27 ივლისი, შაბათი, 2024

ენის შეურაცხყოფა, დამახინჯება მთელი ერის პრობლემაა

spot_img

ქართული ენა უძველესი ენაა. ქართველ ხალხს მეტად მდიდარი კულტურული წარსული აქვს. ქართული კულტურა და ხელოვნება მეტად განვითარებული ყოფილა ძველი წელთაღრიცხვით მე-2 ათასწლეულის შუა ხანებში. ქართველმა ხალხმა, თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის გრძელ გზაზე, შექმნა მეტად მდიდარი ლიტერატურა.

ქართული მწერლობა უძველესი დროიდან მომდინარეობს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში ქართველებმა შექმნეს საკუთარი ანბანი. ქართული საისტორიო წყარო ჩვენი ანბანის შექმნას წინარექრისტიანულ ხანაში ფარნაოზ მეფეს მიაწერს. მე-11 საუკუნის მემატიანე ლეონტი მროველი გვაუწყებს: „ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი, ამან განავრცო ენაი ქართული და არღარა იზრახებოდა სხუაი ენაი, თვინიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობაი ქართული“. ქართული დამწერლობის ჩვენამდე მოღწეული ნიმუშია იერუსალიმის მახლობლად, იორდანეს უდაბნოში, ტაძრის იატაკზე აღმოჩენილი მოზაიკური წარწერა, რომელიც დათარიღებულია 429-444 წლებით. ამავე საუკუნისაა (493-494წ.წ) ბოლნისის სიონის წარწერა. ეს უძველესი ნიმუშები ეპიგრაფიკული ძეგლებია. უძველეს დროში დაწერილ ნაწარმოებებს ჩვენამდე არ მოუღწევია, პირველი უძველესი ნაწარმოებია „წამება წმიდისა შუშანიკისი“, რომელიც დაწერილია მე-5 საუკუნეში.

ქართული ანბანის უძველესი სახეობაა მრგლოვანი. მისგან განვითარდა და მე-9 საუკუნიდან გაბატონდა ნუსხური ანბანი, მრგლოვან დამწერლობას ასომთავრულსაც უწოდებენ. მე-11 საუკუნიდან დღემდე ვწერთ მხედრული ანბანით, რომელიც ნუსხური ანბანიდან წარმოიშვა.

ქართველებისთვის წმინდა მონაპოვარია ქართული ენა. საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა, ვითარდებოდა და ფეხს იკიდებდა ხელიხელსაგოგმანებელი, სათაყვანო და მარად ცოცხალი დედა ენა, სიტყვა დედა წმიდათაწმიდა ცნებაა, შესაბამისად, დედა ენაც ხელშეუხებელია, იგი ჩვენი ღვიძლი ენაა, რომელიც აკვანშივე გვესმის, მშობელი დედა გვიმღერის ტკბილ იავნანას. მშობლიურ ენაზე ვღუღუნებთ, ოჯახსა და სკოლაში გვასწავლიან ქართულად წერა-კითხვას, რომ არ უნდა გამოვიყენოთ საუბრისას ჟარგონები და ბარბარიზმები, რაც ქართული ენის პრობლემად იქცა. გავიხსენოთ პოეზიის მეფის, გალაკტიონის, სიტყვები: „ილაპარაკეთ, ოღონდ ქართულად, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!“

ჩვენი ეროვნული ენის დაცვა, გაფრთხილება და მასზე ზრუნვა აქტუალური თემაა. ენის შეურაცხყოფა, დამახინჯება კი მთელი ერის პრობლემაა. ეს იმ წინაპრების უგულებელყოფაა, რომელთაც იღვაწეს და თავი გაწირეს მამულის, ენისა და სარწმუნოებისთვის. დიდი ილია ბრძანებს: „სამი რამ დაგვრჩა მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?!“

ჩვენი, ახალი თაობის, ვალია მთავარ კრედოდ მივიჩნიოთ ქართული ენის გრამატიკული ნორმების დაცვა. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს გრიგოლ ორბელიანის შეგონება: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!“ ენის წახდენა ერის დაცემის წინაპირობაა. ჩვენმა წინაპრებმა დიდი ქარტეხილი გამოიარეს, რათა სისხლით დაეცვათ ეს წმიდათაწმიდა მონაპოვარი. ბევრჯერ სცადეს ჩვენმა მტრებმა, „ყვავ-ყორნებმა“, ქართული ენის უგულებელყოფა და რუსული ენით ჩანაცვლება, მაგრამ ამაო იყო მათი ცდა. 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში, სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო, კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილებების წინააღმდეგ. საქართველოს რესპუბლიკაში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. 1990 წლიდან ყოველ 14 აპრილს აღინიშნება დედა ენის დღე, რაც სიმბოლურად გვახსენებს ჩვენს მოვალეობას ერისა და ქვეყნის წინაშე.

ჩემი აზრით, დედა ენის დაცვა დაიძლევა შემდეგი კონცეფციებით:

1) დაჯარიმდეს ის პირი, ვინც ქუჩაში, ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში ისაუბრებს დამახინჯებული ქართულით, ასევე ვინც შეურაცხყოფს ქართული ენის სიწმინდეს.

2) მკაცრად აკონტროლონ იმ დაწესებულების ხელმძღვანელები, რომლებიც ასეთ წარწერებს აფიშირებენ: მეორადი პაკრიშკები, ნაცვლად მეორეული საბურავებისა, გაყიდვაშია, ძებნაშია და ა.შ.

3) ყველას მივუთითოთ გრამატიკულ შეცდომაზე, მიუხედავად იმისა, ეწყინებათ თუ ესიამოვნებათ. „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“.

4) სავალდებულო გახდეს საქრთველოში მცხოვრები არაქართველი მოსახლეობისთის ქართული ენის შესწავლა!

5) მთავარი ყურადღება მიექცეს პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტებს, ტელეწამყვანებსა და რედაქტორებს. მათ მთელი საქართველო უსმენს, ისინი კი საუბრობენ საზოგადოებისთვის გაუგებარი ტერმინებით, უშვებენ ძალიან ბევრ გრამატიკულ შეცდომას, მათ უნდა იმეტყველონ წმინდა გრამატიკული ნორმებით!

ქართული ენა ღმერთების ენაა, მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება:

„ქართული მარტო ენაა?!

ქართული ქართველთ რწმენაა,

ღმერთია, ბედისწერაა,

ზღვა როა იმოდენაა.“

უკვდავება ჩვენს მშობლიურ ქართულ ენას!

მარიამ აზრუმელაშვილი – თბილისის №219 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები