20 სექტემბერი, პარასკევი, 2024

დიფერენცირებული მიდგომები სწავლა-სწავლების პროცესში

spot_img

თამარ ზაზაძე

სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

„ყველა ბავშვს არ აქვს თანაბარი ტალანტი, ან უნარი, ან მოტივაცია, მაგრამ ყველა ბავშვს აქვს უფლება, განივითაროს საკუთარი ტალანტი, უნარი და მოტივაცია“  ჯონ ფიც ჯერალდ კენედი

დიფერენცირებული მიდგომები ეფექტური საშუალებაა თითოეული მოსწავლის რეალიზაციისა სწავლების პროცესში. ამას, თავის მხრივ, ხელს უწყობს განათლების ჰუმანიზაცია და სწავლების ინდივიდუალიზაცია. დიფერენცირებული მიდგომები ხშირად გამოიყენება სწავლა-სწავლების პროცესში, გაკვეთილის დაგეგმვისას. ის გვეხმარება, განვსაზღვროთ მოსწავლის მიერ ცოდნის აღქმის შესაძლებლობის მეტ–ნაკლებობა.

დიფერენცირება გულისხმობს ფორმისა და საფეხურების მიხედვით დაყოფას, დანაწილებასა და მათ ცალ-ცალკე შესწავლას. დაყოფის საფუძველს წარმოადგენს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა, რომელსაც მასწავლებელი  ადგენს აღნიშნული მეთოდის საშუალებით.

დიფერენცირებული მიდგომა სწავლებაში პირველად XX საუკუნის დამდეგს გამოიყენეს. ის დაკავშირებულია აბრაჰამ მასლოუს, რ.მეისა და კარლ როჯერსის სახელთან. დიდაქტიკური თვალსაზრისით, იგი მოიცავს განათლების მიზანს, ეძებს გზას, მეტად დააკმაყოფილოს მოსწავლის ინტერესები და გაუღვივოს სურვილი, გაუჩინოს მოტივაცია. გარემო, რომელიც მოსწავლისთვის დაძაბული არ არის, პირდაპირ კავშირშია მისი უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზაციასთან. მოზარდმა, რომელიც, სხვებთან შედარებით, ნაკლებად აღიქვამს მიწოდებულ მასალას, შესაძლოა, ვერ გამოიჩინოს თავი. ამიტომაც, თუ მასწავლებელმა იცის და განსაზღვრული აქვს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა და ინტერესები, ქმნის გარემოს ყველასათვის მისაღებსა და სასიამოვნოს. შესაბამისად, საგაკვეთილო პროცესი სასიამოვნო და შედეგიანია.

სწავლების ეფექტიანად დაგეგმვა გულისხმობს თითოეული მოსწავლისთვის ისეთი აქტივობის შეთავაზებას, რომელიც მორგებულია მის ინტერესებსა და საჭიროებებზე. მათ შესახებ ინფორმაციის მიღება მასწავლებელს შეუძლია განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით. ამრიგად, ეს ორი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

მასწავლებელი ეხმარება ყველა მოსწავლეს, რათა მან შეძლოს დასახული მიზნის მიღწევა. მაგალითად, ინგლისური ენის მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს მიაწოდოს რომელიმე ნაწარმოების დედანიცა და ადაპტირებული ვერსიაც. შედეგად, ყველა მოსწავლე შეძლებს ნაწარმოების გმირების დახასიათებას და მასწავლებელიც აღწევს მიზანს.

დიფერენცირებული მიდგომების გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებში შემეცნებითი ინტერესის გაღვივება და მისი პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, რაც პირდაპირ აისახება დასახული მიზნის მიღწევის პროცესზე. შედეგად ის იღებს საინტერესო და აქტიურ სასწავლო პროცესს, რომელიც გულისხმობს მოსწავლეების მხრიდან სრულ ჩართულობას ისე, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩეს ამ პროცესის მიღმა.

დიფერენცირებული სწავლების მიდგომები:

◊ მოსწავლის სურვილის გათვალისწინება სასწავლო მასალის შერჩევისას;

◊ საგანთშორისი კავშირების გამოყენება ცოდნის გაღრმავების მიზნით;

◊ მოსწავლეების თვითშეფასება.

დიფერენცირებული სწავლების მიდგომების უპირატესობა:

მოსწავლეებში იზრდება დამოუკიდებლობის, შრომისმოყვარეობისა და შემოქმედებითობის უნარები; ყოველი მოსწავლე ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, რაც უზრუნველყოფს მათ მიერ სიძნელეების მარტივად დაძლევასა და პიროვნულ განვითარებას.

დიფერენცირებული სწავლების საშუალებები:

დავალების საერთო შინაარსი მთელი კლასისთვის ერთნაირია,მაგრამ შედარებით სუსტ მოსწავლეებს მეტი დრო ეძლევათ მისი შესრულებისთვის;

დავალების შინაარსი ერთნაირია, მაგრამ შედარებით სუსტი მოსწავლეებისათვის დავალების მოცულობა გაცილებით მცირეა, სხვებთან შედარებით;

დავალება საერთოა, მაგრამ სუსტ მოსწავლეებთან ვიყენებთ სხვადასხვა დამხმარე საშუალებებს, რომელთა გამოყენებითაც დავაძლევინებთ მასალას. ამ დროს შესაძლოა გამოვიყენოთ: ცხრილები, სქემები და ა.შ.

მოსწავლეებს აქვთ თავისუფლება, თავად აირჩიონ დავალების სხვადასხვა ვარიანტი;

თემატური და შემაჯამებელი დავალებები შერჩეულია მოსწავლეთა განსხვავებული დონის მიხედვით;

დამოუკიდებელი სამუშაო მოქნილი და ორიენტირებულია მოსწავლეთა სხვადასხვა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე.

დიფერენცირებული სწავლების შედეგები:

ურთიერთნდობაზე დამყარებული ატმოსფერო, განსხვავებული აზრის მიმღებლობა;

კრიტიკული აზროვნება;

საკომუნიკაციო უნარები;

არგუმენტირებული მსჯელობის უნარები;

მოსწავლეთა სხვადასხვა დონის მიხედვით აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება;

მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა მათი დონეების მიხედვით.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დიფერენცირებული სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების ეფექტური გამოყენება, მისი შედეგებისა და საშუალებების გათვალისწინებით, მასწავლებლისგან სწავლისა და სწავლების სხვადასახვა მეთოდის ფლობას მოითხოვს, რომლის მიზანია მოსწავლეთა უნიკალური უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას.

გამოყენებული ლიტერატურა:

მარინა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“pdf;

ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, თამარ შანიძე „დიფერენცირებული გაკვეთილის მოდელები“

ბლოგი

ხევსურეთს ვიყავ…

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები