გულნარა ჟღენტი
სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუა ამაღლების საჯაროს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
მოსწავლე გაწაფულ კითხვას, წაკითხულის გააზრებას და, გარკვეული დოზით, გრამატიკულ ნორმებს დაწყებით კლასებში თუ ვერ დაეუფლება, მომდევნო საფეხურზე მნიშვნელოვან პრობლემებს წააწყდება. ამისათვის, სასწავლო წლის დასაწყისში III-IV კლასებში ჩავატარე დიაგნოსტირება, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს უჭირდათ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება. ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, GoogleForms-ში შევქმენი ღია და დახურული ტიპის ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
მოსწავლეები მათთან გაგზავნილ ტესტში ჩაწერენ თავიანთ ელექტრონულ ფოსტას, შემდეგ სახელსა და გვარს და უპასუხებენ კითხვებს. ბოლოს დააჭერენ ღილაკს „გაგზავნა“, ამის შემდეგ, თუ ტესტი მხოლოდ დახურული კითხვებით არის შედგენილი, გამოვა ფანჯარა „ქულების ნახვა“, მოსწავლეები დააჭერენ ამ ღილაკსაც და ნახულობენ თავიანთი ნაშრომის შედეგს. ღია ტიპის ტესტების შემთხვევაში, მასწავლებლისგან ელოდებიან უკუკავშირს.
https://drive.google.com/drive/folders/1prLaIRmB-VJ-cX7xsk6IqGjqWdHnLKAd?usp=sharing
ასევე შევქმენი ტესტები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საიტზე jeopardylabs.com. „Start“ ღილაკზე დაჭერით იხსნება დაფა, სადაც ნაჩვენებია რიცხვები. მოსწავლე ირჩევს რიცხვს, რომლის ქვეშაც იმალება კითხვა, პასუხობს ზეპირად, ხოლო შემდეგ მასწავლებელი, „Spacebar“ ღილაკზე დაჭერით, აჩვენებს სწორ პასუხს. ამის შემდეგ მასწავლებელი აჭერს ღილაკს „ESC“ და თავიდან გამოჩნდება დაფა რიცხვებით და ა.შ.
https://drive.google.com/file/d/1zIq4eFRRJeC5qWc8gbveMR9hfhE3S-ih/view?usp=sharing
როგორც ვიცით, I-II კლასებში უპრიანია სწავლების ვიზუალური სტილის გამოყენება. პატარების სფერო, ძირითადად, ანიმაციებია, რაც მათში მეტ ინტერესს იწვევს, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა და შევქმენი კიდეც ანიმაციები იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, რომლებიც გამოქვეყნებული მაქვს youtube.com-ზე, სადაც 500-ზე მეტი გამომწერი მყავს და ათასობით და ათიათასობით ნახვა აქვს.
თითოეული ანიმაცია მთავრდება ანდაზით ან გასააზრებელი შეკითხვით, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს შეუძლიათ თავიანთი მოსაზრებები გადმოსცენ მოცემული ანიმაციის ირგვლივ. მიზანი ამ ანიმაციების შექმნისა იყო ის, რომ მოსწავლეებს, განსაკუთრებით I კლასში, გაუჭირდათ წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის გაგება-გააზრება, რადგან ბავშვების უმეტესობა ვიზუალისტი იყო. როცა მათთვის საინტერესო თემას შევეხე და ანიმაცია გამოვიყენე, მოსწავლეებმა ადვილად გაიაზრეს და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება პერსონაჟების მიმართ.
https://drive.google.com/file/d/1yRIkR3_ske31WYrcpencsQXSCL-Dc9F6/view?usp=sharing
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მარტივი გრამატიკული საკითხები რომ შეისწავლონ, საიტზე learningapps.org შექმნილი მაქვს ტესტები. პატარები თამაშ-თამაშით და ხალისით სწავლობენ არსებით სახელს, ზედსართავ სახელს, რიცხვით სახელსა და ზმნას. ყველა რესურსს თან ახლავს ინსტრუქცია.
https://drive.google.com/file/d/17dWcSG92xGrvr8Wah-C_eX482T35FX_K/view?usp=sharing
მოსწავლეებს მოსწონთ ელეტრონული რესურსები და სიამოვნებით მუშაობენ ელექტრონულ ტესტებზე, რამაც შედეგზე გამიყვანა, ვფიქრობ, რომ აუცილებელია მასწავლებელი თავად ქმნიდეს ისეთ რესურსს, რომელიც მოსწავლეებისათვის იქნება სიახლე და სასწავლო პროცესს საინტერესოს გახდის.