ეკა ღვინიაშვილი
სსიპ თბილისის №82 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი, „კატოს სკოლის“ დამფუძნებელი
♦ სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალში შემხვდა ასეთი პროგრამა – „სპეციალური განათლება“ და მაშინ მივხვდი, რასაც ვეძებდი. ჩემი პირველი პროფესია ფსიქოლოგიაა, პირველი სამსახური კი – სკოლა, ამ პროფესიაში ფსიქოლოგია და განათლება ერთადაა და არც ერთზე მომიწია უარის თქმა. მე თეორიული ცოდნით დავიწყე და მერე გადავიტანე ყველაფერი პრაქტიკაში, რაც მგონია, რომ სწორი გზა იყო.
დღეს რომ ყველაფერს თავიდან ვიწყებდე, მხოლოდ ერთ რამეს შევცვლიდი, უფრო კარგად ვისწავლიდი!
♦ სპეციალური მასწავლებლის ყველა დღე განსხვავებულია, ხშირად დაგეგმვაც თავის ფუნქციას კარგავს, იმდენჯერ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე. შევეცდები, ჩემი ერთი დღე აღვწერო: დილას ვიწყებ ე.წ. „შემოვლით“, მინდა ვიცოდე ვინაა სკოლაში და ვინ არა. მერე ვცდილობ, დაგეგმილ ინდივიდუალურ გაკვეთილებს მივყვე რესურსოთახში. საკლასო ოთახში ვაკვირდები მოსწავლის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში ან ასისტირებას ვუწევ, დავალების ჩანიშვნასა და ინსტრუქციის გაგებაში ვეხმარები. თავისუფალ დროს ვცდილობ, რესურსები შევქმნა მოსწავლეებისთვის (ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა), რადგან ჩვენ მხოლოდ ერთ სახელმძღვანელოს არ მივყვებით და სხვადასხვა უნარზე გვიწევს მუშაობა, რესურსები სულ მოსაფიქრებელია. მერე აუცილებლად შემოდის რომელიმე მასწავლებელი და რაღაცას მეკითხება ან ემოციას მიზიარებს და ერთად ვგეგმავთ მომდევნო აქტივობებს, თუმცა, ვისურვებდი, ეს ნაწილი უფრო დიდი დოზით იყოს ჩემს პრაქტიკაში. ხშირად რომელიმე მოსწავლის მშობელი მოდის და მას ვუწევ კონსულტირებას. ხან კლასში ხდება რაღაც და იქ გავრბივარ. მოკლედ, საქმე იმდენია, არ მოიწყენ, სასწავლო წლის დასაწყისში მით უმეტეს. ისგ ჯგუფის შეხვედრების ორგანიზება, ოქმის შედგენა, მოსწავლის შეფასება, დასწრების ინდივიდუალური გრაფიკის შედგენა, სამოქმედო გეგმის შექმნა… იმედია, არაფერი გამომრჩა. ააა, ინდივიადუალური სასწავლო გეგმა.
♦ ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მოსწავლეებთან ურთიერთობები მომწონს, ყველა რომ თავისებურად საინტერესოა და ამოუწურავი. მიხარია, რომ ჩემს მოსწავლეებს ვუყვარვარ (მგონი მართლა ასეა), რომ ჩემთან ურთიერთობა მათაც უხარიათ. ერთხელ მოსწავლის კლასელებს ერთი ბავშვის დედაც კი ვეგონე.
მუშაობის მეთოდებს რაც შეეხება, ვცდილობ, საინტერესო და მრავალფეროვანი მეთოდები და აქტივობები შევთავაზო, რომ არც მათთვის იყოს მოსაბეზრებელი და არც ჩემთვის.
♦ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. მე ჩემი გეგმა მაქვს და ის უნდა შევასრულო და არ გადავუხვიო, ასე არასდროს ვიქცევი. გეგმა, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ხანდახან არაფერი დაშავდება რიცხვებზე თუ არ ვიმუშავებთ და უბრალოდ „თერაპია“ გვექნება კინეტიკური ქვიშით, ვაკონკრეტებ ხანდახან!
მოსწავლის თვითშეფასების გაზრდა არის ხოლმე ხშირად ჩემი მიზანი. მყავს მოსწავლე, რომელიც მეუბნება, რომ „მე მაინც ვერ ვისწავლი“ და მე „ვუმტკიცებ“ როგორ შეუძლია სწავლა, როგორ აკეთებდა ადრე და რა კარგად გამოსდის ახლა. ერთ მოსწავლეს ფეხსაცმლის ზონარის შეკვრა ვასწავლე, მეორეს – კითხვა (მეექვსე კლასის ბოლოს), მესამესთან ერთად ორი ხელნაკეთი წიგნი შევქმენი… ასევე მყავს მოსწავლე, რომელთან ურთიერთობაშიც ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ, თუ რომელი მეთოდით მუშაობა მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.
♦ როგორ მოიქცნენ, თუ კლასში სსსმ ან შშმ მოსწავლე ჰყავთ? ამ კითხვაზე, აი, ასეთი მარტივი პასუხი მექნება – გაიცნონ, ეს ერთგვარი რჩევაა კოლეგებისადმი.
♦ ჩვენს ქვეყანაში სპეციალური მასწავლებლების დეფიციტი ნამდვილად არის. ვაკანსიებს რომ ვათვალიერებ, სულ იმას ვეკითხები ჩემს თავს, ნეტავ, ვის ასაქმებენ-მეთქი. კვალიფიციური კადრების დეფიციტია და ამ დროს უამრავი უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე კადრია, რომელიც ვერ საქმდება, ცოტა პარადოქსია.
სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამის შესახებ, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის. თან ყოველწლიურად რამდენიმე ერთეული ადამიანი ამთავრებს, მოთხოვნა სპეციალურ მასწავლებელზე კი საკმაოდ დიდია. ჩემი აზრით, მინიმუმ, სპეციალური მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა უნდა დაემატოს ჩამონათვალს, უახლოეს მომავალში.
♦ ბევრი წელი ველოდი უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსს და, შესაბამისად, სახელფასო დანამატს… და ეს დროც დადგა. ახლა წამყვანი სპეციალური მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას ველი, გასულ ზაფხულს უნდა ყოფილიყო, მაგრამ, იმედია, მომავალ წელს მაინც ჩაინიშნება. ძალიან მინდა ჩემს პროფესიაში კარიერული წინსვლა, თუმცა ეს პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ვისაც აქვს შანსი, გავიდეს გამოცდაზე და აიმაღლოს სტატუსი, აუცილებლად უნდა გააკეთოს ეს. Inclusion.ge-ზე უკვე ქართულად ნათარგმნი ბევრი სახელმძღვანელოა, რომლითაც მომზადებას და გამოცდის წარმატებით ჩაბარებას შეძლებენ.
♦ ამ სფეროში ყოფნა უკვე გამოწვევაა, სულ ბრძოლა გვიწევს. ფაქტობრივად, „ცარიელი ხელებით“ მუშაობს ბევრი სპეციალური მასწავლებელი. სახელმძღვანელოები არ არის, განახლებადი რესურსები ნაკლებად, როცა მასწავლებელი 5-ზე მეტ მოსწავლესთან მუშაობს, ძნელია იმ შედეგზე გახვიდე, რაც ჩაიფიქრე. ჩემთვის საგნის მასწავლებლებთან თანამშრომლობაა გამოწვევა. ვისურვებდი უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას. ადრე მეგონა, რომ მე, სპეციალურ მასწავლებელს, უნდა გამეკეთებინა ყველაფერი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან, ახლა ვხვდები, რომ მშობლის, სპეციალური მასწავლებლის და საგნის მასწავლებლის თანამშრომლობის გარეშე არაფერი გამოვა.
♦ ხშირად ვამბობ ხოლმე, სუპერვიზორი ან რაღაც ამდაგვარი კადრი მინდა რომ არსებობდეს, რომელიც თვეში ერთხელ ან სემესტრში ერთხელ მოვა სკოლაში, დაჯდება და მასთან ერთად განვიხილავ ჩემი მოსწავლეების შემთხვევებს. მეტყვის, რა მიმართულებით გავაძლიერო მუშაობა, რას ვაკეთებ არასწორად, გამიზიარებს სფეროს სიახლეებს, ახალ ტექნიკებს და, ბოლო-ბოლო, იმას მაინც მეტყვის, აი, ამ მოსწავლესთან კარგად მუშაობო. სპეციალურმა მასწავლებელმა უნდა გააძლიეროს მოსწავლე, მშობელი, საგნის მასწავლებელი და ვინ უნდა გააძლიეროს სპეციალური მასწავლებელი?!
♦ სპეციალური მასწავლებლობა რთული გადაწყვეტილებაა და კიდევ უფრო რთული – მისი შესრულება. ბევრი მიზეზი შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ არ ჩამოვთვლი, ისედაც ვიცით ყველამ. სამაგიეროდ ვეტყოდი, რომ თქვენ იმ საქმეს აკეთებთ, რომელიც იშვიათ ადამიანებს ხელეწიფებათ. თქვენ, ზოგჯერ ერთადერთი ნათელი წერტილი ხართ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასკოლო გარემოში და მისი ერთადერთი მეგობარი და რეალურად იმაზე მეტი შეგიძლიათ, ვიდრე აკეთებთ – ამას აუცილებლად ექნება შედეგი. თქვენ ზოგჯერ ადვოკატები ხართ და ზოგჯერ – „თვალები“, „ხელები“, „ყურები“…
მინდა, რომ უამრავი სირთულის მუხედავად, დავრჩეთ სკოლაში, ვიყოთ სპეციალური მასწავლებლები, გავხდეთ უფროსები, წამყვანები და ერთად ვიზრუნოთ სპეციალურ განათლებაზე. ესაა ჩემი რჩევაც და სურვილიც.
როცა ერთი ბავშვი მაინც არის ბედნიერი იმით, რომ სკოლაში ეკა მასწავლებელი დახვდება და გაუღიმებს, მე დავხვდები და გავუღიმებ.