ისევე, როგორც დანარჩენი სასწავლებლებისთვის, კოლეჯებისთვისაც დისტანციური სწავლება სერიოზულ გამოწვევად რჩება. შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო რთულ გამოწვევად, რადგან პროფესიულ სასწავლებლებში, თითქმის, შეუძლებელია ონლაინ რეჟიმში პროფესიების სრულფასოვნად სწავლება, მით უმეტეს, პროფესიული განათლება, მეტწილად, პრაქტიკულ სწავლებას ეფუძნება — კეთებით სწავლებას. აქედან გამომდინარე, თეორიული და პრაქტიკული მოდულების, ლოქდაუნიდან ლოქდაუნამდე, გადანაწილება უწევდათ. როგორ შეძლეს კოლეჯებმა, გასულ სასწავლო წელს, სწავლების ონლაინ რეჟიმთან გამკლავება და ახალი სასწავლო წლისთვის იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც შარშან ხელის შემშლელი აღმოჩნდა სრულფასოვანი სასწავლო პროცესის წარმართვისთვის — ამაზე კოლეჯის დირექტორები თავად მოგვიყვებიან.
მათე ტაკიძე
„სპექტრის“ დირექტორი
რამდენადაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებამ საზოგადოებაში სოციალური დისტანციის და თვითიზოლაციის საჭიროება გააჩინა, ვირუსის გავრცელებამ მთელი განათლების სისტემის, მათ შორის, ჩვენი კოლეჯის ყოველდღიურობაც შეცვალა. თავიდან არც ჩვენ აღმოვჩნდით მზად, გვეპასუხა ვირუსის გავრცელების შედეგად ადამიანების სოციალური დისტანცირებითა და თვითიზოლაციით გამოწვეულ პრობლემებზე.
მოგეხსენებათ, რომ პროფესიული განათლება ეფუძნება პრაქტიკულ სწავლებას, რაც ძირითადად, ადგილზე, პირისპირ სწავლებას გულისხმობს. ჩვენი ძირითადი გამოწვევა სასწავლო პროგრამების კალენდრების ისე გადაწყობა გახდა, რომ მკაცრი ლოქდაუნისას თეორიული ნაწილი, ხოლო რეგულაციების შემსუბუქების პერიოდში, პრაქტიკული მოდულები გვესწავლებინა. ვფიქრობთ, ამ გამოწვევას მაქსიმალურად გავართვით თავი.
საწყის ეტაპზე, პრობლემა გახლდათ პედაგოგთა და სტუდენტთა მხრიდან დისტანციური სწავლებისთვის გამოყენებადი პლატფორმების სათანადოდ არცოდნა, საკმარისი ტექნიკური ბაზის და ხარისხიანი ინტერნეტის არქონა.
შარშანდელმა გამოცდილებამ კი, საშუალება მოგვცა, წელს უკეთ მომზადებულებს დაგვეწყო ახალი სასწავლო წელი. სამწუხაროდ, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სწავლა ჯერ ისევ დისტანციურ რეჟიმში დავიწყეთ.
რაც შეეხება სიახლეებს, წელს პირველად, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება ჰქონდათ, საგანმანათლებლო პროგრამებზე თავად, უშუალოდ კოლეჯშივე გამოეცადათ აპლიკანტები. ადრე მისაღებ გამოცდებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებდა. ამჟამად ცენტრში გამოცდებს მხოლოდ მე-4 და მე-5 საფეხურის პროგრამების აპლიკანტები აბარებენ. უშუალოდ კოლეჯში ჩატარებულმა მისაღებმა გამოცდებმა საშუალება მოგვცა, თავად აგვერჩია სტუდენტთა კონტინგენტი. რადგან ამ ტიპის მიღება პირველად ჩატარდა, ცხადია, გამოიკვეთა ხარვეზებიც, რომელთა აღმოფხვრაზე მომდევნო წლებში ვიმუშავებთ.
ასევე, წელს პირველად, ვახორციელებთ სამ ინტეგრირებულ პროგრამას, რომელზეც სწავლა 9 კლასდამთავრებულ მოსწავლეებს შეუძლიათ. სამივე პროგრამაზე იყო მაღალი კონკურსი და შიდა გამოცდების რეზულტატებითაც კმაყოფილი ვართ.
ვფიქრობთ, ინტეგრირებული პროგრამა მოზარდებს სიღრმისეული პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს და სამომავლოდ ვგეგმავთ ამ საფეხურზე უფრო მეტი პროგრამის ამუშავებას.
ძალიან სასიხარულოა, რომ ბოლო დროს გაიზარდა ახალგზრდების ინტერესი პროფესიული პროგრამებისადმი. სულ რამდენიმე დღეა, რაც დასრულდა შიდა გამოცდები საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელზეც 700-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა. წინასწარი შედეგებით, გამოცხადებულ 23 პროგრამაზე ჩარიცხული აპლიკანტების რაოდენობა 90%-ს აჭარბებს.
ამის გარდა, 2020 წელში, მოკლევადიანი გადამზადების პროგრამები 800-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.
თუ ბოლო 5 წლის სტატისტიკას გადავხედავთ, ეპიდვითარების მიუხედავად, 2019-2021 წლებში, ჩვენი აპლიკანტების მაჩვენებელი დადებით დინამიკაშია.
პავლე თვალიაშვილი
„მოდუსის“ დირექტორი
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცეებია, სადაც სხვადასხვა თაობისა და ასაკის ადამიანები არიან. პროცესი, რომელიც პროფესიულ სასწავლებლებში მიმდინარეობს, ძირითადად, დაფუძნებულია სწავლა კეთებით პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიის შესწავლისას პრაქტიკული მხარე ზედმიწევნით მნიშვნელოვანია. პანდემიის პერიოდში, სრული ჩაკეტვის დროს, შეუძლებელი იყო პრაქტიკული სწავლების განხორციელება, მაგრამ ვცდილობდით, ტალღებს შორის, შეძლებისდაგვარად, მოგვეხერხებინა — ვეძებდით ობიექტებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც არ გაჩერდნენ და მუშაობდნენ. როცა სასწავლებელში არ მიმდინარეობდა თეორიული სწავლება, ჩვენი სტუდენტები იმ ობიექტზე ეუფლებოდნენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს თავიანთ პროფესიაში. ეს უმძიმესი გამოწვევაა კოლეჯებისთვის, რადგან ბევრ პროგრამაზე სრულად დისტანციურად სწავლება შეუძლებელია. მაქსიმალურად შეიძლება მიიღო თეორიული განათლება, ვიზუალიზებულ-სიმულაციურიც კი, მაგრამ სწავლა კეთებით შეუძლებელია. ამიტომ, 2021-22 სასწავლო წლისთვის, ჩვენ ვმუშაობთ კოლეჯებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ისეთი პროგრამების შემუშავებაზე, რომლებიც დისტანციური სწავლების აუცილებლობის შემთხვევაში, თეორიულ ნაწილში, მაქსიმალურად გაითვალისწინებს სტუდენტების ჩართვას.
დისტანციური სწავლების დროს გამოიყენება სინქრონული და ასინქრონული მოდელები. სინქრონულია, როცა ზუმის, სკაიპის, თიმსის გამოყენებით სტუდენტები და მასწავლებლები ერთდროულად არიან ჩართულები, უწევთ პირისპირ ურთიერთობა, ოღონდ დისტანციურად. ასინქრონული სწავლების დროს შესაძლებელი იქნება მოდულების ისე დამუშავება, რომ მასწავლებელმა შექმნას სასწავლო პროგრამები და განათავსოს პორტალზე, რომ სტუდენტმა მისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს ნახოს. თუ ასინქრონული მოდელი გაძლიერდება პროფესიულ კოლეჯებში, ძალიან კარგი იქნება არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ ღია კურსებზე რომ დასაქმებული ადამიანები დადიან, იმათთვისაც. ვფიქრობ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. საუბარი არ არის მარტო ვიდეოებზე, ეს შეიძლება იყოს ტესტები, საკითხავი მასალა, მოკლე ვიდეოები და ა.შ. ვმუშაობთ, რომ ბევრი ასეთი პროგრამა შევქმნათ. მიმდინარე სასწავლო წელი, სავარაუდოდ, საპილოტე წელი იქნება. ბევრ კომპონენტზეა ასეთი პროგრამების სრულფასოვანი მუშაობა დამოკიდებული და უნდა დავრწმუნდეთ, რომ დანერგვის პროცესში წარმოქმნილი ყველა ხარვეზის გამოსწორებას შევძლებთ, ტექნიკიდან დაწყებული პედაგოგით დამთავრებული, ყველაფერი მზადყოფნაში უნდა იყოს. ჩვენ ძირითადი ბაზა გვაქვს, თუმცა ადამიანთა ციფრული კომპეტენცია, უნდა ვაღიაროთ, რომ არც ისე მაღალია. ამიტომ ახალი პროგრამების შემუშავებისთვის ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ კოლეჯებს. ჩვენ პირველი ნაბიჯები გადავდგით, გვაქვს ფოტოკამერა, ვიდეოგადაღების რეჟიმით, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ძალიან მოტივირებულია, ამ მიმართულებით სპეციალური კურსებიც კი გაიარა და როგორც კი დადგება ვიდეოგაკვეთილების ჩაწერის საჭიროება, ჩვენ ამას უპრობლემოდ შევძლებთ.
მანამდე კი, ვაგრძელებთ მუშაობას იმ ჯგუფებთან, ვისთანაც შარშან ვერ დასრულდა დისტანციური სწავლება. დაველოდებით შესაფერის დროს პრაქტიკული სწავლების განსახორციელებლად.
დაბოლოს, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ წელს უპრეცედენტოდ მაღალი იყო კოლეჯებით დაინტერესება. ჩვენ კორპუსები გვაქვს მარნეულში და რუსთავში. 800-მდე განაცხადი იყო 285 ადგილზე. ახლა აპლიკანტების ჩარიცხვის პროცესი მიმდინარეობს და სწავლას ოქტომბრის ბოლოს დავიწყებთ.
ირმა ჯაფარიძე
„თეთნულდის“ დირექტორი
ჩვენი კოლეჯი ყველაზე მაღალმთიან რეგიონში — ზემო სვანეთში მდებარეობს და ერთადერთი ავტორიზებული პროფესიული სასწავლებელია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა მიმართულების როგორც გრძელვადიან, ასევე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს. მაღალმთიანი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, კოლეჯის მისიაა მოამზადოს სამეწარმეო და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი კონკურენტუნარიანი სპეციალისტები და ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. ამჟამად 60 სტუდენტი გვყავს და 25 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესს კიდევ 120 სტუდენტი შეუერთდება. ამჟამად კოლეჯი 9 პროგრამას ახორციელებს — უმაღლესი დონის ბუღალტრული აღრიცხვა; კულინარიის ხელოვნება; სატუმრო მომსახურება; კონდიტერია; სამკერვალო წარმოება; სატყეო საქმე; ინფორმაციის ტექნოლოგია; კომპიუტერული ქსელი და სისტემები და ელექტროობა.
ურთულეს რეგიონში ისედაც ბევრი გამოწვევაა და პანდემიამ უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. პანდემიის პირობებში ონლაინ სწავლება უალტერნატივო გზა აღმოჩნდა საგანმანათლებლო პროცესის გასაგრძელებლად, თუმცა, რიგი პროგრამებისთვის, როგორიცაა სამკერვალო წარმოება, ელექტროობა, კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია და ა.შ., ამ რეჟიმში სწავლება რთულია, რადგან ჩამოთვლილი პროგრამების სწავლების უმეტესი ნაწილი პრაქტიკულ კომპონენტს მოიცავს. ამ შემთხვევაში იძულებული ვხდებით, დისტანციურად მხოლოდ თეორიული მასალა მივაწოდოთ სტუდენტებს. დისტანციური ფორმით სწავლების ფუნქციონირება ორ მთავარ ფაქტორს განაპირობებს: 1) ტექნიკურ შესაძლებლობებს, რომელიც მოიცავს ელექტრონულ მოწყობილებებს (კომპიუტერი, პლანშეტი და ა.შ.) და ინტერნეტზე წვდომას, რომელიც ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებას და წარმართვას; 2) უმთავრეს პირობას — სტუდენტების, მასწავლებლების უნარების, კერძოდ, ციფრული კომპეტენციების ცოდნას. დისტანციური სწავლება, ციფრული კომპეტენციების გაძლიერება როგორც პედაგოგებში, ასევე სტუდენტებში, აუცილებლობაა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. კოლეჯის პედაგოგებმა დისტანციურ რეჟიმში გაიარეს ტრენინგები microsoft teams-ის კურსი. ბევრმა პედაგოგმა შეძლო ამ რეჟიმისთვის ფეხის აწყობა, თუმცა, ჩვენს რეგიონში მცხოვრები დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, რომელთაც არ აქვთ განათლებაზე წვდომის ალტერნატიული საშუალებები (კომპიუტერი, ინტერნეტი და ა.შ.) სოციალური პრობლემა უფრო გააღრმავა. ამას ემატება დაბალი ხარისხის ინტერნეტი, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ხელის შემშლელია სწავლის პროცესის სრულყოფილად განხორციელებისთვის. დადებითი მხარე დისტანციური სწავლებისა, ჩვენ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ის, რომ კოლეჯს არ გააჩნია სტუდენტური საცხოვრებელი, მესტიის მუნიციპალიტეტში არ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და განსაკუთრებით ზამთარში, როცა ჩვენი მკაცრი გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, დიდთოვლობის დროს, გზები იკეტება და სტუდენტები ვერ ახერხებენ კოლეჯში მოსვლას, გამოიყენო სწავლების ეს მეთოდი, თუმცა, ზემოთ აღნიშნული ტექნიკური პრობლემები მაინც ხელს შეუშლის სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვას.
გიორგი გოგიტიძე
„ბლექსის“ დირექტორი
გასული წლის მარტში შეჩერებულმა სასწავლო პროცესმა გამოწვევების წინაშე დააყენა არა მხოლოდ კოლეჯი „ბლექსი“, არამედ ყველა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ქვეყნის მასშტაბით. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან განსხვავებით (უნივერსიტეტები, სკოლები), კოლეჯებში სასწავლო პროცესის გადისტანციურება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, მოგვიწია სასწავლო პროცესის მოკლე ვადით შეჩერება, რადგან პროფესიული განათლება წარმოუდგენელია სწავლების პრაქტიკული კომპონენტის გარეშე. ამ პროცესმა, თავის მხრივ, გამოიწვია: მიმდინარე ჯგუფებში სწავლის პერიოდის გახანგრძლივება, დაუსრულებელი ჯგუფების გამო, 2021 წელს მისაღები ჯგუფების კვოტების შემცირება, პროფესიული სტუდენტების მხრიდან სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა და ა.შ.
პანდემიის მიუხედავად, კოლეჯმა შეძლო 3 გრძელვადიანი (შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვით ტექნოლოგიები, შედუღება, მეფუტკრეობა) და 9 პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის დამატება. ასევე, რაც ყველაზე მეტად სასიამოვნო და ჩვენი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, გაიხსნა „ბლექსი“ ქედასა და შუახევში.
პანდემიას არ შეუშლია ხელი არც გასულ და არც მიმდინარე წელს მიღებების გამოცხადებაში. პროფესიული განათლების მიღების მსურველს რეგისტრაცია შეეძლო ონლაინ, საიტზე — www.vet.emis.ge გაევლო. ამ ეტაპზე კოლეჯში მიმდინარეობს უკვე დარეგისტრირებული აპლიკანტების შერჩევის პროცედურები, რომლებისთვისაც სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისში დაიწყება.
ჩვენი კოლეჯი სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც უზრუნველყოფილია პროფესიული განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა და მზარდია სწავლის მსურველთა და სოციალურ პარტნიორთა რაოდენობა. კოლეჯი ახორციელებს შრომის ბაზარზე ორიენტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს მოდულური და დუალური სწავლების მიდგომით ტურიზმის, მშენებლობის, IT და აგრარული მიმართულებით. კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვთანამშრომლობთ რეგიონში არსებულ სხვადასხვა ორგანიზაციასთან (სასტუმროები, რესტორნები, სამშენებლო კომპანიები, სამკერვალო ფაბრიკები, სამკერვალო ატელიები, საჯარო დაწესებულებები და ა.შ.), ასევე, კოლეჯი თანამშრომლობს ისეთ დონორ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია (GIZ).
მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა