27 ივლისი, შაბათი, 2024

დღეს ძალიან ბევრს ვსაუბრობთ დემოკრატიულ აზროვნებაზე, ღია სამოქალაქო საზოგადოებაზე, როგორ მიიღწევა იგი?

spot_img
მაკა ჭიაბერაშვილი
სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

 

ცნება „ღია საზოგადოება“ პირველად ჰ. ბერგსონმა გამოიყენა. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ამ ცნებამ კარლ პოპერის სოციოლოგიურ ნააზრევში შეიძინა („ღია საზოგადოება და მისი მტრები“, 1957). პოპერის თანახმად, ღია საზოგადოებაში  არ არსებობს შეზღუდვები და ბარიერები სოციალური პოზიციების (სტატუსების) მიღებასა (შეუზღუდავი ვერტიკალური სოციალური მობილობა) და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში (პრესის თავისუფლება). ღია საზოგადოება საზოგადოების ტიპია, რომელიც დიდ შესაძლებლობას იძლევა ადამიანის გონების თავისუფალი განვითარების, კრიტიკული დისკუსიისა და  თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებისათვის.

ყველა შემთხვევაში გზა ღია საზოგადოებისაკენ გადის კრიტიკულ აზროვნებაზე, არგუმენტირებულ მსჯელობაზე, აზრის დასაბუთებაზე. როგორ გავხადოთ ეს საკითხი აქტუალური არა მხოლოდ ქართულის გაკვეთილზე, არამედ სრულიად სასკოლო ცხოვრებაში? აღნიშნულ სტატიაში გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას.

როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, სწავლების სამივე საფეხურზე უმთავრეს ამოცანად მიმაჩნია მოსწავლემ შეძლოს აზრის ჩამოყალიბება არგუმენტებზე დაყრდნობით. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს გამჭოლი კომპეტენცია- წიგნიერება, ყველა საგნის სასწავლო უნარებს ავითარებს. მოსწავლეებზე დაკვირვებამ მკაფიოდ გამოკვეთა შემდეგი პრობლემა: ადვილად გამოთქვამენ საკუთარ თვალსაზრისს, მაგრამ უჭირთ მისი არგუმენტებით გამყარება. საკლასო მუშაობის ფარგლებში მუდმივად ვაქცენტირებთ პრობლემის გარშემო, თუმცა ვხვდებოდი, რომ კიდევ მეტი იყო საჭირო  და სახელმწიფო ენის კათედრის ჩართულობით გაჩნდა იდეა, დაგვეარსებინა დებატების კლუბი „არგუსი“.

იდეის განხორციელება არ იყო მარტივი. ჩვენი წინარე ცოდნაც ამასთან დაკავშირებით საჭიროებდა განმტკიცებასა და გაფართოებას, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა  საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია „სიქას“  მხარდაჭერა. მათ მიერ ორგანიზებულმა ტრენინგებმა ზუსტად დამანახა დებატების თამაშის ტექნიკა, სირთულე, მაგრამ ამასთან ერთად კიდევ მეტად დამარწმუნა ამ მიმართულებით დაგეგმილი საქმიანობის მიზნობრიობაში და მართებულობაში. ასე დაიბადა  სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის დებატების კლუბი „არგუსი“.

სტატიის მიზანია ერთგვარი გზამკვლევის ფუნქცია იტვირთოს და ხელი შეუწყოს სასკოლო საზოგადოებაში დებატების ხელოვნების დამკვიდრებასა და მის გამოყენებას საგანმანათლებლო მიზნებისათვის.

დებატები (ფრანგ. debats) რაიმე საკითხის საჯარო განხილვას, კამათს და პაექრობას ნიშნავს.

დებატები ყოველდღიურ ცხოვრებაში (მეგობრებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან) არაფორმალური კამათის ხასიათს ატარებს. მე მინდა განვიხილო დებატები, როგორც კამათის ფორმალური მეთოდი, რომლის დროსაც მხარეები, განსაზღვრული წესების, სტრუქტურისა და შეზღუდვების გათვალისწინებით ეპაექრებიან ერთმანეთს. ასეთი დებატების დროს მხარეები, თავიანთი შეხედულებების წარმოდგენით ცდილობენ მესამე მხარეს (მაყურებლები, მსაჯი) დაუმტკიცონ საკუთარი პოზიციის სიძლიერე და წარმოაჩინონ მოწინააღმდეგის პოზიციის სისუსტეები. საგანმანათლებლო მიზნებისა და სხვადასხვა უნარების განვითარებისთვის არსებობს დებატების, როგორც თამაშის მრავალი ფორმატი (კარლ პოპერის, საპარლამენტო, ლინკოლნ-დუგლასის და ა.შ.) ყოველი მათგანი ავითარებს არგუმენტირებული კამათის კულტურას, კრიტიკულ აზროვნებას, სასაუბრო დროის რაციონალურად გამოყენებისა და საჭირო მასალებისა თუ ინფორმაციის მოძიების უნარებს. სკოლის მოსწავლეთათვის განკუთვნილი ფორმატებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულიკარლ პოპერი  (1902–1994) ფილოსოფოსი, სოციოლოგი) სახელობის დებატების ფორმატია, რომლის წესებსა და სტრუქტურაზე შევაჩერებთ ყურადღებას.

კარლ პოპერის სახელობის დებატები

უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის თამაში და ისევე როგორც ყველა თამაშს, მასაც გააჩნია თავისი წესები. ამ წესების კარგად ცოდნა და მათი მაქსიმალურად დაცვა განაპირობებს ამა თუ იმ გუნდის გამარჯვებას.

რეზოლუცია და დეფინიციები

ნებისმიერი სახის კამათისათვის აუცილებელია საკამათო თემის არსებობა, რათა შედგეს აზრთა რეალური დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, კარლ პოპერის დებატებსაც, როგორც კამათის ერთერთ სახეს, რა თქმა უნდა, გააჩნია საკამათო თემა, რომელსაც დებატებში რეზოლუცია ეწოდება. ასე რომ თამაში რეზოლუციის გარშემო მიმდინარეობსმტკიცებითი გუნდი იცავს და ამტკიცებს რეოზლუციას, ხოლო უარმყოფელი გუნდი უპირისპირდება და უარყოფს მას. რეზოლუცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • აქტუალური;
  • საინტერესო;
  • პრობლემატური;
  • ფართო შინაარსის;
  • გამოკვლევადი;
  • მტკიცებითი ფორმულირების წინადადება;
  • ბინალური/ორმხრივი (რეზოლუციის იგივე წარმატებით დამტკიცება უნდა შეიძლებოდეს რა წარმატებითაც უარყოფა).

დებატების მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ოპონენტთა მოსაზრებების რეალური დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, მოდებატე გუნდებს თამაშის დროს მოეთხოვებათ რეზოლუციის ძირითადი ტერმინებისა და გაუგებარი ტერმინების სრულფასოვანი და ლექსიკონისეული განმარტება (დეფინიცია), რათა დაპირისპირებული მხარეები ერთსა და იმავე სიტყვას სხვადასხვანაირად არ იგებდნენ,რაც გამოიწვევს დებატების ზემოთ აღნიშნული პრინციპების დარღვევას.

თამაშის მონაწილეები

თამაშში მონაწილეობს ორი გუნდი, თითოეული სამი კაცის (სპიკერის) შემადგენლობით. ერთი მათგანის მიზანია დაამტკიცოს გარკვეული თეზისი, ხოლო მეორისუარყოს. მნიშვნელოვანია, რომ გუნდები თავიანთ პოზიციას (მტკიცებითი ან უარმყოფელი) იგებენ თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ეს იძულებულს ხდის ორივე გუნდს, თამაშის მოსამზადებელ პერიოდში, დაამუშაონ ორივე პოზიცია, რაც ხელს უწყობს საკითხის მრავალმხრივ შესწავლასა და უკეთ გააზრებას.

მტკიცებითი და უარმყოფელი ქეისი

საკუთარი მხარის გასამყარებლად მტკიცებითი და უარმყოფელი გუნდების პირველი სპიკერები, საკუთარი გამოსვლების დროს ახდენენ ქეისების/პოზიციის ჩამოყალიბებას, რაც წარმოადგენს ამა თუ იმ გუნდის მხარდამჭერი დეფინიციების, კრიტერიუმის, არგუმენტებისა და დამამტკიცებელი მასალის ერთობლიობას.

ქეისი თამაშის ის ნაწილია, რომელსაც მოდებატეები თამაშამდე ამზადებენ, რეზოლუციის გამოცხადებიდან ტურნირის ან კონკრეტული თამაშის ჩატარებამდე.

არგუმენტი, როგორც ქეისის პირველი ძირითადი ნაწილი, წარმოადგენს ზოგადი შინაარსისა და გარკვეული მტკიცების მატარებელ წინადადებას, რომელიც პასუხობს კითხვას რატომ? რომელიც დაესმის რეზოლუციას. მაგალითად, რატომ არის გამართლებული სიკვდილით დასჯა ან პირიქით გაუმართლებელი. ამასთან ერთად არგუმენტში გარკვეული მოსაზრება ისეთი ფორმით უნდა იყოს ჩადებული, რომ თავის თავში მოიცავდეს მის გარშემო მოსაზრებების გავრცობის შესაძლებლობას. ანუ არგუმენტი ისეთი სახის წინადადებაა, რომელიც შეიძლება გარკვეული თეზისების ერთობლიობის საერთო სათაურად ჩაითვალოს. კარლ პოპერის დებატების ფორმატიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მტკიცებით გუნდს ჰქონდეს ორი-ოთხი არგუმენტი, ხოლო უარმყოფელს – ერთი-ორი. თუმცა ეს წესი არ არის და ნებისმიერ გუნდს ნებისმიერი რაოდენობის არგუმენტის გამოყენება შეუძლია.

არგუმენტი დამამტკიცებელ მასალებსა და დასაბუთებებზე აგებული დასკვნაა. აქედან გამომდინარე ფაქტებით მის გამყარებას, თამაშის დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. კარლ პოპერის დებატებში „დამამტკიცებელი მასალა“ ეწოდება ფაქტებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ციტატებს, ცნობილ ადამიანთა გამონათქვამებს, მაგალითებს და სხვა სახის დამასაბუთებულ ინფორმაციას, რომელთა მეშვეობითაც ხდება საკუთარ არგუმენტებში ჩამოყალიბებული ლოგიკური მსჯელობის გამყარება და ოპონენტთა მოსაზრებების გაბათილება.

ქეისის ფორმირებისა და მისი სიმტკიცისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს კრიტერიუმის არსებობას. კრიტერიუმი გახლავთ ორი-სამი სიტყვისაგან შემდგარი საყოველთაოდ აღიარებული დადებითი ღირებულება(საზოგადოების კეთილდღეობა, ადამაინის უფლებათა დაცვა, ჯანსაღი მომავალი თაობა და სხვ.), რომელიც წარმოადგენს რეზოლუციის მტკიცებით ან უარყოფით, მიღწეულ მიზანს და ამავე დროს არგუმენტების ერთგვარ გამაერთიანაბელ დებულებასაც. ანუ, ჩვენი არგუმენტების მეშვეობით ნებისმიერი საკითხის მხარდაჭერით ან მისი გაბათილებით რა მიზანს მივაღწევთ, რა სახის სიკეთეს შევიძენთ ჩვენ? სწორედ ამ კითხვებზე პასუხია კრიტერიუმი დებატებში.

უარყოფა და აღდგენა

უარყოფა, ანუ ოპონენტის მოსაზრებებისადმი დაპირისპირება, დებატების დროს შეიძლება სხვადასხვაგვარად მოხდეს – პირდაპირი უარყოფის (არგუმენტის სამართლებრივი, მორალური და ისტორიული თვალსაზრისით გაბათილება და მისი გაუმართლებლობის დამტკიცება) ოპონენტის ქეისის კომპონენტებს შორის არსებული შეუსაბამებობების, ფაქტებისა და დამამტკიცებელი მასალების გამოყენების,მოწინააღმდეგის მოსაზრებების გამოყენებისა და ჯვარედინი და კითხვის შედეგების გამოყენების გზით.

უარყოფის სამიზნეს, ანუ იმას, რასაც უნდა დაუპირისპირდე, ოპონენტთა მთელი ქეისი წარმოადგენს. მოწინააღდეგის პოზიციის შემადგენელ ნაწილებზე დაპირისპირებაში განსხვავება მხოლოდ უარყოფის მეთოდებში მდგომარეობს:

  • დეფინიციას ვუპირისპირდებით იმ შემთხვევაში, თუ შემოტანილი განმარტება სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს; ან ვახდენთ მათ შევსებას ჩვენეული დეფინიციებით საჭიროების შემთხვევაში.
  • კრიტერიუმს უარვყოფთ მაშინ, თუ იგი არ წარმოადგენს დადებით ღირებულებას და არ გამომდინარეობს რეზოლუციიდან; ან ვუპირისპირებთ საკუთარ კრიტერიუმს და ვამტკიცებთ, რომ იგი უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებაა; ანდა ვეთანხმებით მას და ჩვენს არგუმენტებსაც ოპონენტის კრიტერიუმს ვუკავშირებთ.
  • რაც შეეხება მოწინააღმდეგე გუნდის არგუმენტებსა და დამამტკიცებელ მასალას, მათ გაბათილებას ყველა ზემოთ აღნიშნული მეთოდით ვცდილობთ.

ვინაიდან აღდგენა ჩვენი ოპონენტის მიერ გაბათილებაზე რეაგირებასა და დაპირისპირებას (უარყოფის უარყოფა) წარმოადგენს, მასაც უარყოფის მსგავსი სამიზნეები და მეთოდები გააჩნია .აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უარყოფა არ წარმოადგენს მხოლოდ უარმყოფელი გუნდის მოვალეობას და აღდგენა – მხოლოდ მტკიცებითის. ტერმინი, რომელიც ხშირად გვხვდება დებატებში უარყოფასა და აღდგენასთან მიმართებაში, არის შეჯახება. იგი აღნიშნავს პირდაპირ დაპირისპირებას დაწარმოადგენს დებატების ძირითად ასპექტს. არსებობს ისეთი ტერმინიც, როგორიცაა შეჯახების ძირითადი არეები, რაც აღნიშნავს თამაშის დროს წარმოთქმულ არგუმენტებს, დამამტკიცებელ მასალასა თუ მოსაზრებებს, რომელთა გარშემოც უარყოფა და აღდგენა მთელი დებატების განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჯვარედინი დაკითხვა

ჯვარედინი დაკითხვა გრძელდება სამი წუთის მანძილზე და იმართება ყოველი გამოსვლის შემდეგ, გარდა მესამე მომხსენებელთა სიტყვისა, მისი ფორმა მხოლოდ კითხვა პასუხისაგან შედგება. გარდა ამისა, თამაშის განრიგის მიხედვით წინასწარ არიან განსაზღვრულნი ის მოდებატეები, რომლებიც მონაწილეობენ თითოეულ ჯვარედინ დაკითხვაში, როგორც კითხვების დამსმელნი, ასევე მოპასუხენი. ჯვარედინი დაკითხვის შედეგად მიღებულ სასურველ პასუხს აუცილებლად იყენებს შემდეგი გამომსვლელი.

ჯვარედინი დაკითხვის ძირითადი პრინციპები მდგომარეობს შემდეგში: თავიდან ავიცილოთ შეკამათება, ნუ გავაკეთებთ დასკვნებს, ნუ ვიჩხუბებთ და შევინარჩუნოთ სიმშვიდე. მისი ჩატარების ძირითად მიზანი ოპონენტების მიერ დასმული საკითხების გარკვევა და მათი საბოლოო დადგენაა. დასმული შეკითხვების ფორმის მიხედვით ჯვარედინი დაკითხვის კითხვები იყოფა დახურულ (მხოლოდ კონკრეტული პასუხისმქონე) და ღია კითხვებად; ხოლო მომზადების მხრივ – წინასწარ მომზადებულ და სპონტანურად წარმოქმნილ კითხვებად. დებატების დროს ხშირად გამოიყენება აგრეთვე ე.წ. შეკითხვების სერია, როდესაც ნაბიჯ-ნაბიჯ, რამდენიმე შინაარსობრივად გადაბმული შეკითხვის დასმის შედეგად ვიღებთ ჩვენთვის სასურველ პასუხს.

თამაშის მსაჯობა

მსაჯი დებატებში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვინაიდან სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას ამათუ იმ გუნდის გამარჯვებასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილება აუცილებლად თამაშიდან გამომდინარე და აბსოლუტურად ობიექტური უნდა იყოს. მსაჯს არ აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება საკამათო რეზოლუციისადმი თავისი სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომმდინარე. იგი უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ მოთამაშეების მიერ დაშვებულ შეცდომებს, გაუბათილებელ არგუმენტებს და წესების დარღვევებს. აქედან გამომდინარე, მსაჯი აკეთებს თამაშის დეტალურ ჩანაწერს, რათა შემდეგ მოახდინოს თავისი გადაწყვეტილების დასაბუთება და მოთამაშეებისთვის სამომავლო რეკომენდაციების მიცემა.

თამაშს უნდა ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მსაჯი, მაგრამ მსაჯების რაოდენობა არ უნდა იყოს ლუწი, რათა გადაწყვეტილების მიღების დროს არ მოხდეს ხმების გაყოფა. მსაჯის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება და თამაშის დასრულების შემდეგ მსჯელობის გაგრძელება და მსაჯთან დავა არასასურველი გადაწყვეტილების გამო, დებატებში, ძალზე ცუდ ტონად ითვლება.

თამაშის მსვლელობა და სპიკერთა პასუხისმგებლობები

 

დებატებში გამარჯვებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას, თუ რამდენად კარგი ქეისი აქვს მომზადებული გუნდს, არამედ იმასაც, თუ როგორ შეძლო მან ამ პოზიციის ჩამოყალიბება და დაცვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დებატები გუნდური თამაშია. ამიტომ გუნდის თითოეულ წევრს გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციას ასრულებს. ფუნქციების შეუსრულებლობას ან არევას კი, როგორც წესი, გუნდი და მარცხებამდე მიჰყავს.

უშუალოდ თამაშში მონაწილეობას იღებს ექვსი ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ საკლასო აქტივობისთვის აღნიშნული ფორმატი მიუღებელია. ძირითადი დატვირთვა მაინც ენიჭება თამაშისათვის მომზადებას: ქეისების შედგენას, მასალების მოძიებას, კრიტერიუმისა და არგუმენტების ჩამოყალიბებას. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს მთელი კლასი, კარგი იქნება თუ მოსწავლეები წილის ყრით გაიყოფიან ორ დიდ გუნდად, რომლებიც შემდეგ, თავის მხრივ აირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს-სპიკერებს.

თამაშის მსვლელობა და სპიკერთა პასუხისმგებლობები.

ჩანაწერების ცხრილი

მსაჯი და თითოეული მოთამაშე აკეთებენ ჩანაწერებს იმისათვის, რომ არ იქნას გამოტოვებული არც ერთი დეტალი. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მითითებულია თუ რომელ გრაფაში რა უნდა ჩაიწეროს.

ქეისის ფორმა

როგორც აღვნიშნეთ ქეისი მზადდება წინასწარ, როგორც მტკიცებითი ასევეუარმყოფელი პოზიციებისთვის.

 

ვფიქრობ, დებატების კლუბის არსებობა სკოლაში არის საშუალება, დავძლიოთ ყოველდღიური სასკოლო რუტინა, გავხადოთ სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი და რაც მთავარია შევაიარაღოთ ჩვენი მოსწავლეები იმ საჭირო უნარებით, რომლის განვითარებასაც უბადლოდ უწყობს ხელს დებატების ხელოვნება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები