტრია, წელიწადში ყვავილნარის გაშენება მხოლოდ 2 მეტრის სიგრძეზე შეიძლება. რამდენი წელი დასჭირდება ნაკვეთის სრულ დაფარვას? იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლასელს მცდარი პასუხი ექნება, განუმარტე დამაჯერებლად, თვალსაჩინოების დახმარებით.

♦ პრობლემის გადაჭრა, მათემატიკური კომუნიკაცია, მსჯელობა-დასაბუთება და კოლაბორაციონიზმი

შევთავაზოთ მოსწავლეებს პრობლემის იდენტიფიცირება და მისი გადაჭრის გზა გონებრივი იერიშით: რა პრობლემას ხედავთ სკოლის ეზოში და რით შეიძლება მისი გადაჭრა? ფურცლებზე დაწერეთ კონკრეტული პრობლემა, მოგვარების გზა, დრო, ფულადი სახსრები. კლასის ყველა მონაწილემ შეაერთოს პრობლემათა ნუსხა (პრობლემათა განმეორების შემთხვევაში, შეაჯერონ უკეთესი ვარიანტი) და დათვალონ, რამდენი დრო და ფულადი სახსრები იქნება საჭირო პრობლემის აღმოსაფხვრელად.

⇒ მოდელის შექმნა, ინფორმაციის მოძიება და კვლევის დაგეგმვა

შევთავაზოთ მოსწავლეებს ასეთი რამ: შექმნან სკოლის ეზოს მოდელის იდეა (რა დასჭირდებათ მოდელის შესაქმნელად * მუყაო, ჩხირები, ფოლგის ქაღალდი, სხვადასხვა ნარჩენი…) და კვლევა რამდენიმე კლასის მოსწავლეებთან დაგეგმონ, თუ რა სახით შეიძლება უკეთესი იყოს სკოლის ეზოს მოდელი, შემდეგ კი მოსწავლეთა თვითმმართველობას მოდელის განხორციელებაში მხარდაჭერა შესთავაზონ.

აღნიშნული აქტივობა, შესაძლოა, რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში გაგრძელდეს. გასათვალისწინებელია, რომ ასეთ გარემოში მუშაობისთვის საჭიროა ოპტიმალური ამინდი. ასევე, ეფექტიანია იმ მასწავლებლის თანამშრომლობა, რომლის საგნობრივ კომპეტენციასაც ვეხებით (მაგალითად, ბუნებისმცოდნეობა, ქართული ენა და ლიტერატურა).

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები