ინეზა თედორაძე-ჩიტაძე
სსიპ ქ. ბათუმის №2 საჯარო და №9 საჯარო სკოლების მასწავლებელი
ინტერნეტი თანამედროვე მომხმარებელს, მიუხედავად მისი ასაკისა, უზარმაზარ შესაძლებლობებს სთავაზობს, თუმცა, ამავდროულად, მომხმარებლის პირადი ინფორმაციის გაჟონვაც ხდება. ვითარება, მით უმეტეს, სავალალოა, როცა საქმე არასრულწლოვანს ეხება. ბავშვი სოციალურ ქსელში უზარმაზარ ინფორმაციას გასცემს, რაც ხშირად მისი დაშანტაჟების საფუძველი ხდება. ეს შეიძლება იყოს მის მიერ გადაგზავნილი ფოტო ან პირადი მიმოწერა, რომელიც არ უნდა, რომ მოხვდეს მესამე პირთან და სწორედ ამით აშანტაჟებენ. ხშირად, ეს გარკვეული საიდუმლოა, რომელიც მან მიმოწერაში გაუზიარა თანატოლს, თანაკლასელს ან უბრალოდ უცნობს.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის საფრთხეები, რომლებიც ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის კიბერბულინგს მოაქვს.
კიბერბულინგი(ინგლ. Cyberbullying), იგივე ონლაინბულინგი, ნიშნავს დაცინვას, შეურაცხყოფას, დევნასა და სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც გარკვეული სიხშირით ხორციელდება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით. სტატისტიკა გვეუბნება, რომ ბავშვების უმრავლესობა ან თავად გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი, ან მონაწილეობა მიუღია მასში(როცა ბულინგის შემცველი კომენტარი დაუწერია სხვისთვის), ამ მიმართულებით შექმნილ ჩათებსა თუ საიტებზე. ეს ყველაფერი, თავის მხვრივ, ბავშვებში ისეთ ფსიქოემოციურ და ფიზიკურ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა სტრესი, ნევროზი, ჩაკეტილობა, მშობლებთან გაუცხოება, ბულემია, თვითდაზიანება, სუიციდი და სხვა.
დოქსინგი – კიბერბულინგის ერთ-ერთი ფორმა გულისხმობს პერსონალური მონაცემების (მისამართი, ტელეფონის ნომერი, სოციალური მედიის გვერდი და სხვ.) გასაჯაროებას სხვა ადამიანების მიერ, კიბერბულინგის წარმოების მიზნით.
დოქსირება ხშირად თან ახლავს კიბერბულიგს და მისი გავლენა მოზარდებზე განსაკუთრებით საზიანოა, რადგან პირადი ინფორმაციის გამჟღავნება არავის მოსწონს. დოქსინგი, ზოგჯერ, შეიძლება ისე შორს წავიდეს, რომ ადამიანების სიცოცხლე გაანადგუროს, ამის მიზეზი კი მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებაა, რაც მას დაცინვის, დამცირების, მუქარის ან შევიწროების მსხვერპლად აქცევს. დოქსინგის მსხვერპლ მოზარდებს ხშირად ეცვლებათ ხასიათი, თავს არიდებენ ონლაინ კომუნიკაციას, უფუჭდებათ აკადემიური მოსწრება და უარს ამბობენ სკოლაში სიარულზე, გაურბიან ყოველგვარ კომუნიკაციას, იმედგაცრუებული და თავის თავში ჩაკეტილები ხდებიან.
დოქსინგისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია, მოზარდმა თავი შეიკავოს სოციალურ ქსელებში, პლატფორმებსა თუ ფორუმებზე პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებისაგან; გამოიყენოს უსაფრთხო და განსხვავებული პაროლები, შექმნას ელფოსტის სხვადასხვა ანგარიშები, მოერიდოს მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამჟღავნებას, ფრთხილად იყოს ნებართვებთან, რომლებსაც მისგან ითხოვენ, აპლიკაციების თუ ონლაინ კითხვარების გამოყენების მიზნით.
ვინაიდან დოქსინგი და ზოგადად კიბერბულინგი საფრთხის შემცველია, საჭიროა, მოზარდებს თავიდანვე ვასწავლოთ მისი იდენტიფიცირება, საშუალება მივცეთ, აქტიურად ჩაერთონ კიბერბულინგთან ბრძოლის სასკოლო წესების შემუშავება-დამკვიდრებაში და წავახალისოთ მათი ინიციატივები კიბერბულინგის პრევენციის თემაზე. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, რომ მოზარდები არ გახდნენ არც მოძალადეები და არც დოქსინგის მსხვერპლნი. შედეგად, შეიქმნება უსაფრთხო სასწავლო გარემო, სადაც ყველა მოზარდი თანასწორი და დაცული იქნება.