27 ივლისი, შაბათი, 2024

ელექტრონული რესურსი ბიოლოგიაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის

spot_img
ნინო პოპიაშვილი
სსიპ ქალაქ მცხეთის N1 საჯარო სკოლა

 

 

სოციალურ ქსელში ხშირად შეგხვედრიათ ასეთი სტატუსი: „კოლეგებო, მე-3 კლასის მათემატიკის ისგ ხომ არ გაქვთ?“ ან ასეთი: „ჩამიგდეთ რა, მე-11 კლასის ბიოლოგიის ისგ…“

როგორ ფიქრობთ, ეს სწორია?

ეს „იპოსტება“ ისეთ ჯგუფებში, სადაც უამრავი განათლების ექსპერტი, მასწავლებლის სახლისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენელია. შემდეგ სწორედ ამ ექსპერტებთან ვსხდებით თავმომწონედ საკუთარი პორტფოლიოების დასაცავად. უხერხული არაა?

ჩვენ ხომ უამრავი ტრენინგი გავიარეთ, სადაც მკაფიოდ გვითხრეს და გვასწავლეს, რომ თითოეულ სსსმ მოსწავლეს, მხოლოდ მის საჭიროებაზე მორგებული ისგ სჭირდება? ამ საჭიროებას ხომ მულტიდისციპლინური გუნდი ადგენს? ჩვენ, არათუ კომპეტენცია, უფლებაც კი არ გვაქვს, განვსაზღვროთ მოსწავლის კონკრეტული საჭიროებები. იმის ვალდებულება კი, ნამდვილად გვაქვს, შევადგინოთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და მას შევუსაბამოთ მოქნილი და ადაპტირებული რესურსი.

თანამედროვე სწავლებაში, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტული აქტივობისა და საგაკვეთილო ერთეულისათვის რესურსის შესაბამისობას. ცხადია, ნებისმიერი რესურსი ფარავს რამდენიმე სამიზნე ცნებას, საკითხსა და თემას, თუმცა, მკაფიო ინსტრუქციისა და ეფექტიანობის მქონე რესურსი კიდევ უფრო მოსახერხებელია როგორც მოსწავლისთვის, ისე მასწავლებლისთვისაც.

რესურსი ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში; იგი პასუხობს სხვადასხვა სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებას; სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო; იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, მაღლდება მათი აკადემიური მიღწევები [1].

არსებობს საგანმანათლებლო რესურსების შემდეგი ტიპები:

  • გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები;
  • დამხმარე ლიტერატურა;
  • საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები;
  • სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.);
  • ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი, ისტორიული ძეგლები, ბუნებრივი გარემო და სხვ.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მაშინ, როცა ბავშვების ცხოვრებაში ზომაზე მეტი დოზითაა შეჭრილი ტექნოლოგიების მოხმარება, ამას კი ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს და შეეწინააღმდეგება, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მათი ეს ინტერესი და ცოდნა მივმართოთ მათივე საჭიროებების: სასწავლო, შემეცნებით და სასარგებლო მხარეს. ამით, მათ ნდობასაც მოვიპოვებთ და გაცილებით სახალისოს გავუხდით ცხოვრებას. მიზანიც მიღწეული იქნება. ამიტომ, რესურსების შექმნისას, რა თქმა უნდა, მასწავლებლები უპირატესობას ვანიჭებთ ელექტრონულ რესურსებს. ეს ისეთი მოსახერხებელია, რომ, რამდენიმეჯერ გამოყენების შემდეგ, კომპლექსურ დავალებაში პროდუქტადაც კი შეგვიძლია დავუსახოთ დავალებაში ბავშვებს, რადგან მოსწავლეები ამას ჩვენზე უკეთ გააკეთებენ.

გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასევე დიდ გამოწვევად რჩება ინკლუზიური განათლებაში არსებული მეთოდების გაგება, დანერგვა და მათი დაძლევისა და განხორციელების გზები. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისას, უნდა გავითვალისწინოთ როგორც მოსწავლის საჭიროებების შესაბამისი ადაპტირებული დავალების აქტივობების დაგეგმვა, ასევე ამ აქტივობებზე მორგებული უნივერსალური დიზაინის მქონე რესურსიც [2].

მნიშვნელოვანია, საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყოს ყველა მოსწავლე, ამიტომ სსსმ მოსწავლისათვის იქმნება ისეთი პროგრამა (ისგ), რომელიც დაემთხვევა კურიკულუმს, მატრიცას და იქნება ადაპტირებული კონკრეტული მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე. ამ ყველაფრის შესაბამისი რესურსი კი, სასურველია, იყოს ისეთი დიფერენცირებული და იმდენად მოქნილი, რომ იგი, სურვილის შემთხვევაში გამოიყენოს ყველა ბავშვმა.

აქ, წარმოდგენილი ელექტრონული რესურსები გაკეთდა პროგრამაში – storyjumper, რომელიც საშუალებას იძლევა, რესურსი იყოს დატვირთული როგორც ვიზუალური, ასევე აუდიომასალით [3].

ხმოვან წიგნებში აღწერილია რამდენიმე საკითხი სისხლის მიმოქცევის სისტემიდან, კერძოდ გულის აგებულება, სისხლძარღვების ტიპები და სისხლის შემადგენლობა ისე, რომ კარგად ჩანს ბმა წინა და მომდევნო „წიგნს“ შორის. ეს ბავშვებს დაეხმარება მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაშიც, მისი შესაძლებლობების ფარგლებში.

სამიზნე ცნება: სტრუქტურა და ფუნქცია;

ქვეცნება: ორგანო, ორგანოთა სისტემა;

საკითხი: სისხლის მიმოქცევის სისტემა;

ქვესაკითხები: გული, სისხლი, სისხლძარღვები.

თემასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

  • სისხლის მიმოქცევის სისტემას მიეკუთვნება: სისხლი, გული და სისხლძარღვები (არტერიები, ვენები და კაპილარები);
  • სისხლი შეიცავს პლაზმას და ფორმიან ელემენტებს (ერითროციტებს, ლეიკოციტებს და თრომბოციტებს), თითოეულ მათგანს გარკვეული ფუნქცია აკისრია.

თემასთან დაკავშირებული საკვანძო შეკითხვები:

  • როგორ შეესაბამება სისხლის კომპონენტებისა და სისხლძარღვების სტუქტურა მათ მიერ შესასრულებელ ფუნქციებს?
  • როგორ შეესაბამება გულის აგებულება მის ფუნქციას?

ბიოლოგიის მე-8 კლასის მატრიცას თან ახლავს სტანდარტული კომპლექსური დავალება, რომელსაც ვუკეთებთ ადაპტირებას და ვუსაბამებთ აქტივობებს თავისი რესურსით.

ადაპტირებული კომპლექსური დავალება:

წარმოიდგინე, ხარ პატარა მოგზაური, რომელმაც გადაწყვიტა იმოგზაუროს ადამიანის სისხლძარღვებსა და გულში. ამ მოგზაურობიდან აირჩიე ერთი რომელიმე ადგილი (ან სრული მოგზაურობა) და გამოსახე სქემით, ფერადი ფურცლებით, წებოთი და ფანქრებით და შექმენი პოსტერი, რომელიც დაეხმარება სხვა პატარა მეგობრებს ამ თემის შესწავლისას. ამისათვის ყურადღებით გაეცანი შემდეგ მასალას:  ვიდეო 1.  და ვიდეო 2.

https://www.storyjumper.com/book/read/160105871/64b17453c7dfb

(კითხვა: როგორ ავხსნა, „მოგზაურის დღიურის“ საშუალებით, გულის და სისხლძარღვების სტრუქტურის ფუნქციასთან კავშირი?)

 ადაპტირებულ კომპლექსურ დავალებას ერთვის თავისი ე.წ. გეგმა, იგივე შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც ასევე ადაპტირებულია და უადვილებს მოსწავლეს სამუშაოს, მასწავლებელს კი – შეფასებასა და უკუკავშირს.

„ნაშრომში ხაზგასმით უნდა ჩანდეს:

  • რა სამი მთავარი კომპონენტისაგან შედგება სისხლის მიმოქცევის სისტემა?
  • როგორი აგებულება აქვს გულს?
  • რამდენი ტიპის სისხლძარღვი არსებობს და რა განსხვავებაა მათ შორის?
  • როგორია სისხლის შემადგენლობა?
  • რა ფუნქცია აქვს სისხლის თითოეულ უჯრედს?“

აქ, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ კლასში მიმდინარეობს ერთი და იმავე თემასა და კომპლექსურზე მუშაობა, განსხვავება მხოლოდ შესასრულებელი აქტივობებისა და მიზნების სირთულეშია.

აღნიშნულ კითხვებს უნდა პასუხობდეს შექმნილი პროდუქტი, რომელიც მთლიანად იფარება ორი ხმოვანი წიგნით. მოსწავლეს შეუძლია უსმინოს, დააპაუზოს და ისევ განაგრძოს ან თავიდან მოისმინოს ელექტრონული რესურსი.

წიგნებს თან ახლავს შესავალი, ინსტრუქცია და დიფერენცირებული არჩევანი. რესურსი უნდა გამოიყენოს მოსწავლემ კომპლექსური დავალების შესრულების პროცესში, სამი ან ოთხი საგაკვეთილო ერთეულის ფარგლებში.

ამრიგად, გიზიარებთ ჩემ მიერ შექმნილ რესურსებს, ზემოთ წარმოდგენილი ლინკების სახით. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც სსსმ, ასევე ნებისმიერ პასიურ და ნაკლებად მოტივირებულ მოსწავლეებთანაც.

რესურსების შექმნა, ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი პროცესია და ყველა მასწავლებელს ვურჩევ უყუროს ამ ძალიან მოკლე ინსტრუქციას   და სულ რაღაც 8 წუთში შეძლოს, მოსწავლეების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, საკუთარი ფანტაზიითა და გემოვნებით შექმნას უამრავი ახალი რესურსი.

⇔ გამოყენებული ლიტერატურა:

  1. http://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/resursi%20bochorishvili.pdf
  2. https://www.etaloni.ge/geo/main/index/74367
  3. https://www.storyjumper.com/library/my#

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები