24-30 ივლისს სლოვაკეთის ქალაქი ბანსკა-ბისტრიცა ევროპის ზაფხულის XVI ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს, მონაწილეთა შორის კი საქართველოც იქნება თავისი 28 სპორტსმენით.
ფესტივალის პროგრამაში სპორტის 10 სახეობაა – სპორტული ტანვარჯიში, მძლეოსნობა, ბადმინტონი, კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, ცურვა, ძიუდო, ველოსპორტი და ჩოგბურთი. ამათგან ჩვენები 7-ში გამოვლენ: ტანვარჯიში, ცურვა, ძიუდო, მძლეოსნობა, ბადმინტონი, ჩოგბურთი და ველოსპორტი. სამწუხაროდ, გუნდურ სათამაშო სახეობებში ამჯერადაც არ გვეყოლება წარმომადგენლობა.
ტრადიციულად, ამ თამაშებზეც ყველაზე დიდი გუნდი ძიუდოში გვყავს – 12 სპორტსმენი. მას მოსდევენ მძლეოსნობა (4), ტანვარჯიში და ველოსპორტი (3-3). სავარაუდოდ, ამ ფესტივალზეც ჩვენი მთავარი გამწევი ძალა ძიუდო იქნება – მასზე მოდის ამ ფესტივალების მედალთა ლომის წილი. ვაჟთა ნაკრებში 8, გოგონებში კი 4 სპორტსმენია. გუნდის შემადგენლობაში და-ძმა – ნინო და ალექსანდრე ლოლაძეები შედიან.
ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალი 24 ივლისს გაიმართა, ასპარეზობები კი 25 ივლისიდან დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ მხოლოდ პირველი ფესტივალი გამოტოვა, ბრიუსელში რომ გაიმართა 1991 წელს, მას შემდეგ კი უწყვეტად მონაწილეობს ღონისძიებაში, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. თუმცა ბაქოში 2019-ში გამართული თამაშებიდან დღემდე 3 წელიწადი გავიდა – სლოვაკეთს ამ ღონისძიებისთვის შარშან უნდა ემასპინძლა, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო.
ფესტივალში მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია – 17-წლამდელები ანუ სასკოლო ასაკის მოზარდები გამოდიან, თუმცა წლეულს ისევ პანდემიის მსახვრალი ხელიდან გამომდინარე, ასაკი 1 წლით `გაზარდეს~. ჩვენი გუნდი ყოველთვის წარმატებით გამოდის ამ ფესტივალში, 2015 წელს კი მე-13 თამაშებს თბილისმა უმასპინძლა საკმაოდ მაღალ დონეზე.
ირაკლი თავაძე