20 სექტემბერი, პარასკევი, 2024

დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში

spot_img

საზოგადოების განვითარება, 21-ე საუკუნეში, სულ უფრო მეტად უკავშირდება სიახლეებისა და ცვლილებებისკენ სწრაფვას, გამონაკლისს არც საგანმანათლებლო სფერო წარმოადგენს. ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებაზე და მისთვის შესაბამისი ცოდნის მიცემაზე. ამისთვის კი ოპტიმალური გამოსავალია, მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული, საუკეთესო ვარიანტის ძიება. ინდივიდუალიზებული სწავლების სქემა სიახლეების განსახორციელებლად მასწავლებლის მზაობას გულისხმობს. ეროვნული სასწავლო გეგმის ერთი-ერთი უმთავრესი ამოცანაა მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოსა და რესურსების შექმნა.

თანამედროვე სტანდარტები ფართოდაა მიმართული განათლების ჰუმანიზაციასა და სწავლების ინდივიდუალიზაციაზე, რაც ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის რეალიზაციას. ამ მოთხოვნის შესრულების ეფექტური საშუალებაა სწავლების დიფერენცირებული მიდგომები, მსგავს მიდგომებს ხშირად ვიყენებთ გაკვეთილის დაგეგმვის დროს. მასწავლებლის უმთავრესი დანიშნულებაა, გასცეს პასუხი შემდეგ კითხვას: ,,როგორ გავაკეთოთ ისე, რომ მოსწავლემ ისწავლოს იმისდა მიუხედავად, როგორი საშუალებები და რისი პოტენციალი აქვს მას.

,,დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან ინტერესების მიხედვით“ (Heacox, 2002).

დიფერენცირებაში ძირითადი საგაკვეთილო კონცეფციები ემყარება რეფორმატორული პედაგოგიკის იდეებს, როგორებიცაა: გაჩერებებით სწავლება, თავისუფალი დავალება და მუშაობა დალტონ გეგმით.

  • სასწავლო-თეორიული კონცეფციები, რომელებიც შიდა დიფერენცირებული გაკვეთილის კიდევ ერთ მოდელს ქმნის, არის სასწავლო ავტონომია და კოოპერატიული სწავლება. ისინი ეფუძნება გაკვეთილის პროდუქტიულობისა და დაწყებითი კლასების გაკვეთილებზე, სხვადასხვა კომპეტენციების გამომუშავების თვალსაზრისით, კომპლექსურ ხედვას, რასაც შიდა დიფერენცირებაში არსებითი როლი ენიჭება საჭირო საგაკვეთილო შინაარსობრივი ცვლილებებისა და ეფექტური მეთოდური მიდგომების გამოყენების მიზნით.
  • ჯგუფური სწავლება დიფერენცირებულ მიდგომებში კიდევ ერთ მოდელს ქმნის. ის გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როცა ორი პედაგოგი საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს ითვალისწინებს და ამგვარად წარმართავს სასწავლო პროცესს.
  • წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობა შიდა დიფერენცირების მოდელებს შორის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს განეკუთვნება, განსაკუთრებით – სასკოლო სისტემაში. თეორიული მასალის გაცნობა ხშირად პრაქტიკული ქმედების სახელდებას ახდენს. ამ შემთხვევაშიც, მსგავს მოვლენასთან გვაქვს საქმე.

რაც უფრო მჭიდროა ძირითადი საგაკვეთილო კონცეფციებისა და დიფერენცირებული გაკვეთილის თავისებურებათა კავშირი, მით უფრო მყარია გაკვეთილის სტრუქტურული ერთეულების, კერძოდ, მეთოდების, შესრულების ფორმების, დავალებებისა და გაკვეთილის შემადგენელი კომპონენტების მიზეზშედეგობრივი კავშირი.

როდესაც გაკვეთილს დიფერენცირებული მიდგომების შესაბამისად ვგეგმავთ, აღმოჩნდება, რომ:

  • სასწავლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლის პიროვნება (რაც დამახასიათებელია სწავლებაში დიფერენცირებული მიდგომებისთვის).

სასწავლო პროცესის ორგანიზება აქცენტირებულია ინდივიდუალიზაციასა (რაცდიფერენცირებული სწავლების მეთოდურ საფუძველს წარმოადგენს) და დავალებების დიფერენციაციაზე. დიფერენცირებულ სწავლებაში მთავარია, ასევე, განსხვავებული საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების შედეგების გათანაბრება. უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მოთხოვნებიც: ყურადღება გავამახვილოთ კანონზომიერებაზე, შესწავლილი თუ შესასწავლი მასალა დავუკავშიროთ მოსწავლეების ყოველდღიურ ცხოვრებას; შეფასება გამოვიყენოთ, როგორც სწავლების და არა მხოლოდ გაზომვის ინსტრუმენტი; გაკვეთილის დაგეგმვისას ვფოკუსირდეთ კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე; უზრუნველვყოთ თითოეული მოსწავლის ჩაბმულობა; დიფერენცირებით სწავლება პატარ-პატარა ნაბიჯებით უნდა დავგეგმოთ და ა.შ.

დიფერენცირებულ გაკვეთილზე მოსწავლეთა დაჯგუფება და გადაჯგუფება ხშირად და მოქნილად ხდება, რაც ემყარება:

  • მოსწავლის მზაობას;
  • მოსწავლის ინტერესს ამა თუ იმ საგნის სასწავლო მასალის მიმართ;
  • მოსწავლის სასწავლო პროფილს კონკრეტული საგნის სასწავლო მასალაზე მუშაობის კუთხით;
  • გარემო პირობებსა და სხვადასხვა სოციალურ ასპექტს.

დიფერენცირების ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს მოსწავლეების დამოკიდებულებებისა და თვითშეფასების ამაღლება. როდესაც მასწავლებელი ითვალისწინებს მოსწავლის მზაობას და აძლევს ისეთ დავალებას, რომლის შესრულებაც მოსწავლეს თავად შეუძლია, ამით მასწავლებელი უბიძგებს მას, დაძლიოს წარუმატებლობის შიში და კონკრეტული საგნის სწავლის მოტივაცია გაუჩნდეს.

მოსწავლის სწავლის შედეგების გაუმჯობესებისთვის ეფექტური გზაა დიფერენცირებული გაკვეთილის დაგეგმვა. ამრიგად, ჩემი 25-წლიანი სამუშაო პრაქტიკიდან მიღებული გამოცდილებიდან, დამწყებ პედაგოგებს შევთავაზებდი შემდეგ რეკომენდაციებს:

  • სასწავლო მასალების, რესურების, სასწქავლო გარემოს მოდიფიცირებისას უნდა გაითვალისწინოთ სამი ძირითადი ასპექტი: სწავლის შესაძლებლობა, სწავლის მოტივაცია, სწავლის ეფექტიანობა. ეს ყოველივე ფოკუსირებული უნდა იყოს მოსწავლის ინტერესებზე. უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა მოსწავლე განსხვავებულია და არ არსებობს ტერმინი ,,სტანდარტული’’ მათთან მიმართებით, არც ერთი მოსწავლე არ არის იდეალური ხერხი, რომლითაც მასწავლებელი მოაგვარებს ყველა პრობლემას;
  • მოსწავლეებს, რომლებსაც ვიზიალური აღქმა აქვთ, უნდა შესთავაზოთ ვიზუალური მასალები;
  • სმენით შემსწავლელებს, წერითი სამუშაოს ნაცვლად, უმჯობესია, ზეპირი გამოსვლა ან მოხსენება შეურჩიოთ;
  • კინესთეტიკურად შემსწავლელ მოსწავლეებს არ უნდა შევთავაზოთ სალექციო ტიპის გაკვეთილები, რადგან შედეგად მივიღებთ მოსწავლეების მოტივაციის დაკარგვას, ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს და სხვ.;
  • უმჯობესია, სწავლებისას, მიმართოთ სხვადასხვაგვარ მეთოდიკას, რესურსს და სტრატეგიას, რომლებშიც გაითვალისწინებთ მოსწავლეთა ხედვის, სმენისა და მოძრაობის გამოყენებას სასწავლო აქტივობებში;
  • დიფერენცირებული მიდგომა პედაგოგებს საშუალებას გვაძლევს, სასწავლო პროცესს განსხვავებული პერსპექტივიდან შევხედოთ, რაც შესაძლოა გამოგვრჩენოდა ტრადიციული სწავლებისას.

 

ლია ნანდოშვილი

სსიპ სოლომონ დოდაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

ბლოგი

ხევსურეთს ვიყავ…

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები