სვეტლანა (ნათია) ადამია
სსიპ თბილისის N192 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
იაკობ გოგებაშვილის „ჭკვიანი ძაღლები“ ერთ-ერთი გამორჩეული მოთხრობაა მესამე კლასის პროგრამულ ნაწარმოებებს შორის, რომელსაც დიდი ინტერესითა და გატაცებით ეცნობიან მოსწავლეები. ამიტომ სემესტრის დასაწყისშივე გადავწყვიტეთ ამ თემაზე შეგვეთავაზებინა მათთვის კომპლექსური დავალება, კათედრის წევრებმა, პარალელ კლასებში შემსვლელმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა, ერთობლივად დავგეგმეთ და განვახორციელეთ ეს კონკრეტული კომპლექსური დავალება.
კომპლექსური დავალება ეს არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც ქმნის თავად მოსწავლე, დავალების ეს ტიპი მოიცავს რამდენიმე დავალებას ერთად, დავალებების კომპლექტს: მოძიებას, დალაგებას, მსჯელობას, პრეზენტაციას და ა.შ. ამიტომ, ამგვარი დავალებების შესრულების შემდეგ მოსწავლეს რამდენიმე უნარ-ჩვევა ერთად გამოუმუშავდებათ, რაც მთავარია, მათ მიერ შესწავლილი საკითხიც უკეთ დაამახსოვრდებათ და ის პროდუქტიც, რომელსაც თავად შექმნიან.
კომპლექსური დავალება განხორციელდა მესამე კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე.
საკითხი – „ჭკვიანი ძაღლების“ პერსონაჟის, გადარჩენილი ბიჭის სახელით წერილის მიწერა ბერებისთვის.
სანიზნე ცნება – ტექსტი, წერილი.
დავალების პირობა: წერილი პერსონაჟს
წარმოიდგინე, რომ ბიჭი, რომელიც ბერებმა გადაარჩინეს შვეიცარიის მთებში, გაიზარდა და მშობლებმა უამბეს მას მთებში მომხდარი ამბის შესახებ.
წარმოიდგინე თავი ბიჭის ადგილას და მისწერე წერილი შვეიცარიაში მცხოვრებ ბერებს. რას ეტყოდი მათ?
მკითხველის თვალით წაიკითხე პირველი ვარიანტი და გააუმჯობესე იგი კრიტერიუმების საფუძველზე; შემდეგ გადაწერე და გააფორმე.
ნამუშევარში:
- გამოკვეთე რატომ, რა მიზნით გადაწყვიტე წერილის მათთვის მიწერა;
- წარუდგინე შენი თავი და წარმოაჩინე, როგორ აფასებ ამ მონასტერში დამკვიდრებულ ტრადიციას და რატომ?
- რა გასწავლა მათმა მზრუნველმა დამოკიდებულებამ?
- დაიცავი წერილის აგებულება (მიმართვა, ძირითადი ნაწილი, ხელმოწერა);
- შეარჩიე სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც, შენი აზრით, შთაბეჭდილებას მოახდენს ბერებზე;
- გამოიყენე აბზაცები და სასვენი ნიშნები.
ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ისაუბრე:
- რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი ნამდვილად წერილია?
- რამდენად შეესაბამება შენი წერილი მიზანს
- რომელ მინიშნებებს დაეყრდენი ბიჭის დამოკიდებულებების ამოსაცნობად
- რომელი სტრატეგიები გამოიყენე წერილის შექმნისას
- როგორ გააუმჯობესე შენი ნაწერის თავდაპირველი ვარიანტი?
ძირითად რესურსად გამოვიყენეთ ტექსტი იაკობ გოგებაშვილის „ჭკვიანი ძაღლები“, სასკოლო სახელმძღვანელო.
თითქოს ერთი ჩვეულებრივი დავალებაა, ვსწავლობთ ტექსტს და ტექსტის საშუალებით ვეცნობით წერილის მახასიათებლებს და წერილის წერის ტექნიკას. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დავალება დასაწყისშივე გაიწერა რამდენიმე დღეზე (კათედრის წევრებმა, უფრო ზუსტად, პარალელებში შემსვლელმა მასწავლებლებმა, დავგეგმეთ თითოეული დღე და ამ გეგმის მიხედვით დავიწყეთ მუშაობა დავალებაზე).
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის ყოველი დღე ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის იყო საინტერესო, სახალისო, მოლოდინებით, სიახლეებითა და ფიქრით გაჯერებული.
I დღე
აქტივობა 1. წინასწარი ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით
შეკითხვები:
- რას გეუბნება პირველადი მინიშნებები (მაგ., სათაური, ილუსტრაცია) შინაარსის შესახებ? რით უკავშირდება ისინი შენს ცოდნას?
- რას გვატყობინებს მინაწერი სათაურის ქვეშ?
- რა მინიშნებებს ეყრდნობი ვარაუდების გამოსათქმელად?
აქტივობა 2. ტექსტის კითხვა პაუზებით
შეკითხვები:
- რამდენად გამართლდა ვარაუდები?
- სინამდვილეში რა მოხდა?
- გამართლდა თუ არა შენი მოლოდინები?
- რამდენად გაითვალისწინე ყველა მინიშნება?
აქტივობა 3. ტექსტის შინაარსის დამუშავება შეკითხვებით;
- რატომ არის სახიფათო შვეიცარიის მთებზე გადასვლა?
- რა იწვევს თურმე იმას, რომ მგზავრებს გზა ხშირად ეკარგებათ?
- რა აუშენებიათ შვეიცარიის მთებში?
- როგორ ახერხებენ ბერები გზააბნეული ადამიანების გადარჩენას?
- ვინ პატრონობს ძაღლებს მთებში?
- როგორ ხვდებიან გზააბნეული მგზავრები მონასტერში?
- როგორ მოიქცა ძაღლი, როცა მიხვდა, რომ ბავშვს მისი ეშინოდა?
- რა შევიტყვეთ ერთი განსაკუთრებული ძაღლის შესახებ?
- რას ამბობს ავტორი ძაღლების შესახებ?
აქტივობა 4. ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან დეტალზე
- კლიმატი, გასაჭირი – შვეიცარიაში, ბერული ცხოვრება, მონასტერი….
- ბერების მიზანი.
- სიკეთე, როგორც ბერების დამახასიათებელი ნიშანი.
საშინაო დავალება:
ა. ტექსტის გააზრებულად კითხვა
ბ. მულტფილმ „ბალტოს“ ყურება.
საინტერესო ტექსტის გაცნობის შემდეგ პირველი დღე ჩემი მოსწავლეებისთვის მოლოდინით დასრულდა, რადგან მათ უნდა ეყურებინათ მულტფილმისთვის, რომლის გაანალიზებასაც მეორე დღეს შევძლებდით.
II დღე
აქტივობა 5. აბზაცების დასათაურება
გავაკეთეთ მოთხრობის გეგმა, დავყავით ტექსტი აბზაცებად და დავასათაურეთ თითოეული აბზაცი, მოსწავლეები ამბობდნენ თავიანთ სათაურებს და ერთობლივად ვირჩევდით მათგან ერთ-ერთს.
მოსწავლეების უმრავლესობამ დავალება შეასრულა და მულტფილმი ნახა, რამდენიმეს ნანახი ჰქონია და გაახსენდათ.
აქტივობა 6. მულტფილმის „ბალტოს“ ირგვლივ კითხვა-პასუხი
შეკითხვები:
- რა მოხდა 1925 წლის ზამთარში ალიასკის ქალაქ ნომში? (აქტ. 4)
- რისი საჭიროება დადგა ქალაქში?
- რა იყო ადამიანების გადარჩენის ერთდერთი გზა?
- როგორ შეძლო ბალტომ ვაქცინების უვნებლად ჩატანა ქალაქ ნომამდე?
- როგორ დააფასეს ადამიანებმა ბალტოს ერთგულება, უანგარო სიყვარული და თავგანწირვა მათ მიმართ?
- სად დგას ბალტოს ქანდაკება?
აქტივობა 7. მოთხრობასა და მულტფილმში გადმოცემული ამბების შედარებითი ანალიზი
შეკითხვები:
- როგორი ამბავია გადმოცემული მოთხრობაში „ჭკვიანი ძაღლები“ და მულტფილმში „ბალტო“? (აქტ. 5)
- კიდევ რა საერთო აქვს ამ ორ ამბავს?
- რა განსხვავებაა მათ შორის?
- რა პარალელების გავლება შეიძლება სხვა ნაწარმოებებთან?
- შეიძლება თუ არა ნაწარმოებში გადმოცემული ამბების, ფაქტების განზოგადება?
- რა მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი?
- რა იყო ამ ტექსტების ძირითადი სათქმელი?
რით უკავშირდება ეს ტექსტი ჩემს ცხოვრებას, გამოცდილებას? ვინ ან რა გამახსენა წაკითხულმა/ ნანახმა?
განსაკუთრებული ინტერესი და საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი გაუჩინა მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ტექსტის დაკავშირებამ, ამ თემაზე ყველას სურდა საკუთარი აზრის გამოთქმა…
III დღე
ტექსტის გააზრების შემდეგ გადავედით წერილის, როგორც განსხვავებული ჟანრის ტექსტის გაცნობაზე.
აქტივობა 8.სხვადასხვა ჟანრის ტექსტის, მათ შორის წერილის ნიმუშები
შეკითხვები:
- მიგიწერიათ თუ არა ვინმესთვის წერილი? რატომ წერენ ადამიანები წერილებს? როგორ წერილებს წერდნენ ძველად? ახლა? და ა.შ
- რა მიზნით მიგიწერიათ წერილი? ვისთვის?
- წერილის ნიმუშების გაცნობა
- წერილი, როგორც ჟანრი// წერილის აგებულება
- შინაარსი
- დაწერილია რაიმე მიზნით;
- დაწერილია კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელსაც ავტორი უზიარებს თავის სათქმელს (მაგ., საკუთარ ფიქრებს, დამოკიდებულებებს, განცდებს, აძლევს რჩევას, აწვდის რაიმე ინფორმაციას).
- აგებულება
- წერილი შედგება სამი ნაწილისგან: ა) მიმართვა/მისალმება, ბ) ძირითადი ნაწილი, გ) დამშვიდობება, ავტორის ხელმოწერა.
- ენა
- იმის შესაბამისად, თუ ვის მიმართ არის დაწერილი, შეიძლება გამოყენებული იყოს ყოველდღიური სასაუბრო მეტყველება, ან: თავაზიანი მეტყველება;
- გამოიყენება სიტყვები, რომლებიც შთაბეჭდილებას მოახდენს მკითხველზე, დააინტერესებს მას;
- გამოიყენება სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც თანმიმდევრულად ებმის ერთმანეთს.
- ფორმატი
შეიძლება იყოს ქაღალდზე ნაწერი ან ელექტრონული.
დავალება:
მიწერე წერილი მეგობარს.
IV დღე
- წერილების აწყობა
პრაქტიკული სამუშაო – ჯგუფური აქტივობა. დავყავი კლასი 5 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს დავურიგე დიდი შრიფტით ამობეჭდილი და შემდეგ დაჭრილი წერილი, მათ უნდა აეწყოთ დაჭრილი წერილი.
- მიწერე წერილი ბერებს
შეკითხვები:
- როგორ დამეხმარება წერილის ჩარჩო წერილის წერისას?
- როგორ უნდა მოიქცეთ პირველადი ვარიანტის შექმნის შემდეგ?
დავალება:
წერილის პირველადი ვარიანტის შექმნა.
V დღე
წავიკითხეთ რამდენიმე მოსწავლის დავალება, დავსვით დამაზუსტებელი შეკითხვები და კიდევ ერთხელ გავაცანი მოსწავლეებს კომპლექსური დავალების ბარათი, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ პირობაზე და ნამუშევრის წარდგენის დროს გასათვალისწინებელ საკითხებზე.
მეექვსე და მეშვიდე გაკვეთილები დაეთმო კომპლექსური დავალების წარდგენა-პრეზენტაციებს.
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო არა მხოლოდ ჩემი მოსწავლეებისთვის, არამედ ჩემთვისაც, მათი ემოცია და ინტერესი გადამდები აღმოჩნდა. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ერთგვარი სიახლე იყო ის, რომ მოგვიწია ერთად დაგვეგეგმა და შემდეგ ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ყველა ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობა, ჩემთვის პირადად ეს პროცესი ბევრის მომცემი იყო.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი პირველი კომპლექსური დავალება იყო, ამიტომ, ვფიქრობ, რომ მოსწავლეებმა მშვენივრად გაართვეს თავი, წარმოადგინეს ერთმანეთზე საინტერესო, გულიანი და ფიქრიანი ნამუშევრები… შეძლებისდაგვარად დაასაბუთეს კიდეც… (ნამუშევრები იხილეთ დანართში).
გამოყენებული ლიტერატურა:
- მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, ანბანის შემდგომი პერიოდის ქართული ენისა და ლიტერატურის გზამკვლევი (შედგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტების, თამარ ჯაყელისა და თინათინ ცერაძის მიერ)
- მე-3 კლასის ქართულის სახელმძღვანელო (ავტორები: ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე)
წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს: