1 დეკემბერი, პარასკევი, 2023

ერთი კვლევის ანგარიში

spot_img
სოფიო თაბაგარი
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში.

შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ინფორმაციული საზოგადოების შექმნა და მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში აქტიურად ჩართვა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ამოცანადაა მიჩნეული. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა: დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ქვეყნის უსაფრთხოება, ადამიანის უფლებების დაცვა, სიღარიბესთან, კორუფციასთან, ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლა.

გადამწყვეტი მნიშვლელობა აქვს იმას, რომ თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლებამ არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.

სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ:

  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით საფეხურზე, როდესაც სასწავლო დისციპლინების უმეტესობა ინტეგრირებულად ისწავლება;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად;
  • ისტ-ის გამოყენებით, შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი ცნების, ობიექტისა და პროცედურის შემოტანისას. ამის მაგალითებია: არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე, როდესაც ამ მოქმედებების რეალიზაცია, ძირითადად, ხდება საგნობრივი თვალსაჩინოებების გამოყენებით (დაწყებით საფეხურზე); ახალი სიტყვებისა და ფრაზების შესწავლა მშობლიურ თუ უცხო ენებში, როდესაც უცნობ სიტყვებსა და ფრაზებს მოსწავლეები უკავშირებენ შესაბამის გრაფიკულ გამოსახულებას; ისეთი ბუნებრივი მოვლენების სიმულაცია, რომლებზე დაკვირვებაც შეუძლებელია ან ძალზე რთულია რეალურ ვითარებაში;
  • ისტ-ის გამოყენებამ, შესაძლოა ,უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთებია, მაგალითად: ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენის უნარი (კანონზომიერება საგანთა მიმდევრობაში ან გრაფიკულ გამოსახულებაში, რაოდენობრივი ცვლილების კანონზომიერება); ობიექტთა ზომების დადგენისა და შეფასების უნარი; ინფორმაციის გააზრებისა და ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანის უნარი (მაგალითად: ტექსტური მასალისათვის გრაფიკული გამოსახულების შერჩევა და პირიქით; სიტყვიერად აღწერილი რაოდენობრივი ინფორმაციის გამოსახვა და პირიქით); სივრცული წარმოდგენა; თანამშრომლობის უნარ-ჩვევები; სამუშაო სივრცის მომზადებისა და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარი.

თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე. ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში. მათი საშუალებით შეგვიაძლია გავეცნოთ უამრავ ჩვენთვის უცნობ ინფორმაციას, გავიადვილოთ ყოველდღიური საქმიანობები და შევიმეცნოთ სხვადასხვა, ჩვენთვის აქამდე უცნობი, მოვლენები თუ ამბები… განვიხილოთ მათი მნიშვნელობა სასწავლო პროცესში…

ეს თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც დღეს უკვე წარმოუდგენელია თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების გარეშე სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობა, აქტუალურია მათი როლი და გამოყენების პრინციპები, ინფორმაცია მათზე და ა.შ. ჩემი ინტერესის საგანი იყო მათი გამოყენების ეფექტურობა სასწავლო პროცესში. ამიტომ, ჩავატარე კვლევა საჯარო სკოლაში, სადაც ვმუშაობ ინგლისური ენის მასწავლებლად. ჩემი ამოცანა იყო, დამედგინა, თუ რამდენად ფლობენ და იყენებენ მასწავლებლები და მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიებს ყოველდღიურ, სწავლასთან დაკავშირებულ აქტივობებში. გამოვკითხე მასწავლებლები და მოსწავლეები, მქონდა სხვადასხვა შეკითხვა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდნენ ისინი თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების როლზე სასწავლო პროცესში, რამდენად ეხმარებოდა ეს მათ და რამდენად ხშირად იყენებენ თვითონ ამ ტექნოლოგიებს.

ბოლოს მქონდა შეკითხვა მოსწავლეებთან, თუ რომელ საგანში იყენებდნენ ყველაზე ეფექტურად და სისტემატიურად თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებს და უმრავლესობამ ასეთ საგნად ინგლისური ენა დაასახელა. ეს გამოკითხვა იმით იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩემთვის, და არა მარტო, რომ ჩატარდა რაიონის სოფლის ერთ ჩვეულებრივ სკოლაში, მოშორებით ცენტრიდან და აღმოჩნდა, რომ ამ სკოლაში დანერგილია თანამედროვე სწავლების სხვადასხვა მეთოდი, ასევე, იყენებენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში.

ამ ყველაფრის უკეთ საჩვენებლად და მაგალითისთვის, მე ჩავატარე საჩვენებელი გაკვეთილი, სადაც გამოვიყენე სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგია (კომპიუტერი, პროექტორი, საჩვენებელი დაფა მონიტორი, ქსეროქსის აპარატი და სხვა). როგორც ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, ეს გაკვეთილი ძალიან საინტერესო იყო მათთვის.

აღწერილი მაქვს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში, როგორ ეხმარება მასწავლებელს მათი არსებობა და რაოდენ ეფექტურია მათი როლი.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები