6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

დისტანციური სწავლების ფორმატში მიმდინარე ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები

spot_img

პანდემიის გამო, კერძო თუ საჯარო სკოლები, ქვეყნის მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. სხვა საგნებთან ერთად სპორტის გაკვეთილებიც ახალი ფორმატით ტარდება, რაც, ბუნებრივია, მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. რას სთავაზობს სკოლებს ხელისუფლება ამ სირთულეების დასაძლევად და რა რეკომენდაციები მისცა მათ, ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი გვესაუბრება.

 

✔ დისტანციური სწავლება სკოლებში, ფიზიკური აღზრდის ნაწილშიც, ჩვეულებრივად მიმდინარეობს – შეძლებისდაგვარად, ვისაც როგორ შეუძლია, ისე მუშაობს. რაც შეეხება ჩვენ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, სამ ნაწილად იყოფა: ფიზიკური აქტივობები, პროექტები და ლაშქრობები.

➡ ფიზიკური აქტივობები

იყოფა ორ ნაწილად: ონლაინ გაკვეთილები და საშინაო დავალება სახლის პირობებში ვარჯიშზე. ვისაც საშუალება აქვს, შეუძლია, ჩაატაროს ონლაინ გაკვეთილები, ხოლო მეორე ნაწილისთვის ჩვენი რეკომენდაცია ითვალისწინებს საშინაო დავალებას, რომელიც მასწავლებელმა შეიძლება მისცეს მოსწავლეს – როგორ ივარჯიშოს სახლის პირობებში. მაგალითად – მუცლის პრესი, იატაკიდან აზიდვები, ბუქნები და სხვა, ძირითადად, ის მიმართულებები, რაც შეიძლება, სახლში გაკეთდეს. საამისოდ, კლასების მიხედვით, შექმნილი გვაქვს სტანდარტები – პირველიდან მეთორმეტე კლასების ჩათვლით. გოგონებში ცალკე ნორმატივებია, ბიჭებში – ცალკე. შევადგინეთ კვირის კალენდარი ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, რომელიც მასწავლებლებსაც გადავუგზავნეთ და ფეისბუკზეც გვაქვს გაზიარებული.  მასწავლებელს შეუძლია, ეს კალენდარი გადაუგზავნოს ბავშვებს და მისცეს მათ დავალება, ბავშვებს კი შეუძლიათ, ეს დავალებები  მთელი კვირის განმავლობაში შეასრულონ და თან აღრიცხონ ეს აქტივობები.

ჩვენს რეკომენდაციებში, მართალია,  ერთი და იგივე აქტივობებია, თუმცა, მაგალითად, იგივე მუცლის პრესი სხვადასხვანაირია. ამიტომ, ჩვენს რჩევებში კი წერია – „მუცლის პრესი“, მაგრამ მასწავლებელს შეუძლია, ამ კომპონენტში, ყოველ კვირას, შეცვალოს ეს მიმართულებები და მოსწავლეს სხვა აქტივობა შესთავაზოს. აქ უკვე მასწავლებელი ერთვება და ის ცვლის ამ აქტივობებს.

რეკომენდაციებში, ასევე, შეტანილია სხვა აქტივობები, მაგალითად – ადგილზე რბენები და საოჯახო ვარჯიშებიც კი, რადგან, შეიძლება, მშობლებიც ჩაერთონ ვარჯიშში. ეს ყველაფერი პედაგოგებს ბმულებად დავუგზავნეთ და შეუძლიათ გამოიყენონ  – გადაუგზავნონ ბავშვებს ან სხვა მხრივ.

ეს ფიზიკური აქტივობები განზრახულია იმისთვის, რომ ამ პირობებში ბავშვები მხოლოდ კომპიუტერზე არ იყვნენ მიჯაჭვულები, თუმცა ადგილზეც შეუძლიათ, ფიზიკური დატვირთვებისთვის სხვა მიდგომები გამოიყენონ.

➡ პროექტები

როგორც გითხარით, ჩვენი რეკომენდაციების მეორე მიმართულებაა პროექტები, რაც მოიცავს: ისევ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას; ჰიგიენას, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა დღევანდელ პირობებში; ქართული სპორტის ისტორიას; ოლიმპიზმის ისტორიას; ქართველი ოლიმპიელები და სხვ. სულ 10-მდე თემა გვაქვს შეთავაზებული და შეიძლება, მასწავლებელმა საშინაო დავალებადაც მისცეს თითოეულ თემაზე პროექტების მომზადება. აქვე გეტყვით, რომ ყველა საგანი ამ მიმართულებით მუშაობს – ბავშვების ჯგუფებს პროექტულ დავალებებს აძლევენ, ეს ჯგუფები კი, მერე, ერთად მუშაობენ ინტერნეტში, ინფორმაციებს იძენენ და ამ პროექტებს აკეთებენ. ჩვენც მივეცით ასეთი თემები და თან, ყოველი მათგანის ფარგლებში (ვთქვათ, ოლიმპიზმი, ჯანსაღი ცხოვრების წესი), საჭირო ბმულები გვაქვს ჩადებული, ანუ ბავშვებსაც შეუძლიათ, მიცემული თემის ფარგლებში, თავად მოიძიონ ინფორმაცია, მაგალითად, გადავიდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ბიბლიოთეკის ბმულზე და მოიძიონ ცნობები ქართველ ოლიმპიელებზე.

ეს პროექტული მუშაობაც ორ ნაწილად იყოფა: კვირის დასაწყისში, მასწავლებელი აძლევს კონკრეტულ თემას, კვირის ბოლოს ან მეორე კვირის დასაწყისში, შემაჯამებელი მუშაობაა – რა გააკეთეს და როგორ შეასრულეს მიცემული დავალება. თუმცა, აქაც ორ ნაწილადაა მუშაობა გაშლილი: სხვა საგნების მსგავსად, ამ პროექტების ონლაინ პრეზენტაცია და, ვითარების გასამარტივებლად, ამ პრეზენტაციების განხილვა-შეფასება  სწავლის განახლების შემდეგაც შესაძლებელია. მასწავლებელი დღეს კი მუშაობს, მაგრამ ამ პროექტებს მოგვიანებით შეაფასებს, როცა სწავლა განახლდება. აქ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ან ინტერნეტი არაა ყველგან ხელმისაწვდომი, ან სხვადასხვა მიზეზით – ასაკისა თუ სხვა ობიექტური პირობების გამო, მასწავლებელი ვერ მუშაობს ინტერნეტში. ამიტომ  თუ ონლაინ ვერ ახერხებს ამ აქტივობების განხორციელებას, შეუძლია, სწავლის განახლების შემდეგ, მოაწყოს პროექტების განხილვა. პლუს, ამ პროექტული, ანუ თეორიული დავალებების  პარალელურად, ფიზიკურ აქტივობებში მიცემული საშინაო დავალებებიც სრულდება, ზემოხსენებული ყოველკვირეული კალენდარი მუშაობს. არის სკოლები და ისეთი მასწავლებლები, რომლებიც ინტერნეტს კარგად იყენებენ და, ამ ფიზიკური აქტივობების ფარგლებში, ონლაინ მუშაობენ, თუმცა, ალბათ, ასეთი მასწავლებელი ბევრი არ იქნება.

პლუს,  ინტერნეტით სკოლებს ვთავაზობთ თემებსა და ვიქტორინას. მაგალითად, კვირის დასაწყისში, სკოლებს ვთავაზობთ თემას, ვთქვათ, „ქართველი ოლიმპიელები“, მასწავლებლებს კი შეუძლიათ, ამავე თემაზე, მოსწავლეებს მისცენ საშინაო დავალება, ხუშთაბათს კი შემაჯამებელი ვიქტორინა იქნება. ამ ვიქტორინას მე ვმართავ და ბავშვების დიდ ინტერესს იწვევს, ბევრი მოსწავლე ერთვება. თან მასწავლებლებს ვეუბნები, თუ აქვთ ტექნოლოგიებთან წვდომა, შეუძლიათ, მსგავსი ვიქტორინები თავადაც გააკეთონ თავიანთ კლასში, ხოლო თუ არ შეუძლიათ, ინტერნეტით ვაწვდით გამზადებულს.

➡ ლაშქრობები

სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მესამე აქტივობაა ლაშქრობების თემა, რომელიც ასევე შევთავაზეთ სკოლებს და ელექტორნული ვერსიაც ავტვირთეთ ჩვენს გვერდზე. ეს ითვალისწინებს თეორიულ მეცადინეობას ლაშქრობებისთვის მოსამზადებლად: როგორი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვან ამ დროს, ბარგის ჩალაგება, გადაადგილება და ა.შ., რადგან ჩემს პრაქტიკაში მქონდა შემთხვევები, როცა მოვაწყვეთ ლაშქრობა და ზოგიერტი მასწავლებელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მოვიდა, ზოგმა ბავშვმა კი, შუა ლაშქრობისას, გაზიანი სასმელი ამოიღო და სხვა… ლაშქრობებისთვის  მოსამზადებლად ინფორმაციის მიღება, ჩვენი გვერდიდან, შეუძლიათ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც. ეს სხვა აქტივობების პარალელურად ხდება და შეიძლება, მასწავლებელმა 1-2 კვირა დახარჯოს ამ თემაზე მუშაობაში, ლაშქრობა კი, პრაქტიკულად, მოგვიანებით განახორციელოს, როცა სკოლებში ჩვეულებრივად აღდგება სწავლა, თუმცა თეორიულად მომზადება აქედანვე შეუძლიათ. ლაშქრობა ბევრისთვის მწვადის შეწვასთან და ქეიფთან  ასოცირდება, რასაც ექსცესებიც ახლავს თან, ჩვენ კი უფრო საგანმანათლებლო კუთხით შევთავაზეთ ეს თემა.

➡ ინფორმაციის გაცვლა

რაც შეეხება ინფორმაციის გაცვლას და ინფორმაციულობას, ამ დღეებშიც  გვქონდა ჩართვა ახალციხის რესურსცენტრთან, სადაც აქტიური ხელმძღვანელი ჰყავთ – ხათუნა ხმალაძე. მისი ინიციატივით მოეწყო ეს ონლაინ შეხვედრაც, რომელშიც იმ რესურსცენტრის 38 სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ჰყავდა მოწვეული. მათ პირდაპირ რეჟიმში ავუხსენი ჩვენი რეკომენდაციების არსი, რადგან ერთია წერილობით გაცემული დავალებები თუ მითითებები და სხვაა, როცა უშუალოდ ესაუბრები და უხსნი.  ზოგი რეკომენდაციებს სხვანაირად იგებს, ზოგან დირექტორი და მასწავლებელი ხსნიან განსხვავებულად, რაც გარკვეულ პრობლემებს იწვევს, ამიტომ უშუალო კომუნიკაცია მაინც საჭიროა. იქაც, მასწავლებლები და დირექტორები ერთად მისმენდნენ და სულ სხვანაირად შეხედეს ამ რეკომენდაციებს. მათ უშუალოდ ავუხსენი, რას გულისხმობს ეს დისტანციური მუშაობა და რომ მთავარი არ არის ონლაინ რეჟიმში გაკვეთილის ჩატარება. მე ორი ძმისშვილი მყავს სკოლის მოსწავლე და ვუყურებ ამ გაკვეთილებს, მაგრამ სპორტი ცოტა სხვა თემაა. შეიძლება, იქ ყველაფერი ისე ვერ წავიდეს – დაწყებითში თუ წამოგყვნენ ბავშვები, ზედა კლასებში ასე მუშაობა შეიძლება არ გამოვიდეს. ამიტომ შევთავაზეთ სკოლებს ასეთ მრავალმხრივი მიმართულებები.

ირაკლი თავაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები