დისტანციური და ჰიბრიდული სახით ქართული ენა-ლიტერატურის, სოციალური და აკადემიური უნარების სწავლა-სწავლება

736

🟦👉 „ახალი განათლება“, 2021-2022 სასწავლო წლიდან, ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო პროექტის მხარდაჭერას იწყებს. პროექტი გულისხმობს დისტანციური და ჰიბრიდული სახით ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე სოციალური და აკადემიური უნარების სწავლა-სწავლებას.

🟦👉 პროექტის ხელმძღვანელია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, ჟურნალისტი და ბლოგერი როლანდ ხოჯანაშვილი.
🟦👉 ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეების შერჩევა პროექტში მონაწილეობისთვის.

✔️ როლანდ ხოჯანაშვილი: ჩვენ ვაპირებთ სოციალური ხასიათის პროექტის განხორციელებას, საქართველოს სკოლების მოსწავლეების აქტიური ჩართულობით. პირველ ეტაპზე, 4 თვის განმავლობაში, საშუალო საფეხურის მოსწავლეები ერთად გაივლიან ენისა და ლიტერატურის შესავალს, ასეთი პრინციპით: მე ვაწვდი ინფორმაციას, რესურსებს მოსწავლეებს, რომელსაც ყველა ინდივიდუალურად დაამუშავებს, შემდეგ კი, თანამშრომლობითი განხილვით, საუკეთესო ვერსიას შექმნიან. ეს უკანასკნელი გადამოწმდება ჩემ მიერ, მივაწვდი მოსწავლეებსა და „ახალი განათლების“ რედაქციას. „ახალი განათლება“, პერიოდულად, დაბეჭდავს მასალებს როგორც გაზეთში, ასევე ატვირთავს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოსწავლისათვის. ამით ჩვენ ვქმნით საუკეთესო ბაზას თვითსწავლისთვის. ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, რა უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა. პასუხი ასეთია: სრულად გავივლით ეროვნული სასწავლო გეგმისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საკითხთა ტიპოლოგიას, კონსტრუქტივიზმის პრინციპებით. გვაქვს ერთი საინტერესო მომენტიც პროექტის მონაწილე მოსწავლეებთან ერთად, ამავე მოსწავლეთა სკოლებს ვთავაზობთ თანატოლთა სწავლების ქვეპროექტს. ყველა მოსწავლე სკოლის ადმინისტრაციას შესთავაზებს, რომ ენისა და ლიტერატურის ცოდნას გაუზიარებს თანატოლებს. თანატოლთა სწავლებას უამრავი დადებითი მხარე აქვს (არის რისკებიც, ბუნებრივია), რაზეც ახლა არ გავამახვილებ ყურადღებას.

გვაქვს ამბიცია, რომ სკოლებში ვიყოთ ლიდერები და სწავლების სოციალიზაციის ხელშემწყობნი. აქვე დავძენ, რომ ფაქტობრივი (დეკლარატიული) ცოდნის გარდა, ყურადღება მიექცევა პირობისეულ და პროცედურულ ცოდნას. გადაწყვეტილია, რომ ეს არაფორმალური სასწავლო პროცესი იქნება საინტერესო, მაღალი მოტივაციისა და ეფექტის მომცემი. პროექტის მონაწილეები თავიდანვე შეეჩვევიან იმას, რომ აქვთ უფლებები და მოვალეობები. აქვე დავამატებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებასა და „პროგრამულ სწავლებას“.

პროექტი გათვლილია: მეათეკლასელებისათვის – სამი აკადემიური წელი, მეთერთმეტეკლასელებისთვის – ორი წელი.

დატოვეთ კომენტარი