27 ივლისი, შაბათი, 2024

ერთი კომპლექსური დავალების შესახებ, ანუ ამბავი იმისა, თუ როგორ ავაგოთ ახალი ცოდნა წინარე ცოდნაზე

spot_img
ასმათ კვარაცხელია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიის №2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ქართული ენისა დალიტერატურის მასწავლებელი

 

 

თანამედროვე სკოლაში მნიშვნელოვანია, რას ვასწავლით, როგორ ვასწავლით და რატომ ვასწავლით. წლების მანძილზე (არავისთვის დასამალი არ არის) მასწავლებელი იყო სასწავლო პროცესის წარმმართველი, ექსპერტი, კარგი წამკითხველიც (დეკლამატორი), კარგი ორატორი, მას მოსწავლეები სულგანაბულნი უსმენდნენ და როგორც ხშირად ამბობდნენ, მისგან ახსნილით სწავლობდნენ  წაკითხვის გარეშე, ე.ი. მზა ცოდნას ღებულობდნენ.

დღევანდელ საგანმანათებლო სივრცეში  მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მასწავლებლის კომპონენტი, არამედ მოსწავლეზე სწორება.თითქოს როლები შეიცვალა, მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს ცოდნის კონსტრუირებაში, ასწავლის, როგორ ისწავლოს, როგორ ააგოს ცოდნა წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, როგორ გაააქტიუროს შინაგანი ძალები, როგორ დაახარისხოს და დააორგანიზოს მიღებული ცოდნა, ეს ყველაფერი განახორციელოს ინტერაქტიული სწავლებითა და ცოდნის ახალი სტრატეგიების შემოტანით. დღეს მოსწავლე ინტერაქტიული სწავლების სუბიექტი და მისი აქტიური მონაწილეა.

იმისთვის, რომ სკოლაში მასწავლებელი ორიენტირდეს გრძელვადიან მიზნებზე, სასწავლო პროცესი აუცილებლად უნდა დაფუძნდეს კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე, სასწავლო გარემო უპირობოდ პოზიტიური უნდა იყოს, სასკოლო საზოგადოების წევრები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ სასკოლო კულტურის განვითარების პროცესში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ უკვე მეორე სასწავლო წელია და ვცდილობ სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომები გამოვიყენო ჩემი საგნის სწავლებისას იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ დეკლარატიული ცოდნის ჯერ პროცედურულ, შემდეგ კი პირობისეულ ცოდნად გარდაქმნა.

შევჩერდები ერთ-ერთ კომპლექსურ დავალებაზე, რომელიც განვახორციელე 2022 წლის მეორე სემესტრში მე-7 კლასში.კომპლექსური დავალება ასე დავასათაურეთ: საჯარო სიტყვა.

გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ, რაც გამოიხატება საინფორმაციო ტექსტის დამუშავებაში, მასწავლებელმა უნდა შეასრულოს შუამავლის როლი ტექსტსა და მოსწავლეს შორის. მე-7 კლასის ლიტერატურის სახელმძღვანელოში შესასწავლად მოცემულია ტექსტი – „ილია ჭავჭავაძის სიტყვა, წარმოთქმული წინამძღვრიანთკარის სასწავლებლის გახსნაზედ“. ამჯერად გაგიზიარებთ გამოცდილებას, საჯარო გამოსვლის ტექსტის დამუშავებასთან და მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით.

დეკლარატიული ცოდნის მიღების შემდეგ (რა ვისწავლეთ?) უნდა გადავსულიყავით პროცედურულ ცოდნაზე (როგორ  ვისწავლოთ?), რაც, საბოლოო ჯამში, გრძელვადიან  პერპექტივაში ნიშნავდა პირობისეულ ცოდნაზე (რატომ ვისწავლოთ?) გადასვლას და საბოლოო პროდუქტის დადებას.

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებამ მოზარდს უნდა განუვითაროს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; სწორი წერისა და მეტყველების კულტურა.

კლასი – VII

♦ ტექსტი (წინარე ცოდნის გააქტიურება) – ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა წინამძღვრიანთკარის სასწავლებლის გახსნაზე; ტექსტი, როგორც ინსპირაცია საჯარო სიტყვის დამუშავებისა და წარმოთქმისთვის.

♦ ტექსტი – ამბავი როსტევან არაბთა მეფისა;

♦ თემატური ბლოკი – დრო, სივრცე და პერსონაჟი;

♦ კომპლექსური დავალება – საჯარო გამოსვლის ტექსტი, რომელიც დაიწერება ილია ჭავჭავაძის ტექსტის (ძირითადი ტექსტი), ანუ წინარე ცოდნის გააქტიურებით, ინსპირაციით, გავიაზრებთ რიტორიკის ისტორიას, გავითვალისწინებთ დროს, სივრცესა და პერსონაჟს და მასზე მორგებულად დავწერთ ახალ საჯარო სიტყვას, რომელსაც მერე წარმოვთქვამთ საჯაროდ, აუდიტორიის წინაშე.

♦ მოსწავლეებთან ერთად ეს დიდი გზა უნდა გავიაროთ: ერთი საჯარო სიტყვიდან მეორე საჯარო სიტყვამდე…

♦ ახალი ტექსტი – თინათინის გამეფების ეპიზოდიდან (შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი“), საჯარო სიტყვა – როსტევან მეფის დარიგება.

♦ სამიზნე ცნებები: ტექსტი (მხატვრული, არამხატვრული)

ტექსტის გაგება, ინტერპრეტირება.

♦ ქვეცნებები: თემა, იდეა,  პერსონაჟის ხედვის კუთხე.

♦ მკვიდრი წარმოდგენები: როგორ აისახა სხვადასხვა ეპოქა პერსონაჟთა მეტყველებაზე:საჯარო სიტყვის სტილი, მეტყველების ხერხები, ხატოვანი მეტყველება, ფორმისა და შინაარსის თანხვედრა, ანუ როგორ საუბრობდნენ ადამიანები სხვადასხვა ეპოქაში, რა ღირებულებები ჰქონდათ მათ.

დეკლარატიული ცოდნა – წინარე ტექსტის – ილიას სიტყვის გააზრება კითხვების დახმარებით, ტექსტის დაგეგმვა, აბზაცების გამოყოფა, კონცეპტი და არგუმენტები.

ტექსტის (პუბლიცისტური წერილის) შინაარსობრივი და ენობრივი მახასიათებლების ცოდნა.

საკვანძო შეკითხვები კომპლექსური დავალების შესახებ:

◊ რა გაიგე ტექსტიდან, რა აზრი  გამოიტანე და რის საფუძველზე, ან/და რაზე დაგაფიქრა ტექსტმა (რით გაიმდიდრე ცოდნა)?

◊ როგორ გამოიყენებ ამ ტექსტს სხვა ტექსტის შესაქმნელად? რა გამოცდილება მიიღე?

◊ როგორ მოსაუბრეებს უსმენ ხშირად?

◊ მოგისმენიათ ან წაგიკითხავთ ვინმეს საჯარო ტექსტი?

◊ როგორი გავლენა მოუხდენია შენზე გამომსვლელს?

◊ ვისი საუბარი/გამოსვლა მოგწონს ყველაზე მეტად?

◊ როგორ ფიქრობ, რა ნიშნით დაგამახსოვრდა კონკრეტული საჯარო გამოსვლა?

◊ როგორ ჩამოაყალიბებ, შენი სიტყვებით, რას მოითხოვს შენგან დავალება?

◊ რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგება?

◊ რა გაგიადვილდება და რა გაგიძნელდა? რისი შესწავლა დაგჭირდება და რაში უნდა დაგეხმარო?

ტიპური გზამკვლევის დახმარებით დავგეგმე კომპლექსური დავალების პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა ადრე ნასწავლი ტექსტის გამეორება – გააზრებასა და მის პარალელურად ახალი ტექსტის წაკითხვასა და გააზრებას. რადგანაც კომპლექსური დავალება რამდენიმე  ეპოქას ეხებოდა, სწორედ ეს თემატური გამაერთიანებელი სათაური შევურჩიე მას: „დრო, სივრცე, პერსონაჟი“.

მოსწავლეებმა მიიღეს გარკვეული კატეგორიის ცოდნა ორი ტექსტის დამუშავების შედეგად. ერთი – ილია ჭავჭავაძის სიტყვა – ადრე ნასწავლი ტექსტი იყო, გავიმეორეთ, შევჩერდით ტექსტის ძირითად მახასიათებლებზე, კითხვების დახმარებით, აბზაცების, მთავარი წინადადებისა და არგუმენტების გახსნით მივაღწიეთ შედეგს.  დადგა ჯერი ტექსტის ინტერპრეტაციისა. ამჯერად შევჩერდით ახალ ტექსტზე – თინათინის გამეფების ეპიზიდი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ უნდა დაგვეწერა სიტყვა, რომელსაც წარმოთქვამდა მეფე ქალიშვილის გამეფების ჟამს. გაიწერა ნაბიჯები, როგორ უნდა გაგვეხორციელებინა ეს დავალება, ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაგვევლო გზა, ერთი ტექსტის და სხვა უამრავი ინფორმაციის საფუძველზე შეგვექმნა ტექსტის ახალი კონსტრუქცია.

ნაბიჯი 1. რიტორიკის ისტორია – როდის, როგორ, რას წარმოთქვამდნენ სხვადასხვა ეპოქის ადამიანები.

რესურსი: ინტერნეტი, გუგლის საძიებო სისტემა, პრეზენტაცია „PowerPoint“

ნაბიჯი 2. მოსწავლის პრეზენტაციის მოსმენა, გაანალიზება, გააზრება.

ნაბიჯი 3. წერითი სტრატეგიის შერჩევა – რა, როგორ და რატომ დავწეროთ (გააზრება).

ნაბიჯი 4. ენობრივი მახასიათებლები: მიმართვა, რიტორიკული შეკითხვა, ტექსტის აბზაცებად დაყოფის საფუძველი. ლექსიკა, წინადადებები მოდალობის მიხედვით.

ნაბიჯი 5.

◊ იცოდე შენი აუდიტორია

◊ დაგეგმე და დახაზე შენი გამოსვლა

◊ იპოვე სტილი

◊ ყურადღება მიაქციე შესავალსა და დასასრულს

◊ გამოიყენე ვიზუალური საშუალებები

◊ კარგად გამოიყენე შენიშვნები

◊ რეპეტიცია

◊ ტემპი და პაუზა

◊ ეფექტური ენა და მოძრაობა

◊ მოერგე სიტუაცუიას

თითოეული პუნქტის დეტალური განხილვა.

ნაბიჯი 6. (შუალედური დავალება) საჯარო სიტყვის აგება ხუთი ძირითადი მახასიათებლის მიხედვით: რესურსი,„google“ საძიებო სისტემა, https://ka.wikipedia.org/wiki

„მჭერმეტყველების ამოცანა წარმოადგენს მსმენელის, ან მკითხველის დარწმუნებას, ანდა მის წარმართვას გარკვეული ქმედებისკენ. რიტორიკა სიტყვის ხელოვნებაა, რომელსაც რეციეპიენტზე ზემოქმედებისათვის საჭირო საშუალებები გააჩნია, რომელთა მოქნილი გამოყენებაც ქმნის გარკვეულ დამაჯერებლობას.

რიტორიკა გვასწავლის ლაღად და მოხდენილად ითქვას სათქმელი, რომელიც ამდროულად იქნება სტრუქტურულად გამართული, გასაგები, დამაჯერებელი“.

საკვანძო კითხვები შუალედური დავალების შესრულების შემდეგ:

რა სახის ცოდნა გამოიყენე საჯარო სიტყვის დაწერის დროს? მოპოვებული ინფორმაცია როგორ დაახარისხე? როგორ დაიწყე საჯარო სიტყვა? გაითვალისწინე თუ არა ეპოქა სიტყვის დაწერის დროს? როგორი აუდიტორია გეყოლებოდა? როგორი იყო შენი სხეულის ენა? გამოიყენე თუ არა ჟესტები? იყავი თუ არა დამაჯერებელი? რამდენჯერ გაიარე რეპეტიცია?

ნაბიჯი 7. რეფლექსია „რეპეტიციის“ შემდეგ. საჯარო სიტყვის გადამუშავება, შენიშვნების გათვალისწინება, ნიუანსების დახვეწა.

ნაბიჯი 8. წარდგომა აუდიტორიის წინაშე. საბოლოო შედეგი:

წარმოგიდგენთ ერთი მოსწავლის საჯარო სიტყვის წერილობით ვერსიას:

როსტევან მეფის საჯარო სიტყვა, თინათინის გამეფების ზეიმზე წარმოთქმული

ხალხო და ჯამაათნო!

მე ვარ მეფე სრულიად არაბეთისა. დღეს მოგმართავთ თქვენ, როგორც მეფე და როგორც მამა. უნდა გითხრათ, ყოველივე წარმავალია მზისა ქვეშე, ჩემი მეფობაც უნდა დასრულდეს მალე, რადგან სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო დიდი ჭირი, მინდა ჩემი ასული, თინათინი, სამეფო ტახტზე დავსვა ჩემსავე სიცოცხლეში. უფრო მშვიდად აღვესრულები, მეცოდინება საქმის ბრძნად მქმნელი უსათუოდ იქნება ჩემი მემკვიდრე. ვაჟი არ მყავს, მაგრამ მჯერა, თინათინი გახდება არაბთა ღირსეული მეფე, წყნარიც და ცნობილიც, მოყვარესა და მტერს საკადრისს მიუზღავს, ამიტომაც ჩემი ხელით ვადგამ სამეფო გვირგვინს თავზე და შევმოსავ მეფის სამოსელით. დაე, იკაშკაშოს მისმა მეფობამ, მაგრამ კარგად ვიცი, გვირგვინი მეფისა ადვილად სატარებელი არ არის, არა ოდენ განცხრომა და ნებივრობა, არამედ დიდ და დიად საქმეთა გაძღოლაცაა.

ცოდნა ხერხია, თინათინმა, როგორც მეფემ, უნდა იცოდეს, რომ მეფის ღირსება დიდი და კეთილი საქმეებით იზომება, მან თავისი სინათლე და სიკეთე არ უნდა დაიშუროს დიდთა და მცირეთათვის, უხვად გასცეს, რადგან „უხვი ახსნილთაც დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების“, სიუხვე მეფის ძირითადი თვისება უნდა იყოს, ზღვებიც ხომ მუდმივად ივსებიან, „შესდით და გაედინებით“.

მზე ყველასთვის ერთნაირად ანათებს. ვარდთა ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, ეს ცხოვრების და მეფობის პრინციპია, თინათინმა უნდა შეძლოს მიაგოს „კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა“. მე ზეცაში წავალ და ჩემი სული დამშვიდდება, ოდეს თინათინის მეფობით გაბრწყინებულ ქვეყანას იქიდანაც  ვიხილავ.

წარმოგიდგინეთ ერთი მოსწავლის ნამუშევარი. მინდა გითხრათ, თითოეულმა შესაძლებლობისამებრ იმუშავა. კომპლექსური დავალების შესრულებას საკმაო დრო დასჭირდა, მაგრამ მოსწავლეებმა შეძლეს დასახული ამოცანის გადაწყვეტა, ისწავლეს და გაიაზრეს ტექსტები, თავიანთი წინარე ცოდნა ახალი ცოდნის მისაღებად გამოიყენეს, შეძლეს დაენახათ პერსონაჟის ხედვის კუთხე, წარმოედგინათ ეპოქა და აუდიტორია, რომელთა წინაშე წარმოითქმებოდა საჯარო სიტყვა, დახვეწეს კომუნიკაციის უნარები, გამოიყენეს ვერბალური და არავერბალური საშუალებები, კომპლექსური დავალების შესრულებისას გამოიკვეთა მეტყველების დეფექტი (ენაბლუობა) ერთ მოსწავლესთან, რომელსაც შევუდგინე ინდივიდუალური სამუშაო გეგმა, საქმეში ჩავრთეთ მშობლები და ლოგოპედი. რაც მთავარია, მოსწავლეებმა გადალახეს აუდიტორიის შიში, რათა თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწეულ იქნას ლიტერატურის სწავლების ერთ-ერთი ამოცანათაგანი – მოზარდის სრულფასოვანი ინტეგრირება სამოქალაქო საზოგადოებაში.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები