1 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 23 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.
დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე 92% – მდე აპლიკანტი გამოცხადდა გამოცდის ჩასაბარებლად; ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და არ დაიგვიანონ საგამოცდო ცენტრებში.
რაც შეხება ენგურს იქით დარჩენილი აბიტურიენტების ბედს, მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით
„აბიტურიენტების ნაწილმა შეძლო გადმოსვლა, ნახევარი გადმოსულია. ყოველდღე ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას. ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო, მოგეხსენებათ, რომ პრობლემა შეექმნათ აბიტურიენტებს. ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი ვთქვათ ის, რომ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ მათ არ შეექმნათ განათლების მიღების პრობლემა.
მოვუწოდებ აბიტურიენტებს, მიუხედავად იმისა, შეძლეს თუ არა მათ პირველ გამოცდაში მონაწილეობის მიღება, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ, მომდევნო გამოცდებში აუცილებლად ჩაერთონ, ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და შემდგომ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით უზრუნველვყოფთ მათთვის განათლების ხელმისაწვდომობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მიიღონ გამოცდებში მონაწილეობა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ”.