27 ივლისი, შაბათი, 2024

ელექტრონული რესურსები და STEM-ის საგნები

spot_img

ხათუნა თეთვაძე
სსიპ ქალაქ მცხეთის N1 საჯარო სკოლა

 

 

კაცობრიობის განვითარებას, პარალელურად, თან სდევს ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის გზების, მეთოდებისა და საშუალებების ძიება. თავდაპირველად ადამიანმა გამოქვაბულის კედელზე ნახშირით გამოსახა ფიგურები, შემდეგ თიხის ფირფიტები, ცხოველის ტყავი და პაპირუსი შექმნა, ქაღალდმა და თანამედროვე ფორმის წიგნებმა ჩაანაცვლა ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები, ახლა კი წიგნი თანდათან იცვლის ფიზიკურ ფორმას და ციფრული სახით გვევლინება. აზრობრივად წიგნის ცნება უცვლელი რჩება, თუმცა ინფორმაციის გაციფრულება მეტად მოქნილს და ხელმისაწვდომს ხდის მის გამოყენებას.

ელექტროობის და შიდა წვის ძრავის აღმოჩენამ მეცნიერულ ტექნიკური პროგრესის ზვავისებურ განვითარებას მისცა ბიძგი. კაცობრიობა შევიდა ახალ, ციფრულ ერაში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დროთა განმავლობაში ბევრ პროფესიაში ადამიანის საქმიანობას ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი. უამრავი ტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც 10-15 წლის წინ არც კი არსებობდა, ახლა რეალობაა.

თანამედროვე მეცნიერული პროგრესის ფონზე უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას მასწავლებელი, განსაკუთრებით EMSTEM-ის საგნების სწავლებას მინდა შევეხო, რომელიც არ არის მხოლოდ დეკლარატიული ცოდნის გადაცემა, არამედ ყოველდღიური ცხოვრებაა. სად ვართ ამ დროს ჩვენ? რა ცოდნას ვთავაზობთ მოსწავლეს? რა საჭირო უნარებით აღჭურვილს ვუშვებთ ასე სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ სამყაროში? მე ქიმიის მასწავლებელი ვარ, მევალება ვასწავლო საგანი როგორც მეცნიერება, მოსწავლეს განვუვითარო კვლევის უნარ-ჩვევები, გავაცნო თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, ვიზრუნო გამჭოლი კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე, რისი საშუალებითაც შეძლებს მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას. მოსწავლეზე ორიენტირებული აქტივობებით და სწავლის დიფერენცირებული მეთოდებით მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს, ცოდნის პასიური მიმღებლიდან, აქტიურ შემმეცნებლად, შეძლოს გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერული მიღწევები და გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე საგნობრივი სტანდარტის შედეგები ქიმიაში იყოფა სამ მიმართულებად: 1) ქიმიური მოვლენები; 2) მეცნიერული კვლევა-ძიება; 3) მეცნიერება და ტექნოლოგიები. სამივე მიმართულება მჭიდრო კავშირშია და ავსებს ერთმანეთს. გამომდინარე იქედან, რომ სკოლები არ არის აღჭურვილი სათანადო ლაბორატორიებით, რომც იყოს, სასკოლო ასაკის გათვალისწინებით, ურთულესი იქნება უსაფრთხოების დაცვა, ამიტომ მხოლოდ მწირი რესურსით რამდენიმე საპრეზენტაციო ექსპერიმენტის ჩვენებას თუ ვახერხებ, ან phet.colorado-ს სიმულაციებს ვიყენებ საკითხების უკეთ გაგება-გააზრებისთვის. მაგრამ მოსწავლე მხოლოდ პასიური დამკვირვებელია და მიზნობრივი კითხვებით მიმყავს დასკვნებამდე. მიუხედავად ჩემი დიდი ძალისხმევისა, ექსპერიმენტის ხიბლი, რაც ადამიანს ,,ევრიკას“ წამოაძახებინებს და სამეცნიერო საგნების მთავარი დანიშნულებაა, დაკარგულია. მინდა, პირიქით, მასწავლებელი მხოლოდ გეზის მიმცემი და ფასილიტატორი იყოს, ხოლო მოსწავლე – აქტიური, საკუთარი ცოდნის მიღების დამგეგმავი და წარმმართველი.

მოსწავლეთა დაინტერესება STEM-ის საგნებით დაბალია, რაც სამეცნიერო საგნების სირთულით, რესურსების ნაკლებობითა და სამომავლო პერსპექტივის არასათანადო გააზრებით აიხსნება. სწავლის შინაგანი მოტივაცია კვლევებით აღმოჩენებმა უნდა გააღვივოს, ამის რესურსი კი სკოლებს არ გააჩნიათ. მე, ერთმა რიგითმა მასწავლებელმა, რა შევცვალო? როგორ მოვიქცე?

გადავწყვიტე, მოსწავლეთა ტექნოლოგიებით დაინტერესების გათვალისწინებით, რაც შეიძლება მეტი ელექტრონული რესურსი შემექმნა და გამომეყენებინა საგაკვეთილო პროცესში, რადგან თანამედროვე ეპოქაში მნიშვნელოვანია მოსწავლის დაინტერესება მრავალფეროვანი აქტივობებით, ინფორმაციის გადაცემის მოსახერხებელი მეთოდებითა და საშუალებებით.

მუდამ სიახლეების ძიებაში ვარ, ვესწრები ტრენინგებს და მიღებულ ცოდნას ვნერგავ პრაქტიკაში, ვუზიარებ კოლეგებს, სკოლისა და მუნიციპალურ დონეზე.

მინდა ჩემ მიერ დამზადებული და პრაქტიკაში დანერგილი რამდენიმე ელექტრონული რესურსი გაგაცნოთ, რომლებიც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და დიფერენცირების საუკეთესო საშუალებებია.

acd/labs chemsketch-ის პროგრამა ორგანული ნაერთის სტრუქტურული ფორმულების დაწერის და ატომების სივრცითი ურთიერთგანლაგების გაგება-გააზრებისთვის საუკეთესო საშუალებაა. განსაკუთრებით ორგანული ნაერთების ჰომოლოგიური რიგების თავისებურებების, მათ შორის მსგავსება-განსხვავების საჩვენებლად, ნაერთის სახელწოდების შესადგენად და პირიქით, სახელწოდებიდან ნაერთის სტრუქტურული ფორმულების დასაწერად. თვალსაჩინოებისთვის ნაერთის სტრუქტურულ ფორმულებს წარმოგიდგენთ:

YouTube-ზე განთავსებული ვიდეოინსტრუქციით შევისწავლე და დავამზადე storyjumper-ის პროგრამით ხმოვანი წიგნები: ,,gavicnoT wyali” da ,,wylis Sedgeniloba” . მშობელთა უკუკავშირით დავრწმუნდი, რომ სსსმ მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. სხვა და სხვა სწავლის სტილის მოსწავლეებისთვის ასეთი წიგნები მოსახერხებელია, რადგან, ტექსტურ მასალასთან ერთად, სურათებით და ხმოვანი სახით არის ინფორმაცია გადმოცემული. წიგნები ინტერაქტიულია. ბოლოს მოსწავლე კითხვებზე პასუხობს და დავალებად მოლეკულის მოდელების დამზადება ევალება, მისთვის მოსახერხებელი ფორმით.

დავესწარი სტატუსის სავალდებულო ტრენინგკურსს, შევისწავლე Go-lab-ის პროგრამით სასწავლო რესურსის დამზადება, რომელიც მოსწავლეს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების შესაძლებლობას აძლევს ონლაინ ლაბორატორიის საშუალებით.

პროგრამის გამოყენებით, მასწავლებელი ქმნის ელექტრონულ რესურსს, რომელიც საშუალებას აძლევს, მოსწავლეს ერთ სივრცეში მიაწოდოს ონლაინ ლაბორატორიის ლინკი და ინსტრუქცია, წასაკითხი მასალა, მოსასმენი, ვიდეორგოლი, სურათები და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლე იქვე, სადაც წაიკითხავს, მოისმენს და, ჩაშენებული სიმულაციის დახმარებით, ჩაატარებს ექსპერიმენტს, ჩამოაყალიბებს და დაწერს ჰიპოთეზას, გააკეთებს ჩანაწერებს, უპასუხებს კითხვებს, შეავსებს ცხრილებს და დაწერს დასკვნას, ბოლოს შეამოწმებს თავში გამოთქმულ ვარაუდს, ჩამოტვირთავს ნამუშევარს და უგზავნის მასწავლებელს.

ქიმიის სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდია ,,სამეცნიერო მეთოდი“, რომელიც საკვლევი შეკითხვის დასმას და მასზე პასუხის გაცემას ცდისა და ექსპერიმენტის საშუალებით წარმოადგენს. ,,სამეცნიერო მეთოდის“ ნაბიჯებია: საკვლევი შეკითხვის დასმა, ინფორმაციის მოძიება, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ექსპერიმენტის დაგეგმვა და ცდის ჩატარება, კვლევის შედეგების ანალიზი, დასკვნის გამოტანა და გაზიარება. გადავწყვიტე ზემოთ აღნიშნული მეთოდის შესაბამისი ელექტრონული რესურსის დამზადება Go-lab-ის პროგრამით.

ერთ-ერთი ასეთი ელექტრონული რესურსი დავამზადე მე-8 კლასისთვის ატომის აღნაგობის შესასწავლად. მოტივაციისთვის, როგორც კომპლექსურ დავალებაში, სახალისო შესავალი გავუკეთე და ატომის მოდელის მსგავსი გაჭრილი საზამთროს სურათი ჩავსვი. რესურსი შეიცავს ტექსტურ, წასაკითხ მასალას, სურათებს, ვიდეორგოლებს და ბოლოს ექსპერიმენტის სიმულაციას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მუშაობის პროცესმაც მაჩვენა, ყველა აქტივობას, რომელსაც მოსწავლე აკეთებს, წინ უნდა უძღოდეს მკვეთრად, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი ინსტრუქცია.

მოსწავლეებს გადავუგზავნე დავალება ,,atomis aRnagoba”, დაიწყეს მუშაობა, ჰქონდათ კითხვები,  წინადადებები და მე ვიყავი ბედნიერი, ვიყავი მათი თანამშრომელი, პარტნიორი და გეზის მიმცემი უკიდეგანო შემეცნების ლაბირინთში. მოეწონათ სიახლე და ვერ მალავდნენ ემოციებს. თავს სწავლის პროცესის სრულფასოვან სუბიექტებად გრძნობდნენ, თვითონ სწავლობდნენ, თვითონ გეგმავდნენ, აყალიბებდნენ ჰიპოთეზებს, ზოგჯერ მცდარს, მაგრამ თვითონვე ადგენდნენ ჭეშმარიტებას და აფასებდნენ საკუთარ შესრულებულ დავალებას.

იკითხავთ, გავედი თუ არა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგზე? დიახ, იგივე თემის შემაჯამებელი წერის შედეგების ანალიზით დავრწმუნდი, რომ თემის შესაბამისი მოკლევადიანი მიზანი შესრულდა, ხოლო რაც შეეხება გრძელვადიან მიზანს, ზოგადად, განათლების სფეროში წლები სჭირდება ყველა უნარისა და კომპეტენციის განვითარებას და საბოლოო შედეგის შეცნობას.

acd/labs chemsketch-ის, storyjumper-ის და Go-lab-ის პლატფომებზე ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია დარეგისტრირება და რესურსის დამზადება.

ვგეგმავ 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისში, ჩემი და მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლების დაინტერესებული მასწავლებლებისთვის, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ზემოთ მოცემული პროგრამებით რესურსების დამზადების ტექნიკის გაზიარებას.

მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შეჩერება შეუძლებელია, ამიტომ მასწავლებლის მისია არის თეორიული ცოდნის მოსახერხებელი და თანამედროვე მეთოდებით გადაცემა, ასევე ახალგაზრდებში ციფრული წიგნიერების განვითარება, რაც ტექნოლოგიების დახმარებით ინფორმაციის წვდომას, უსაფრთხოდ მოძიებას და გამოყენებას გულისხმობს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები