ნონა ხარაშვილი
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თამარიანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ამ სტატიის დაწერის საფუძველი გახლდათ 2010 წელს ჩემ მიერ გამოქვეყნებული მასალა, რომელიც XX საუკუნის მწერლობაში დროისა და სივრცის საკითხის გაგებას ეხება. ამდენი წლის ნააზრევის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჯემალ ქარჩხაძე არის ის მწერალი, რომელთანაც ეს საკითხი ისე ოსტატურად და შემოქმედებითადაა წარმოდგენილი, რომ მისი ყოველი ახალი ნაწარმოების წაკითხვისას ვრწმუნდები ამ ადამიანის გენიოსობაში.
♦♦♦
XX საუკუნის შემოქმედება არის მწერლობის ისეთი პერიოდი, როდესაც ავტორები აიძულებენ პერსონაჟებს ეძიონ საკუთარი თავი, ხოლო პერსონაჟები აიძულებენ მწერლებს, შექმნან ახალი შედევრები, რათა ეს ძიების პროცესი არ დასრულდეს. ამგვარი ძიების მარადიულობას განსაკუთრებით უწყობს ხელს დროისა და სივრცის (ქრონოტოპის) საკითხის ოსტატურად გამოყენება. ჯემალ ქარჩხაძე კი არის ის მწერალი, ვინც ძალიან კარგად იცის, როგორ ამოგზაუროს პერსონაჟი დროსა და სივრცეში, მაგრამ, ამავდროულად, არ დაკარგოს აქტუალობა ჩვენს საუკუნეშიც.
ნებისმიერი თემატიკა ლიტერატურაში დროსთან ერთად იძენს ღირებულებას და იშვიათად კარგავს მას. ამიტომ, გვინდა თუ არა, ამა თუ იმ ტექსტში წამოჭრილი საკითხი ქრონოტოპის ჭრილში უნდა განვიხილოთ. ამ კუთხით საინტერესოა ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა „იგი“, რომელშიც თავმოყრილია ყველა საუკუნის თემები, განცდები და საკაცობრიო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები. მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობაში სივრცული შეზღუდვაა წარმოდგენილი და მოქმედება პირველყოფილი ადამიანების გარემოცვაში ხდება, დროის აღქმა უფრო ფართო და განზოგადებულია. პერსონაჟი იგი პირველყოფილთა შორის იყო, მაგრამ, თითქოს, ჩვენ შორისაცაა, თითქოს, ჩვენი ფიქრებით საზრდოობს და ატარებს მომავალი საკუნის ადამიანის ნააზრევსაც. ყოველივე ეს რაზე მიგვანიშნებს? – იგი დროში მოგზაურობს. ეს ხელს უწყობს, იარსებოს ყველა საუკუნეში და დროის აღქმა უსასრულობამდე გაზარდოს. პერსონაჟის ფიქრები, რომლებიც ნათლად ასახავენ საკუთარი თავის ძიების პროცესს, კონკრეტული და გაზომვადია. თუ ასეა, მაშ, რა ქმნის დროის საზღვრების გარღვევას? – ტკივილი, რომელიც არ ასვენებს პერსონაჟს, რომელიც არ ქრება, რომელიც აიძულებს იფიქროს და რომელთან გამკლავებაც არც ისე იოლია, ფაქტობრივად, შეუძლებელიც კია, რადგან საზოგადოებას ასაზრდოებენ მარადიული თემები, რომლებიც ლიტერატურაში იბადებიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაცობრიობა და ლიტერატურა, ცხოვრების კონკრეტული ეპიზოდებით, უსასრულობაში ინაცვლებს.
მოთხრობაში არის მონაკვეთები, რომელშიც დრო ჩერდება იგისთვის. მაგალითად, როცა იგი აღმოჩნდება ტყეში, შემდეგ ზღვასთან, გამოქვაბულში. აქ პერსონაჟი სხვანაირად იწყებს გარემოს აღქმას. მისთვის იმდენად მტკივნეულია საკუთარ თავში განსხვავებული ადამიანის აღმოჩენა, რომ წუთების დინებას ვეღარ ამჩნევს. თუმცა, დროის ამგვარი შეჩერება სუბიექტურია. იგის სხეულში წუხილი ისადგურებს, რომელიც მარადიულია. გამოდის, რომ ნაწარმოებში პერსონაჟის მიერ დროის დინება სუბიექტური აღქმითაა ნაკარნახევი, რომელიც, ჩვეულებრივ, სამყაროში ასტრონომიული დროის დინებისგან განსხვავდება. ამ უკანასკნელთანაა ზუსტადაც დაკავშირებული ის მარადიული ძიებანი, რომლებიც პერსონაჟის შინაგან სამყაროში იბადება და ღვივდება. ზუსტად ესაა მნიშვნელოვანი და ესაა იმის წინაპირობა, რომ ლიტერატურაში სხვადასხვა თემატიკა უსასრულობისკენ ისწრაფვის და მზადაა აალაპარაკოს ყველა საუკუნის კრიტიკოსი.
„იგიში“ საკუთარ თავთან ბრძოლის ეპიზოდი ხანმოკლე და წარმავალია ისევე, როგორც იმ ადამიანების ბედი, რომლებიც, მოთხრობის თანახმად, დიდი დაძინების ქარაფზე ადიოდნენ და უკან აღარ ბრუნდებოდნენ. თუმცაღა იგის შინაგანი ჭიდილი მარადიულია, რადგან ზუს სახით რჩება, თავის მხრივ კი ზუ საკუთარ კვალს დატოვებს. ეს ერთგვარი ჯაჭვია, რომელიც უწყვეტია და დროსთან ერთად უფრო მყარი ხდება.
გამოდის, რომ პერსონაჟის ცხოვრების ერთი ეპიზოდი არა მხოლოდ დროში გადაინაცვლებს, არამედ სივრცულ საზღვარსაც არღვევს და ამიტომაც ადვილად აღიქვამს მკითხველი არც ისე მარტივად გადმოცემულ აზრს, როგორც ეს ჯემალ ქარჩხაძის „იგის“ შემთხვევაში ხდება.