27 ივლისი, შაბათი, 2024

ეგზისტენციალიზმის როლი განათლების საქმეში

spot_img

ანა კაკულია
სსიპ თბილისის №147 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

ეგზისტენციალიზმი ფილოსოფიური მიმდინარეობაა და იგი სუბიექტური ხასიათისაა. მთავარი ამოსავალი წერტილი ადამიანია, როგორც თავისუფალი ნების მქონე არსება. იგი უნიკალური ინდივიდია, რომელიც საკუთარი თავისუფალი ნებით ქმნის ღირებულებებს. მის მიერ არჩეული ღირებულებები კი თავისუფალია საზოგადოების, კულტურული პატერნებისა თუ სხვადასხვა ავტორიტეტების გავლენისაგან, თუმცა უნდა ითქვას, რომ ექსისტენციალისტების მტკიცებით ადამიანის თავისუფალ არჩევანში უპირობოდ მოიაზრება პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ინდივიდი იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ არჩევანზე და ქმნის საკუთარ ბედს, თუმცა, ისე, რომ არ შებოჭოს სხვისი თავისუფლება, რადგან ,,ჩვენი თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია სხვა ადამიანების თავისუფლებაზე, ხოლო სხვა ადამიანების თავისუფლება დამოკიდებულია ჩვენს თავისუფლებაზე“ (სარტრი). სარტრის აზრით, ექსისტენციალიზმი ჰუმანიზმია. ,,რაც არ არის სიკეთე სხვისთვის, ის არ შეიძლება სიკეთე იყოს ჩვენთვის“ – აცხადებს იგი.

ეგზისტენციალიზმი სათავეს იღებს მე-19 და მე-20 საუკუნის ფილოსოფოსთა ნაშრომებიდან, ლათინური სიტყვაა და არსებობას ნიშნავს. ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსები არიან: სორენ კირკეგორი, მარტინ ჰაიდეგერი, ჟან-პოლ სარტრი, ალბერ კამიუ. ექსისტენციალიზმის ძირითადი კითხვებია: რატომ ვარ აქ? რატომ ვარსებობ? რა არის ჩემი ცხოვრების მიზნი? რა არის ჩემი არსებობის საზრისი?

რა როლს ასრულებს ეგზისტენციალიზმი განათლებაში?

მოზარდის აღზრდა, როგორც სრულყოფილი, თავისუფალი ადამიანისა ოდითგანვე იყო აღზრდის საზრუნავი. საინტერესოა ეგზისტენციალისტების მოსაზრება, თუ როგორ უნდა მოხდეს მოზარდის განვითარება საგანმანათლებლო სისტემაში ეგზისტენციალური თეორიის ჩარევითა და გათვალისწინებით. მათი თეორიიდან ირკვევა, რომ უპირატესობა სწავლებისას მოსწავლისათვის თავისუფლების მინიჭებასა და პოზიტივიზმს ენიჭება.

♦ როგორ განხორციელდეს მოსწავლისათვის თავისუფლების მინიჭება ისე, რომ ამან ზიანი არ მიაყენოს მოზარდს?

თავისუფლება უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს, როგორც პასუხისმგებლობისა და ვალდებულებებთან განუყოფელი ნაწილი. მათ უნდა შეძლონ საკუთარ მეზე ზრუნვა, პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გათავისება, რათა რეალურად გააანალიზონ მოსალოდნელი შდეგები. სკოლა კი ის ადგილია, სადაც მოსწავლეებს დაეხმარებიან ხსენებული მიზნების მიღწევაში, ასწავლიან რა რაციონალურ აზროვნებას. მაშასადამე, მოზარდებისთვის თავისუფლების მინიჭება პასუხისმგებლობისა და ვალდებულების დაკისრებით უნდა დავიწყოთ. საილუსტრაციოდ მოვიყვან მარტივ მაგალითს. თუ ჩვენ, დავალების მიცემისას, მივცემთ მათ არჩევანის თავისუფლებას და შეთავაზებული დავალებებიდან თვითონ ავარჩევინებთ მათთვის საინტერესო საკითხს, ისინი იგრძნობენ პასუხისმგებლობას და დიდი მონდომებით შეასრულებენ დავალებას. ეს და მსგავსი სტრატეგიები მოამზადებს მათ მომავალი თავისაფალი და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება ხომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევთ მათ.

თავისუფლება ეგზისტენციალიზმში თავისთავად არ გულისხმობს შეზღუდვებსა და თავშეკავებას, თუმცა ნიშანდობლივია გვახსოვდეს, რომ თავისუფალი აზროვნების ადამიანმა უნდა შეძლოს, რეალურ სიტუაციაზე დაყრდნობით, მისი ქმედების პოტენციური დასასრულის წარმოდგენა. ამას კი, ხელი უნდა შეუწყოს მისმა წარმოსახვითმა უნარმა და ფაქტობრივმა ცოდნამ. ამ ორი აუცილებელი კომპონენტის განვითარება კი სკოლაში უნდა ხდებოდეს. ,,მხოლოდ ფაქტობრივი მასალის მიწოდება და სწავლება ნამდვილად ვერ მიგვიყვანს ამ შედეგამდე“ – აცხადებს პროფესორი მორისი. ,,კომპეტენტური განმანათლებელი არ დაუშვებს ამ შეცდომას და საგნების სწავლებისას არ დაკმაყოფილდება მხოლოდ ფაქტების გადაცემით“. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცდება ყველა ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ეგზისტენციალიზმს არ აქვს კავშირი ფაქტებთან. მართალია, რომ უპირატესობა ენიჭება საბოლოო ვერსიის განჭვრეტას, დასასრულზე ორიენტირებას, მაგრამ ფაქტობრივი ცოდნის გარეშე მიუღწეველი იქნება იმ უნარების სწორი განვითარება, რასაც ეგზისტენციალიზმი გვიქადაგებს. მორისის აზრით, განათლებამ უნდა უზრუნველყოს ავთენტური პიროვნების ჩამოყალიბება რეალური საზოგადოებისათვის. ამის მისაღწევად კი, განმანათლებელმა, შესაძლოა, გამოიყენოს ეგზისტენციალური თეორია ისე, რომ არ მოხდეს მეცნიერული ფაქტების იგნორირება და მისი ,,ცარიელი ფიქრებით“ შესუსტება. ეს იქნება ყველაზე არა-ეგზისტენციალური ხასიათის მიდგომა ეგზისტენციალისტი ადამიანის აღსაზრდელად. ფაქტების შესწავლა და შემოქმედებითი უნარის განვითარება უნდა ხდებოდეს სინთეზურად, შერწყმულად, ისე, რომ ერთმა მეორე არ გამორიცხოს. აქტივობამ, რომელიც ორიენტირებულია შემოქმედებითი უნარის განვითარებაზე, ხელი არ უნდა შეუშალოს ფაქტობრივი ცოდნის გაგებას.

♦ როგორ შეიძლება ეს განვავითაროთ ინგლისური ენის გაკვეთილზე?

ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკაში არსებობს სტრატეგია, რომელიც ცნობილია Free writing-ის სახელწოდებით. ამ აქტივობის განსახორციელებლად საჭიროა, ფაქტობრივი მასალის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებს მივცეთ რამდენიმე წუთი იმისათვის, რათა დაწერონ თავიანთი მოსაზრებები გაცნობილ მასალასთან დაკავშირებით. ისინი წერენ მხოლოდ იმას, რაც სურთ, რაც მათ გონებაში აქვთ იქ და იმჟამად, თუმცა ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით. აქტივობის დასასრულს იმართება დისკუსია. მოსწავლეები ისმენენ სხვების და ასევე გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს. ამ აქტივობის მიზანია: 1. მივცეთ მათ არჩევანის თავისუფლება; 2. განუვითარდეთ შემოქმედებითი უნარი; 3. თავისუფლად გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები. 4. გამოვიყენოთ ფაქტობრივი ცოდნა როგორც დამხმარე საშუალება, რადგან იგი ეხმარება მათ არჩევნის გააზრებულად გაკეთებას, გაცნობიერებულ ქმედებასა და აზროვნებაში.

მეორე უმნიშვნელოვანესი პირობა, რასაც ექსისტენციალიზმი ანიჭებს უპირატესობას განათლებაში, პოზიტივიზმია. პოზიტიური დამოკიდებულება, ლოგიკური ემპირიზმი და სიმბოლური ლოგიკა ერთი ღერძის გარშემო ტრიალებს და ეს ღერძი ადამიანია (მოზარდი). პროფესორმა მორისმა დაამკიდრა აზრი, იმის შესახებ, რომ მოზარდის სრულფასოვან არსებად ჩამოყალიბების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა შემოქმედებითი, დამოუკიდებელი და თავისუფალი აზროვნების განვითარებაა. ამ უკანასკნელთა განვითარება კი შეუძლებელია მასწავლებელთა მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულების გარეშე.

♦ რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა?

1.შევქმნათ კომფორტული გარემო, ღია სივრცე , სადაც მოსწავლეები თავისუფლად შეძლებენ აზრის გამოთქმას.

  1. აღვკვეთოთ ფორმალობა და დაძაბულობა; კოპირება და მიბაძვა.
  2. მოვახდინოთ ინდივიდუალური საქმიანობის წახალისება და არა კრიტიკა.
  3. დავამყაროთ მოსწავლესთან ღია და თავისუფალი კომუნიკაცია.
  4. დავეხმაროთ მოსწავლეს გახდეს მნიშვნელოვანი საკითხებისადმი სენსიტიური.
  5. გააკეთოს არჩევანი, აიღოს პასუხისმგებლობა.

შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება ერთ-ერთ გამჭოლ კომპეტენციას წარმოადგენს. იგი არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, დაინახოს საგანი ან მოვლენა ახალი კუთხით და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ფაქტების კონსტატაციით. ამგვარი აზროვნების ადამიანს შეუძლია ორიენტირება, სიახლის ძიება, განვითარებული აქვს წარმოსახვითი და ინტერპრეტირების უნარი. შედეგად კი ვიღებთ თავისუფალი აზროვნების ინდივიდს, რომელსაც გათავისებული აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ექსისტენციალური თეორიის განათლებაში გამოყენება კი, სწორედ ასეთი მოზარდის აღზრდას გვპირდება.

ამრიგად, ექსისტენციალიზმის მთავარი ღირებულება არჩევანის თავისუფლება, ინდივიდი, ღირსება, სიყვარული(პოზიტივიზმი) და შემოქმედებითობა გახლავთ. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში, კერძოდ, სასწავლო პროცესში მისი გამოყენება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობაზე, მას კარგად უნდა ჰქონდეს გაანალიზებული და შესისხლხორცებული ის აუცილებელი მეთოდები და სტრატეგიები, რაც წინაპირობაა ეგზისტენციალისტური პიროვნების აღსაზრდელად, რომელიც თავისთავად ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციის(შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება) სისრულეში მოყვანის საწინდარია.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები