22 დეკემბერი, კვირა, 2024

ელინიზმიდან გლობალიზაციამდე

spot_img

სალომე გუმბერიძ
სსიპ ქალაქ ქუთაისის N10 საჯარო სკოლის წამვანი მასწავლებლი, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი

 

კონფერენცია „კულტურათაშორისი დიალოგები ელინიზმიდან გლობალიზაციამდე“ ინტერკულტურული განათლებისა და კულტურათაშორისი სწავლების ხელშეწყობის ერთგვარი პირველი ცდაა ჩვენს სკოლაში, რომელიც, ამავდროულად, წარმოადგენს ჩემ მიერ პრაქტიკული კვლევის („კულტურათაშორისი სწავლება და ინტერკულტურული განათლება, პრობლემები და გამოწვევები“) ფარგლებში განხორციელებულ ინტერვენციას.

როგორც ცნობილია, მე-20 საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ საუბარია განათლების მნიშვნელობაზე დემოკრატიული მოქალაქეობის განვითარების პროცესში. მასში ხაზგასმულია, რომ განთლებამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას ერებს, რასობრივ და რელიგიურ ჯგუფებს შორის.

ზემოთ თქმული ნათელყოფს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია განათლების როლი მსოფლიო სტაბილურობისა და განვითარების საქმეში, მით უფრო დღეს, სწრაფად ცვლად სამყაროში. საერთაშორისო კონვენცია „კულტურული თვითგამოხატვის, მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ (იუნესკო, 2005) აღიარებს ღირებულებებისა და კულტურული თვითგამოხატვის აუცულებლობას, როგორც დემოკრატიის აუცილებელ პირობას (მოქალაქეობრივი განათლება 2021:14), ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებადაა გაწერილი:

საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, კულტურა არის ის, რაც ადამიანებს ერთმანეთისაგან განასხვავებს და თან აერთიანებს. კულტურა რთული და მრავალფეროვანი ფენომენია, ადამიანის სამყაროში მოღვაწეობის ფართო სპექტრი. ის არა არის ვიწრო ტერმინი, მხოლოდ ლიტერატურისა და ხელოვნების გამაერთიანებელი, გაცილებით მასშტაბური ფენომენია, მასში ჩატვირთულია ადამიანთა ყოფა-ცხოვრება, ნორმები, ფასეულობები, რწმენა-წარმოდგენები, მსოფლმხედველობა და თვითმყოფადობა. ადამიანს, რომელიც იცნობს და ფლობს მრავალფეროვან კულტურულ გარემოში ორიენტაციისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, დიდი ასპარეზი აქვს როგორც საკუთარ სამშობლოში, ისე უცხო გარემოში. კულტურა ხომ ადამიანის/ადამიანების/კოლექტივების მიერ შექმნილი და გარდაქმნილი სამყაროა, რომელიც აღმოცენებულია კონკრეტულ დროს, განზომილებასა და გარემოებებში. კულტურა, როგორც ასეთი, ხალხის ცხოვრების ზოგადი წესია, კოლექტიური ცოდნის პროდუქტი, გარემოსა და სხვა ადამიანის შეგუების ხერხების ერთობლიობა, ისტორიისა და ისტორიული პროცესების მიერ დატოვებული ნაკვალევი. ერთი სიტყვით, ცხოვრების გზამკვლევი რუკაა.

კონფერენციის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა:

♦ მოსწავლეებში ინტერკულტურული ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;

♦ განსხვავებულ ეთნოსთა/კულტურათა ურთიერთქმედებების წარმოჩენა სხვადასხვა დროსა და ეპოქაში;

♦ უმრავლესობათა და უმცირესობათა თანაბარი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

♦ სხვადასხვა კულტურათა ცხოვრების წესის გაცნობა,  ინტეგრაცია/ასიმილაცია.

კონფერენცაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ მე-10 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, ესწრებოდა სასკოლო საზოგადოება. კონფერენცია აერთიანებდა სხვადასხვა საგნობრივ მიმართულებას, არ იყო ფოკუსირებული მხოლოდ ერთ რომელიმე საგანზე; შესაბამისად, თემატურადაც – მრავალფეროვანი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები: „ბიბლიოთეკა, როგორც ისტორიისა და კულტურის მემატიანე“; „აფხაზური თემა ქართულ კულტურაში“; „ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ“; „სიყვარული საზღვრების გარეშე ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობებიდან“; „კონსტანტინეპოლის დაცემის გავლენა შუა საუკუნეების კულტურაზე“; „ბოშური თემა ქართულ კულტურაში“; „ვეფხისტყაოსნის მთარგმნელები“; „კოლონოზაციის გავლენა სხვადასხვა კულტურაზე“; „კულტურათაშორისი ურთიერთობები გლობალურ სამყაროში; „კათოლიკე მისიონერები და საქართველო“; „ელინიზმიდან გლობალიზაციამდე“; „ებრაული თემა ჯუზეპე ვერდის შემოქმედებაში“; „ბერძნულ-ქართული ურთიერთობებიდან“; „აღმოსავლური კულტურა ევროპულ ხელოვნებაში“.

კონფერენციამ ნათლად და მკაფიოდ გამოავლინა მოსწავლეთა სწორი დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ხედვები, კულტურათაშორისი ურთიერთობების სასიკეთო შედეგები გლობალურ ჭრილში. მოსწავლეებმა გამოავლინეს არა მარტო კონკრეტულ საკითხზე დაგროვილი ცოდნა, არამედ ინფორმაციების შეფასების უნარი, ობიექტური მსჯელობის საფუძველზე. შეძლეს საკუთარი მოსაზრებების ადეკვატურად ფორმულირება და აუდიტორიასთან კომუნიკაცია. მათ გამოავლინეს საჯარო გამოსვლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. კონფერენციის ნაყოფიერი ეტაპი აღმოჩნდა მოსწვლეთა თვითშეფასება და უკუკავშირი.

კონფერენციის მსვლელობისას, გარდა პროგრამით გათვალისწინებული თემატიკისა, გამოიკვეთა აქტუალური საკითხები, მაგ.: ეთნიკური უმცირესობათა ინტეგრაციის საკითხი. მოსწავლეებმა იმსჯელეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეთნიკური ინტეგრაცია არ ნიშნავს მათ ძალისმიერ ასიმილაციას, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა არ უნდა იყოს ხისტი ეროვნულ უმცირესობათა ენის, კულტურისა და თვითმყოფადობის დაცვასთან დაკავშირებით, ჩართულობა კი, უნდა მოხდეს ნებაყოფილობით, გონივრული სტრატეგიების გამოყენებითა და ცნობიერების ამაღლებით. მულტიკულტურულ საზოგადოებაში ყველა წევრი უნდა იყოს თავისუფალი რელიგიური, ეთნიკური თუ ენობრივი სხვაობის მიუხედავად.

კონფერენციამ, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო 21-ე საუკუნის კომპეტენციების გამოვლენასა და ინტერკულტურული ცნობიერების ამაღლებას, ასევე სასწავლო მასალის სამეცნიერო ცოდნასთან დაკავშირებას.

გთავაზობთ საკონფერენციო მასალების ჰიპერბმულს, რომელიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მსგავსი სასწავლო აქტივობების განხორციელებისთვის გამოადგება.

ჰიპერბმული:

https://onedrive.live.com/?authkey=%21AIgRWKD9T7ZiN18&id=36052B7399040C32%21111&cid=36052B7399040C32

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები