მზევინარ ბაქრაძე
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ
პანტიანის საჯარო
სკოლის დამხმარე მასწავლებელი,
პროგრამა „არაქართულენოვანი
სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“
როცა მეცხრე კლასის მოსწავლე ვიყავი, ისტორიის სახელმძღვანელოში ამოვიკითხე ინფორმაცია პირველი ევროპელი ადამიანების შესახებ, რომელთა ნაშთებიც, დაახლოებით, 1.8 მილიონი წლისაა და აღმოაჩინეს 1991 წელს საქართველოში, დმანისში.
„— უჰ, რა შორს ჩემგან!“ — გავიფიქრე და ამ ფიქრში მხოლოდ გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ვიგულისხმე, — მე ზესტაფონში ვცხოვრობდი.
იმ პერიოდში, როცა ექიმის პროფესიის დაუფლება უფრო მსურდა, ვიდრე მასწავლებლისა, არც შემეძლო, მეფიქრა, რომ დმანისში სწორედ პროფესია მიმავლენდა და საკუთარი თვალით მომიწევდა ნახვა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი პირველი ევროპელი ადამიანებისა — მზიასა და ზეზვასი.
ეს იყო 2013 წლის თებერვალში, როცა სამუშაოდ წამოვედი დმანისში.
ახლაც სავსედ მახსოვს ჩემი მაშინდელი განცდები: მიდიხარ უცხო ადგილას, სადაც შენიანი არავინ გელოდება, სხვა ეროვნების ადამიანთა ჭერქვეშ უნდა იცხოვრო, ასწავლო ბავშვებს, რომელთა ენაც არ გესმის, მათ კი — შენი არ იციან.
და ამ დროს შენზე იმდენი რამეა დამოკიდებული…
შენ კი შეიყვარებ, ბოლოს და ბოლოს, ეს შენი პროფესიაა და ამ საქმის საკეთებლად სიყვარულით მოდიხარ, მაგრამ ისინი შეგიყვარებენ? როგორ შეეწყობა ერთმანეთს ორი სხვა ეროვნების წარმომადგენელი, განსხვავებული კულტურული და რელიგიური ნიშნებით?
არ მინდოდა, ამაზე მეფიქრა. გზას დაძაბული გავყურებდი, არ გავცდენოდი შესახვევს იმ სოფლის, სადაც სამუშაოდ გამამწესეს.
ბოლოს გზაც დასრულდა, მასპინძელ ოჯახშიც მივედი და ჩემს ზურგს უკან ჭიშკარი რომ დაიკეტა, ისე უმწეოდ და უსუსურად ვიგრძენი თავი, ტირილი მომინდა.
ახლა აქ იყო ჩემი ოჯახი, ეს ადამიანები იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები და მე მათი ახლობელი ვიყავი, მათი შვილი, მათი და, მათი მასწავლებელი.
მერე გავიდა დმანისურად ცივი, თოვლიანი, სუსხიანი, უკარება დღეები და ძალდაუტანებლად შემაჩვია ჩემს ახალ ცხოვრებას.
თურმე, რისა მეშინოდა!
სიკეთე მხვდებოდა ყველგან: მასპინძელი ოჯახის წევრების, თანამშრომლების, მოსწავლეების, გზად შეხვედრილ სოფლის მკვიდრთა თვალებში. ამ დამოკიდებულებით ბედნიერი სიკეთეზე მეც ორმაგი სიკეთით ვპასუხობდი.
ასე დაიწყო და დამთავრდა ჩემი პირველი სემესტრი სასკოლო გარემოში. იყო სირთულეები, პრობლემებიც მქონდა, ცრემლიანი მონატრებით სავსე დღეც ბევრჯერ დავაღამე, მაგრამ ახალი სამუშაო დღის დასაწყისი, სკოლის შენობასთან მიახლოება, მოსწავლეთა მორიდებით წარმოთქმული „სალამი“, მათი ჩემდამი მოლოდინები ზღვა ენერგიით მავსებდა და ყველა უსიამოვნებას მარტივად მავიწყებდა.
მერე მე მეზობელ სოფელში მომიწია სამუშაოდ გადასვლა.
პირველ ადგილას ჩემმა რამდენიმეთვიანმა ცხოვრება-მოღვაწეობამ იმოდენა გამოცდილება შემძინა, რომ ახალ საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოში თავს უკვე თითქმის შინაურად ვგრძნობდი. აქაც დამხვდურთა კეთილგანწყობა მეხმარებოდა და მაძლევდა სტიმულს.
მოსწავლეები შორიდან, სკოლისკენ გზაზე მიმავალს რომ დამინახავდნენ, ეზოში გამოეფინებოდნენ, უხაროდათ ჩემი დანახვა. იგივე სითბო თვალებში, იგივე მორიდება, ბიჭების მხრიდან ჩვეული ჟესტი — ქუდის მოხდა მისალმებისას. ჩემი საქმიანობა აქაც ძალზე საინტერესოდ დაიწყო და წარიმართა. თითქმის ყოველდღე, გაკვეთილების შემდეგ, ვხვდებოდით ერთმანეთს და ვმეცადინეობდით, ვიღრმავებდით ცოდნას, რათა უკეთ შეგვძლებოდა კომუნიკაცია სახელმწიფო ენაზე. ვმუშაობდი თანამშრომლებთან ერთადაც, მათაც ვეხმარებოდი ქართული ენის შესწავლაში. ვაწყობდით ლაშქრობა-ექსკურსიებს, მოსწავლეებთან ერთად ვგეგმავდი და ვახორციელებდი სასწავლო პროექტებს.
აღნიშნული ტიპის აქტივობები ჩვენთან ახლაც პოპულარულია. პროექტებით სწავლებამ ძალზე გაამართლა და ეფექტურად დამეხმარა მიზნების მიღწევაში. ამ მუშაობაში განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართულნი VI-IX კლასების მოსწავლეები: ნაილ რამაზანოვი, ქანან კურბანოვი, ალია შარიფოვა, ნერმინ შარიფოვა, ფუნდა სულეიმანოვა, ელჯან შარიფოვი.
მათთან მუშაობა, მათი შემოქმედებითობა და სირთულისადმი ინტერესი ყოველთვის მოტივაციით მავსებს და დადებითი ენერგიით მმუხტავს.
და სიკეთე… სიკეთე…
ამას არაფერი შეედრება!
მახსოვს, საახალწლო ღონისძიებისთვის ვემზადებოდით.
კვირის დღეებში გაკვეთილებსა და დამატებით მეცადინეობებს ვერ ავუდიოდით და დრო არ გვრჩებოდა, ღონისძიების მომზადებაზე რომ გვემუშავა. ამიტომ მოსწავლეები კვირა დღეს დავიბარე სკოლაში. იმ დილით თოვდა და ციოდა. დათქმული დროისთვის სკოლაში წავედი. მივდიოდი და სადღაც გულის გულში ფათურობდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ბავშვები დღეს სკოლაში არც მოსულიყვნენ და მე მარტოს მომიწევდა მისვლა და ლოდინი.
ჩამოვიარე შარაგზაზე. თვალთახედვის არეში სკოლის ეზო მოექცა და გულმა სიხარული ვეღარ დაიტია, როცა ერთ-ერთი საკლასო ოთახის (რომელსაც სარეპეტიციოდ ვიყენებდით) საკვამურიდან ამოსული ბოლი და ეზოში გამოშლილი ბავშვები დავინახე. ჩემზე ადრე მისულიყვნენ, ცეცხლიც დაენთოთ, რომ სითბო დამხვედროდა. ახლა კი იდგნენ და გზას გამოჰყურებდნენ, მელოდნენ. ის ფიქრი აწვალებდათ, რომ ასეთ ამინდში შეიძლება მე თვითონ გადამეფიქრებინა და არ მივსულიყავი.
ასეთი საბედნიერო მომენტი ბევრი მქონია და გამომიცდია. მათზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ის მომენტები ჩემი არჩეული პროფესიის გამართლებაა, ჩემთვის ფასდაუდებელია და ყოველთვის ბედნიერ მოგონებად შემომრჩება ხსოვნაში.
დასასრულ, მინდა ვთქვა, ადამიანს ნებისმიერ ახალ გარემოში რწმენა აძლიერებს, რწმენა საკუთარი თავის, თავისი საქმის, იმ ადამიანების, ვისთანაც ურთიერთობა აქვს, რწმენა სიკეთის და სიყვარულის. რასაც გავცემთ, იგივე გვიბრუნდება, ბავშვებთან ურთიერთობა კი მართლაც სულს კურნავს. ჩემი მოსწავლეებისთვის მე მარტო მასწავლებელი კი არა, უფროსი მეგობარიც ვარ, რომელიც ასწავლის მათ და სწავლობს მათგან.
სხვაგვარად მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა შეუმდგარია.
დმანისი!
მადლობა პროექტს „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“, რომელმაც აქ მომავლინა და დმანისი მასწავლა. ახლა სხვანაირად ძლიერი ვარ.
ახლა ძალზე მიუღებელია ჩემთვის იმ მეცხრეკლასელი გოგოს ფიქრები, დმანისი უსასრულოდ შორს რომ წარმოედგინა.
დამიახლოვდა დმანისი.
ის ახლა ჩემთვის ზესტაფონიდანაც კი თითის ერთ გაწვდენაზეა!