3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

დისტანციური სწავლება აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესია

spot_img

ინტერვიუ კერძო სკოლა IB მთიების დამფუძნებელ დირექტორთან

ნინო ჩიკვაიძესთან

 

 

 

 

 

➡ რამდენად მომზადებული შეხვდა IB მთიები დისტანციურ სწავლებას, იყენებდით თუ არა ონლაინ სწავლების მეთოდს ფორსმაჟორულ სიტუაციამდე?

ბოლო სამი სასწავლო წელია (2016-2017 სასწავლო წლიდან), სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში, აქტიურად გამოიყენება ციფრული ტექნოლოგიები. ელექტრონული კომუნიკაცია აქტიური პროცესია მოსწავლისა და პედაგოგის (აღმზრდელ-პედაგოგის) საქმიანობაში. მუშაობა საშინაო დავალებებზე, საპრეზენტაციო თემებზე, პროექტებზე (პლატფორმა – Google Classroom). ყველა საკლასო ოთახი აღჭურვილია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით, სადაც პედაგოგს საშუალება ეძლევა, ჩაატაროს ელექტრონული გაკვეთილი. სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენება ვირტუალური ლაბორატორია, გეოგებრა, სხვადასხვა საპრეზენტაციო და საილუსტრაციო კომპიუტერული პროგრამები, ცოდნის შეჯამების აპლიკაციები (ქვიზისთვის). აღსანიშნავია, რომ მეთორმეტეკლასელთათვის სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, ხოლო 16 მარტიდან სკოლა სრულად გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე.

ონლაინ რეჟიმში წარმართულ გაკვეთილებს დისტანციური სწავლების მართვის ეფექტური სისტემა სჭირდება. აიბი მთიებმა ეს გამოცდილება 7-8 წლის წინ მიიღო, როდესაც კომპანიის პარტნიორმა ევროპულმა უნივერსიტეტმა (ბარსელონის კამპუსი), სკოლის სამ წარმატებულ უფროსკლასელს, რომლებიც ევროპულ უნივერსიტეტში გეგმავდნენ უმაღლესი განათლების მიღებას, ორ საგანში დისტანციური სწავლება შესთავაზა, ამ პროცესს, ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად, IB მთიებიც ახორციელებდა.

სადღეისოდ, IB მთიების პარტნიორმა კავკასიის უნივერსიტეტმა, სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის, ხელმისაწვდომი გახადა მსოფლიოს ელქტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან წვდომა. პედაგოგებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ განათლების სფეროში არსებულ მოწინავე გამოცდილებას, რაც სრულყოფდა მათ აკადემიურ საქმიანობას და მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში მოსწავლეების ჩართულობას.

➡ თქვენი სკოლის რამდენი მოსწავლეა ჩართული დისტანციურ სწავლებაში და რამდენი მასწავლებელი?

დისტანციური სწავლების რეჟიმში ჩართულია ჩვენი სკოლის 117 პედაგოგი, 63 აღმზრდელ პედაგოგი,  სკოლის 5 დირექტორი,  სააღმზრდელო სამსახურის 4 ხელმძღვანელი, 1 ექიმი, 1 ფსიქოლოგი, 2 ადმინისტრატორი, ხარისხის მართვის სამსახურის 3 წარმომადგენელი, 3 – დღის რეჟიმის მართვის სამსახურის, 3 – საფინანსო განყოფილების, 2 – IT სამსახურის, 1417 მოსწავლე, შესაბამისად, ამდენივე მშობელი.

➡ პრობლემა, რომელიც დისტანციური სწავლების პროცესში შეგექმნათ და რა გჭირდებათ ყველაზე მეტად, ონლაინ სწავლების მეთოდი უფრო ხარისხიანად რომ წარიმართოს?

ფორსმაჟორული ფაქტორის განსაზღვრა საფრთხეებისა და რისკების მენეჯმენტის სტრუქტურაშიც არ არის იოლი. თუმცა, IB მთიების სტრუქტურამ და მართვის სისტემამ საშუალება მოგვცა, სწრაფი რეაგირება მოგვეხდინა და, უკვე მარტის პირველ კვირას, 4 მარტიდან, გადავედით დისტანციურ სწავლებაზე ჯერ მე-12 კლასებში, 16 მარტიდან კი, დისტანციურ სწავლებაში სკოლის ყველა კლასი ჩაერთო. პრობლემა, რომელმაც თავი იჩინა პირველ ეტაპზე, ფსიქოემოციურ სფეროს განეკუთვნება, მაგრამ მოულოდნელობის ფაქტორი დავძლიეთ და სისტემური მუშაობის დისტანცირება მოვახდინეთ.

? დისტანციური სწავლების პლატფორმა. განვიხილეთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, Google classroom, Microsoft team, Zoom, Skype. არჩევანი გავაკეთეთ სკაიპზე, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ ურთიერთობის უწყვეტობას, კლასის ყველა მოსწავლის ჩართვას, აქვს ხარისხიანი ვიდეოკონტაქტი, სასწავლო მასალის ყველა ფორმატის ეკრანზე გამოტანა და ატვირთვა შეიძლება. ასევე, იძლევა გაკვეთილის მონიტორინგის განხორციელების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შეხვედრების ორგანიზაციის თუ სხვა შესაძლებლობას.

? მოსწავლეების მოტივაცია. სკოლა-მოსწავლე-მშობლის თანამშრომლობის აპრობირებული მოდელების მეშვეობით და თავად მოსწავლეების თვითორგანიზაციის მაღალი ხარისხის გამო, ეს პრობლემაც გადავჭერით და დღეს მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა ჩართულია დისტანციურ სასწავლო პროცესში. მიმდინარეობს სამოტივაციო აქტივობების და შემოქმედებითი პროექტების ჩართვა დისტანციურ სწავლებაში. ფორსმაჟორულ მდგომარეობამდე, მოსწავლეები დაგეგმარებისა და დროის მენეჯმენტის საფუძვლებს სწავლობდნენ, რაც ნაწილობრივ მაინც ეხმარება მათ ამ ვითარებაში.

? სასწავლო რესურსებზე წვდომა. პირველ ეტაპზე და ზოგჯერ ახლაც, მოსწავლეებს არ მიუწვდებოდათ ხელი სახელმძღვანელოებზე, მაგრამ უმაღლესი სკოლის ყველა საგანში მათ, ონლიან გაკვეთილის გარდა, ეგზავნებათ ელექტრონული გაკვეთილები და დავალებები (Ppt, Word, Pdf და სხვა).

? სტრუქტურული მართვა. ხორციელდება სკაიპ კონფერენციის საშუალებით, სისტემურად.

? მოსწავლის ცოდნის შეფასების ფორმები. დავნერგეთ დისტანციური ტესტირება, მოსწავლეებს ეგზავნებათ კონკრეტული დავალებები დროის გარკვეულ პერიოდში შესასრულებლად, შესრულებული დავალებები, გასასწორებლად და შესაფასებლად, პედაგოგებს უბრუნდებათ. ტესტირების პროცესის სქემა ასეთია: პედაგოგი-კლასის კოორდინატორი-მოსწავლე. ტესტირების შესრულების, შეფასებისა და მოსწავლეებისთვის ქულის გამოცხადების სისტემა განსაზღვრულია დროში.

? მშობლების დამოკიდებულება დისტანციური სწავლების მიმართ. სკოლას მუდმივი კავშირი აქვს მშობლებთან, მიმდინარეობს სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციები (ხარისხის სამსახური, კლასის კოორდინატორები, დირექცია). მშობლები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცეში

➡ ზოგადად, დისტანციურ სწავლებას საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს, რამდენად მოგწონთ თქვენ ეს მეთოდი, რა მიგაჩნიათ ონლაინ სწავლების დადებით/უარყოფით მხარედ და ცოდნა, რომელსაც მოსწავლეები ინტერნეტ გაკვეთილებიდან იღებენ, არის თუ არა ადეკვატური საკლასო ოთახში მიღებული ცოდნის?

დისტანციურ სწავლებას ბევრი დადებითი მხარე აქვს: პირველ რიგში, ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი. ახლა მშობელი უკეთ ხედავს სკოლის თითოეული თანამშრომლის შრომას და საკუთარი შვილების შესაძლებლობებს. ამას ისინი ღიად აფიქსირებენ იმ გამოკითხვებში, რომელიც ჩვენ უკვე ორჯერ ჩავატარეთ დამკვეთის კმაყოფილების ინდექსის დადგენის მიზნით.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ დისტანციური სწავლების პროცესში მოსწავლე უფრო მეტად მოქნილია სივრცეში, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ის, გარკვეული მიზეზის გამო, ვერ ესწრება ამა თუ იმ გაკვეთილს, მას, გაკვეთილის დასრულებისთანავე, ეგზავნება სრული მასალა, რაც  იმის საშუალებას აძლევს, რომ გაკვეთილი დამოუკიდებლად მოისმინოს.

საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება გასაგებია. ყოველი სიახლე, რომელიც დროის მცირე მონაკვეთში ინერგება, არ არის იოლად მისაღები (მე-19 საუკუნის დასაწყისის ინდუსტრიულ ინგლისში „ლუდიტები“ დაუნდობლად ებრძოდნენ ინდუსტრიული რევოლუციის სიახლეებს, ორთქმავალს „საშინელ გველს“ უწოდებდნენ,  აზიანებდნენ დაზგა-დანადგარებსა და ამტკიცებდნენ, რომ ახალი ტექნოლოგიები მასობრივ უმუშევრობას გამოიწვდა). დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც მიჩნიათ, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობა, ციფრული ტექნოლოგიები მავნე გამოგონებებია.

დისტანციური სწავლების დადებითი მხარეებია:

? ყველა მოსწავლემდე მრავალფეროვანი და მრავალდარგობრივი აკადემიური ინფორმაციის მიწოდება, სწრაფი წვდომა საგანმანათლებლო სიახლეებზე.

? თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და გამოყენება.

? დისტანციური კონტაქტები, რომელიც არ ბრკოლდება გეოგრაფიული მდებარეობით.

? მშობლის პირდაპირი მონაწილეობა სასწავლო და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებში.

? თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესებში აკადემიური პერსონალის სწრაფი ადაპტაცია.

? არასტანდარტულ სოციალურ გარემოში მანევრირების და შრომის კულტურის სწავლა.

? ცოცხალი სოციალური და აკადემიური ურთიერთმოქმედების დაფასება.

? სასკოლო საზოგადოების ყველა ასაკობრივი ჯგუფების მიერ ახალი ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო საშულების გამოყენება.

დისტანციური სწავლების უარყოფითი მხარეებია:

? ფსიქოემოციური დისკომფორტი (აკადემიური პერსონალისა და მოსწავლეების).

? სოციალური ურთიერთობების დისტანცირება და მინიმიზაცია – ადამიანი სოციალური არსებაა.

? ინტერნეტში არსებულ საინფორმაციის ქსელებში სწორი/სანდო/აკადემიური ინფორმაციის სწრაფად მიღება, დამუშავება და გადაცემა.

? მოსწავლის ადეკვატური და ობიექტური გამოკითხვა (გამოცდები).

? მოსწავლეების თვითრეალიზაციის შეზღუდვა.

? ფიზიკური აქტივობების (სპორტული ტურნირები, ლაშქრობა) შეზღუდვა.

➡ დისტანციური სწავლების გარდა, თუ იყენებთ ინდივიდუალურ, თქვენს სკოლაზე მორგებულ დამატებით მეთოდებს?

მინდა, დიდი სიამაყით განვაცხადო, რომ IB მთიების სააღმზრდელო სამსახურს მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებზე მორგებული პროგრამების დისტანციურ რეჟიმში განხორციელების შესაძლებლობა მიეცა. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად უნიკალური მიდგომები, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის ფიზიკური და ემოციური განვითარებისაკენ, რაშიც აქტიურად არის ჩართული IB მთიების როგორც სპორტისა და არტის კათედრები, ასევე ფსიქოლოგის სამსახური. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო-შემეცნიებით ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლის ზოგად განათლებასა და შემოქმედებით თვითგანტვირთვას.

მინდა ასევე აღვნიშნო, ჩვენი სკოლის ფეისბუქგვერდი ეთმობა, კვირის მანძილზე, საუკეთესო ნამუშევრებისა და საინტერესო ინიციატივების გამოფენას, რაც, გარკვეულწილად, ამაღლებს როგორც მოსწავლის, ისე თანამშრომლისა და მშობლის მოტივაციას.

ასევე გვაქვს იუთუბ არხი, სადაც განთავსებულია ჩვენი გაკვეთილები და სხვადსხვა აქტივობები, რომელიც ხელმისაწვდომია ფართო საზოგადებისთვის.

➡ რამდენად მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა ამ პროცესებში?

IB მთიების მშობელთა და სკოლის თანამშრომელთა ჩართულობა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში მჭიდრო და ეფექტურია. სკოლას დამკვეთთან ურთიერთობის მრავალფეროვანი სისტემა აქვს.

თანამშრომლობა თვალნათელი გახდა დისტანციური სწავლების დროს, როდესაც სკოლამ და მშობელმა თანაბრად გაინაწილეს პასუხისმგებლობა მოსწავლის სწავლების პროცესში. დისტანციური სწავლების მაღალი ხარისხი, ერთი მხრივ, მშობელთა აქტიურმა ჩართულობამ განაპირობა.

➡ სოციალურ ქსელში მშობლები აქტიურად განიხილავენ სწავლის საფასურის გადახედვის საკითხს. ისინი  გადასახადზე შეღავათს მოითხოვენ – 20, 30, 40 და 50%-იან ფასდაკლებასაც კი. ამბობენ, რომ კერძო სკოლების ნაწილი დათმობაზე წავიდა და სწავლის საფასური შეამცირა. თქვენი სკოლის შემთხვევაში როგორ არის, აპირებთ შეღავათებზე წასვლას?

როდესაც სწავლების საფასურის დაკლებაზეა საუბარი, მე მგონი პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა გავითვალისწინოთ სკოლის ამ რეჟიმში მუშაობის რამდენიმე ასპექტი.

დისტანციური სწავლების ორგანიზება და განხორციელება აკადემიური და ადმინისტრაციული რესურსების სრულ მობილიზებასა და, ფაქტობრივად, 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლას გულისხმობს და ბევრად უფრო რთულია ვიდრე რეგულარული სასწავლო პროცესი. სწავლის საფასურის შემცირება ნეგატიურად აისახება სახელფასო პოლიტიკაზე და აირეკლება დისტანციური სწავლების ხარისხზე.

მინდა აღვნიშნო, რომ IB მთიების თითოეულ თანამშრომელს სრულად უნაზღაურდება გაწეული შრომა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, IB მთიების დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პირველ-მეექვსე კლასებში, სწავლების საფასური 20%-ით (კვების თანხა) შემცირებულიყო.

დაბოლოს, მინდა სიამაყით აღვნიშნო IB მთიების მმართველი გუნდის პროფესიონალიზმი და დაუღალავი შრომა – 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა IB მთიებში დისტანციური სწავლების ხარისხი იყოს მაღალი, ეფექტური და ხელმისაწვდომი როგორც პედაგოგისა და აღმზრდელ-პედაგოგისთვის, ასევე ყოველი მოსწავლისა და მშობლისთვის.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები